ყნოსვის რა სახის დარღვევები არსებობს და როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყნოსვის რა სახის დარღვევები არსებობს და როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება

- ყნოსვის რა სახის დარღვევები არსებობს?

- ცნობილია ყნოსვის დარღვევის სხვადასხვა ფორმა: ყნოსვის ფუნქციის დაქვეითება - ჰიპოსმია, მომატება - ჰიპეროსმია და სრული დაკარგვა - ანოსმია, გაუკუღმართებული ყნოსვა - პაროსმია ან კაკოსმია.

პათოლოგია შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც. თანდაყოლილი ანოსმია ყნოსვითი გზების განუვითარებლობის ან უქონლობის შედეგია და, ჩვეულებრივ, სხვა თანდაყოლილი პათოლოგიებიც ახლავს თან. კერძოდ, იგი ხშირად ერწყმის სახის ჩონჩხისა და, საზოგადოდ, ცხვირის განვითარების ანომალიებს. შეძენილი ანოსმია ან ცენტრალური წარმოშობისაა, ან პერიფერიული.

ცენტრალური ანოსმია (ზოგჯერ მას ტვინოვანს ან შიდატვინოვანსაც უწოდებენ) ცენტრალური ნერვული სისტემის ისეთი ორგანული დაზიანების შედეგია, როგორიც არის სიმსივნური პროცესი, გაფანტული ენცეფალომიელიტი, ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი ან მკვებავი არტერიების დაზიანება, მათში სისხლის მიმოქცევის მოშლა. თავის ტვინის ქერქული ცენტრების დაზიანებისას პაციენტი აღიქვამს სუნებს, მაგრამ მათი დიფერენცირებისა და ვერიფიცირების უნარი არ გააჩნია.

ცენტრალური ანოსმია ქალა-ტვინის ტრავმის (თუნდაც უმნიშვნელოს), მენინგიტის შედეგად ვითარდება. პერიფერიულ ანოსმიაზე საუბრისას განასხვავებენ მის ფუნქციურ, რესპირატორულ, ესენციურ და ასაკობრივ ფორმებს. ფუნქციური ანოსმია უმეტესად გარდამავალია - ვითარდება განსაზღვრული მდგომარეობის, ნევროზის, ისტერიის, გრიპის, მწვავე რესპირატორული დაავადების, ალერგიული რინიტის დროს.

ასაკობრივი ანოსმია ასაკს უკავშირდება და ცხვირის ლორწოვანი გარსის ჯირკვლოვანი ეპითელიუმის განლევის შედეგია. ამ შემთხვევაში ანოსმია ვითარდება საკუთრივ ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული სეგმენტის დაზიანების გარეშეც. რესპირატორული ანოსმია ცხვირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების შედეგია. ის მაშინ იჩენს თავს, როდესაც ჰაერი ჰაერგამტარ გზებში გავლისას ვერ აღწევს იმ ადგილს, სადაც ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული სეგმენტი მდებარეობს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, რესპირატორული ჰიპოსმიის დროს არომატული ნაწილაკების შემცველი ჰაერი ცხვირის ღრუს ანატომიური ან პათოლოგიური ცვლილებების (პოლიპები, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ანთებითი პროცესები) გამო ან ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ხვდება ყნოსვით ზონაში. ესენციური ანოსმია ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული განყოფილების დაზიანებას უკავშირდება. ის შესაძლოა გამოიწვიოს ანთებითმა პროცესმა, რომელიც ცხვირის ლორწოვანის იმ ნაწილს მოიცავს, სადაც ყნოსვითი რეცეპტორებია განლაგებული, იგი ასევე უკავშირდება ყნოსვითი ეპითელიუმის ჰიპოტროფიასა და ატროფიას, ტრავმას, მათ შორის ქირურგიულ, საყოფაცხოვრებო, ცხვირ-ხახის თერმულ და ქიმიურ დამწვრობებს, ცხვირის ხანგრძლივ ზეწოლას ყნოსვით არეში, სიმსივნურ პროცესებს, ყნოსვის რეცეპტორის ტოქსიკურ დაზიანებას, ინფექციურ დაავადებებსა და მოწამვლას.

ასეთ ფორმას იწვევს გრიპი, ატროფიული სურდო, სინუსიტი, მწვავე რესპირატორული დაავადებები.

- საზოგადოდ, რომელი დაავადებები იწვევს ყნოსვის დარღვევას?

- ყნოსვის დარღვევის მიზეზად შესაძლოა იქცეს ცხვირის ღრუში მიმდინარე ყოველგვარი ანთებითი პროცესი - სურდო, გრიპი, ზედა სასუნთქი გზების კატარი, ასევე - პოლიპები, სიმსივნეები.

- როგორ ხდება ყნოსვის დარღვევათა დიაგნოსტიკა და რას ისახავს მიზნად მკურნალობა?

- დიაგნოსტიკა ხდება ყნოსვის ზონის დათვალიერების საფუძველზე. ფასდება რინოსკოპიული სურათი, ტარდება ყნოსვის ზონის საგულდაგულო გამოკვლევა, მნიშვნელობა ენიჭება მის კონფიგურაციასა და სიგანეს. ყნოსვის დარღვევის რესპირატორული ფორმის დროს მკურნალობა ქირურგიულია და მიზნად ისახავს ცხვირით სუნთქვის აღდგენას.

ზოგჯერ საჭიროა პოლიპოტომიის ჩატარება და სხვა ოპერაციები. ესენციური ფორმის დროს ვებრძვით გამომწვევ და ხელშემწყობ ფაქტორებს. აუცილებელია ნევრასთენიის, ვეგეტოსისხლძარღოვანი დისტონიის, ისტერიის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებათა მკურნალობა.

ყნოსვის დარღვევისას აუცილებლად უნდა შემოწმდეს, ხომ არ არის თავის ტვინში ახალწარმონაქმნი, ამიტომ ყნოსვის დარღვევისას სპეციალისტთან ვიზიტის გადადება დაუშვებელია.

ცხვირით სუნთქვის აღდგენისას უმეტესად ყნოსვაც აღდგება. გაცილებით ძნელია ვითარების გამოსწორება ცენტრალური ბუნების ანოსმიის დროს. ამ შემთხვევაში პროგნოზი ძირითადი დაავადების ხარისხსა და მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.