ყურის საცობი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყურის საცობი

რატომ ჩნდება ყურში საცობი, აუცილებელია თუ არა მისი ამორეცხვა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა საოჯახო მედიცინის #3 ცენტრის ექიმს, ოტორინოლარინგოლოგ მიხეილ გრიგალაშვილს ვთხოვეთ.

- ბატონო მიხეილ, რას წარმოადგენს ყურის საცობი და რატომ უჩნდება ის ზოგ ადამიანს?

- მოგეხსენებათ, ჩვენ, ყველას, გარეთა სასმენ მილში, კანქვეშ, უხვად გვაქვს ქონისა და ცვილის (ანუ გოგირდის) ჯირკვლები, რომლებიც შესაბამის პროდუქტს (სეკრეტს) გამოყოფენ. გარკვეული ხნის განმავლობაში ეს სეკრეტი ყურში გროვდება და საცობს წარმოქმნის. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ აღნიშნული სეკრეცია მეტად ინდივიდუალურია.

საცობის წარმოქმნა იმაზე არ არის დამოკიდებული, იწმენდს თუ არა ყურებს ადამიანი, ან, თუ იწმენდს, როგორი ინტენსივობითა თუ სიხშირით, როგორ ან რანაირად. ეს დამოკიდებულია თვითონ ორგანიზმზე, მის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. მე მყოლია ერთი წლის პაციენტიც უზარმაზარი საცობით, რომელიც მთლიანად ავსებდა სასმენ მილს, და 85 წლისაც, რომელსაც მანამდე არასოდეს ჰქონია ასეთი პრობლემა და არასოდეს ჩაუტარებია ყურის ამორეცხვა. გოგირდის საცობის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, ვის როგორი სეკრეცია აქვს - ჭარბი თუ მცირე.

ხალხში გავრცელებულია წარმოდგენა, რომ ასაკთან ერთად იმატებს ყურში საცობის წარმოქმნის ალბათობაც, მაგრამ თუ ამოირეცხე, ყველაფერი რიგზე იქნება. არის შემთხვევები, როდესაც მოდიან და დაჟინებით ითხოვენ ყურის ამორეცხვას, იმ მიზეზით, რომ მათმა ნაცნობმა, ახლობელმა ჩაიტარა ეს პროცედურა და ახლა თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. ეს მაშინ, როცა თავად მათ ამორეცხვა შესაძლოა სულ არ სჭირდებოდეთ. ისიც აღსანიშნავია, რომ საცობი - მყარი კონსისტენციის მასა - შეიძლება წლობით იყოს ყურში და ადამიანს სრულიადაც არ უშლიდეს ხელს, შეიძლება იმ დონემდე იყოს გამხმარ-გამომშრალი, რომ ბგერებს ატარებდეს და მაინცდამაინც დიდ დისკომფორტს არ წარმოშობდეს. სმენის განსაზღვრული ხარისხის დაქვეითება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში იქნება გამოხატული, მაგრამ ადამიანი ამას ზოგჯერ ისეა შეჩვეული და შეგუებული, რომ დისკომფორტს ვერ გრძნობს, შესაბამისად, მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ საკმარისია, ყურში საპნიანი ან ზღვის წყალი ჩაუვიდეს, რომ საცობი ფუვდება, იჯირჯვება და უკვე საგრძნობლად ახშობს სასმენ მილს. ამის გამო სმენა შესამჩნევად სუსტდება და ადამიანს სერიოზული დისკომფორტი ექმნება.

არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი შეშფოთებული, შეშინებული მოდის ჩვენთან - ვაიმე, ექიმო, დავყრუვდი, რა მეშველებაო. უნდა ნახოთ მათი სიხარული, როცა სულ რაღაც ათწუთიანი მანიპულაციის შემდეგ სმენა უბრუნდებათ და შვებას გრძნობენ.

- გარდა სმენის დაქვეითებისა, რა სიმპტომები ახლავს თან სასმენ მილში საცობის არსებობას?

