რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
პოლიომიელიტი
პოლიომიელიტი (პოლიოს - რუხი, მყელოს - ზურგის ტვინი; სინონიმები: ბავშვთა მწვავე თავ-ზურგტვინის დამბლა, ბავშვთა მწვავე სპინალური დამბლა, ჰეინე-მედინის დაავადება) მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის (უმეტესად - ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების) დაზიანება, ასევე - ნაწლავებისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთებითი ცვლილებები.
პოლიომიელიტის გამომწვევი (პოლიოვირუს ჰომინის) ეკუთვნის ენტეროვირუსების გვარს, პიკორნავირუსების ოჯახს. განასხვავებენ მის სამ სეროტიპს. ყველაზე ხშირად გვხვდება I ტიპი.
პოლიომიელიტის ვირუსი 8-12 ნმ ზომისაა და შეიცავს რნმ-ს. გარემო პირობების მიმართ გამძლეა: წყალში 100 დღე ცოცხლობს, განავალში - 6 თვე, კარგად იტანს ყინვას, სიცხეს, არ იშლება საჭმლის მომნელებელი წვენისა და ანტიბიოტიკების ზემოქმედებით. კლავს დუღილი, ულტრაიისფერი დასხივება და სადეზინფექციო საშუალებები.
ინფექციის წყაროა პოლიომიელიტით, განსაკუთრებით - მისი მსუბუქი ან წაშლილი ფორმით, დაავადებული. უმეტესად 10 წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან. შემთხვევათა 60-80% 4 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის. ავადობა ხშირდება ზაფხულში და შემოდგომაზე. პიკს აგვისტოში აღწევს. ვირუსი ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით, თუმცა არც ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემაა გამორიცხული. გარემოში ხვდება ავადმყოფის განავლოვან მასებთან ერთად. ამ ვირუსს შეიცავს ცხვირ-ხახის ლორწოც ტემპერატურის მომატებამდე 3 დღით ადრე და დაავადების დაწყებიდან 3-7 დღის განმავლობაში.
უკანასკნელ ხანს მრავალ ქვეყანაში პოლიომიელიტით ავადობა მკვეთრად შემცირდა, რაც ცოცხალი ვაქცინით ფართო იმუნიზაციის დამსახურებაა.

ინფექციის გავრცელების მექანიზმი (პათოგენეზი)
ინფექცია ორგანიზმში ცხვირ-ხახიდან ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან იჭრება. საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში ვირუსი მრავლდება საყლაპავი მილისა და ნაწლავების ლიმფურ რგოლებში, შემდეგ გადადის სისხლში და ნერვულ უჯრედებამდე აღწევს. მორფოლოგიური ცვლილებები განსაკუთრებით ზურგის ტვინის წინა რქების ნერვულ უჯრედებშია გამოხატული. კერძოდ, ეს უჯრედები დისტროფიულ-ნეკროზულ ცვლილებებს განიცდის, იშლება და იღუპება. შედარებით იშვიათად ზიანდება ტვინის ღეროსა და ნათხემის ქერქქვეშა ბირთვები, კიდევ უფრო იშვიათად - თავის ტვინის ქერქის მამოძრავებელი უბნის უჯრედები და ზურგის ტვინის უკანა რქები.
ხშირად აღინიშნება ტვინის რბილი გარსის ჰიპერემია და შეშუპება. ზურგის ტვინის ნერვული უჯრედების 1/4-1/3-ის სიკვდილი სხვადასხვა სახის დამბლას იწვევს.
მწვავე პროცესის დასრულების შემდეგ, აღდგენით პერიოდში, დაღუპული უჯრედების ადგილას გლიის ქსოვილი ვითარდება და ნაწიბურები წარმოიქმნება. ზურგის ტვინის წინა რქები პატარავდება, ცალმხრივი დაზიანების დროს შეინიშნება ასიმეტრია. ამას მოჰყვება იმ კუნთების ატროფია, სადაც ინერვაცია დაირღვა. შინაგანი ორგანოები უმნიშვნელო ცვლილებებს განიცდის. პირველ კვირას ვითარდება ინტერსტიციული მიოკარდიტის კლინიკური სურათი.
პოლიომიელიტი ტოვებს მყარ იმუნიტეტს.

