გამონადენი ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გამონადენი ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების დროს

- რა სახის გამონადენი შეიძლება დიოდეს ყურიდან?

- ყურიდან შესაძლოა მოდიოდეს ლორწოვანი (სეროზული), ჩირქოვანი, ჰემორაგიული (სისხლიანი), ლიქვორის (თავზურგტვინის სითხის) შემცველი გამონადენი.

- როდის შეიძლება გაჩნდეს ჩირქოვანი გამონადენი?

- ჩირქოვანი გამონადენის გაჩენა მოსალოდნელია გარეთა სასმენი მილის შემოფარგლული ანთების (სასმენი მილის ფურუნკული) ან დიფუზური ანთების, შუა ყურის მწვავე და ქრონიკული ანთების დროს. ჩირქოვანი გამონადენი დიდი რაოდენობით მკვდარ ლეიკოციტებს (როგორც ხალხში უწოდებენ, სისხლის თეთრ უჯრედებს) შეიცავს. ასეთი გამონადენი შეიძლება სხვადასხვა ფერისა იყოს - მოთეთრო-მოყვითალო, ყვითელი, იშვიათად მომწვანოც. მომწვანო ფერი გამომწვევ მიკროორგანიზმთან არის დაკავშირებული. ჩირქოვანი გამონადენი შეიძლება იყოს თხელიც და სქელიც, სუნიანიც და უსუნოც. სუნიანი ჩირქოვანი გამონადენი დამახასიათებელია ქრონიკული ეპიტიმპანიტისთვის. ეს არის ქრონიკული ოტიტის რთული ფორმა, რომელსაც თან სდევს სასმენი ძვლების კარიესული დაშლა.

- რამდენად საშიშია ჩირქოვანი გამონადენის არსებობა?

- საზოგადოდ, ყურიდან გამონადენი არასოდეს არ არის ნორმა, ის ყოველთვის დაავადებაზე მეტყველებს. ჩირქოვანი გამონადენიც, რასაკვირველია, საყურადღებო სიმპტომია. ეს ნიშანია იმისა, რომ აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგს - ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს მივმართოთ. თუმცა ჩირქოვანი გამონადენის არსებობა შუა ყურის ანთების დროს ერთი მხრივ დადებითი მოვლენაც არის: ჩირქის გამოყოფა იმას ნიშნავს, რომ ხდება ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერის დრენირება. გაცილებით საშიშია მდგომარეობა, როდესაც შემოფარგლულ სივრცეში, ნებისმიერ ადგილას, ყალიბდება ჩირქოვანი კერა. ყური კი ანატომიური თავისებურებების გამო ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: შუა ყურის (დაფის ღრუს) ზედა კედელი მხოლოდ თხელი ფირფიტით არის გამიჯნული ქალას შუა ფოსოსგან. ზოგჯერ აღნიშნულ ფირფიტას აქვს ხვრელები (მათ მედიცინაში დეჰისჰენციებს უწოდებენ). ამ ხვრელების საშუალებით შესაძლოა ინფექციური პროცესი თავის ტვინისკენ გავრცელდეს. სწორედ აღნიშნული მექანიზმით ვითარდება რიგ შემთხვევაში ოტოგენური (ყურისმიერი) ქალასშიგა გართულებები.

ასეთ გართულებათა შორის უნდა ვახსენოთ მენინგიტი, ტვინის აბსცესი. შუა ყურის (დაფის ღრუს) უკანა კედელი ესაზღვრება საფეთქლის ძვლის დვრილისებრ მორჩს, აქედან კი არსებობს ინფექციის გავრცელების საფრთხეც. ინფექციის გავრცელება გამოიწვევს ანტრიტსა და მასტოიდიტს, რომლებიც ხშირად ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. როდესაც ყურში არსებული ჩირქი გარეთა სამენი მილით გარეთ გამოდის და ჩირქოვანი ინფექციის კერა იცლება, ინფექციური პროცესის თავის ტვინისაკენ გავრცელების საფრთხეც მცირდება. ზოგჯერ, განსაკუთრებით - ბავშვთა ასაკში, აღნიშნული გართულებების თავიდან აცილების მიზნით, თუ დაფის აპკის მთლიანობა თავისთავად არ დაირღვა და ჩირქი არ გამოიყო, ხდება მისი პარაცენტეზი ანუ გაკვეთა. ამრიგად, მსგავს შემთხვევებში ჩირქის გამოყოფა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მისი არარსებობა. თუმცა ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან ნიშნავს, რომ არსებობს დაავადება, დაავადების არსებობა კი ყოველთვის დაკავშირებულია მისი გართულების რისკთან.

- პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩირქოვანი გამონადენი პერიოდულად ჩნდება, განსაზღვრული ხნის შემდეგ ქრება, მერე კი ისევ აღმოცენდება. რასთან არის დაკავშირებული აღნიშნული მოვლენა?

- ქრონიკული ოტიტი ანუ ყურის ქრონიკული ანთება, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მსგავსად, გამწვავებებისა და რემისიების მონაცვლეობით მიმდინარეობს. გამწვავებისას დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები მაქსიმალურად არის გამოხატული, ხოლო რემისიის დროს სიმპტომები თითქმის არ აღინიშნება. სწორედ გამწვავების მაჩვენებელია სხვა სიმპტომებთან ერთად ჩირქოვანი გამონადენის გაჩენა. რემისიის პერიოდში გამონადენი მცირდება, ზოგჯერ ქრება კიდეც, თუმცა ეს ქრონიკული ოტიტისგან განკურნებას არ ნიშნავს.

- როგორი მკურნალობაა საჭირო ჩირქოვანი გამონადენის არსებობისას?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ჩირქოვანი გამონადენი არის სიმპტომი და არა დაავადება. ამდენად, ჩვენ ვმკურნალობთ ჩირქოვანი გამონადენის გამომწვევ დაავადებას და არა გამონადენს, დაავადების, ამ შემთხვევაში - ოტიტის მკურნალობა კი გულისხმობს ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებას, ანთების კერის სანაციას. ვინაიდან ცხვირით სუნთქვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მიზანშეწონილია ცხვირში სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების შესხურება, ჩაწვეთება. ასეთი პრეპარატები სუნთქვას აადვილებენ. რასაკვირველია, მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისას დაავადების თავისებურებებსაც ვითვალისწინებთ.

- არის თუ არა ყურიდან ჩირქოვანი გამონადენი ოპერაციული ჩარევის ჩვენება?

- ოპერაციული ჩარევის ჩვენებაა სუნიანი ჩირქოვანი გამონადენი. როგორც ვთქვით, ის უკავშირდება ეპიტიმპანიტს, რომელიც ძვლების დესტრუქციით მიმდინარეობს. ქრონიკული მეზოტიმპანიტის დროსაც, თუ დაავადება ხშირი რეციდივით მიმდინარეობს და, შესაბამისად, გამონადენიც ხშირია, შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაციული მკურნალობა, თუმცა ზოგადად მკურნალობის ტაქტიკა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონკრეტულ დაავადებაზეა დამოკიდებული.

- როგორია სეროზული გამონადენი და როდის ჩნდება ის?

- სეროზული, უფრო სწორად, ლორწოვანი გამონადენი მოთეთრო და წყლისებრია. ის შესაძლოა გაჩნდეს გარეთა სასმენი მილის დიფუზური ანთების, ეგზემის, დერმატიტის, ოტომიკოზის (ყურის სოკოვანი დაავადების) დროს. სეროზული გამონადენი გამოიყოფა აგრეთვე შუა ყურის არაჩირქოვანი ანთების დროსაც. თუ ოტომიკოზის გამომწვევია სოკო Aსპერგილუს ნიგერ, გამონადენი შესაძლოა მოშავოც იყოს.

- ზემოთ ლიქვორის - თავზურგტვინის სითხის - შემცველი გამონადენიც ახსენეთ. რა იწვევს მას?

