მოდი, ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოდი, ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში

თბილისის ყრუთა და სმენადაქვეითებულთა 203-ე საჯარო სკოლას ვეწვიეთ, რომლის პედაგოგებიც ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდნენ.

- იმატა თუ არა საქართველოში სმენის პრობლემების მქონეთა რაოდენობამ?

ნონა ინგოროყვა: - წინათ სკოლაში უფრო მეტი ბავშვი იყო. თუ ბოლო ხანს მათი რაოდენობა შემცირდა, ეს ერთი სასიკეთო საქმის შედეგია - უკვე ჩვილ ასაკშივე მიმდინარეობს, ზოგჯერ სამშობიაროშიც კი, სმენის გამოკვლევა, რაც ხელს უწყობს ბავშვთა დროულ რეაბილიტაციას.

- თუმცა, ალბათ, იმაშიც დამეთანხმებით, რომ მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებაში არანაკლები "წვლილი" მიუძღვის ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ეკონომიკურ პირობებს, იმას, რომ ყველას არ შეუძლია ბავშვის მოყვანა ან არ გააჩნია სათანადო ინფორმაცია...

ვალენტინა ზახაროვა, სასწავლო ნაწილის გამგე: - მართალი ბრძანდებით, ეკონომიკური პრობლემებისა თუ ინფორმაციის უქონლობის გამო რაიონებიდან ბავშვები ვერ ჩამოჰყავთ.

ნონა ინგოროყვა: - მიზეზი მრავალია. ზოგი, უბრალოდ, გვერდიდან ვერ იშორებს შვილს, იცის, რომ არსებობს ცენტრები, სადაც ბავშვების რეაბილიტაციას ეწევიან, მაგრამ არ შეუძლია, არდადეგებიდან არდადეგებამდე შვილის გარეშე გაძლოს.

- ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ისიც იქნება, რომ საქართველოში უნარშეზღუდულთა ოჯახებს გარკვეული კომპლექსი აქვთ...

ვალენტინა ზახაროვა: - ვერ დაგეთანხმებით. მთავარი პრობლემა მაინც სიშორე და ეკონომიკური ხელმოკლეობაა. გარდა ამისა, რაიონებში, სოფლებში უმრავლესობამ არ იცის, რომ მსგავსი დაწესებულებები არსებობს. ორიოდე დღის წინ სვანეთიდან ჩამოგვიყვანეს ოცი წლის ახალგაზრდა. ამდენ ხანს რატომ არავის მიმართეთო, ვკითხეთ. არ ვიცოდით, ვისთვის მიგვემართაო, გვიპასუხეს. აბა, ოცი წლის ახალგაზრდას ახლა რაღა ეშველება...

ნატო ხაინდრავა: - საზოგადოდ, ძალზე მწირია ინფორმაცია ასეთი ადამიანების ცხოვრების შესახებ. მათზე ნაკლებად საუბრობენ, საზოგადოება მათ ძალიან ცუდად იცნობს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო ხანს უნარშეზღუდული ბავშვების მიმართ მეტ ყურადღებას იჩენენ. ბევრი რამ, მათ შორის მეთოდიკაც, იცვლება. სამინისტრომ აქტიურად დაიწყო ამ საკითხებზე მუშაობა და ბავშვების დროული ადაპტაციისთვის ბევრი რამ კეთდება, დიდი ყურადღება ეთმობა საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას. მოკლედ, საქმე გაყინული წერტილიდან დაიძრა.

- ქალბატონო ნატო, თქვენ ბრძანეთ, რომ საზოგადოება სმენის პრობლემების მქონე ადამიანებს არ იცნობს. ამით, ფაქტობრივად, იმ მთავარ საკითხს მივადექით, რის შესახებ სასაუბროდაც გეახელით: უნარშეზღუდულები საზოგადოებისგან ერთგვარად იზოლირებულნი არიან, რაც, ვფიქრობ, მათ მდგომარეობას უფრო მეტად აუარესებს.