- ხშირია შუილი, ხმაური. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი თავბრუხვევას უჩივის, ვინაიდან ზოგიერთს მეტად მგრძნობიარე ვესტიბულური აპარატი აქვს. ზოგჯერ სისხლძარღვოვან ან სხვა სახის დარღვევებს ვეჭვობთ. თავდაპირველად საჭიროა სასმენი მილის ოტოსკოპით დათვალიერება. თუ საცობის არსებობა დადგინდა, საჭიროა ყურის ამორეცხვა. თუ პაციენტს ჩივილები ამის შემდეგაც არ მოეხსნა, ესე იგი პრობლემას სხვა მიზეზი აქვს და მას უნდა მივაგნოთ. ასეთ დროს ტარდება აუდიომეტრია, რათა გაირკვეს, ნეიროსენსორულია თუ კონდუქტიური სმენის დაქვეითება. საფუძვლიანი გამოკვლევა და სწორი დიაგნოზი ექიმს საშუალებას აძლევს, რაციონალურად მიუდგეს, სწორი მკურნალობა დაუნიშნოს პაციენტს. რამდენადაც ახლა საცობების თემას ვეხებით - ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

- უმეტესად რა ასაკის ადამიანები მოგმართავენ?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, საცობის წარმოქმნა მეტად ინდივიდუალურია და ასაკზე არ არის დამოკიდებული. რაც შეეხება მომართვას, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ყურადღებიანია ადამიანი და რამდენ დროს უთმობს საკუთარ ჯანმრთელობას. ამ თვალსაზრისით უფრო 50 წელს გადაცილებულები გამოირჩევიან, - ხომ იცით, ახალგაზრდებს, თუ რამემ მეტისმეტად არ შეაწუხათ, ექიმთან მისვლა არ უყვართ. ცალკე საკითხია ბავშვებისადმი დედ-მამის ყურადღება. ზოგიერთი მშობელი მეტად დაკვირვებულია და უმალვე ამჩნევს, რომ შვილს კარგად არ ესმის, არ აყოვნებს და ბავშვი დროულად მიჰყავს ექიმთან. იმას კი, სამწუხაროდ, ჯერ ვერ მივაღწიეთ, რომ ბავშვები პროფილაქტიკური გასინჯვისთვის მოგვიყვანონ.


- რას გვეტყვით საცობების ამორეცხვაზე? ზოგიერთ მოზრდილს ბავშვზე მეტად აშინებს სამედიცინო მანიპულაციები...

- ეს არის სრულიად უვნებელი და უმტკივნეულო პროცედურა. მე მიმაჩნია, რომ სამედიცინი პრაქტიკაში ამაზე სასიამოვნო პროცედურა არ არსებობს - როგორც შესრულების, ასევე შედეგის თვალსაზრისითაც. ექიმი სასმენ მილს ოტოსკოპით ათვალიერებს და აღმოაჩენს საცობს. ამის შემდეგ სასურველია ამ საცობის დალბობა სპეციალური საშუალებებით 2-3 დღის განმავლობაში. ეს შეიძლება იყოს როგორც წყალბადის ზეჟანგის 3%-ანი ხსნარი, ასევე მამაპაპური საშუალება - სოდიანი ხსნარი. დამბალი საცობი წყლის ჭავლს უფრო ადვილად ამოაქვს. ამორეცხვა ხდება სპეციალური ხელსაწყოთი - ჟანეს შპრიცით. უკეთესი იქნება, თუ ამოსარეცხავად რომელიმე ანტისეპტიკურ ხსნარს გამოვიყენებთ, თუმცა გადადუღებული თბილი წყლის გამოყენებაც შეიძლება. წინათ ამისთვის წარმატებით იყენებდნენ კალიუმის პერმანგანატის ხსნარს, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ამორეცხვის დროს დაინფიცირების საშიშროება არ არსებობს, ამიტომ გადადუღებული თბილი წყალი პროცედურისთვის სავსებით საკმარისია.

- რამდენად ხშირია ამორეცხვის შემდეგ საცობის რეციდივი?