სიმპტომები და მიმდინარეობა

საინკუბაციო პერიოდი 2-დან 35 დღემდე გრძელდება, უმეტესად - 10-14 დღე. არსებობს დაავადების ტიპური ანუ პარალიზური (ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე) და ატიპური ანუ არაპარალიზური (ნერვული სისტემის დაზიანების გარეშე მიმდინარე) ფორმები. ატიპურია სუბკლინიკური და ვისცერული (აბორტული) ფორმები, ხოლო ტიპურ შემთხვევებს შორის განასხვავებენ პარალიზურ და აპარალიზურ ფორმებს.
არაპარალიზური ფორმა ხშირად ე.წ. "მცირე დაავადების" სახით მიმდინარეობს. ვლინდება ხანმოკლე ცხელებით, კატარული (ხველა, სურდო, ყელის ტკივილი) და დისპეფსიური (გულისრევა, ღებინება, თხელი განავალი) მოვლენებით. რამდენიმე დღეში, ჩვეულებრივ, ყველა სიმპტომი ქრება. არაპარალიზური ფორმის მეორე ვარიანტია მსუბუქად მიმდინარე სეროზული მენინგიტი.
გამოყოფენ პარალიზური პოლიომიელიტის 4 სტადიას: პრეპარალიზურს, პარალიზურს, აღდგენითს და ნარჩენი მოვლენებისას.
პრეპარალიზურ სტადიას ახასიათებს ორტალღოვანი ცხელება და კატარული მოვლენები. ზოგადტვინოვანი და მენინგეალური სიმპტომები უმთავრესად ცხელების მეორე ტალღის დროს შეინიშნება. პრეპარალიზური სტადია იწყება მწვავედ, ტემპერატურის შესამჩნევი მატებით. პირველი სამი დღის განმავლობაში ავადმყოფი უჩივის თავის ტკივილს, სისუსტეს, სურდოს, ფარინგიტს; შესაძლოა განვითარდეს კუჭ-ნაწლავის აშლილობა (ღებინება, თხელი განავალი ან შეკრულობა). ამის შემდეგ დგება 2-4-დღიანი აპირექსიის (ანუ უსიცხო) პერიოდი (თუმცა ასეთი პერიოდი ყველას არ აქვს), მერე კი ვითარდება ცხელების მეორე ტალღა და ავადმყოფის მდგომარეობა მკვეთრად მძიმდება: სხეულის ტემპერატურა 39-40 0ჩ-მდე იმატებს, ძლიერდება თავის ტკივილი, აღმოცენდება ტკივილის შეგრძნება სხეულის სხვა ნაწილებშიც. განსაკუთრებით მტკივნეულია ხელის დაჭერა ხერხემლის გასწვრივ, თავის დახრა, წელში მოხრა. ტკივილი აღმოცენდება იმ კიდურებში, რომლებშიც მოგვიანებით დამბლა ვითარდება. გამოხატულია ჰიპერემია, ცნობიერების მოშლა და მენინგეალური მოვლენები. მოსალოდნელია კუნთების სისუსტე და მყესთა რეფლექსების შესუსტებაც. აღინიშნება ცალკეულ კუნთთა კრუნჩხვები, კიდურების ტრემორი (კანკალი), ნისტაგმი, ვეგეტაციური დაღვევები: ოფლიანობა, წითელი ლაქების გაჩენა კანზე, ბატის კანი და სხვა. ამ სტადიის ბოლოს ცხელება ქრება და ვითარდება სრული ან ნაწილობრივი დამბლა. გამორიცხული არ არის, დამბლა ცხელების ფონზეც განვითარდეს.
თავ-ზურგტვინის სითხეში პრეპარალიზურ სტადიაშივე ვლინდება ცვლილებები: სითხე გამოდის ძლიერი წნევით, მომატებულია ლიმფოციტები, შეინიშნება ცილები, დასტურდება უჯრედოვან-ცილოვანი დისოციაცია.
პარალიზური სტადია თითქოსდა მოულოდნელად ვითარდება, უმეტესად - რამდენიმე საათში. ზოგჯერ ადამიანი იძინებს ჩვეულებრივ, მნიშვნელოვანი ჩივილების გარეშე, დილით კი უკვე დამბლის მკვეთრი ნიშნები აქვს.
