როგორ ავიცილოთ თავიდან შუა ყურის დაავადებათა გართულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან შუა ყურის დაავადებათა გართულებები

- ყელის, ყურისა და ცხვირის პრობლემებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი სწორედ შუა ყურის დაავადებებს უჭირავს. შუა ყურის ზოგიერთი დაავადება მკაფიო სიმპტომებით მიმდინარეობს და მისი დიაგნოზირება არცთუ ისე ძნელია, ზოგჯერ კი ფარულად მიმდინარე პროცესი შეუმჩნეველი რჩება როგორც პაციენტისთვის, ისე ირგვლივ მყოფებისთვის და ექიმისთვისაც კი.

- მაინც რა ნიშნები ახასიათებს შუა ყურის დაავადებებს?

- შუა ყურის ყველა დაავადების აუცილებელი სიმპტომია სხვადასხვა ხარისხის სმენის დაქვეითება. თანმხლები სიმპტომებიდან აღსანიშნავია ტკივილი, ჩირქდენა, ხმაური, თავბრუხვევა.

- შუა ყურის რომელი დაავადებაა ყველაზე მეტად გავრცელებული?

- შუა ყურის სხვადასხვა დაავადების გავრცელება გარკვეულწილად ასაკზეა დამოკიდებული. მაგალითად, 10 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის ხშირიაYშუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთება, სეკრეციული ანუ ექსუდაციური ოტიტი, ქრონიკული შუა ოტიტის სიხშირე კი ასაკთან ერთად იზრდება. ოტოსკლეროზი, პირიქით, 20 წლის შემდეგ ვლინდება და ასაკთან ერთად პროგრესირებს.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთება?

- შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთებით ხშირად რთულდება ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია. ოტიტს უმეტესად წინ უძღვის სურდო და ცხვირით სუნთქვის გაძნელება. რესპირატორული ინფექციის ათიდან საშუალოდ ორი შემთხვევა რთულდება შუა ოტიტით. განსაკუთრებით მაღალია ავადობის სიხშირე 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, თანაც, მიუხედავად ანტიბიოტიკების სიმრავლისა, დაავადების სიხშირე წლიდან წლამდე იმატებს.

- რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას?

- მწვავე შუა ოტიტი მიმდინარეობს ყურის ტკივილით, ცხელებით, უმადობით, ზოგადი სისუსტით. პატარა ბავშვებში შესაძლოა თან ახლდეს აგზნებულობა, მოუსვენარი ძილი, მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინება. ამ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობა ექიმის დანიშნულების მიხედვით, ვინაიდან გვიან დაწყებულმა ან არასწორად წარმართულმა თერაპიამ შესაძლოა სხვადასხვა გართულება - მასტოიდიტი, ლაბირინთიტი, მენინგიტი - გამოიწვიოს.

- როდის არის საჭირო ქირურგიული ჩარევა - დაფის აპკის გახვრეტა? საშიშია თუ არა ეს პროცედურა? არსებობს თუ არა საფრთხე, რომ გახვრეტის შემდეგ დაფის აპკი აღარ შეხორცდეს?

- თუ ყურის ტკივილი და მაღალი სიცხე რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და არ ემორჩილება ანტიბიოტიკოთერაპიას, საჭიროა მცირე ქირურგიული ჩარევა - მირინგოტომია, დაფის აპკის გაკვეთა შუა ყურიდან ჩირქის გამოსაშვებად. მირინგოტომია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ვინაიდან მცირე ასაკში ინფექცია უფრო ადვილად ვრცელდება ტვინისკენ. გარწმუნებთ, აღნიშნული მანიპულაცია არ არის საშიში. როგორც კი ჩირქის გამოყოფა შეწყდება, დაფის აპკის მთლიანობა აღდგება.

- რა არის ექსუდაციური ოტიტი?

- ექსუდაციური ანუ სეკრეციული ოტიტი, უბრალო ენით რომ ვთქვათ, შუა ყურში სითხის დაგროვებაა. ამ დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ცხვირისა და ცხვირ-ხახის პათოლოგიები, ხშირი სურდო, ადენოიდების ჰიპერტროფია, ცხვირის ძგიდის გამრუდება. დიდი ზომის ადენოიდები (ხალხში პოლიპებს რომ უწოდებენ) ხელს უშლის შუა ყურის ვენტილაციას - მის ღრუებში ჰაერის მოძრაობას, რასაც ხშირად დაფის ღრუში სითხის დაგროვება მოჰყვება.

- როგორ ვლინდება ეს დაავადება?

- სეკრეციული ოტიტის მთავარი სიმპტომია სმენის დაქვეითება, რომლის გამოვლენა ბავშვთა ასაკში ძნელია. ბავშვების წაყრუებას მშობლები ხშირად უყურადღებობას აბრალებენ. გაფრთხილებთ: თუ ბავშვი ყურადღებას არ აქცევს თქვენს ნათქვამს, უსმენს მაღალ ხმაზე ჩართულ მუსიკას, უჭირს სუნთქვა, ღამით მოუსვენრად სძინავს და ხვრინავს, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. წლობით ფარულად მიმდინარე პროცესი შესაძლოა მძიმე ქრონიკულ დაავადებაში გადაიზარდოს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთებისა და სეკრეციული ოტიტის არაადეკვატურ მკურნალობას ზოგ შემთხვევაში ქრონიკულ ჩირქოვან შუა ოტიტამდე მივყავართ.

- რა ნიშნები ახასიათებს შუა ყურის ქრონიკულ ჩირქოვან ანთებას და რით არის იგი საშიში?

- შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთებისათვის დამახასიათებელია მდგრადი პერფორაცია (დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა), სმენის დაქვეითება და პერიოდული (ზოგ შემთხვევაში - იშვიათი, ზოგ შემთხვევაში - ხშირი) ან მუდმივი ჩირქდენა. ასეთი პაციენტები ყურის ტკივილს არ უჩივიან. დაავადება ყველა ასაკში შეიძლება განვითარდეს. ლოკალიზაციისა და პერფორაციის ზომის მიხედვით განასხვავებენ მის რამდენიმე ფორმას. ქრონიკულ შუა ოტიტს ახასიათებს გართულებათა წყება. ადგილობრივი გართულებებია პოლიპი და ქოლესტეატომა. პირველს ახასიათებს სისხლნარევი, მეორეს კი უსიამოვნო სუნის მქონე ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან. ამავე დროს ქოლესტეატომას შესწევს მოსაზღვრე ძვლოვანი ქსოვილის დაშლის უნარი, რაც შესაძლოა სხვადასხვა სიმძიმის გართულების მიზეზად იქცეს. კერძოდ, მოსალოდნელია სახის ნერვის დამბლა, მენინგიტი, თავის ტვინის აბსცესი, სეფსისი.

ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის მქონე ადამიანი ოტოლარინგოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს და თვითონაც აკონტროლებდეს საკუთარ მდგომარეობას. უსიამოვნოსუნიანი ჩირქი, სიმძიმის შეგრძნება ან ტკივილი დაავადებული ყურის მხარეს განგაშის საფუძველია.

- როგორ მკურნალობენ ქრონიკულ შუა ოტიტს?

- ქრონიკული შუა ოტიტის მკურნალობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. თავდაპირველად აუცილებელია ყურის გაშრობა არაქირურგიული მეთოდებით, შემდგომ კი დაფის აპკის მთლიანობის აღდგენა ქირურგიული გზით, საჭიროების შემთხვევაში - დაზიანებული სასმენი ძვლების მიკროპროთეზებით შეცვლა, რაც ერთი მხრივ - სმენის გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ შუა ყურის ინფექციისგან დაცვას ისახავს მიზნად. როდესაც წამლებით ჩირქდენის შეჩერება ვერ ხერხდება, აუცილებელია სანაციური ხასიათის ოპერაციის ჩატარება (ჩირქისგან გასუფთავება) და შემდგომ ან იმავდროულად დაფის აპკის აღდგენა.

- რას გულისხმობს მწვავე შუა და სეკრეციული ოტიტის პროფილაქტიკა?

- მწვავე შუა და სეკრეციული ოტიტის საპროფილაქტიკოდ მათი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები უნდა გამოვრიცხოთ. მრავალმა გამოკვლევამ აჩვენა კავშირი ძუძუთი კვებასა და შუა ყურის ანთებით დაავადებათა სიხშირეს შორის. ბუნებრივ ძუძუზე მყოფ და ძუძუთი გამოზრდილ ბავშვებს შორის მწვავე შუა ოტიტი იშვიათია, ნაკლებია შუა ყურში ექსუდატის არსებობის ხანგრძლივობაც. ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, ბავშვებში, რომლებიც ძუძუს მხოლოდ 3 თვემდე წოვდნენ, მწვავე ოტიტი პირველი წლის განმავლობაში ხშირდება, ხოლო მინიმუმ 6-თვიანი ძუძუთი კვება ბავშვს დაახლოებით 3 წლამდე იცავს. განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს წოვის აქტიურობას. ზანტი ბავშვები ქმნიან ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის რისკჯგუფს. არ არის სასურველი კვება მწოლიარე მდგომარეობაში. თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედება ზრდის ზემო და ქვემო რესპირაციული სისტემების დაავადებათა სიხშირეს. პასიური მწეველობა შუა ყურის დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

- რა არის ოტოსკლეროზი?

- ოტოსკლეროზი შუა ყურის შედარებით იშვიათი დაავადებაა. ამ დროს შეზღუდულია ერთ-ერთი სასმენი ძვლის - უზანგის - მოძრაობა. დაავადების პრაქტიკულად ერთადერთი სიმპტომია სმენის დაქვეითება, რასაც შესაძლოა ერთვოდეს ხმაური.

- რა იწვევს ოტოსკლეროზს?

- უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ პათოლოგია გენეტიკურ ხასიათს ატარებს და ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობაში ვლინდება. ოტოსკლეროზის განვითარებაში მაპროვოცირებელი ფაქტორის როლს ხშირად ასრულებს სტრესი, ტრავმა. მაგალითად, ქალებში პირველი სიმპტომები ხშირად ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ იჩენს თავს.

- მკურნალობა კონსერვატიულია თუ ქირურგიული?

- როდესაც სმენის დაქვეითების დონე პაციენტისთვის შემაწუხებელი ხდება, ნაჩვენებია ოპერაცია ან სასმენი აპარატის გამოყენება. მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს. ოპერაციის შემდეგ სმენის გაუმჯობესების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.