ნატო ხაინდრავა: - რა თქმა უნდა. ტრანსპორტში ხშირად შემიმჩნევია, როგორ უცხოებივით უყურებს ხალხი ყრუ-მუნჯებს, როგორ ემოციებს იწვევენ ისინი მათში... მინდა, ყველამ გაიგოს: სმენის პრობლემების მქონე ბავშვები ჩვეულებრივი ბავშვები არიან ყველა იმ თვისებით, რაც ყველა ბავშვს აქვს, დაწყებული ცელქობით და დამთავრებული თამაშისადმი ინტერესით. ძალიან საყვარლები, ძალიან თბილები... (უნდა გენახათ, მკითხველო, რა ემოცია გამოესახა იმ წუთას სახეზე ყველა პედაგოგს - დ. დ.).

- დრო გადის, ბავშვები იზრდებიან. საჭიროა საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია. არც ისე დიდი ხნის წინ, კომუნისტური რეჟიმის ეპოქაში, ფუნქციობდა სპეციალური ფაბრიკები, ქარხნები, სადაც უნარშეზღუდულები მუშაობდნენ...

ვალენტინა ზახაროვა: - არსებობდა ყრუ-მუნჯთა საზოგადოება, რომელსაც თავისი საწარმოები ჰქონდა. მარტო თბილისში სამი ასეთი საწარმო იყო.

ნონა ინგოროყვა: - მე იმ დროს თარჯიმნად ვმუშობდი. ეს იყო ჩვეულებრივი საწარმოები, სადაც იქმნებოდა მრავალი სახის პროდუქცია.

ვალენტინა ზახაროვა: - სხვათა შორის, საავიაციო ქარხანაშიც მუშაობდა ყრუ-მუნჯთა ერთი ჯგუფი.

ნონა ინგოროყვა: - ეს იყო კარგად გამართული სისტემა. ყრუ-მუნჯები ხელობასაც სწავლობდნენ და იცოდნენ კიდეც, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სამუშაო ადგილი გარანტირებული ჰქონდათ. მათ არა მარტო სამუშაოთი, არამედ საცხოვრებელი ბინებითაც უზრუნველყოფდნენ. კომუნისტურ ეპოქაში, თუ არ ვცდები, მხოლოდ თბილისში აშენდა ხუთი შენობა ქალაქის ცენტრში - წერეთელზე, ბათუმის ქუჩაზე და საბურთალოზე. სახლებს საწარმოები აშენებდნენ და იქ მომუშავე ოჯახებს უნაწილებდნენ. ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ შენობებში ცხოვრება ყრუ-მუნჯთა იზოლირების მცდელობაც იყო, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ერთმანეთთან ახლოს ყოფნის საშუალება ეძლეოდათ, საზოგადოებასთან ურთიერთობას, ინტეგრაციას მაინც ახერხებდნენ. სამწუხაროდ, ოთხმოცდაათიანი წლებიდან ყველაფერი უკან-უკან წავიდა...

ვალენტინა ზახაროვა: - თქვენ იზოლაცია ახსენეთ, მაგრამ ახლა ყველაფერი იქით მიდის, რომ ყრუები თავიანთ სამყაროში მოექცნენ. ინერგება ახალი მეთოდი, იმართება ტრეინინგები, რომლებსაც ამერიკიდან ჩამოსული ექსპერტი უძღვება. ამ მეთოდის თანახმად, სმენის პრობლემების მქონე ბავშვებმა მხოლოდ ჟესტების ენაზე უნდა ილაპარაკონ - ასე უფრო უკეთ განვითარდებიანო. ნება მომეცით ვიკითხო: მაშ, ინტეგრაცია როგორღა უნდა მოხდეს? ამ კითხვაზე პასუხი მე არ მაქვს.

საუბარში ნარგიზ მამალაძე, დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ჩაერთო: - ვიკითხეთ: "რატომ? ჩვენ ხომ წლების მანძილზე ვმუშაობდით მეტყველების განვითარებაზე; ასეთ ადამიანებს მეტყველება ეხმარება სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს, თუნდაც მაღაზიაში, რამის შეძენისას". ამაზე გვიპასუხეს, ახლა სუპერმარკეტები ისე მუშაობენ, რომ იქ მეტყველება საჭირო სულაც არ არისო.

- ეს ჩემთვისაც უცნაურია, რადგან მგონია, რომ ამით მათ იზოლირებას უფრო მეტად შეეწყობა ხელი, მაგრამ ალბათ მეორე მხარესაც ექნება თავისი არგუმენტები და საკითხისთვის ნათლის მოსაფენად მასაც აუცილებლად მივმართავთ, მანამდე კი, მოდი, ყრუ-მუნჯთა დასაქმების საკითხს დავუბრუნდეთ. დღეს რა ხდება ამ მხრივ?

