ქრონიკული რინიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქრონიკული რინიტი

ხშირია ლორწოვანი გარსის ტრავმის შემდგომი სურდოც. ტრავმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, ქირურგიულმა ინსტრუმენტებმა ცხვირის ღრუზე ოპერაციის დროს. მწვავე რინიტი ცხვირიდან გამონადენით იწყება. თავდაპირველად იგი თხელია და უხვი, შემდგომ სქელდება, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მოყვითალო ფერს იძენს. გამორიცხული არ არის, დაავადება სხვაგვარადაც გამოვლინდეს ბევრი უჩივის თავის ტკივილს, თავში სიმძიმის შეგრძნებას, თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით გამოწვეულ ცრემლდენას, ყნოსვის შესუსტებას, შრომის უნარის დაქვეითებას. შესაძლოა ყურის დახშობა და სმენის დაქვეითებაც. მწვავე რინიტს ზოგჯერ თან ახლავს ხელის დადებისას ძლიერი ტკივილის შეგრძნება შუბლის არეში, წარბებს ზემოთ და ლოყებში, რაც იმის ნიშანია, რომ ანთებითი პროცესი ცხვირიდან დანამატი ღრუების ლორწოვან გარსზე გავრცელდა. ხშირ სურდოს მოჰყვება შეხორცებითი პროცესი ცხვირის ნიჟარებში, ცხვირის ძგიდის გამრუდება, დანამატი ღრუების პრობლემები.

- როგორ მიმდინარეობს მწვავე რინიტი, როგორი თანამიმდევრობით ვლინდება მისი სიმპტომები?

- განარჩევენ დაავადების რამდენიმე ძირითად სტადიას. პირველ სტადიას რეფლექტორულს უწოდებენ. იგი გადაცივებისთანავე იწყება და რამდენიმე საათი გრძელდება. ამ დროს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვები ჯერ ვიწროვდება, მერე ფართოვდება და ნიჟარების შეშუპებას იწვევს. თან ახლავს ცხვირის ღრუს წვა, ქავილი და სიმშრალე. ამ დროს რთულდება ცხვირით სუნთქვა, იწყება გაძლიერებული ცემინება, ცხვირის ლორწოვანი გარსი ფერმკრთალება. მეორე, კატარული სტადია პირველზე რამდენადმე ხანგრძლივია და 2-3 დღეს გასტანს. მის განვითარებას საფუძვლად უდევს მიკროორგანიზმების ზემოქმედება. ამ სტადიისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია ყნოსვის დარღვევა, რადგან გაღიზიანებულია ყნოსვის ზონა. კატარულ სტადიაში შეინიშნება ცხვირიდან უხვი გამონადენი, რომელსაც ფერი არ აქვს. ჭირს ცხვირით სუნთქვა, არის ცრემლდენაც, იცვლება ხმის ტემბრი და ბგერების გამოთქმის ხარისხი უარესდება. ლორწოვანი გარსი მუქ მოწითალო ფერს იღებს. III სტადია უშუალოდ უკავშირდება ბაქტერიულ ანთებას, რის გამოც უარესდება ზოგადი მდგომარეობა. ცხვირით სუნთქვა და ყნოსვა კი აღდგება, მაგრამ ცხვირიდან გამონადენი სქელდება და ყვითელი ან მომწვანო ფერისა ხდება. 7-10 დღეში დაავადების ციკლი სრულდება. ადამიანი, რომელსაც ძლიერი იმუნიტეტი აქვს, ზოგჯერ სამ დღეშიც გამოჯანმრთელდება, უმეტესად კი, თუ დაავადებას კვალიფიციურად არ ვუმკურნალეთ, იგი 3-4 კვირამდე გრძელდება და ქრონიკულ ხასიათს იღებს.

- ქრონიკული რინიტის რომელ არსებით სიმპტომებს გამოყოფდით?

