რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

პროქტიტი
პროქტიტი არის სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადება. ხშირად მას ახლავს პროქტოსიგმოიდიტი (სიგმოიდური ნაწლავის, რომელიც მდებარეობს სწორი ნაწლავის მაღლა, ლორწოვანი გარსის ანთება). პროქტიტი განსხვავდება პარაპროქტიტისგან, რომლის დროსაც შეინიშნება არა თავად სწორი ნაწლავის, არამედ მის გარშემო არსებული ქსოვილების ანთება.
ცნობილია პროქტიტის რამდენიმე მიზეზი:
  • არასწორი კვება - ცხარე საკვებისა და ალკოჰოლის ხშირი მოხმარება (ალიმენტური პროქტიტი).
  • შეკრულობა, რომელსაც თან ახლავს ვენური შეგუბება სწორი ნაწლავის კედლებში. შეგუბება იწვევს  ლორწოვანი გარსის ტრავმატიზებას და შეგუბებით პროქტიტს.
  • პარაზიტებით (ტრიქომონები, ბალანტიდები, ამება) ინვაზია (პარაზიტული პროქტიტი), გონოკოკური ინფექცია (გონოკოკური პროქტიტი).
პროქტიტის განვითარებას შესაძლოა წინ უძღოდეს გაციება, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების დაავადებები (ცისტიტი, ვულვოვაგინიტი, პროსტატიტი, დუგლასის ფოსოს  აბსცესი), ასევე - სწორი ნაწლავის  არაანთებითი დაავადებები (მაგალითად, ჰემოროი).
პროქტიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.
მწვავე პროქტიტი ყალიბდება რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში და ახასიათებს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ზერელე დაზიანება. განასხვავებენ მწვავე პროქტიტის რამდენიმე ფორმას:
  • კატარულ-ჰემორაგიული პროქტიტი. ახასიათებს წერტილოვანი  გაფანტული სისხლჩაქცევები სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე.
  • კატარულ-ჩირქოვანი პროქტიტი. პროქტიტის ამ ფორმის დროს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი  იფარება ჩირქოვანი ნადებით.
  • პოლიპოზური პროქტიტი. ახასიათებს სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე პოლიპის მსგავსი წარმონაქმნების (წანაზარდების) გაჩენა.
  • ეროზიული (წყლულოვანი) პროქტიტი. მიმდინარეობს სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე  ეროზიების  განვითარებით ან სისხლჩაქცევებით.

ქრონიკული პროქტიტი
ქრონიკული პროქტიტი ვითარდება თვეების, წლების განმავლობაში და ახასიათებს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ღრმა დაზიანებები. განასხვავებენ ქრონიკული პროქტიტის შემდეგ ფორმებს:
  • ატროფიული პროქტიტი - სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნაოჭები გადასწორებულია, თავად ლორწოვანი - განლეული.
  • ჰიპერტროფიული პროქტიტი - სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნაოჭები გასქელებულია და იღებს ბორცვოვან სახეს.

სიმპტომები და მიმდინარეობა
მწვავე პროქტიტის სიმპტომები რამდენიმე საათში ან დღეში ყალიბდება. მისი ძირითადი სიმპტომია სწორი ნაწლავის მიდამოს ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ანალური ხვრელიდან სისხლიანი ან ჩირქიანი გამონადენი. დეფეკაციის დროს ტკივილი ძლიერდება. ზოგჯერ მწვავე პროქტიტი ტემპერატურის მატებით მიმდინარეობს.
მწვავე პროქტიტის სიმპტომებია აგრეთვე შორისის არეში არსებული ტკივილი, რომელიც გადაეცემა სასქესო ორგანოებსა და წელს, შეკრულობა, ფაღარათი (სისხლიანი გამონადენით).
ქრონიკული პროქტიტი ვითარდება ხანგრძლივად და ახასიათებს გამწვავებისა და დაცხრომის ფაზების მონაცვლეობა.
გამწვავების ფაზაში ანალური ხვრელის მიდამოში პერიოდულად ტკივილი აღმოცენდება.
რემისიის ფაზაში პროქტიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და დისკომფორტს არ იწვევს. ერთადერთი გამოვლინებაა განავალში ლორწოს არსებობა.
გონორეული პროქტიტი არცთუ იშვიათად იწვევს სწორი ნაწლავის შევიწროებას და ქრონიკულ შეკრულობას.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა
პროქტიტის დიაგნოზს სვამენ  ავადმყოფის ჩივილებისა და სპეციალური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე. ეს გამოკვლევებია:
  • სწორი ნაწლავის გამოკვლევა თითით. ექიმი თითით გასინჯვით შეიგრძნობს, რომ სწორი ნაწლავის კედელზე ანთებითი პროცესია.
  • რექტოსკოპია -  სწორი ნაწლავის კედლის დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოთი - რექტოსკოპით. კვლევის ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, პროქტიტი ანალოგიურად მიმდინარე ჰემოროესგან ან სწორი ნაწლავის ნახეთქისგან  განვასხვაოთ.
  • ნაწლავის შიგთავსის ციტოლოგიური ანალიზი და ნაწლავის კედლის ბიოფსია საშუალებას იძლევა, დავადგინოთ ანთებითი ცვლილებების ხარისხი და ქრონიკული პროქტიტი სწორი ნაწლავის სიმსივნური დაავადებისგან განვასხვაოთ.
  • განავლის გამოკვლევა. ეს ნაწლავური ფლორის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
პროქტიტის მკურნალობა დაავადების მიზეზსა და ფორმაზეა დამოკიდებული. პროქტიტის მკურნალობის სქემა გულისხმობს სპეციალურ რეჟიმს, დიტას, ჰიგიენას, მედიკამენტურ თერაპიას.

