ყურების ჰიგიენური დამუშავება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყურების ჰიგიენური დამუშავება

რა შეიძლება მოჰყვეს პროცედურების არასწორად ჩატარებას? გვესაუბრება ოტოლარინგოლოგი ლალი კიტოვანი.

- რა შეიძლება მოხდეს, თუ ყურის გაწმენდის პროცედურა არასწორად ჩავატარეთ?

- ჩვილს გარეთა სასმენი მილი ძალიან ფრთხილად უნდა გავუსუფთაოთ, რომ უნებლიეთ არ დავუზიანოთ. შუა ყურის ანთება, ოტიტი, ასიდან 60 შემთხვევაში ბავშვს პირველად წლამდე ასაკში ემართება. ის უმეტესად გადატანილ ვირუსულ ინფექციას უკავშირება, მაგრამ მისი პროვოცირება ასევე შეიძლება მოახდინოს ყურების გაწმენდის დროს მიღებულმა ტრავმამ.

ბავშვს სასმენი ორგანოს აგებულება ისეთი აქვს, რომ ადვილად უზიანდება. ევსტაქის მილი, რომლითაც ერთმანეთს უკავშირდება ყური და ცხვირ-ხახა, უფრო მოკლე და განიერია, ვიდრე მოზრდილისა, ამიტომ ინფექცია (ჩირქი და ლორწო) ცხვირ-ხახიდან უფრო იოლად ხვდება ყურში. როდესაც ეს მილი ლორწოთია ავსებული, იცვლება ყურის წნევა და იწყება ყურის ტკივილი.

ჩვილი, განსაკუთრებით - სიცოცხლის პირველ 6 თვეს, უმეტესად წევს. ამდენად, ლორწოსთან ერთად ყურში შესაძლოა ჩაუვიდეს დედის რძე ან ნარევიც, ამიტომ სწორად შეურჩიეთ პოზა კვების დროს - თავი ყოველთვის წამოწეული უნდა ჰქონდეს, ხოლო ბოთლი დედას უნდა ეჭიროს ხელში. ნუ დატოვებთ ჩვილს მარტოს ბოთლით პირში!

- როგორ უნდა გავუწმინდოთ ჩვილს ყურები?

- ჩვილს ყოველდღე სჭირდება ყურების გაწმენდა, რათა ინფექცია არ შეეყაროს და საზოგადოდ, თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს. მას გოგირდისგან უნდა გავუსუფთაოთ მხოლოდ ყურის ნიჟარები და გარეთა სასმენი მილი. ბამბის ტამპონს უფრო ღრმად ნუ შეიტანთ - შესაძლოა, დაგროვილი გოგირდი მილში ღრმად შევიდეს ან დაფის აპკი დაზიანდეს.

პროცედურა ჩაატარეთ ძალიან ფრთხილად, სპეციალური საბავშვო ყურის ტამპონებით, რომლებსაც დაასველებთ ფიზიოლოგიურ ხსნარში. ყურის ნიჟარა დასწიეთ ქვემოთ და უკან, წრიული მოძრაობებით ფრთხილად გაასუფთავეთ გარეთა სასმენი მილი გოგირდისაგან. გარეთა სასმენ მილში შესაძლოა ჩარჩეს ბამბა. მის გამოსაღებად სპეციალისტის ჩარევა იქნება საჭირო, თქვენ თვითონ ამის გაკეთებას ნუ ეცდებით - შესაძლოა, ბამბა უფრო ღრმად შეიტანოთ.

ყოველდღიური ჰიგიენური დამუშავება სჭირდება ასევე კანს ყურის ნიჟარის უკან. ნიჟარა ფრთხილად გადმოკეცეთ წინ და თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით გაასუფთავეთ ნაოჭები. ჩვილებს ყურის უკან ხშირად აქვთ კანზე ფუფხი. ამ ადგილას შეგიძლიათ შეაზილოთ საბავშვო კრემი ან ზეთი. შესაძლოა, ყურის ნიჟარის უკან, კანზე, შეამჩნიოთ წვრილი თეთრთავა გამონაყარი. ეს ადგილები დაამუშავეთ ბრილიანტის მწვანის ხსნარით. თუ პროცესი გახანგრძლივდა, უჩვენეთ ექიმს. ყურების გასუფთავება ჯობს საღამოს, დაბანის შემდეგ - კანი დარბილებულია, ბავშვისთვის პროცედურა სასიამოვნოა და ნაკლებად შემაწუხებელი. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ პროცედურის დროს ესაუბროთ ჩვილს, გაუღიმოთ. იგი ამ პროცედურას თამაშად აღიქვამს და მისდამი სასიამოვნოდ განეწყობა.

- როგორ უნდა მიხვდეს დედა, რომ ჩვილის ჭირვეულობისა და ტირილის მიზეზი ყურებია?

- ჩვილის ტირილსა და ჭირვეულობას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ამ დროს მთავარია დედის დაკვირვება და ინტუიცია. ტირილის მიზეზი ყურების ტკივილია, თუ მშიერი ჩვილი ჭამის დროს მოულოდნელად იწყებს ტირილს, ამოძრავებს თავს, ჭირვეულობს, უარს ამბობს კვებაზე. ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ წოვითი მოძრაობები ყურების ტკივილს, ამწვავებს. ღამით კი შესაძლოა ტემპერატურამ 38-40 გრადუსამდე მოიმატოს; ბავშვი იღვიძებს ტირილით, ვეღარ ჩერდება, შეწუხებული ატრიალებს თავს. დიაგნოზის დასმაში დაგეხმარებათ მარტივი პროცედურა: ყურის გარეთა შესასვლელს მსუბუქად დააჭირეთ თითი. ჩვილი იგრძნობს ძლიერ ტივილს, იწყებს ტირილს - ე.ი. მას ყური სტკივა. ამ შემთხვევაში ის სასწრაფოდ აჩვენეთ ექიმ სპეციალისტს (ოტოლარინგოლოგს).

- რა უნდა გააკეთოს დედამ, სანამ ბავშვს ექიმთან მიიყვანს?

- ყურების ტკივილი პატარას უმეტესად საღამოს ეწყება. თუ ექიმთან მისი მიყვანა ვერ მოხერხდა, მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ შეუმსუბუქოს პაწიას ტკივილი სახლის პირობებში.

ჩვილებში ვხვდებით ოტიტის ორ ფორმას: კატარულ ანთებას, როდესაც ყურიდან გამონადენი არ შეინიშნება და ჩირქოვანს, როდესაც გამონადენი არის. ამის კვალობაზე, დახმარებაც სხვადასხვანაირია.

კატარული ოტიტის დროს პატარას ყურის ტკივილს დაუამებს ნებისმიერი ყურის წვეთები, წინასწარ გამთბარი, დღეში 4-ჯერ; ერთ წლამდე ასაკის ბავშვს წვეთები უმჯობესია ექიმმა დაუნიშნოს. მდგომარეობას შეუმსუბუქებს მშრალი თბილი კომპრესი: დააფარეთ ყურზე ბამბა და დაახურეთ თბილი, მჭიდრო ქუდი. თუ სხეულის ტემპერატურა 37,5 გრადუსზე მეტი არ არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირტწყალნარევი კომპრესი. მართკუთხედი დოლბანდის ტამპონი გაჭერით ორად, დაასველეთ სითხეში და ჩამოაცვით ყურზე, შემდეგ დააფარეთ კომპრესის ქაღალდი, ბამბა და დაახურეთ ქუდი.

- როგორ ჩავაწვეთოთ წვეთები?

- თუ ტკივილს გამონადენი ახლავს თან და ექიმმა ყურის წვეთები დაგინიშნათ, ბავშვს ყური ჯერ ბამბის მშრალი ტამპონით გამოუსუფთავეთ და ამის შემდეგ ჩააწვეთეთ სხეულის ტემპერატურამდე გამთბარი წვეთები. გასათბობად წვეთების ბოთლი ჩაუშვით თბილ წყალში. შემდეგ პატარა დააწვინეთ გვერდზე, მტკივანი ყურით ზემოთ, ცალი ხელით ყურის ნიჟარა აუწიეთ ზევით და უკან, რათა სასმენი მილი გასწორდეს და გამთბარი წვეთები ჩააწვეთეთ. შემდეგ ჩაუდეთ მშრალი ბამბა, რამდენიმე წუთი ასე გააჩერეთ და მეორე გვერდზე გადააბრუნეთ, რათა წამალი მეორე ყურშიც ჩააწვეთოთ. განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ბავშვს ცხვირიდან გამონადენი, აუცილებელია, ცხვირშიც ჩავაწვეთოთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი საბავშვო წვეთები - ორივე ნესტოში დღეში 3-4-ჯერ. თუ ექიმმა ცხვირის აეროზოლი დაგინიშნათ, ჯერ ერთხელ უნდა შეასხუროთ, კარგად გამოუსუფთაოთ ცხვირი და შემდეგ პროცედურა გაიმეოროთ.


- თუ პატარას ყურიდან გამონადენი აქვს, როგორ ჩავაწვეთოთ წვეთები?

-ყურიდან გამონადენის არსებობის ანუ ჩირქოვანი ოტიტის დროს ყური ჩირქისგან უნდა გავათავისუფლოთ, დავამუშაოთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით, ამოვამშრალოთ ბამბის ტამპონებით და დავაწვინოთ ბავშვი დასაძინებლად მტკივანი ყურის მხარეს, რათა ჩირქი ყურში არ დაგროვდეს. ჰორიზონტალურად წოლისას პატარას ტკივილი უძლიერდება, ამიტომ თავი 30-45 გრადუსით წამოუწიეთ. ტკივილის გასაყუჩებლად შეგიძლიათ მისცეთ პარაცეტამოლი ასაკის შესაბამისი დოზით.

- თუ პატარას ტკივილი გაუყუჩდა, მაინც საჭიროა ექიმთან მისი მიყვანა?

- ყველა ხერხი, რომელიც კი ზემოთ ჩამოგითვალეთ, პირველი სამედიცინო დახმარებაა და მშობელს ექიმთან მისვლამდე გამოადგება. ხშირად ტკივილი ყუჩდება, ბავშვი მშვიდდება და მშობელი თავს დამშვიდების უფლებას აძლევს. გირჩევთ, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს - თუ მკურნალობა ბოლომდე არ ჩატარდა, შესაძლოა ანთება ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს და სერიოზული გართულებები განვითარდეს.

- შესაძლებელია თუ არა ოტიტის თავიდან აცილება?

- ოტიტის პროფილაქტიკას უშუალო კავშირი აქვს ჰიგიენასთან, ჰიგიენური პროცედურების სწორად ჩატარებასთან. გარდა ამისა, გირჩევთ:

  • დიდხანს აწოვოთ თქვენს პატარას ძუძუ;
  • კვებისას შეურჩიოთ მოხერხებული პოზა - უფრო ვერტიკალური, ვიდრე ჰორიზონტალური;
  • ბანაობისას ეცადეთ ყურებში წყალი არ ჩაუვიდეს. თუ მაინც ჩაუვიდა, კარგად გამოუმშრალეთ ბამბის ტამპონით;
  • შეიმუშავეთ ექიმთან ერთად გაკაჟების პროგრამა, რათა ჩვილის ორგანიზმმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიოს ინფექციებს;
  • ნუ გამოიყენებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულებისა და კონტროლის გარეშე;
  • დროულად უმკურნალეთ ცხვირ-ხახის დაავადებებს.

გოგირდისგან ყურების ღრმა გასუფთავება ხშირად არ არის სასურველი - 1-2 კვირაში ერთხელ ჯანმრთელ ყურებში თვითგაწმენდის პროცესი მიმდინარეობს, თანაც გოგირდს ბაქტერიების საწინააღმდეგო ფუნქცია აკისრია. როცა წამოიზრდება, ასწავლეთ ბავშვს ცხვირის სწორად მოხოცვა: ერთი ნესტო თითით უნდა იყოს დახშული, ხოლო პირი - ოდნავ ღია. გადააჩვიეთ პატარა სურდოს დროს გამონადენის უკან შესუნთქვას. ყურების გაწმენდის დროს მიზანშეწონილია:

  • სპირტის გამოყენება. მისი მაღალი კონცენტრაცია აზიანებს კანს და შესაძლოა დამწვრობა გამოიწვიოს;
  • ჩხირზე ან ასანთის ღერზე ხელით დახვეული ბამბის ტამპონად გამოყენება. ამით შესაძლებელია ტრავმა მივაყენოთ ყურს - გავხვრიტოთ დაფის აპკი; თუ ჩხირი ჩატყდა, საჭირო გახდება სპეციალისტის დახმარებით მისი ამოღება;
  • ყურიდან გოგირდის თითით მოშორება - არსებობს რისკი, კანი ფრჩხილით გაიჩხაპნოს და ინფექცია შეიჭრას;
  • ჯანმრთელი ყურების ჰიგიენური პროცედურებისთვის ყურის სამკურნალო წვეთების გამოყენება.

თუ პატარა ალერგიული რექციებისადმი არ არის მიდრეკილი, შეგიძლიათ, ყურის ტკივილის სამკურნალოდ ბალახებისგან დამზადებული ნაყენები გამოიყენოთ:

  • დღეში 3-ჯერ ჩააწვეთეთ პიტნის ან ბარამბოს ფოთლების ნაყენი.
  • ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს კალენდულის ყვავილის ნაყენს; ჩააწვეთეთ დღეში 4-ჯერ, თბილი.
  • ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს ევკალიპტის ფოთლების ნაყენს.
  • ღამით ჩაუდეთ ყურში მრავალძარღვას ფოთლებისგან მომზადებული მალამოთი გაჟღენთილი ბამბის ტამპონი.