ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე
ფარისებრი ჯირკვალი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის, მის მნიშვნელოვნებას განსაზღვრავს ის ჰორმონები, რომელსაც იგი გამოიმუშავებს. ფარისებრი ჯირკვლის მრავალი პათოლოგია არსებობს დაწყებული ქრონიკული ანთებითი პროცესებით, დამთავრებული სიმსივნური დაავადებების არსებობით, რომელთაგან ყველაზე ხშირად გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული ავთვისებიანი სიმსივნე.
გარდა აღნიშნული ფორმისა, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფოლიკულური, მედულური და არადიფერენცირებული კიბოს სახით.
პაპილარული კიბო ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებს შორის ყველაზე გავრცელებულია. ის საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და ხშირად ასიმპტომურია, ანუ არ ხდება სიმპტომების მანიფესტირება. ასეთი სიმსივნის მატარებელ ადამიანს ფარისებრი ჯირკვალის ჰორმონული ცვლილებები, როგორც წესი, არ აღენიშნება. პაპილარული სიმსივნე, ძირითადად, გამოვლინდება ორგანიზმის ჰორმონალური ცვლილებებისას და სტრესული მდგომარეობის ფონზე. სწორად ჩატარებული ქირურგიული მკურნალობის შედეგად 20 წლიანი გამოჯანმრთელების ალბათობა მერყეობს 92%-ს და 95% -ს შორის. აღსანიშნავია, რომ პაპილარული სიმსივნე შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში - როგორც ბავშვებში, ასევე ხანდაზმულ ადამიანებში. რაც შეეხება გენდერულ განსხვავებებს, ეს დაავადება უფრო ხშირია ქალბატონებში.
ფოლიკულური კიბო, შეიძლება ითქვას, უფრო აგრესიულად მიმდინარეობს, ვიდრე პაპილარული. ფარისებრი ჯირკვლის ამგვარი სიმსივნე ნაკლებად გვხვდება ბავშვებში და უფრო ხშირია 40-50 წლის ქალბატონებში. ფოლიკულური კიბო იშვიათადაა გამოწვეული რადიაციული ზემოქმედებით. გამოჯანმრთელების ალბათობა სხვადასხვა კლინიკების მონაცემებით მერყეობს 75%-დან 83%-მდე.
მედულური კიბო ანუ ფარისებრი ჯირკვლის ე.წ. ნეიროენდოკრინული სიმსივნე - შეიძლება ითქვას, რომ ეს ფორმა ზემოთჩამოთვლილ სიმსივნეებს შორის ყველაზე აგრესიული და რთულად სამკურნალოა. თუ სხვა შემთხვევებში 20-წლიანი გამოჯანმრთელების ალბათობა 95%-საც კი აღწევდა, აქ პროცენტული მაჩვენებელი 40%-მდე ეცემა. მედულურ კიბოს ახასიათებს ხშირი მეტასტაზირება სასიცოცხლო ორგანოებსა და ძვლებში.
ფარისებრი ჯირკვლის არადიფერენცირებული სიმსივნე - საბედნიეროდ, სიმსივნის აღნიშნული ფორმა ნაკლებად გავრცელებულია. გვხვდება შემთხვევათა დაახლოებით 5%-ში. აღნიშნული დაავადება გამოვლენისთანავე მიეკუთვნება IV სტადიას, რადგან ძალიან სწრაფად ვრცელდება ირგვლივ მდებარე ქსოვილებსა და ორგანოებში და მეტასტაზირებს ფილტვებში.
როგორც წესი, სიმსივნის ეს ფორმა ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესების ხანგრძლივად არსებობის შემთხვევებში.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები
კვლევებით დასტურდება, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამომწვევი ფაქტორი, შემთხვევათა 80%-ში, რადიაციული ზემოქმედებაა. გარდა ამისა, აღნიშნული დაავადების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გენეტიკური წინასწარგანწყობაც. ჰორმონალური დარღვევების მქონე პაციენტები უფრო მიდრეკილნი არიან ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის და ზოგადად ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მიმართ - ეს შეიძლება იყოს კლიმაქტერული პერიოდი ან სექსუალური მომწიფების ასაკი. საშუალოდ, შემთხვევათა 56 %-ში ამგვარი სიმსივნის მატარებელნი არიან 40-50 წლის ქალბატონები.
რეკომენდაციები - როგორ შევამციროთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების განვითარების ალბათობა
უკვე ვახსენეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიურ შემთხვევათა 80% გამოწვეულია რადიაციული ზემოქმედებით. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული გადაჭარბებულად ხანგძლივი გარუჯვა მზეზე (განსაკუთრებით 10 საათიდან 3 საათამდე) და ნებისმიერი სხვა აქტივობა, რომლის შედეგადაც ვიღებთ რადიაციული დასხივების მაქსიმუმს. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია გენეტიკური წინასწარგანწყობა ისეთი ქრონიკული დაავადებების მიმართ, როგორიცაა ჩიყვი, თირეოდიტები და სხვადასხვა კვანძოვანი ჩანართების არსებობა. ეს სრულიად კეთილთვისებიანი პროცესები შემთხვევათა 30%-ში შესაძლოა გადაიზარდოს ავთვისებიან სიმსივნეებად.
მკურნალობა
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სწორი დიაგნოსტიკა, რაც იწყება მისი დათვალიერებით და ფარისებრი ჯირკვლის პალპაციით. შემდეგ ხორციელდება ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია და ჰორმონული მაჩვენებლების ანალიზი. კვანძოვანი წარმონაქმნების გამოვლენის შემთხვევაში წარმოებს ციტოლოგიური კვლევა (ასპირაციული ბიოფსია). ზოგ შემთხვევაში აუცილებელი ხდება გენეტიკური კვლევის ჩატარება სიმსივნის გენური თავისებურების დასაზუსტებლად. კერძოდ, იმის გასარკვევად, არის თუ არა უკვე ავთვისებიანი სიმსივნე ან არსებობს თუ არა ალბათობა, განვითარდეს ავთვისებიანი სიმსივნე. მხოლოდ ამ გამოკვლევების შემდეგ ირჩევს ექიმი მკურნალობის მეთოდს.
საქართველოში ასეთი მასშტაბური კვლევების ჩატარება მხოლოდ ჩვენთან, ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრშია“ შესაძლებელი. აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენს დაწესებულებაში ინტრაოპერაციულად ტარდება ე.წ. სასწრაფო მორფოლოგიური კვლევა, რომელიც 97 %-ში სწორად განსაზღვრავს სიმსივნური დაავადების თავისებურებას. ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს იმის შესახებ, უნდა ჩატარდეს თუ არა ქირურგიული ჩარევა ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული, მცირე ზომის კიბოს დროს. თუმცა, ექიმების უმეტესობა ფიქრობს, რომ ოპერაცია აუცილებელია, რადგან სხვა შემთვხვევაში იზრდება ამ დაავადების გავრცელების ალბათობა. სწორი მკურნალობის შედეგად, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის არსებობის შემთხვევაშიც კი, 20-30 წლით გამოჯანმრთელება 92%-ს აღემატება.