მიკროსკოპული სოკოებით გამოწვეული დაავადებები, მიკოზები, თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მიკოზურმა ინფექციებმა ინფექციურ პათოლოგიათა ჯგუფში გამორჩეული ადგილი დაიკავა, ხოლო ერთ-ერთი გამომწვევი ჩანდიდა ალბიცანს მიკოზების ხუთეულში ლიდერობს. ადამიანის ყველა ძირითადი მიკოზი თავ-თავისი გამომწვევითურთ XIX-XX საუკუნეებში დაწვრილებით იქნა აღწერილი. ცნობილ მეცნიერთა - ვირხოვის, გრუბის, რემარკის, შენლეინის, შემდგომ კი საბუროს სახელები მჭიდროდ არის დაკავშირებული სამედიცინო მიკოლოგიის განვითარებასა და, საზოგადოდ, ისტორიასთან. ანტიბიოტიკების ფართო გამოყენების გამო XX საუკუნის მეორე ნახევარში მიკოზებით ავადობამ განსაკუთრებით იმატა. დღეს ზრდასრული მოსახლეობის 10-20% მიკოზებით არის დაავადებული.
ყელ-ყურ-ცხვირის სოკოვანი პათოლოგიები
ყელ-ყურ-ცხვირის სოკოვანი დაზიანებები მხოლოდ ადგილობრივი არ არის. ისინი უმეტესად გავრცობილი, სისტემური მიკოზური ინფექციის გამოვლინებაა. მიკოზური ინფექციის აღმოცენების ხელშემწყობ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია ორგანიზმის იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. სოკოებით გამოწვეული ინფექცია იმუნიტეტის დაქვეითების ერთგვარ მარკერადაც მიიჩნევა. ორგანიზმის იმუნური სისტემის რეაქტიულობის დაქვეითება შესაძლოა განპირობებული იყოს ე.წ. ფიზიოლოგიური იმუნოდეფიციტით (ახალშობილობის პერიოდი, ჭარმაგი ასაკი, ორსულობა, სტრესი, ტრავმა და სხვა). რაც შეეხება მიკოზებისადმი წინასწარგანწყობას, ის ძირითადად განპირობებულია არა ფიზიოლოგიური, არამედ პათოლოგიური ხასიათის იმუნოდეფიციტით. პათოლოგიური ხასიათის იმუნოდეფიციტს - როგორც პირველადს (მემკვიდრეობითს), ასევე მეორეულს (შეძენილს) - ორგანიზმის ანტიფუნგალური რეზისტენტობის დაქვეითება ახასიათებს. მიკოზების აღმოცენებასა და დამძიმებას ხელს უწყობს უპირატესად იმუნიტეტის არასპეციფიკური მექანიზმების (განსაკუთრებით - ფაგოციტოზის) დეფექტი და იმუნური სისტემის თიმუსზე (მკერდუკანა ჯირკვალზე) დამოკიდებული რგოლის ფუნქციობის დარღვევა. ცხვირ-ხახის მიკოზური დაზიანება შესაძლოა ატარებდეს მწვავე ლოკალური ან ქრონიკული ინფექციის სახეს. გამომწვევის ლოკალიზაცია კი, თავის მხრივ, შესაძლოა გამოხატული იყოს ლორწოვანი გარსის ფარგლებში პირველადად (ზედაპირული) და მიმდებარე ქსოვილებში ინვაზიით (ღრმა). აღსანიშნავია ისიც, რომ ზედაპირული მიკოზური პროცესები ზოგჯერ სასუნთქი ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსების დისემინირებული დაზიანების გამოვლინებაა (დისემინაცია გავრცელება-მოთესვას ნიშნავს). ცხვირის ღრუს მიკოზურ დაზიანებას ახასიათებს დესტრუქციულ-წყლულოვანი ცვლილებები უპირატესად ცხვირის ძგიდის წინა მესამედზე ლოკალიზაციით. დაწყლულებული უბნები ინფილტრირებული კიდეებით გამოირჩევა, აპკისებური ნადებით არის დაფარული და იოლად სდის სისხლი. არსებობს რინოსპორიდიოზი - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გრანულომატოზური დაავადება (გრანულაცია ახალგაზრდა უმწიფარი შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნაა). ამ დაავადების დროს ცხვირის, პირის ღრუსა და ხახის ლორწოვან გარსზე ჩნდება სისხლდენისადმი მიდრეკილი პოლიპოზური წარმონაქმნები. მკურნალობის ძირითადი მეთოდი ამ დროს ქირურგიული ოპერაციაა. ცხვირის ღრუს კანდიდამიკოზი ვითარდება ადგილობრივად ანტიბიოტიკებისა და კორტიკოსტეროიდული აეროზოლების გამოყენებისას. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის სოკოვანი რინიტები, რომლებიც წიაღების ანთებით (სინუსიტებით) რთულდება. სოკოვანი სინუსიტებისთვის დამახასიათებელია მძიმე მიმდინარეობა, პათოლოგიურ პროცესში სისხლძარღვებისა და ძვლოვანი ქსოვილის ჩართვა. სოკოვანი სინუსიტი შესაძლოა გამოვლინდეს როგორც არაინვაზიური (მიცეტომა - სოკოვანი სხეული), ისე ინვაზიური ფორმით - დაზიანებული წიაღის ძვლოვანი კედლის ნელა პროგრესირებადი რღვევით. მიცეტომა კლინიკურად ვლინდება დამწოლი ხასიათის თავის ტკივილით, რომელიც ირადიაციას განიცდის კბილების არეში, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით, ცხვირიდან უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენით. სინუსიტის რეციდივის შემთხვევაში და მრავალჯერადი პუნქციით წიაღში ვერ აღმოაჩენენ ჩირქოვან შიგთავსს. სოკოვანი სინუსიტი შესაძლოა გამოვლინდეს პოლიპოზის მძიმე ფორმებით. დაავადება უმეტესად ცალმხრივია, იშვიათად - ორმხრივი. რინოსკოპიული გამოკვლევა ავლენს მრავლობით პოლიპს და წებოვანი კონსისტენციის გამონადენს, რომელიც, თავის მხრივ, სხვადასხვა ფერისაა (თეთრი, ყვითელი, რუხი და სხვა). მკურნალობა იწყება პოლიპების მაქსიმალური მოშორებით და მათი ჰისტოლოგიური გამოკვლევით. ჰისტოლოგიური ცვლილებები გამოირჩევა ეოზინოფილებისა და სოკოების ჭარბი არსებობით ლორწოვანი გარსის გარეთ.