- ლიქვორის შემცველი გამონადენი ახასიათებს ტრავმას, რომელსაც მკითხველები ქალას ფუძის მოტეხილობის სახელით იცნობენ.

- როდის არის გამონადენი სისხლიანი?

- სისხლიანი გამონადენი შესაძლოა განპირობებული იყოს გარეთა სასმენი მილის ან დაფის აპკის ტრავმული დაზიანებით ან ანთებითი დაავადებით. გარეთა სასმენი მილის ტრავმულ დაზიანებას ხშირად ყურის სხვადასხვა შეუფერებელი საგნით გაწმენდა იწვევს. შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში შეგვხვედრია გარეთა სასმენი მილის დაზიანება ხის ტოტით, გასაღებით, თმის სარჭით... ბავშვებმა შესაძლოა დაფის აპკი უცხო სხეულებით დაიზიანონ, მოზრდილ ასაკში კი დაფის აპკის მექანიკური დაზიანება ფიზიკური ფაქტორის ზემოქმედების (მაგალითად, დარტყმის) შედეგია. სისხლიანი გამონადენი ჩნდება დაფის აპკის პერფორაციისას (გახეთქვისას) - შუა ყურის ანთების დროს დაფის აპკის პერფორაცია ან თავისთავად ხდება, ან ექიმი ატარებს, რის შესახებაც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. შედეგად გარეთ გამოდის ორგანიზმში დაგროვილი ჩირქი, რასაც წინ უძღვის სისხლიანი გამონადენის გამოყოფა.

- ბევრი უჩივის სასმენ მილში გოგირდის ჭარბად დაგროვებას. ნიშნავს თუ არა ეს დაავადებას? შესაძლებელია თუ არა, გოგირდის ჭარბ გამოყოფას რაიმე გართულება მოჰყვეს?

- გარეთა სასმენ მილში გოგირდის დაგროვება ბუნებრივი მოვლენაა. მასში არსებული გოგირდის ჯირკვლები მუდმივად გამოყოფენ განსაზღვრული ოდენობის გოგირდს, რასაც დამცველობითი ფუნქცია აქვს. ჩვეულებრივ, ღეჭვისა და ყლაპვის პროცესში გარეთა სასმენი მილის აპკოვან-ხრტილოვანი ნაწილის დრეკადობის წყალობით ხდება გოგირდის გარეთ გამოყოფა. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად, გარეთა სასმენი მილის სივიწროვის, მტვრიანი გარემოს ზემოქმედების ან გარეთა სასმენ მილში ჭარბი თმიანი საფარველის არსებობისას გოგირდის მასების გამოდევნა ბრკოლდება. ზოგჯერ კი ჯირკვლები გოგირდს ჭარბად გამოყოფენ. გოგირდოვანი მასების დაგროვება ახშობს გარეთა სასმენი მილის სანათურს, რაც იწვევს ბგერის გატარების შეფერხებას და სმენის დაქვეითებას. ეს განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ბანაობის შემდეგ, როცა თბილი წყლის მოხვედრა იწვევს გარეთა სასმენ მილში ჭარბად დაგროვილი გოგირდის გაჯირჯვებას, სასმენი მილის დახშობას და პაციენტს უჩნდება მნიშვნელოვანი დისკომფორტი სმენის დაქვეითების, ყურებში ხმაურის თუ დაგუბებისა და დახშობის შეგრძნების გამო.

- როგორია ტაქტიკა ასეთ შემთხვევაში?

- მსგავს შემთხვევებში გარეთა სასმენი მილის თვითნებური გაწმენდის მცდელობისას საკმაოდ მაღალია დაფის აპკის ტრავმული დაზიანების რისკი. პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს. ის ჩაატარებს მარტივ პროცედურას - გარეთა სასმენი მილის გამორეცხვას - და დისკომფორტიც გაქრება.


 

- როგორ შეიძლება შევამციროთ გოგირდის ჭარბი გამოყოფა?

- პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რაც უფრო ხშირად გაიწმენდენ გარეთა სასმენ მილს (განსაკუთრებით - სხვადასხვა შეუფერებელი საშუალებით), მით უფრო მეტად გააქტიურდება გოგირდის გამომყოფი ჯირკვლები და ჭარბად გამოიყოფა გოგირდი, ამიტომ რეკომენდებულია ყურის გაწმენდა კვირაში მხოლოდ 1-2-ჯერ. მეტისმეტად ღრმად გამოწმენდა არ შეიძლება.

- ახასიათებს თუ არა ცხვირიდან გამონადენი წიაღების ანთებას - ფრონტიტს, ჰაიმორიტს, ზოგადად სინუსიტს?

- ცხვირიდან გამონადენის არსებობა ცხვირის დანამატი ღრუების ანთების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ცხვირიდან გამონადენს იწვევს ჰაიმორიტი, წინა ეთმოიდური უჯრედების ანთება. უკანა და შუა ეთმოიდური უჯრედების ანთების და შუბლის წიაღის ანთების ანუ ფრონტიტის დროს კი გამონადენი ცხვირხახაში აღინიშნება.

- როგორი გამონადენი შეიძლება დიოდეს ცხვირიდან და რაზე მეტყველებს მისი არსებობა?

- გამონადენი შეიძლება იყოს ლორწოვანი, წყლისებური, ჩირქოვანი, ჰემორაგიული ანუ სისხლიანი, სუნიანი ან უსუნო, კონსისტენციით სქელი ან თხელი. მსგავსად ყურიდან გამონადენისა, ნორმაში გამონადენი ცხვირიდანაც არ უნდა აღინიშნებოდეს. მართალია, ცხვირის ღრუში ფიზიოლოგიურად გროვდება გარკვეული რაოდენობის სეკრეტი, მაგრამ მისი რაოდენობა ძალზე უმნიშვნელოა და მოცილება ადამიანისათვის შეუმჩნევლად ხდება და განსაკუთრებულ დისკომფორტს არ იწვევს.

- რომელ დაავადებებს ახასიათებს ცხვირიდან გამონადენის არსებობა?

- ცხვირიდან გამონადენი ჩნდება მწვავე და ქრონიკული სურდოს, წიაღების ანთების შემთხვევაში. ცალკე უნდა აღინიშნოს გამონადენი ალერგიული რინიტის დროს და უცხო სხეულთან დაკავშირებული გამონადენი.

- განსხვავდება თუ არა ალერგიული რინიტის დროს გამონადენი ცხვირის სხვა დაავადებებით გამოწვეული გამონადენისაგან?

- ალერგიული რინიტის დროს გამონადენი წყლისებრია, მიკროსკოპიული გამოკვლევა ავლენს მასში ალერგიისთვის დამახასიათებელი უჯრედების - ეოზინოფილების არსებობას. გარდა გამონადენის თავისებურებისა, ყურადღებას იპყრობს დაავადების კლინიკაც, რომელიც ალერგიულ რინიტს ცხვირიდან გამონადენის გამომწვევი სხვა პათოლოგიებისგან განასხვავებს. ეს გახლავთ ხშირი ცემინება, ცხვირის ქავილი, ყნოსვის დაქვეითება, ცრემლდენა, თვალების ქავილი, კონიუნქტივიტი. ალერგიული რინიტის ეს სიმპტომები შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში აღინიშნებოდეს ან სეზონური იყოს. აღწერილი მოვლენები ხშირია სხვადასხვა ალერგენის ზემოქმედების შემდეგ.

- ზემოთ უცხო სხეულთან დაკავშირებული გამონადენი ახსენეთ...

- უცხო სხეული ცხვირის ღრუში უპირატესად მაინც ბავშვთა ასაკში გვხვდება. ბავშვმა შეიძლება მცირე ნაწილაკი (მარცვალი, სათამაშოს ნატეხი) ცხვირის ღრუში შეიტენოს, შემდეგ კი ეს დამალოს. უცხო სხეულები იწვევენ დრენირების გაუარესებას, ლორწოვანის შეშუპებას, დროთა განმავლობაში ჩნდება ჩირქოვანი გამონადენი, რაც საკმაოდ ცუდი სუნით ხასიათდება. მსგავს სიტუაციებში აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია, უცხო სხეულის მოცილება.