რეჟიმი. პროქტიტის მძიმე ფორმის შემთხვევაში (ეროზიული, წყლულოვანი, პოლიპოზური, კატარულ-ჩირქოვანი) ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია. მწვავე პროქტიტის დროს ინიშნება წოლითი რეჟიმი.
დიეტა. პროქტიტის დროს ინიშნება უჯრედისით შეზღუდული (ნაკლები ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული) დიეტა. სუნელები და ცხარე კერძები, ალკოჰოლი და შემწვარი ხორცი იკრძალება. მწვავე პროქტიტის დროს ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს რძის ნაწარმით, რბილი (ნაზი) ხორცის წვნიანით, გატარებული ხორცის კერძით.


მწვავე პროქტიტის მკურნალობა
მწვავე პროქტიტს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, რომლებიც მის გამომწვევ ინფექციას ანადგურებს. ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება ანტიბიოტიკებისადმი პათოგენური მიკროფლორის მგრძნობელობის გათვალისწინებით. წამალს, მის დოზებსა და მკურნალობის ხანგრძლივობას არჩევს ექიმი.

ჰიგიენური ღონისძიებები
მწვავე პროქტიტის დროს იყენებენ გვირილის ნახარშისა და კოლარგოლის ხსნარის მიკროოყნებს. მწვავე სტადიის ჩაცხრობის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს ზეთოვანი მიკროოყნები, თბილი შხაპი შორისის მიდამოში, მაგნიუმის პერმანგანატის (მარგანცოვკის) 0.01%-იანი ხსნარის მჯდომარე აბაზანები.

ქრონიკული პროქტიტის მკურნალობა
ქრონიკულ პროქტიტს, წესისამებრ, ამბულატორიულად მკურნალობენ, იმავე საშუალებებით, რითაც მწვავეს.
ქრონიკული პროქტიტის რემისიის სტადიაში ნაჩვენებია კურორტული მკურნალობა: ტალახი, აბაზანები.
ქრონიკული პროქტიტის დროს კარგია ნაწლავების გაწმენდა თბილი ტუტე მინერალური წყლით - ბორჯომით, ნაბეღლავით, ლიკანით. გამორეცხვა ააქტიურებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას და ლორწოს გამოდევნას უწყობს ხელს.
ასევე აუცილებელია შეკრულობის პროფილაქტიკა სამკურნალო ვარჯიშებით, მასაჟით.

პროქტიტის ქირურგიული მკურნალობა
ქირურგიულ ჩარევას მაშინ მიმართავენ, თუ ნაწლავებში შეხორცებები გაჩნდა.

პროგნოზი
დროული მკურნალობის შემთხვევაში მწვავე პროქტიტის პროგნოზი კეთილსაიმედოა. დაავადება გამოჯანმრთელებით სრულდება.
ქრონიკული პროქტიტის შემთხვევაში მკურნალობის ძირითადი კურსის დასრულების შემდეგ შესაძლოა დაავადება ისევ გამწვავდეს. გამწვავების რისკს ამცირებს დიეტისა და ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა.

ხალხური მედიცინა გვირჩევს
  • როდესაც პროქტიტი ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია, პროცესი შეიძლება შევაფერხოთ აბზინდის ნაყენით - უნდა მივიღოთ დილა-საღამოს, წყლით გაზავებული, 12-15 წვეთი.
  • გამოწურეთ გულყვითელას ყვავილები, წვენი გააზავეთ წყლით, თანაფარდობით 1:3 და გაიკეთეთ ოყნები (50 მლ).
  • სასარგებლოა 10-15-წუთიანი ცივი და ნელთბილი მჯდომარე აბაზანები.
  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის მუხის ქერქი, სელის ყვავილები და წალიკა და მოამზადეთ მალამო შემდეგი რეცეპტით: 2 სუფრის კოვზი გამხმარი ნარევი დაფქვით, აურიეთ 100 გ გამდნარ თბილ ღორის ქონში, გააჩერეთ 12 საათი. ეს მალამო დაადეთ ბამბის ტამპონს და შეიყვანეთ სწორ ნაწლავში. გაიჩერეთ 2 საათი. გაიკეთეთ დღეში 1-2-ჯერ.

ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად