მყავს 5 წლის შვილი. ზამთარ-ზაფხულ ხშირად ცივდება, ეწყება სურდო, 7-10 დღე აქვს სქელი გამონადენი ცხვირიდან. თან ერთვის ტემპერატურა. იგივე ემართება ქარიან ამინდშიც. ვის მივმართოთ და რას გვირჩევთ?
მცირე ასაკის ბავშვებს ცხვირის დანამატი წიაღები ჩამოუყალიბებელი აქვთ. 3-5 წლისთვის ამ წიაღების ჩამოყალიბება თითქმის სრულდება და გაციებისას ცხვირიდან დენას იწყებს სქელი, მწებავი მოყვითალო-მომწვანო ფერის, არცთუ იშვიათად დამახასიათებელსუნიანი გამონადენი, რასაც თან ერთვის ტემპერატურული რეაქციაც. ეს სიმპტომები ზედა ყბის დანამატი ღრუს ანთებაზე, ჰაიმორიტზე მიგვანიშნებს. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების მესამედი ჰაიმორიტის წილად მოდის.
ვინ ავადდება ყველაზე ხშირად
ჰაიმორის
როგორ იწყება დაავადება
თავდაპირველად ვითარდება მწვავე რინიტი - ცემინება, ცხვირში სიცივის შეგრძნება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, წყლის მსგავსი გამონადენი. იმუნიტეტდაქვეითებულ, დასუსტებულ ბავშვებს ანთებითი პროცესი უხანგრძლივდებათ, ცხვირის წიაღებში გადასდით. ლორწოვანი გამონადენი მცირდება, მაგრამ სქელდება და მომწვანო ფერს იღებს, ძნელად გამოიყოფა. სუნთქვის გაძნელების გამო ბავშვი ლორწოს გამოდევნას კი არ ცდილობს, არამედ შიგნით შეისუნთქავს. სწორედ ეს არის საზიანო და ხელს უწყობს პროცესის სინუსებისკენ გავრცელებას.
რა ხდება ამ დროს
ცხვირის ღრუდან და დანამატი წიაღებიდან ლორწო გამოიდევნება განსაკუთრებული წამწამოვანი უჯრედების საშუალებით. როცა გამონადენი თავისუფლად, წყალივით მოდის, ეს კარგის ნიშანია. ლორწოსთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის ვირუსები და მათი ცხოველმყოფელობის ტოქსიკური პროდუქტები. ამდენად, ცემინება და გამონადენი, ისევე როგორც ხველა და ნახველის გამოყოფა, ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა. მდგომარეობა მძიმდება, როდესაც ლორწოვანის შეშუპების გამო ჰაიმორის წიაღებიდან გამოსასვლელი გზები იკეტება, წამწამოვანი უჯრედების მოძრაობა გაძნელებულია, ამიტომ ლორწო გუბდება, სქელდება, წიაღებში იწყება მფეთქავი ტკივილი. ყოველივე ეს პროცესის დამძიმებაზე მიუთითებს.
როგორ ვლინდება
ცხვირიდან გამონადენმა და გაჭედილობამ თუ ერთ კვირაში არ გაიარა, ამას დაერთო ტკივილი სახის ძვლებზე, ყვრიმალებზე ხელის დაჭერისას, თავის ტკივილი, ტემპერატურული რეაქცია, - აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ყელ-ყურის ექიმის კონსულტაციასთან ერთად დაგჭირდებათ სისხლის საერთო ანალიზი და წიაღების რენტგენოლოგიური გამოკვლევა. თუ დროულად არ მიმართავთ სპეციალისტს, შესაძლოა დაავადებამ ქრონიკული სახე მიიღოს. ჰაიმორიტის ქრონიკულ ფორმას ახასიათებს გამწვავებები, რომლებიც გრძელდება 2-3 კვირა და მიმდინარეობს ტემპერატურის მომატებით, თავის ტკივილით, ცხვირდან სქელი გამონადენით. ყოველი მომდევნო გამწვავებისას უფრო და უფრო იზრდება გართულების საშიშროება. გართულებები კი საკმაოდ მძიმეა: ჩირქოვანი ოტიტი, მენინგიტი... ასე რომ, ჰაიმორიტთან ხუმრობას არ გირჩევთ, დროულად უმკურნალეთ. მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას, ფიზიოპროცედურებს. პატარას უნდა ვასწავლოთ ცხვარის სწორად მოხოცვა. ლორწოსგან ცხვირის ნესტოები სათითაოდ უნდა გავუთავისუფლოთ; მარჯვენას გათავისუფლებისას მარცხენაზე უნდა მივიჭიროთ თითი და პირიქით. ამით თავიდან ავიცილებთ ყურისკენ ინფექციისა და ანთებითი პროცესის გავრცელებას. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩავაწვეთოთ ან შევასხუროთ ცხვირის ღრუში ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო საშუალება. ტკივილისა და არასასიამოვნო შეგრძნებების შესამცირებლად კარგია ადგილობრივი სათბური. ამისთვის გამოგადგებათ ნაჭრის პატარა პარკში ჩაყრილი გაცხელებული მარილი ან მაგრად მოხარშული კვერცხი. სათბური 10 წუთით უნდა მიადოთ ცხვირის ორივე მხარეს. თუ ჰაიმორიტს მომზადებული დახვდებით, იგი ვერაფერს დააკლებს თქვენს პატარას. ამისთვის კი საჭიროა გაკაჟება და კიდევ ერთხელ გაკაჟება.