- ქრონიკული სურდო საგრძნობლად უშლის ხელს სუნის აღქმას. არც ყნოსვის სრული დაკარგვაა გამორიცხული. გარდა ამისა, რინიტს თან სდევს მუდმივი თავის ტკივილები და შრომის უნარის დაქვეითება, ყურების დაგუბება და სმენის დაქვეითება. არასწორი მკურნალობის შემთხვევაში რინიტი შესაძლოა გაცილებით მძიმე დაავადებაში გადაიზარდოს. მაგალითად, ისეთში, როგორიცაა ევსტაქიიტი (რაც სმენის სრულ დაკარგვას იწვევს), ლარინგიტი, ტრაქეიტი, ჰაიმორიტი, ფრონტიტი. ქრონიკული რინიტის გამწვავებას ხელს უწყობს უკვე არსებული ზედა სასუნთქი გზების პრობლემები, ცხვირის ძგიდის გამრუდება, სამკურნალო კბილები და სხვა.


- ქრონიკული რინიტის რა ფორმები არსებობს და რა სიმპტომები ახასიათებს თითოეულ მათგანს?

- განასხვავებენ ქრონიკული სურდოს კატარულ,  ჰიპერტროფიულ,  ატროფიულ და ვაზომოტორულ ფორმებს. ქრონიკული კატარული რინიტის დროს მიკრობი ლორწოვანი გარსის სიღრმეში აღწევს და იქ მყარ დესტრუქციულ ცვლილებებს იწვევს, რითაც ამცირებს ლორწოვანი გარსის იმუნურ, დამცველობით ფუნქციას. ამის შედეგად ხშირდება ალერგიული რეაქციები. რინიტის ამ ფორმისთვის დამახასიათებელია არასტაბილური ლორწოვანი გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გართულება, ყნოსვის დარღვევა და თავის პერიოდული ტკივილი. ქრონიკული ჰიპერტროფიული რინიტისთვის დამახასიათებელია ცხვირით სუნთქვის მუდმივი და მკვეთრად გამოხატული გაძნელება, რასაც თან სდევს ცხვირის ქვედა ნაწილში ლორწოვანი გარსის გასქელება. ირღვევა ყნოსვა, ჩნდება ცხვირიდან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი, თავს იჩენს თავის ტკივილი, ყურადღების დაქვეითება, კონცენტრირების სირთულე. ლორწოვანი გარსის დაზიანების შედეგად თანდათან ზიანდება ყნოსვის ზონა და მოსალოდნელია გემოვნების დარღვევებიც. ქრონიკული ატროფიული რინიტი აღმოცენდება ლორწოვან გარსზე მტვრის, აირების, ქრონიკული ინფექციების, სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების ხანგრძლივი ხმარების შედეგად. მისი ძირითადი სიმპტომებია ყნოსვის დაკარგვა და ცხვირის სიმშრალე. გამონადენი წარმოადგენს გამომშრალი ლორწოვანის ქერქოვან სუბსტანციებს, რომელთა დაგროვებაც ართულებს ცხვირით სუნთქვას და ცხვირის ღრუს დრენაჟულ ფუნქციასაც აქვეითებს. ალერგიულ რინიტს საფუძვლად უდევს იმუნურ სისტემაში მომხდარი ძვრები, რომელთა შედეგადაც ლორწოვანი გარსი მომატებული მგრძნობელობით რეაგირებს სხვადასხვა სახის ალერგენზე. ეს მომატებული მგრძნობელობა ანუ სენსიბილიზაცია ალერგენის მოხვედრისთანავე იწვევს რინიტის შეტევას. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ალერგიული პროცესი იწყება ქრონიკული ანთების შემდეგ. მისთვის დამახასიათებელია ცხვირიდან უხვი ლორწოვანი გამონადენი, გაძლიერებული ცემინება და ცხვირით სუნთქვის გაძნელება. ვაზომოტორული რინიტი იმ ნერვული სტრუქტურების ფუნქციათა რღვევის შედეგია, რომლებიც ცხვირის სისხლძარღვების ნორმალურ მუშაობას არეგულირებენ. მათი დისფუნქცია სისხლძარღვთა მოტორიკის, გაფართოება-შევიწროების მექანიზმის მოშლას იწვევს.

- ქრონიკულ რინიტს ერთგვარი ასაკობრივი თავისებურებებიც ახასიათებს...