ვალენტინა ზახაროვა: - რა გითხრათ?.. აქედან წასულ ზრდასრულებს მარტო ბაზრობაზე თუ შეხვდებით, სიგარეტს ყიდიან. უმრავლესობა დაუსაქმებელია.

ნონა ინგოროყვა: - ჯერჯერობით ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავთ. ვინმესთვის ხმის მიწვდენას, ალბათ, ყრუთა საზოგადოება უფრო ცდილობს. შესაძლოა, გამოჩნდეს ვინმე ბიზნესმენი, რომელიც თითო-ოროლა ადამიანს დაეხმარება, მაგრამ ძირითადი მასა მაინც უმუშევარი რჩება, ხოლო ის განათლება, ის ლექსიკური მარაგი, რაც სკოლიდან მიაქვთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის გარეშე იკარგება. საჭიროა, სკოლადამთავრებულებს ყურადღება მიექცეთ, რათა მათ მომდევნო თაობებს ჰქონდეთ იმედი, რომ თუ კარგად ისწავლიან, ეს საზოგადოებასთან ურთიერთობაში და, საერთოდ, ცხოვრებაში გამოადგებათ. სხვანაირად როგორ იქნება, არ ვიცი. ალბათ, ამასაც მიაქცევენ ყურადღებას. ფაქტია, ბოლო ხანს ძვრები შეინიშნება.


- "ძვრები შეინიშნება" ძალიან ზოგადი ნათქვამია. სახელდობრ, რას გულისხმობთ?

- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო ამ ბავშვებზე არ ზრუნავს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ადრე იყო, მაგრამ... ადრე სპეციალური ბაზები არსებობდა, მხოლოდ უნდა ჩამოგეწერა და წარგედგინა იმ ნივთების სია, რომლებიც გჭირდებოდა, ახლა კი ეს ყველაფერი სკოლამ უნდა შეიძინოს და მათ რაღაც განსაკუთრებული ფასები ადევს. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობას, ტარდება სმენის გამოკვლევა, კოხლეარული ოპერაციები, კოხლეარული იმპლანტაციები, რომელთა წყალობითაც ბავშვებს სმენა უბრუნდებათ. ასეთი ოპერაციები საკმაოდ ძვირია და თუ სახელმწიფო არ დაეხმარა, უბრალო ოჯახი ძნელად თუ გასწვდება. ზოგიერთი თითქოს ამ ოპერაციების წინააღმდეგია, მაგრამ ფაქტია, რომ მას კარგი შედეგები აქვს და ხელს უწყობს ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას.

საზოგადოების ნაწილმა ცუდად გაიგო სიტყვა "ინტეგრაციის" მნიშვნელობა. დიახ, მშობელს აქვს უფლება, შეიყვანოს ბავშვი ჩვეულებრივ სკოლაში, მაგრამ იმას აღარ დაგიდევენ, რომ ინტეგრაციისთვის მომზადებაა საჭირო, სვაგვარად ბავშვი ახსნილ მასალას ვერ გაიგებს და თანატოლებს თანდათან ჩამორჩება. მარტო სახელმწიფოს ან განათლების სამინისტროს ნუ მოვთხოვთ ყველაფერს, მშობლებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

- ეს მართალია, მაგრამ მოდით, სახელმწიფოსაც ნუ გადავუსვამთ თავზე ხელს, რადგან თუ მშობელს არ მიაწოდე ინფორმაცია, თუ ვერ დაასაქმე ადამიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, არა მგონია, რომელიმე მშობელს შენდამი რწმენა გაუღვიძო.

- მართალი ბრძანდებით, თუმცა სამედიცინო ცენტრები თუ რესურს-ცენტრები ახლა იწყებენ საქმის კეთებას.

ნატო ხაინდრავა: - იწყებენ, მაგრამ საქმეს გულისყურით უნდა მოეკიდო. ყველაფერი სოციალური პრობლემებიდან გამომდინარეობს. აი, მაგალითად, ბავშვებს უფასოდ რომ გაუკეთონ აუდიოგრამა სმენის მდგომარეობის გასარკვევად, განა ასეთი რა თანხა დაჯდება?! სამწუხაროდ, ფულის გადახდა დღეს ყველას არ შეუძლია.

ნონა ინგოროყვა: - მეც ამის თქმა მინდოდა. განა რამდენი სმენადაზიანებული ბავშვი იქნება საქართველოში, რომ ეს თანხა სახელმწიფოს მძიმე ტვირთად დააწვეს?! ყველანაირი გამოკვლევა უნდა ჩაატარდეს და საჭიროების შემთხვევაში მშობლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, სად მიიყვანონ შვილი, როგორ და რა პირობებში უნდა მოხდეს მისი რეაბილიტაცია. თავად ასეთ ცენტრებშიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ბავშვის პრობლემის გადაჭრის გზებისა და ამაში მშობლების მონაწილეობის შესახებ. თუ ეს არ მოხდა, თუ მშობელმა ხელი ჩაიქნია, ჩათვალა, რომ ღმერთმა "ასეთი ჯვარი არგუნა" და შვილის პრობლემას შეეგუა, საქმის კეთება ძალიან გაძნელდება. რაიონებიდან ჩვენთან უმეტესად ისეთი ბავშვები მოჰყავთ, რომელთაც სმენის პრობლემებთან ერთად ღრმა პედაგოგიური ჩამორჩენილობაც აქვთ, იმიტომ, რომ მშობლებმა არ იციან, როგორ უნდა იმუშაონ ასეთ ბავშვებთან, რაიონებში არ არის სპეციალური სკოლამდელი დაწესებულებები და თუ ბავშვმა სახიდან რაღაც მინიმალური ინფორმაცია ამოიკითხა, მას ჩვეულებრივ სკოლაში სვამენ, - სოფლის სკოლაში, სადაც ყველა ყველას ნაცნობია. გადის ხანი, ჩვენთან, როგორც ქალბატონმა ვალიამ ბრძანა, ოცი წლის ახალგაზრდები მოჰყავთ და თავს იმით იმართლებენ, არაფერი ვიცოდითო. არადა, ამ ასაკში ჟესტების სწავლაც კი ძნელია, თორემ მეტყველების განვითარებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ბავშვობა აზროვნებისა და მეტყველების განვითარებისთვის საუკეთესო პერიოდია და როცა ეს პერიოდი უნაყოფოდ ჩაივლის, ადამიანთან მუშაობა ძალიან ძნელდება.

- ბრძანეთ, ურიგო არ იქნება, სახელმწიფომ უფასო აუდიოგრამის გადაღებაზე იზრუნოსო. კიდევ რა უნდა გაკეთდეს, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს?

- მე, მაგალითად, ბავშვების ადრეული ინტელექტის განვითარება მიმაჩნია უმთავრესად. თუ არ მოხდა ამ ბავშვების მასობრივი გამოკვლევა ადრეულ ასაკში, არაფერი გამოვა. ასეთი გამოცდილება საზღვარგარეთ არის და ის ნამდვილად არ გახლავთ ხელწამოსაკრავი. დაიბადება ბავშვი? - მაშინვე უნდა შეუმოწმდეს სმენა და მოხდეს მშობლების დაკვალიანება.

საზღვარგარეთის მრავალი ქვეყანა რეაბილიტაციას საკუთარ თავზე იღებს: თუ ბავშვს აქვს სმენის ნარჩენი, მშობლების ნებართვით უფასოდ უდგამენ ხელოვნურ იმპლანტს. სპეციალური ბაღებიც კი აქვთ, სადაც ნაოპერაციები ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იწყებენ მომზადებას, ექვსი წლისთვის ისინი განვითარებით თითქმის უტოლდებიან ჯანმრთელ თანატოლებს და ჩვეულებრივ სკოლებში ხვდებიან.

