ყელ-ყურ-ცხვირის, პირის ღრუსა და თვალის სოკოვანი პათოლოგიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყელ-ყურ-ცხვირის, პირის ღრუსა და თვალის სოკოვანი პათოლოგიები

ადამიანის ორგანიზმის მიკოზურ დაზიანებათა შორის ონიქომიკოზის - ფრჩხილების სოკოვანი დაავადების - შემდეგ მეორე ადგილს ლორწოვანი გარსების კანდიდამიკოზი იკავებს, ამ უკანასკნელთა შორის კი 40% ოროფარინგეალური მიკოზის ანუ პირ-ხახის სოკოვანი დაავადების წილად მოდის. ხახის მიკოზებს ანუ ფარინგომიკოზებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება კანდიდოზი, რომელსაც საფუარა სოკო Candida იწვევს. ეს უკანასკნელი 20 სახეობას აერთიანებს. ფარინგომიკოზით დაავადებულთა გამოკვლევისას, წესისამებრ, რვა სხვადასხვა გამომწვევს გამოავლენენ, რომელთა შორის ლიდერობს ოთხი: C. albicans, C. tropicalis, C. parapsilosis და C. glabrata. პირველ ადგილზეა ჩანდიდა ალბიცანს, რომელიც ჯანმრთელ მოზრდილ ადამიანთა 60%-ს აქვს პირის ღრუსა და ხახაში, უმთავრესად - მწეველ ქალებსა და მამაკაცებს. მეორე ადგილზეა - C. glabrata, რომელიც ძირითადად ასაკოვან პაციენტებში ვლინდება. აივინფიცირებულებში ყველაზე ხშირად Candida-ს იშვიათი სახეობები გამოიყოფა: C. sare, C. dubliniensis, C. famata და სხვა. ფარინგომიკოზის განვითარებას პროვოცირებას უწევს შაქრიანი დიაბეტი, სისხლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, განსაკუთრებით - ნაწლავის დისბაქტერიოზი. ბიფიდობაქტერიებისა და სხვა რძემჟავა ბაქტერიების დეფიციტი არღვევს B ჯგუფის ვიტამინების სინთეზს და ხელს უწყობს სოკოთა მოთესვა-გამრავლებას არა მხოლოდ ნაწლავებში, არამედ ადამიანის ორგანიზმის გარესამყაროსთან კავშირში მყოფ სხვა ღრუებშიც (ცხვირის, პირის ღრუ, ყური). გარდა ამისა, ძალზე უარყოფით გავლენას ახდენს ავთვისებიანი წარმონაქმნები, რომელთა გამოც ირღვევა ვიტამინების ბალანსი, ცილოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლა, საზოგადოდ, იმუნიტეტი, კერძოდ კი - ორგანიზმის ანტიმიკოზური რეზისტენტობა. მიკოზები განსაკუთრებით ხშირად აღენიშნებათ შიდსით დაავადებულებს, რომელთა 10% სწორედ  სოკოვანი ინფექციით იღუპება. ფარინგომიკოზი და პირის ღრუს სოკოვანი პათოლოგია ძალიან ხშირად უვითარდებათ ბრონქული ასთმით დაავადებულებს გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი და არასწორი გამოყენების გამო.

ყელ-ყურ-ცხვირის სოკოვანი პათოლოგიები

ყელ-ყურ-ცხვირის სოკოვანი დაზიანებები მხოლოდ ადგილობრივი არ არის. ისინი უმეტესად  გავრცობილი, სისტემური მიკოზური ინფექციის გამოვლინებაა. მიკოზური ინფექციის აღმოცენების ხელშემწყობ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია  ორგანიზმის იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. სოკოებით გამოწვეული ინფექცია იმუნიტეტის დაქვეითების ერთგვარ მარკერადაც მიიჩნევა. ორგანიზმის იმუნური სისტემის რეაქტიულობის დაქვეითება შესაძლოა განპირობებული იყოს ე.წ. ფიზიოლოგიური იმუნოდეფიციტით (ახალშობილობის პერიოდი, ჭარმაგი ასაკი, ორსულობა, სტრესი, ტრავმა და სხვა). რაც შეეხება მიკოზებისადმი წინასწარგანწყობას, ის ძირითადად განპირობებულია არა ფიზიოლოგიური, არამედ პათოლოგიური ხასიათის იმუნოდეფიციტით. პათოლოგიური ხასიათის  იმუნოდეფიციტს - როგორც პირველადს (მემკვიდრეობითს), ასევე მეორეულს (შეძენილს) - ორგანიზმის ანტიფუნგალური რეზისტენტობის დაქვეითება ახასიათებს. მიკოზების აღმოცენებასა და დამძიმებას ხელს უწყობს უპირატესად იმუნიტეტის არასპეციფიკური მექანიზმების (განსაკუთრებით - ფაგოციტოზის) დეფექტი და იმუნური სისტემის თიმუსზე (მკერდუკანა ჯირკვალზე) დამოკიდებული რგოლის ფუნქციობის დარღვევა. ცხვირ-ხახის მიკოზური დაზიანება შესაძლოა ატარებდეს მწვავე ლოკალური ან ქრონიკული ინფექციის სახეს. გამომწვევის ლოკალიზაცია კი, თავის მხრივ, შესაძლოა გამოხატული იყოს ლორწოვანი გარსის ფარგლებში პირველადად (ზედაპირული) და მიმდებარე ქსოვილებში ინვაზიით (ღრმა). აღსანიშნავია ისიც, რომ ზედაპირული მიკოზური პროცესები ზოგჯერ სასუნთქი ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსების დისემინირებული დაზიანების გამოვლინებაა (დისემინაცია გავრცელება-მოთესვას ნიშნავს). ცხვირის ღრუს მიკოზურ დაზიანებას ახასიათებს დესტრუქციულ-წყლულოვანი ცვლილებები უპირატესად ცხვირის ძგიდის წინა მესამედზე ლოკალიზაციით. დაწყლულებული უბნები ინფილტრირებული კიდეებით გამოირჩევა, აპკისებური ნადებით არის დაფარული და იოლად სდის სისხლი. არსებობს რინოსპორიდიოზი - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გრანულომატოზური დაავადება (გრანულაცია ახალგაზრდა უმწიფარი შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნაა). ამ დაავადების დროს ცხვირის, პირის ღრუსა და ხახის ლორწოვან გარსზე ჩნდება სისხლდენისადმი მიდრეკილი პოლიპოზური წარმონაქმნები. მკურნალობის ძირითადი მეთოდი ამ დროს ქირურგიული ოპერაციაა. ცხვირის ღრუს კანდიდამიკოზი ვითარდება ადგილობრივად ანტიბიოტიკებისა და კორტიკოსტეროიდული აეროზოლების გამოყენებისას. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის სოკოვანი რინიტები, რომლებიც წიაღების ანთებით (სინუსიტებით) რთულდება. სოკოვანი სინუსიტებისთვის დამახასიათებელია მძიმე მიმდინარეობა, პათოლოგიურ პროცესში სისხლძარღვებისა და ძვლოვანი ქსოვილის ჩართვა. სოკოვანი სინუსიტი შესაძლოა გამოვლინდეს როგორც არაინვაზიური (მიცეტომა - სოკოვანი სხეული), ისე ინვაზიური ფორმით - დაზიანებული წიაღის ძვლოვანი კედლის ნელა პროგრესირებადი რღვევით. მიცეტომა კლინიკურად ვლინდება დამწოლი ხასიათის თავის ტკივილით, რომელიც ირადიაციას განიცდის კბილების არეში, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით, ცხვირიდან უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენით. სინუსიტის რეციდივის შემთხვევაში და მრავალჯერადი პუნქციით წიაღში ვერ აღმოაჩენენ ჩირქოვან შიგთავსს. სოკოვანი სინუსიტი შესაძლოა გამოვლინდეს პოლიპოზის მძიმე ფორმებით. დაავადება უმეტესად ცალმხრივია, იშვიათად - ორმხრივი. რინოსკოპიული გამოკვლევა ავლენს მრავლობით პოლიპს და წებოვანი კონსისტენციის გამონადენს, რომელიც, თავის მხრივ, სხვადასხვა ფერისაა (თეთრი, ყვითელი, რუხი და სხვა). მკურნალობა იწყება პოლიპების მაქსიმალური მოშორებით და მათი ჰისტოლოგიური გამოკვლევით. ჰისტოლოგიური ცვლილებები გამოირჩევა ეოზინოფილებისა და სოკოების ჭარბი არსებობით ლორწოვანი გარსის გარეთ.


პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაზიანება

სოკოვანი სტომატიტი სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს - რძიანას, ფუნგოზური და შერეული ფომით. რძიანა იწყება ლოყების, ტუჩების, ენისა და სასის ლორწოვან გარსზე წერტილოვანი თეთრი ფერის წარმონაქმნების გაჩენით. ეს წერტილები 2-3 დღეში ერთმანეთს ერწყმის და წარმოქმნის ნადებს, რომელიც მჭიდროდ ეკვრის მიმდებარე ქსოვილებს. ნადების გარშემო ლორწოვანი გარსის უბნები სხვადასხვა ფერისაა. კერძოდ შეინიშნება ჰიპერემიული (სისხლსავსეობის გამო წითელი ფერის) და მოლურჯო ფერის უბნების მონაცვლეობა. ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, როგორც წესი, სოკოების მოჭარბებას ადასტურებს. ფუნგოზური ფორმისთვის დამახასიათებელია ლორწოვანი გარსის ზედაპირზე "ქაფიანი" ნადების არსებობა. ეს უკანასკნელი ადვილად სცილდება. ლორწოვანი გარსი ამ დროს შეშუპებულია, მოლურჯო ფერისა, ალაგ-ალაგ - ეროზიული უბნებით, სისხლმდინარი.  მომატებული სისხლდენა განსაკუთრებით ღრძილების მიდამოში შეინიშნება. შერეული ფორმის დროს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე ერთმანეთს ენაცვლება ლორწოვანთან მჭიდროდ მიკრული მოთეთრო ნადები და ზედაპირული წყლულები. სოკოვან სტომატიტებს ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს, ხშირია რეციდივიც. სოკოვან სტომატიტს, ჩვეულებრივ, კანდიდას ტიპის საფუარა სოკო იწვევს. ხალხში რძიანას სახელწოდებით ცნობილი ამ პათოლოგიით უპირატესად წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან. ამ დროს პირის ღრუს ლორწოვანზე თეთრი ხაჭოსებრი ნადები ჩნდება. ბავშვი წრიალებს, ჭირვეულობს, უარს ამბობს ჭამაზე. ტემპერატურა, როგორც წესი, არ იმატებს. ასეთი სტომატიტი ხშირად უსიმპტომოდაც მიმდინარეობს. კანდიდას ტიპის პირობითპათოგენური სოკოებით პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას ხელს უწყობს ანტიბიოტიკებისა და კორტიკოსტეროიდების გამოყენებით გამოწვეული დისბაქტერიოზი, ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა (შაქრიანი დიაბეტი), საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, B და K  ჰიპოვიტამინოზები, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ქრონიკული ტრავმა, პლასტმასის პროთეზები და სხვა. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ კანდიდოზის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს, დაზიანების ხარისხის მიხედვით - ზედაპირულსა და ღრმას, გავრცელების მიხედვით - გენერალიზებულსა და კეროვანს (ადგილობრივს), ლოკალიზაციის მიხედვით კი გამოიყოფა სტომატიტი - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, გლოსიტი - ენის ანთება, ქეილიტი - ტუჩების ლორწოვანი გარსისა და კანის ანთება.

სოკოვანი კონიუნქტივიტი

ჩანდიდა-ს სახეობის სოკოებმა შესაძლოა თვალის ლოწოვანი გარსის - კონიუნქტივის - ანთება ანუ კონიუნქტივიტიც გამოიწვიონ. კონიუნქტივა ეპითელური უჯრედებით დაფარული შემაერთებელქსოვილოვანი საფუძველისგან შედგება. სოკოვანი ინფექციით მისი დაზიანება უმთავრესად მაშინ არის მოსალოდნელი, თუ ადამიანს კონიუნქტივური დამცველობითი მექანიზმები დასუსტებული აქვს. მაგალითად, პერიოკულარული ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების და/ან ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა დაასუსტოს თვალის დამცავი მექანიზმები და ხელი შეუწყოს სოკოვანი ინფექციის განვითარებას. გარდა ამისა, ადგილობრივად გამოყენებადი ამინოგლიკოზიდების მაღალმა კონცენტრაციამ შესაძლოა შეაფერხოს, დაბლოკოს ნეიტროფილების კანდიდაციდური (სოკოებზე დამღუპველი გავლენის მქონე) აქტივობა. თუ ასეთ პირობებში სხეულის სხვა ნაწილებიდან, მაგალითად, ჭუჭყიანი ხელებიდან, სოკო თვალში მოხვდა, ის ადვილად მოიკიდებს ფეხს ლორწოვან გარსზე, წარმოქმნის კოლონიას და ანთებას მისცემს დასაბამს. სოკოვანი კონიუნქტივიტის კლინიკური გამოვლინება მეტად ვარიაბელურია, სიმპტომთა დიაპაზონი - ფართო, დაწყებული  არასპეციფიკური ჰიპერემიიდან (სისხლსავსეობის გამო შეწითლება), დამთავრებული ჩირქოვანი გამონაყოფითა და კონიუნქტივაზე რძიანას ტიპის ნადებების წარმოქმნით. დიაგნოზი დასტურდება კონიუნქტივური ნაცხის ციტოლოგიური და კულტურალური გამოკვლევით.