- ესეც ინდივიდუალურია. ერთ ადგილას ხანგრძლივად მომუშავე ყოველ ექიმს, ასე ვთქვათ, პაციენტთა თავისი კონტინგენტი ჰყავს. პირადად მე პრაქტიკაში მქონია რეციდივის შემთხვევა ექვსი თვის შემდეგ; მყოლია ისეთი პაციენტებიც, რომლებიც საცობის ამორეცხვიდან ორი, სამი, ხუთი წლის შემდეგ ხელახლა მოსულან და ისეთებიც, რომლებსაც ერთი პროცედურის შემდეგ ეს პრობლემა აღარ შექმნიათ.

- ამბობენ, რომ არც ხშირი გამორეცხვაა სასურველი...

- თუ საცობი არსებობს და ადამიანს დისკომფორტს უქმნის, ის აუცილებლად უნდა ამოირეცხოს, თუმცა, რა თქმა უნდა, უმიზეზოდ მანიპულაცია და ყურის ზედმეტად გაღიზიანება არ არის საჭირო.

- გართულებები თუ ახლავს ყურიდან საცობის ამორეცხვას?

- ეს წმინდა ტექნიკური ხასიათის გართულებებია, რომლებიც ექიმის არაკვალიფიციურობის შედეგია. ექიმმა უნდა იცოდეს, როგორ და რა დონეზე დაარბილოს საცობი, რაც მთავარია, უნდა ფლობდეს ამორეცხვის სათანადო ტექნიკას. მანიპულაცია სწორად უნდა შესრულდეს, ეს კი მხოლოდ ექიმ სპეციალისტს შეუძლია. გამიგონია, რომ ხშირად საცობის მოცილებას შინ, უექიმოდ ცდილობენ და ამისთვის სანთელს და ქაღალდს იყენებენ. ზოგჯერ ქაღალდს ცეცხლს უკიდებენ და ხალხური მეთოდით ცდილობენ საცობის გამოდევნას. გარდა ამისა, ყურში სხვადასხვა საშუალებას იწვეთებენ - მწყრისა და კურდღლის ქონიო, სტაფილოსა და ხახვის წვენიო... უამრავი კურიოზი შემხვედრია... იმდენს აწვალებენ ყურს, რომ მდგომარეობას უფრო მეტად ირთულებენ. არ შეიძლება ასე თვითნებურად მანიპულირება! აუცილებელია სპეციალისტთან მისვლა. ისეც ხდება, რომ დაესწრებიან პროცედურას და შემდეგ შინ თავად ცდილობენ იმავეს გაკთებას: ილბობენ საცობს და ოცგრამიანი შპრიცით ცდილობენ მის ამორეცხვას. ასეთი ადამიანების გასაგონად მინდა განვაცხადო: წყლის არასწორად შესხურებამ შესაძლოა დაფის აპკის დაზიანება გამოიწვიოს. როგორ და საით უნდა მიმართოდ წყლის ჭავლი სასმენ მილში, რომ არც მილი გააღიზიანოს და არც დაფის აპკი დააზიანოს - ეს ყველაზე უკეთ ექიმმა სპეციალისტმა იცის.

სიტყვამ მოიტანა და უნდა გითხრათ, რომ თვითმკურნალობაც ძალიან ხშირია. ადამიანები თვითონ ირჩევენ ან აფთიაქში ფარმაცევტის რეკომენდაციით იძენენ ყურში ჩასაწვეთებელ მედიკამენტებს. არსებობს რამდენიმე სახის ოტიტი, აქედან გამომდინარე, ზეპირად, გამოკვლევის გარეშე, ვერც ერთი აფთიაქარი ვერ განსაზღვრავს, რომელი წამალი მოუხდება ამა თუ იმ ადამიანს. კოლოფზე ყურის გამოსახულება იმას არ ნიშნავს, რომ ყურში ამ წამლის ჩაწვეთება შეიძლება. არის შემთხვევები, როცა დაფის აპკი პერფორირებულია (დაზიანებულ-გახვრეტილია) და აფთიაქში თვითნებურად ნაყიდი წამალი კატეგორიულად უკუნაჩვენებია.

გვახსოვდეს: ექიმის რეკომენდაციის გარეშე ყურში არ უნდა ჩავიწვეთოთ არანაირი საშუალება, მით უფრო - მჟავასა და სპირტის შემცველი ხსნარი!