- სკოლის ასაკში ხშირია ალერგიული რინიტი. ბავშვს გამუდმებით აქვს გამონადენი ცხვირიდან, რაც იწვევს სუნთქვის გართულებას, შემოქმედებითი უნარის დაქვეითებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამკურნალოდ ჰისტამინის დამთრგუნველ ანტიალერგიულ საშუალებებს იყენებენ. ბავშვთა ასაკში რინიტი არც ისე უვნებელია, როგორც ჰგონიათ, რადგან ანთებითი კერა თავის ტვინიდან არც ისე შორს მდებარეობს, გარდა ამისა, ლორწოვანი გარსის შეშუპება იწვევს ყნოსვის დარღვევას, შედეგად კი ემოციურ მოშლილობას. ასეთი ბავშვისგან ძნელია ელოდო წარმატებას სწავლაში. ბავშვების მკურნალობისას, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ჰორმონული პრეპარატები არ გამოიყენება. ქრონიკული რინიტის გამწვავება დამახასიათებელია ორსულობის პერიოდისთვის. ამ დროს წამლების შერჩევისას დიდი სიფრთხილეა აუცილებელი. ხშირია რინიტი ხანდაზმულ ასაკშიც, რაც ანატომიურ ცვლილებებს, კერძოდ, ცხვირის ღრუში სისხლძარღვების რაოდენობის მატებას უკავშირდება. გარდა ამისა, ქრონიკული სურდო შესაძლოა ხანგრძლივად გამოყენებული ზოგიერთი სამკურნალო საშუალების, მაგალითად, არტერიული წნევის დამწევი და საძილე პრეპარატების გვერდითი ეფექტიც იყოს. ხანდაზმულ ასაკში ალერგიული რინიტი იშვიათია. ამ დროს უფრო ატროფიული ფორმაა გავრცელებული, რომელიც შედარებით რთულად სამკურნალოა.

- რით შეიძლება გართულდეს ქრონიკული რინიტი?

- ყველაზე ხშირად იგი რთულდება ჰაიმორიტით, რომელიც იწვევს ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, თავის დაჭიმვასა და ტკივილს, ყნოსვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ცხვირიდან ჩირქოვან გამონადენს, ცრემლდენას და ზოგჯერ სინათლის შიშსაც კი. ხშირად ტკივილი არც ისე მკვეთრია, განსაკუთრებით შეიგრძნობა შუბლისა და წარბის არეში. მოსალოდნელი გართულებაა ოტიტი - შუა ყურის მწვავე ანთება, რომლის დროსაც მიკროორგანიზმები სასმენი მილიდან შუა ყურში ხვდებიან. ჩვეულებრივ, ოტიტი ყურის ძლიერი ტკივილით იწყება, რომელსაც ერთვის ზოგადი სისუსტე და სხეულის ტემპერატურის მატება, ყურში ხმაური და სმენის გაუარესება.

- რას გულისხმობს დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს იმ შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორების ლიკვიდაცია, რომლებიც იწვევენ სურდოს და განსაზღვრავენ მის მიმდინარეობას. პერსონალურად უნდა შეირჩეს სამედიცინო პრეპარატების კომპლექსი თითოეული პაციენტისთვის რინიტის ფორმის გათვალისწინებით. საჭიროა ფიზიოპროცედურები და ფიზიომკურნალობა. შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს აუცილებელი. რინიტის მკურნალობა უნდა დაიწყოს მისი გამოვლენისთანავე. სამკურნალოდ გამოიყენება მედიკამენტების რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის - ანტიბაქტერიული პრეპარატები, ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების შემამცირებელი, ანტივირუსული, სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებები. კომპლექსური მკურნალობა ითვალისწინებს მცენარეული და ჰომეოპათიური პრეპარტების გამოყენებასაც.

- როგორ დავიცვათ თავი?

- აუცილებელია ორგანიზმის გაჯანსაღება და იმუნური სისტემის მოძლიერება, რათა მან ნაკლები სიმწვავით მოახდინოს რეაგირება გარემოს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებზე. უნდა უფრთხილდეთ გადაცივებას.