პოლიომიელიტის დროს ვითარდება რბილი (დუნე) დამბლა, რომელიც ვლინდება პერიფერიული კუნთების ტონუსის დაქვეითებით, აქტიური მოძრაობის შეზღუდვით ან არარსებობით, კუნთთა სრული ან ნაწილობრივი გადაგვარებით და მყესთა რეფლექსების შეზღუდვით ან არარსებობით. დამბლის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ იწყება კუნთთა ატროფია. დაზიანებული კიდურები ცივია, ციანოზური (მოლურჯო), დაზიანებულ არეში მგრძნობელობა დაქვეითებულია. უმეტესად კიდურის (განსაკუთრებით - ფეხის) კუნთები ზიანდება, თუმცა არის ტანისა და კისრის კუნთების რბილი დამბლის შემთხვევებიც.
ნერვულ სისტემაში დაზიანების კერის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ პარალიზური პოლიომიელიტის შემდეგ ფორმებს:
  • სპინალურს - კიდურების, ტანის, კისრისა და დიაფრაგმის კუნთების დამბლას;
  • ბულბურს (ყლაპვის, მეტყველების, სუნთქვისა და გულის მუშაობის მოშლა). ბულბური ფორმის შემთხვევაში დაავადება იწყება განსაკუთრებით მწვავედ, მაღალი ცხელებით (40 0ჩ და მეტი), თავის ძლიერი ტკივილით, ღებინებით. პირველ დღეებში გამოხატულია ნისტაგმი, ყლაპვის მოშლა (თხიერი საკვები გადმოდის ცხვირიდან), ხმის ჩახლეჩა. დაავადება განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც ვითარდება დიაფრაგმის, სასუნთქი და სისხლის მიმოქცევის ცენტრების დამბლა. სუნთქვა ზერელეა, გახშირებული, ვითარდება ფილტვების ატელექტაზი და პნევმონია;
  • პონტინურს (სახის ნერვის ბირთვების დაზიანება და მიმიკური კუნთების დამბლა). მას ახასიათებს სახის ასიმეტრია, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის გადასწორება ცალ მხარეს, წარბის მოძრაობის შეზღუდვა, თვალის ბოლომდე მოხუჭვის შეუძლებლობა;
  • ენცეფალურს (ზოგადტვინოვანი მოვლენები და თავის ტვინის კეროვანი დაზიანება). პოლიომიელიტის ამ ფორმის შემთხვევაში პროდრომული პერიოდი შემოკლებულია, ზოგჯერ კი დაავადება პირდაპირ გონის დაკარგვით, კრუნჩხვებით, მეტყველების მოშლით, ნისტაგმით, მენინგეალური ნიშნებით, კეროვანი სიმპტომატიკით ან კატალეფსიური მდგომარეობით (სრული ან ნაწილობრივი გაშეშებით) იწყება;
  • შერეულს (მრავლობითი კეროვანი დაზიანება).
ყველაზე მძიმე დაზიანებას წარმოადგენს სასუნთქი კუნთებისა და დიაფრაგმის დამბლა. ბევრი სუნთქვის მოშლით კვდება. გადარჩენილებს პარალიზური სტადია რამდენიმე დღიდან 1-2 კვირამდე უგრძელდებათ.
პარალიზურ სტადიაში მკვეთრად არის გამოხატული ცვლილებები (ცილების მკვეთრი მატება) თავ-ზურგტვინის სითხეში.
აღდგენით პერიოდში, უპირველეს ყოვლისა, ქრება ინტოქსიკაციის მოვლენები: უმადობა, თავის ტკივილი, ოფლიანობა, მცირდება ტკივილი ხერხემალსა და კიდურებში. დაზიანებულ კიდურებში არათანაბრად აღდგება მოძრაობა. პირველ ხანებში კუნთთა ფუნქციის აღდგენა სწრაფად მიმდინარეობს, მყესთა რეფლექსებიც ნორმალიზდება, მაგრამ ორი თვის შემდეგ აღდგენითი პროცესი ნელდება და თანდათანობით ვითარდება კუნთების ატროფია და კონტრაქტურები. დაზიანებული კიდური ზრდაში ჩამორჩება, ყალიბდება ოსტეოპოროზი, ძვლის ქსოვილის ატროფია.
აღდგენითი პერიოდი შეიძლება 3 წლამდე გაგრძელდეს.
ნარჩენი მოვლენების ანუ რეზიდუალურ სტადიას ახასიათებს მყარი რბილი დამბლა, კუნთთა განსაზღვრული ჯგუფის ატროფია, სხეულისა და კიდურების დეფორმაცია და კონტრაქტურები. დაავადების შედეგად მომხდარი ცვლილებები ზოგჯერ უმნიშვნელოა, ზოგჯერ კი მძიმე ინვალიდობას იწვევს.