- ბევრი უჩივის ყელში სეკრეტის არსებობასა და ხახის უკანა კედელზე მისი ჩადინების შემაწუხებელ შეგრძნებას. რამდენად რეალურია მსგავსი სიტუაცია?

- ასეთი ჩივილი საფუძვლიანია. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ფრონტიტს ანუ შუბლის წიაღის ანთებას და შუა და უკანა ეთმოიდური უჯრედების ანთებას ახასიათებს გამონადენის გამოყოფა ცხვირხახაში. სწორედ აღნიშნული დაავადებებია ხახის უკანა კედელზე სეკრეტის ჩადინების შეგრძნების მიზეზი.

- რა პრობლემებს უქმნის ადამიანს ხახის უკანა კედელზე ჩამონადენის არსებობა?

- ასეთი სეკრეტი საკმაო დისკომფორტს იწვევს, განსაკუთრებით - ღამით. როცა ადამიანი წევს, სეკრეტის გამოყოფა ძლიერდება. სქელი სეკრეტი, რომელიც ცხვირ-ხახის უკანა კედელზე ჩამოედინება, მოხრჩობის შეგრძნებას იწვევს. მსგავს შემთხვევებში პაციენტები არცთუ იშვიათად ბოლომდე ვერ აცნობიერებენ და ვერც გადმოგვცემენ საკუთარ ჩივილებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ხახის უკანა კედელზე ასეთი ჩამონადენის არსებობა ქრონიკული ხველის ერთ-ერთი მიზეზია.

- ტარდება თუ არა ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა სადიაგნოსტიკოდ გამონადენის გამოკვლევა? რომელი კვლევა შეიძლება დაგვეხმაროს ამაში?

- გამონადენის არსებობისას ხშირად ტარდება ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. შევეცდებით, მკითხველისათვის გასაგებად ავხსნათ ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის არსი: სეკრეტი გადააქვთ საკვებ ნიადაგზე და ამ ნიადაგს ათავსებენ განსაზღვრულ პირობებში, რაც უზრუნველყოფს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის გამრავლებას. ამ მეთოდით ვადგენთ, რომელი მიკროორგანიზმია დაავადების (მაგალითად, ყურის ქრონიკული ანთების) მიზეზი. გარდა ამისა, განისაზღვრება გამომწვევი მიკროორგანიზმის მგრძნობელობა სხვადასხვა ანტიბაქტერიული პრეპარატის მიმართ, რაც საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ ის მედიკამენტი, რომელსაც მაქსიმალური ეფექტი ექნება. ანალოგიური კვლევით ხდება ოტომიკოზის გამომწვევი სოკოს სახეობისა და მგრძნობელობის დადგენა. გამონადენის ლაბორატორიული კვლევით დასტურდება მასში სისხლის ან ლიქვორის არსებობაც.

- რომელი კვლევაა საჭირო გამონადენის გამომწვევი დაავადების დასადგენად?

- კვლევის ხასიათი, უპირველეს ყოვლისა, გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული, ზოგადად კი შეიძლება ითქვას, რომ სადიაგნოსტიკოდ მნიშვნელოვანია პაციენტის გასინჯვა ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის მიერ, ანამნეზის (დაავადების შესახებ პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის) დაზუსტება, რენტგენოლოგიური, ლაბორატორიული კვლევა, რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია). ინფორმაციული თვალსაზრისით უკანასკნელ ხანს დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვლევის ენდოსკოპიურ მეთოდებს და კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

- რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ოტორინოლარინგოლოგიურ პათოლოგიებთან დაკავშირებული გამონადენის არსებობას უჩივიან?

- კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში გამონადენი პათოლოგიის მანიშნებელია, ამიტომ მისი არსებობისას ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.