ბავშვები, რომელთაც სმენა საერთოდ არ აქვთ ან რომელთა მშობლებმაც ოპერაციის გაკეთება არ მოინდომეს, ყრუები რჩებიან. ისინი მიჰყავთ სპეციალურ სკოლებში და მათი სწავლება იქ გრძელდება. აი, სწორედ აქ არის ჩვენთან შეუსაბამობა: როცა ირკვევა, რომ ბავშვი ყრუა და ოპერაცია არ უკეთდება, მას მშობლებთან ერთად თავიდანვე ასწავლიან ჟესტურ ენას. ესე იგი, ბავშვი ყალიბდება ერთ, განსაზღვრულ, ჟესტურ ენაზე. ასეთ ბავშვებთან მეტყველებაზე მუშაობა უცხოელებს საჭიროდ აღარ მიაჩნიათ. მაგრამ, ჩვენი გამოცდილებით, ჟესტური ენა და მეტყველება ერთმანეთს ხელს არ უშლის. თუ ბავშვს შეუძლია, ჟესტურად იცოდეს, ვთქვათ, "პურის" მნიშვნელობა, წერდეს კიდეც და წარმოთქვამდეს კიდეც ამ სიტყვას, ვერ ვხვდები, რა არის ამაში ცუდი.

ნარგიზ მამალაძე: - არ არსებობს მშობელი, რომელსაც ყრუ შვილი ჰყავდეს და თანახმა იყოს მხოლოდ ჟესტური ენის შესწავლაზე. მერწმუნეთ, ყველა მშობელი მოითხოვს, რომ ბავშვებმა იმეტყველონ. ყრუ-მუნჯი დედ-მამაც კი - ჟესტურ ენას ჩვენზე უკეთესად ვერავინ ასწავლის ჩვენს შვილს, თქვენთან იმისთვის მოვიყვანეთ, რომ იმეტყველოს და საზოგადოებაში არ დაიჩაგროსო.

ნატო ხაინდრავა: - ყველა ადამიანი ერთმანეთის ტოლი და სწორია, მაგრამ სმენადაქვეითებულებს მაინც სჭირდებათ ხელის წაკვრა, დახმარება სახელმწიფოსგან. შესაძლოა, ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარონ, მაგრამ ხომ აქვთ ცოდნის განსაზღვრული მარაგი, რომელიც რომელიმე პროფესიის დაუფლებაში ხელს არ შეუშლით? ადრე არსებობდა პროფტექნიკური სასწავლებლები... ადრე, ადრე-მეთქი, ვამბობ და ისე ნუ გამიგებთ, თითქოს იმ წყობას მივტიროდე; სულაც არ მივტირი, მაგრამ ფაქტია: ისე კარგად ხატავენ, ისე კარგად ძერწავენ, ისე კარგად კერავენ ჩვენები, რომ საზოგადოებამ, მეტიჩრობად არ ჩამითვალოთ და, უყურადღებობით შესაძლოა ბევრი შესანიშნავი და სასარგებლო პიროვნება დაკარგოს. როცა ერთი უმაღლეს სასწავლებელში ისწავლის, მეორე რამე პროფესიას დაეუფლება, დანარჩენი ბავშვებისთვის, რამდენიმე წელიწადში სკოლას რომ ამთავრებენ, ეს სტიმულის მიმცემიც იქნება და საზოგადოებისგანაც ისე აღარ იქნებიან იზოლირებულნი. რაიმე გზა აუცილებლად უნდა გამოიძებნოს. სახელმწიფომ შესაძლებლობათა მაქსიმუმი უნდა გამოიყენოს, რათა საზოგადოებაში ამ ბავშვების ადგილი გამოჩნდეს. ამისთვის ბევრი რამ არ არის საჭირო, - თუნდაც სტატიები, ტელეგადაცემები ამ ბავშვების ცხოვრებაზე, საერთო შეჯიბრებებში მონაწილეობა და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ამ ბავშვებს კომპლექსებს მოუხსნის, მშობლებს იმედს მისცემს და გაააქტიურებს, თორემ მარტო სკოლაზე მინდობით ან მარტო სახელმწიფოზე მინდობით არაფერი გამოვა.

ბევრი რამის ჩანასახი ჩვენს ქვეყანაში უკვე გაჩნდა, მაგრამ პროცესი უფრო ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, მთელი საზოგადოება უნდა ამოუდგეს მხარში სმენის პრობლემების მქონე ადამიანებს. მერე რა, რომ გვიჭირს; უარესი გაჭირვებაც გვინახავს. მახსოვს, ბებიაჩემი ყვებოდა, ომის დროს უფრო მეტად გვიჭირდა, მაგრამ უფრო მხნედ ვიყავით, იმიტომ, რომ ერთმანეთს მხარში ვედექითო. მოდი, ახლაც ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში.