ხმა – აკუსტიკური ფენომენი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხმა – აკუსტიკური ფენომენი

ადამიანის ხმა თავისებური უნიკალური მოვლენაა, ერთი მხრივ, ანატომიურ-ფიზიოლოგიური მოქმედებით, სოციალური მნიშვნელობით, მეორე მხრივ, ის აკუსტიკური ფენომენია.

თითოეული ჩვენგანის ხმა ისეთივე უნიკალურია, როგორც თითის ანაბეჭდი ან თვალის ბადურა.

ხმის მიხედვით შესაძლებელია ადამიანის ხასიათის შესახებ მსჯელობა, ცნობილია, რომ პიროვნებაზე ზოგად წარმოდგენას 55%-ით განსაზღვრავს მისი მიმიკა, 38%-ით – ხმა და მხოლოდ 7%-ია დამოკიდებული იმაზე, თუ რა თემაზე საუბრობს იგი.

საიდან ჩნდება ხმა?

ადამიანის სამეტყველო წრე სამი ერთმანეთის თანმიმდევრულად მიმდინარე პროცესის შედეგია: გავიგონე – გავაანალიზე და პასუხი ვთქვი.

ამ სამიდან ორი: გავიგონე და ვთქვი – უშუალოდ ხმის მონაწილეობით ხდება.

ხმა ჰაერგამტარ გზებში გავლილი ჰაერის ნაკადია, რომელიც რეზონაციას განიცდის ხმის წარმომქმნელ ორგანოებში და საბოლოოდ საარტიკულაციო აპარატის მიერ მიღებული ფორმით ცალკეულ ფონემებად – ბგერებად ყალიბდება.

ხმის წარმოქმნაში მონაწილე ძირითადი ორგანოებია: ხორხი, მბგერავი იოგები, ყია. დამხმარე ორგანოები – დიაფრაგმა, ნეკნები, მუცლის კუნთები, ხახა (ყელი), პირის ღრუ, ცხვირის ღრუ.

სახმო აპარატის მთავარი სეგმენტი ხორხზე გადაჭიმული ლორწოვანი გარსის მბგერავი ნაოჭები და მათ სისქეში მოქცეული კუნთები და წყვილი მბგერავი იოგია.

იოგები მოსაზღვრავს ცვალებადი ფორმისა და ზომის ნაპრალს – ყიას. სწორედ ყიის ფორმა განსაზღვრავს განსხვავებული ბგერების წარმოქმნას, რაც რეგულირდება ხორხის კუნთებისა და ხრტილების დახმარებით. საჭიროების მიხედვით იცვლება მბგერავი იოგების დაჭიმულობა და ყიის ზომა. საუბრისას ყია სამკუთხა მოყვანილობისაა.

მბგერავი წყვილი მარჯვენა და მარცხენა იოგები სიმეტრიული წარმონაქმნებია, ისინი მოთავსებულია კისრის მე-4 და მე-5 მალებშუა ხრტილის დონეზე.

მბგერავი იოგები ადამიანის ის ანატომიური წარმონაქმნია, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ე.წ. სქესობრივი დიმორფიზმი, კერძოდ, ადამიანის სქესის მიხედვით განსხვავებულია მათი ზომა და ფორმა, კონკრეტულად – ქალების მბგერავი იოგები უფრო მოკლე და თხელია, მამაკაცისა კი – უფრო გრძელი და განიერი.

მამაკაცების მბგერავი იოგების სიგრძე უდრის საშუალოდ 20-24 მმ-ს, ქალებისა კი – 15-18 მმ.-ს

მბგერავი იოგების სისქე დამოკიდებულია მათ დაჭიმულობაზე, რაც სათანადო კუნთების შეკუმშვა-მოდუნებით ხდება.

მბგერავ იოგებს შორის დარჩენილ სივრცეში გამავალი ჰაერით წარმოებს მათი რხევა და ხმის წარმოქმნა.

ხმის ტემბრი დამოკიდებულია მბგერავი იოგების სიგრძეზე, სისქეზე, დაჭიმულობასა და მოქნილობაზე.

ხორხის კუნთების სხვადასხვა ხარისხით შეკუმშვის შედეგად მბგერავი იოგები შეიძლება იყოს მოდუნებული ან დაჭიმული, გარდა ამისა, მათ შორის დარჩენილი სივრცე – ყია – შეიძლება იყოს გაფართოებული ან შევიწროებული. იმ შემთხვევაში, როდესაც ყია შევიწროებულია, ამოსუნთქულ ჰაერს წინააღმდეგობის დაძლევა დიდი წნევით უხდება და ვღებულობთ ძლიერ ხმას (ხმამაღალი ლაპარაკი, ყვირილი).

შევიწროებული ყიის დროს წარმოიქმნება ხმოვანი ბგერები. როდესაც ყია გაფართოებულია, ჰაერი თავისუფლად ამოდის ფილტვებიდან და ვღებულობთ სუსტ ხმას (ხმადაბალი ლაპარაკი, ჩურჩული).

გაფართოებული ყიის დროს წარმოიქმნებიან თანხმოვანი ბგერები. იმ შემთხვევაში, როდესაც მბგერავი იოგები დაჭიმულია, ამოსუნთქული ჰაერი იწვევს მათ ხშირ რხევას რხევის მცირე ამპლიტუდით, რის შედეგადაც ვღებულობთ მაღალ ბგერებს. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მბგერავი იოგები მოდუნებულია ანდა სუსტადაა დაჭიმული, ამოსუნთქული ჰაერი იწვევს მბგერავი იოგების მცირერიცხოვანი რხევის ამპლიტუდის გადიდებას, რის შედეგადაც ვღებულობთ დაბალ ბგერებს, ბგერათა ჯამი კი, საბოლოოდ, იძლევა ხმას.

სასაუბრო და სასიმღერო ხმები განირჩევა სასაუბრო და სასიმღერო ხმები.

სასაუბრო ხმა თავის მხრივ შესაძლოა იყოს: თბილი და რბილი, უხეში და მოღუშული, შეშინებული და მერყევი, თავდაჯერებული, იქედნური და ცინიკური, მყარი, ცოცხალი, მოზეიმე.

სასიმღერო ხმები დიაპაზონის მიხედვით იყოფა ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ხმებად.

ქალის სასიმღერო ხმებია – სოპრანო, მეცოსოპრანო, ალტი;

კაცის – ტენორი, ბარიტონი, ბანი;

ყველაზე გრძელი იოგები – 24-25 მმ – ბანს აქვს, ბარიტონის სახმო იოგების სიგრძეა – 22-24 მმ, ტენორისა – 18-21 მმ, მეცოსოპრანოსი – 18-21 მმ, ხოლო სოპრანოსი – 14-19 მმ.

ხმის პარამეტრები

ხმა ხასიათდება ისეთი პარამეტრებით, როგორებიცაა:

  • სიხშირე – ტონთა დიაპაზონი;
  • ძალა;
  • ტემბრი და შეფერილობა;
  • ვიბრატო.

ტონთა დიაპაზონი

გამოცემული ბგერის სიმაღლეს განსაზღვრავს 1 წამის განმავლობაში სახმო იოგების რხევის სიხშირე, ეს სიდიდე იზომება ჰერცებით – 1 ჰერცი წამში ერთი რხევის ტოლფასია.

სახმო იოგებს შეუძლიათ რხევითი მოძრაობების შესრულება როგორც მთელი სხეულით, ისე მხოლოდ მათი ნაწილის რხევით, სწორედ ამით აიხსნება ხმის ტონთა მრავალფეროვნება. სახმო იოგებს ხომ თავისუფლად შეუძლიათ განსხვავებული სიხშირით ირხეოდნენ – 80-დან 100 რხევამდე წამში და მეტიც.

ადამიანის ხმის ტონური დიაპაზონი წარმოდგენილია ტონთა თანმიმდევრობით, რომლებიც მოიცავს ყველაზე დაბალ და ყველაზე მაღალ ბგერებს.

სასიმღერო და სასაუბრო ხმის ხარისხი რამდენამდე განსხვავებულია, სასაუბრო ხმა ხმის სრული დიაპაზონის მხოლოდ 1/10-ს შეადგენს.

მამაკაცი მომღერლის ტონური დიაპაზონი 2,5 ოქტავას შეადგენს, ქალისა ზოგჯერ 3 ოქტავას აღემატება. საზოგადოდ, ადამიანის ძლიერ ხმას შეუძლია 6 ოქტავის ტონური დიაპაზონი მოიცვას.

ხმის ძალა და ტემბრი

ხმის სიძლიერე დამოკიდებულია ჰაერის ნაკადის ენერგიაზე, რომელიც სახმო ნაპრალს გაარღვევს, ანუ ჰაერის ნაწილაკების რხევის ამპლიტუდაზე.

ხმის სიძლიერეზე დიდ გავლენას ახდენს პირისა და ხახის ღრუების ფორმა და პირის გაღების ხარისხი. რაც უფრო მეტად გაიღება პირი, მით უკეთესად გაიფრქვევა ხმა გარე სივრცეში.

ხმის სიძლიერე დაკავშირებულია არა მხოლოდ ბგერის ძალასთან, არამედ ტემბრთანაც.

ტემბრი, თავის მხრივ, ხმის ბგერის ობერტონულ შემადგენლობაზეა დამოკიდებული. დიაფრაგმის პოზიციის სწორი ცვლა ბგერის სიძლიერესა და სიმაღლეს უზრუნველყოფს.

ტემბრი მომღერლის ხმის ხარისხის განმსაზღვრელია.

სასიმღერო ხმა მაშინ არის სასიამოვნო, როდესაც მისი პულსაციის სიხშირე წამში 5-6 რხევას უდრის, ანუ იქმნება ეგრეთ წოდებული ვიბრატო. ვიბრატო ხმას „მფრინავ“ ხასიათს ანიჭებს და ტემბრის შემადგენელ ნაწილად აღიქმება.

ტემბრმა შესაძლოა საგრძნობი ცვლილებები განიცადოს, თუ შევძლებთ ბგერის გატარებას სხეულის სხვადასხვა მარეზონირებელ სექტორებში: გულმკერდში, მუცელში, კბილებში, შუბლში, კეფაში.

პაროდისტები სხვისი ხმების მიბაძვას სწორედ რეზონატორების მართვის საშუალებით ახერხებენ.

რაც შეეხება სუსტ, არც ისე ლამაზი ტემბრის ხმას, რეგულარული ვარჯიშის მეშვეობით შეიძლება გავაძლიეროთ ბგერა, გავაფართოვოთ დიაპაზონი, ავამოქმედოთ რეზონატორები და ამით გავაუმჯობესოთ ტემბრი.

ხმის ფუნქციური მოშლა

ხმის ფუნქციურ მოშლას ფონასთენია ეწოდება. იგი შესაძლოა ხმის ჩახლეჩის (დისფონია) ან ხმის დაკარგვის (აფონია) სახით გამოვლინდეს. ფონასთენია პროფესიული დაავადებაა. ის ძირითადად მომღერლებს, პედაგოგებს, მსახიობებს და სხვა ისეთი პროფესიის ადამიანებს აღენიშნებათ, რომელთაც სამეტყველო აპარატის გადაძაბვა უწევთ. ხმის ფუნქცია, საზოგადოდ, სახმო აპარატის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

ხმის დარღვევები

გარკვეულ მიზეზთა გამო რთულია მოსახლეობაში ხმის დარღვევების ნორმატიული მონაცემების განსაზღვრა. მაგალითად, ხმა მნიშვნელოვნად ირღვევა ჩვეულებრივი გაციების დროს, რადგან ხორხის ანთებითი ქსოვილი ვერ წარმოქმნის საჭირო ვიბრაციას, ან ინფექციით გამოწვეული ლორწო, რომელიც სინუსებში გროვდება, ცვლის რეზონაციას. ასევეა ალერგიის დროს. ამიტომ, თუ მოსახლეობის ფართო სეგმენტს ავირჩევთ ხმის დარღვევების შემთხვევების პროცენტის განსასაზღვრად, შედეგად 100%-ს მივიღებთ. თუმცა, ეს მონაცემები სრულიად გამოუსადეგარი იქნება. ხმის დარღვევების შესასწავლად აუცილებელია ვიწრო ჯგუფების შექმნა, პროფესიის, ასაკისა და სქესის მიხედვით და მონაცემების შედარება.

სხვადასხვა კვლევის შეჯერებით:

  • ბავშვთა ხმის დარღვევები – 7%-ია;
  • მოზრდილთა 3-9%;
  • ხანდაზმულთა 47%-ს აღწევს;
  • იმ ჯგუფში კი, სადაც ხმის გამოყენება პროფესიული ან სოციალური აქტივიზმის ინსტრუმენტია, ხმის დარღვევების სიხშირე 75%-ია.

არასწორი სუნთქვით გამოწვეული ხმის დარღვევები

ანატომიური, სტრუქტურული, ფსიქოლოგიური და ენდოკრინული მიზეზებით გამოწვეული ხმის დარღვევების გარდა, ცნობილია არასწორი სუნთქვით გამოწვეული დისფონიებიც.

არასწორმა სუნთქვამ, ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის კოორდინაციის მოშლამ, შესაძლოა გამოიწვიოს ხმის პათოლოგიური ცვლილება, რაც ვლინდება:

  • ჰაერნაკადის არასწორ განაწილებაში;
  • მეტყველებისას ხანმოკლე პაუზებსა და პატერნებში;
  • ხრინწსა და ხმის ჩახლეჩაში;
  • ხმის ნაკადში ჰაერის შერევაში;
  • როცა პაციენტი არასაკმარისად ან, პირიქით, ჭარბი რაოდენობით ჰაერს ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს, შედეგად ზედმეტად იძაბება (ხრინწსა და ჩახლეჩას გამოიწვევს) ან დუნდება (ხმის ნაკადში ჰაერის შერევის მიზეზია) სახმო იოგები.

ხმაზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს თავის დაჭერის არასწორმა მანერამ, ენის არასწორმა პოზიციონირებამ და ა.შ.

დისფონიის მიზეზი ხდება ხმის არაბუნებრივი სიხშირის გამოყენებაც, რაც ასაკისთვის ან სქესისთვის შეუფერებელ ხმას წარმოქმნის.

მოსაუბრე ტრანსი

არსებობენ ადამიანები, რომელთა საუბარიც იავნანასავით ჩაგესმის და დაძინების დაუძლეველ სურვილს ბადებს. ასეთებს ტრანსმოსაუბრენი ჰქვიათ, მათ ხმას ადამიანის ტრანსში გადაყვანა შეუძლია.

მნიშვნელობა არ აქვს, რა თემაზე საუბრობ, მთავარი ხმის დამახასიათებელი ვიბრაციაა, რომლის სიხშირეც ადამიანის თავის ტვინის აქტივობის სიხშირეს ემთხვევა, ამასთან ისეთისას, რომელიც ადუნებს ნებისყოფას, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარს, სამაგიეროდ აძლიერებს მხედველობით გამოსახულებას და მეხსიერებას.

ტრანსმოსაუბრესთან ტვინი გაცილებით მცირე ინფორმაციას იღებს გრძნობის ორგანოებიდან და ავტომატურად გაცილებით მეტ ყურადღებას შინაგან შეგრძნებებს უთმობს.

ტრანსხმა იძულებითი ძალაა, რომელიც მართავს ადამიანის ტვინის აქტივობას და ცნობიერებას ცვლის.

ტრანსული საუბრის მახასიათებლებია: მონოტონურობა, რიტმულობა, პაუზები, დაბალი ხმა, შენელებული ტემპი და ხმის ბუნებრივზე დაბალი ტემბრი.

ამგვარად, ხმა ნებისმიერი პიროვნების სავიზიტო ბარათია, იმისთვის, რომ საკუთარი ხმა სიამოვნებას განიჭებდეთ, ხმის ეკოლოგიაზე მუდმივ ზრუნვას ნუ დაივიწყებთ.