არაპარალიზური ფორმა
პოლიომიელიტის ეს ფორმა ვლინდება მენინგეალური ნიშნებით. ახასიათებს თავის ტკივილი, ღებინება, ადინამია, ძილის რიტმის დარღვევა, ზოგჯერ - ბოდვა, კრთომა, კანკალი ან კრუნჩხვა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ხშირია ჩვილებში. დამახასიათებელია კიდურების ტკივილი, ზოგადი პარესთეზია. დაავადების მეორე-მესამე დღიდან თავს იჩენს ტვინის გარსების გაღიზიანების ნიშნები: მტკივნეულია თავის დახრა, წელში მოხრა, ხერხემალზე ხელის დადება; კეფის კუნთები რიგიდულია (შეშდება), შარდვა - უნებლიე, თავ-ზურგტვინის სითხეში ცვლილებები შეინიშნება. დაავადება კეთილთვისებიანია, თუმცა კლინიკური გაუმჯობესების შემდეგ თავ-ზურგისტვინის სანაციას 1-2 კვირა სჭირდება.

გართულებები
პოლიომიელიტი შეიძლება გართულდეს პნევმონიით, ფილტვების ატელექტაზით, ინტერსტიციული მიოკარდიტით. ბულბური ფორმის დროს ზოგჯერ ვითარდება კუჭის მწვავე გაგანიერება, კუჭ-ნაწლავის მძიმე პათოლოგია (წყლული, სისხლდენა და სხვა).

დიაგნოსტიკა
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას. ტიპური მიმდინარეობის შემთხვევაში (მწვავე დასაწყისი, ცხელება, ზოგჯერ - ინტოქსიკაციური მოვლენები, რბილი დამბლის უეცარი განვითარება, ძირითადად კიდურების პროქსიმული დაზიანება, დამბლის ასიმეტრიულობა და ცვლილებები თავ-ზურგტვინის სითხეში) დაავადების ამოცნობა ადვილია. ძნელი ამოსაცნობია პოლიომიელიტის აპარალიზური და დამბლისწინა სტადიები. ამ შემთხვევაში დიაგნოზს სვამენ თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

მკურნალობა
პრეპარალიზურ პერიოდში აუცილებელია მკაცრი წოლითი რეჟიმი (გულმკერდი და თავი 20-25 გრადუსით უნდა იყოს წამოწეული), სულიერი და ფიზიკური სიმშვიდე. სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ინიშნება დეზინტოქსიკაციური, სედაციური, სიცხის დამწევი საშუალებები. მწვავე ფაზაში პაციენტს მდგომარეობა რაც შეიძლება იშვიათად უნდა ვუცვალოთ. უნდა მოვარიდოთ ხშირ მოძრაობას. მწვავე ფაზაში, განსაკუთრებით - პირველ კვირას, უკუნაჩვენებია კუნთშიგა ინექცია და ქირურგიული ჩარევა - ამან შესაძლოა დაავადების პროგრესირება გამოიწვიოს.
პარალიზურ სტადიაში ეფექტურია თავ-ზურგტვინის სითხის ზომიერი გამოშვება, ინიშნება ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) საშუალებები, სტეროიდები, ფიზიოპროცედურები. ბულბური ფორმის დროს აუცილებელია ინტენსიური რეანიმაციული ღონისძიებების გატარება (სუნთქვის მოსაწესრიგებლად).
აღდგენით პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სითბურ პროცედურებს: თბილ და ცხელ აბაზანებს, თბილ შეხვევებს, პარაფინოთერაპიას, ულტრამაღალი სიხშირის დენით მკურნალობას და სხვა. ძალზე მნიშვნელოვანია მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა, რომელიც ტკივილის ჩაცხრობისთანავე უნდა დაიწყოს და 2-3 წელი გაგრძელდეს.
რეზიდუალურ პერიოდში, ფიზიოთერაპიასთან ერთად, რეკომენდებულია ორთოპედიული, ქირურგიული, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა.
პროფილაქტიკა. პოლიომიელიტის პროფილაქტიკის ძირითადი საშუალებაა იმუნიზაცია (აცრა ხდება 2, 3, 4, 18 თვის ასაკში, რევაქცინაცია - 5 წლის ასაკში).
პროგნოზი. აბორტული და არაპარალიზური ფორმის დროს ხდება სრული აღდგენა.
პარალიზური ფორმის დროს აღდგენა ხდება სხვადასხვა ხარისხით.
ნაწილობრივი დამბლის დროს აღდგენის შანსი მეტია.
ტოტალურად პარალიზებულ კუნთთა ჯგუფი ცუდად აღდგება.
სიკვდილიანობა 5%-ზე ნაკლებია. უმეტესად გვხვდება 40 წელს გადაცილებულებს შორის დაავადების პირველი 2 კვირის განმავლობაში.


როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად