რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

პოლიპები კუჭის
კუჭში სხვადასხვა სახის პოლიპი შეიძლება გაჩნდეს: როგორც ფეხიანი, ისე უფეხოც (ფართო საფუძვლით), როგორც ერთეული, ისე ჯგუფად განლაგებული და მთელ ლორწოვან გარსზე მოდებულიც კი. ფეხიანი პოლიპი ზოგჯერ კუჭის ლორწოვან გარსის ნაოჭის მწვერვალზე მდებარეობს და მის გაგრძელებას წარმოადგენს. რაც შეეხება ფორმას, ყველაზე ხშირია სფეროსებრი და ოვალური პოლიპები, იშვიათი - დვრილისებრი და სოკოსებრი. ზოგჯერ მრავალრიცხოვანი ცალკეული რბილი ბუსუსი გაერთიანებულია მტევნისებრ ჯგუფად. ბუსუსოვანი (ხაოიანი) პოლიპი შესახედაობით ყვავილოვან კომბოსტოს ჰგავს და კიბოში გადაიზრდება. პოლიპის ზედაპირი შეიძლება იყოს ხავერდოვანი, გლუვი, ბორცვოვანი ან მარცვლოვანი. ფერი - რუხი, წითელი, შინდისფერი, ნარინჯისფერი, ღია ალუბლისფერი - დამოკიდებულია პოლიპის სტრუქტურაზე, შემაერთებელი ქსოვილის რაოდენობაზე, სისხლძარღვებსა და კვების მოშლის ხარისხზე. პოლიპის კონსისტენცია მის ჰისტოლოგიურ სტრუქტურაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ფიბროზული ქსოვილის სიჭარბის შემთხვევაში პოლიპი მკვრივია, ჯირკვლოვანი ქსოვილის მეტობისას კი რბილი.
პოლიპების არსებობისას კუჭში განვითარებული პათომორფოლოგიური ცვლილებები სამი სახისაა: პოლიპოზური გასტრიტი, კუჭის პოლიპები და კუჭის კიბო.
ერთეული და მრავლობითი პოლიპების შენება ერთნაირია. მათი სხეული შედგება ჯირკვლოვანი ელემენტებისგან ან გაზრდილი მფარავი ეპითელიუმისა და სისხლძარღვებით მდიდარი შემაერთებელი ქსოვილისგან. პოლიპის ფეხი წარმოადგენს კუჭის ლორწოვანი და ლორწქვეშა გარსის მიმდებარე უბნის (სადაც ჩაზრდილია) გაგრძელებას. კეთილთვისებიანი პოლიპების ჯირკვლოვანი ელემენტები მის გარშემო არსებული ქსოვილის მსგავსია. ალაგ-ალაგ ჯირკვლები გაფართოებულია და წარმოქმნის კისტებს. ჯირკვლები, რა მნიშვნელოვანიც უნდა იყოს ჯირკვლოვანი ჰიპერპლაზია და ჰიპერტროფია (გადიდება, გაფართოება), არასოდეს გამოდის კუნთოვანი გარსის გარეთ.
შედარებით ავთვისებიანი პოლიპების ჯირკვლოვან ელემენტებს, კეთილთვისებიანებისგან განსხვავებით, ახასიათებს ატიპური შენება, სხვადასხვა ზომა და ფორმა და კარგად დიფერენცირებული ჯირკვლების არარსებობა. ლორწქვეშა გარსი პოლიპის ქვემოთ გასქელებულია. მალიგნიზებულ (გაავთვისებიანებულ) პოლიპებს აქვს დამახასიათებელი ჰისტოლოგია. მიუხედავად ამისა, ავთვისებიანი პოლიპის ჰისტოლოგიური კრიტერიუმების განსაზღვრა ძნელია. ფიბროენდოსკოპია (ბიოფსიით) პოლიპის მორფოლოგიური შესწავლის საშუალებას იძლევა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მისი ხასიათის დასადგენად და ადეკვატური მკურნალობის დასაწყებად.


მალიგნიზაცია

კუჭის პოლიპს კიბოსწინარე დაავადებებს მიაკუთვნებენ. განასხვავებენ პოლიპის კიბოში გადაზრდის სამ ვარიანტს.
პირველი: კიბო ვითარდება პოლიპისგან, რომელიც შეუიარაღებელი თვალისთვის უჩინარია და უმეტესად წარმოადგენს გარეგნულად კეთილთვისებიანი პოლიპის მსგავს მცირე ზომის ერთეულ კვანძს. კუჭის კარცინომების 10% ასეთი - შეუიარაღებელი თვალისთვის უჩინარი - პოლიპებისა და პაპილომებისგან წარმოიშობა.
მეორე: კიბო ვითარდება შეუიარაღებელი თვალისთვის უჩინარი პოლიპისგან. ასეთი პოლიპი პირველად რენტგენოლოგიური გამოკვლევით დიაგნოსტირდება და ახასიათებს რამდენიმე თავისებურება: ვიდრე კიბოში გადაიზრდება, ხანგრძლივ ცვლილებებს გაივლის. ცნობილია შემთხვევები, როცა კიბო პოლიპის ერთი ბუსუსიდან განვითარებულა. ამიტომ კუჭის პოლიპების დროს აუცილებელია ყველა პოლიპის გამოკვლევა. ზოგჯერ კუჭის რეზექციის შემდეგაც ხდება პოლიპების ხელახალი აღმოცენება. კერძოდ, კუჭის ტაკვზე დარჩენილ ლორწოვან გარსზე შეიძლება განვითარდეს პოლიპი და კიბო.
მესამე: პოლიპოზური კიბო, თუმცა ეს უკანასკნელი იშვიათია - კიბოს საერთო შემთხვევების 8%-ს შეადგენს. კუჭის მეორეული პოლიპები შეიძლება განვითარდეს კიბოსეულ წყლულზე ან მის კიდეში. ასეთ ავადმყოფებს ყოველთვის აქვთ ერთეული ან მრავლობითი პოლიპები. პაპილომური პოლიპების გამოსავლენად აუცილებელია კუჭიდან აღებული მასალის მიკროსკოპით დათვალიერება.
გაითვალისწინეთ:
  • კუჭის პოლიპები და ადენომები საყურადღებო წარმონაქმნებია. არავინ იცის, მათგან როდის განვითარდება კიბო, რადგან პოლიპის კლინიკური სურათი მწირია. სიმპტომები უმთავრესად თანმხლებ ატროფიულ ან ჰიპერტროფიულ გასტრიტზეა დამოკიდებული.
  • კლინიკური დაკვირვების შედეგად იქმნება შთაბეჭდილება, რომ კიბო პოლიპის წარმოშობიდან 1-2 წლის შემდეგ ვითარდება.
  • უსიმპტომო პოლიპი, რომელსაც შემთხვევით აღმოაჩენენ რენტგენოლოგიური კვლევით, შესაძლოა დიდხანს არ გარდაიქმნას კარცინომად, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ კუჭის წვენი ნორმალურია. თუ მჟავიანობის დაქვეითება დაიწყო, კიბოს განვითარება მალევეა მოსალოდნელი.
  • კუჭიდან აღებულ გამოსაკვლევ მასალაზე არსებული პოლიპი, რომელიც გარეგნულად კეთილთვისებიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მიკროსკოპიული გამოკვლევით შესაძლოა ავთვისებიანი (მალიგნიზებული) აღმოჩნდეს.
  • პოლიპის თავიდან ან ფეხიდან გამოსულმა სულ მცირე ზომის კიბომაც კი შეიძლება ძალიან სწრაფად გამოიწვიოს მეტასტაზები.
  • პოლიპის ავთვისებიანობის დასადასტურებლად რეზექციის შემდეგ აუცილებელია კუჭიდან აღებული მასალის სერიული გამოკვლევა და, ამასთანავე, ყველა პოლიპის ცალ-ცალკე შესწავლა.
კუჭის პოლიპის ლოკალიზაციის 7 ვარიანტი არსებობს. პირველი სამი შეესაბამება კუჭის რომელიმე ნაწილის იზოლირებულ დაზიანებას (ზედა, შუა და ქვედა მესამედი), მე-4 ვარიანტში ერთდროულად ზიანდება კუჭის ორი ან სამი ნაწილი, მე-5 ვარიანტში - ზედა და ქვედა მესამედი, მე-6 ვარიანტში - შუა და ქვედა მესამედი, მე-7 ვარიანტში კი კუჭის სამივე ნაწილია დაზიანებული (გავრცობილი ადენომატოზი).
ავთვისებიანი გადაგვარება შესაძლოა განიცადოს არა მარტო პოლიპმა, არამედ მის გარშემო არსებულმა ლორწოვანმა გარსმაც.

კლასიფიკაცია

კუჭის პოლიპების ერთიანი კლასიფიკაცია არ არსებობს, რადგან სრულყოფილი დაყოფისთვის გასათვალისწინებელია პოლიპის კლინიკა, ეტიოლოგია, პათოგენეზი, პათანატომია და სხვა ნიშნები, მათი ერთდროულად (ერთ კლასიფიკაციად) გათვალისწინება კი შეუძლებელია.
მენეტრიეს მიერ შემუშავებული პირველი კლასიფიკაციის მიხედვით, კუჭის პოლიპები ორ ჯგუფად იყოფა:
  • კუჭის ლორწოვანი გარსის ერთეული ან მრავლობითი ფეხიანი პოლიპები, რომლებიც წამოწეულია ზედაპირიდან (პოლიპოზური პოლიადენომები);
  • კუჭის ლორწოვანი გარსის მრავლობითი ბრტყელი, ნაკლებად შესამჩნევი, ჯაჭვისებური პოლიპები, რომლებიც მოგვაგონებს ტვინის ხვეულებს (ბრტყელი პოლიადენომები).

მორფოლოგიასა და კლინიკურ სურათზე დაფუძნებული კლასიფიკაცია

მორფოლოგიური ნიშნებით განასხვავებენ:
  • ერთეულ და მრავლობით;
  • მსხვილ, წვრილ და შერეულ;
  • მკვრივ, რბილ და შერეულ;
  • გრძელფეხა და ფართოსაფუძვლიან პოლიპებს;
  • ბუდობრივ (ჯგუფურ), მიმოფანტულ, მოდებულ პოლიპოზს;
  • პოლიპოზურ გასტრიტს.
კლინიკური ნიშნების მიხედვით განასხვავებენ:

  • მუნჯ (უსიმპტომო) პოლიპებს;
  • გართულებულ პოლიპებს (თორმეტგოჯა ნაწლავში ჩაზრდა, პერიგასტრიტი, სისხლდენა, კიბოში გადაზრდა).

კლასიფიკაცია პათანატომიური და კლინიკური ნიშნების მიხედვით

პათანატომიური ნიშნების მიხედვით განასხვავებენ:

  • პოლიპოზურ გასტრიტს;
  • ერთეულ და მრავლობით პოლიპებს (კეთილთვისებიანი, მალიგნიზებული, პოლიპიდან წარმოშობილი პოლიპოზური კიბო);
  • კუჭ-ნაწლავის მრავლობით პოლიპს.
კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ უსიმპტომო, გასტრიტულ, ანემიურ და გართულებულ ფორმებს (სისხლმდენი პოლიპი, პოლიპის შესვლა თორმეტგოჯა ნაწლავში), ასევე - კუჭის პოლიპისა და კიბოს შერწყმას.
კუჭის პოლიპის კლასიფიცირების დროს მნიშვნელოვანია იმ ნიშნების გამოყოფაც, რომლებიც პოლიპის გაავთვისებიანების პირველ ნიშნებად მიიჩნევა. მაგალითად, ცნობილია, რომ რაც უფრო დიდი და ბევრია პოლიპი, მით უფრო ხშირად და სწრაფად ხდება მისი გაავთვისებიანება (მალიგნიზაცია).

კლინიკა და დიაგნოსტიკა
კუჭის პოლიპების კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია პოლიპის ლოკალიზაციაზე, რაოდენობაზე, ზომასა და ჰისტოლოგიურ შენებაზე. დიდი მნიშვნელობა აქვს კუჭის ფუნქციურ მდგომარეობას, ლორწოვანი გარსის მორფოლოგიური ცვლილების ხასიათს და დაავადების ხანგრძლივობას. თავდაპირველად დაავადება, წესისამებრ, შეუმჩნეველია, მაგრამ გონივრულად, გულდასმით შეკრებილი ანამნეზი უმეტესად გვაწვდის განსაზღვრულ ინფორმაციას დაავადების ხასიათის შესახებ. კუჭის პოლიპების ძირითადი და ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ყრუ ტკივილი მკერდის ძვლის ქვედა არეში (ეპიგასტრიუმის, კუჭის საპროექციო არე). ზოგჯერ მუცლის ტკივილს აქვს განუსაზღვრელი ლოკალიზაცია და განსხვავებული ხასიათი, ირადიაციას განიცდის ბეჭში, წელში და ძირითადად საკვების მიღებას უკავშირდება.
კუჭის პოლიპოზის დროს ტკივილის ლოკალიზაცია და ხასიათი დამოკიდებულია არა თვით პოლიპზე, არამედ კუჭის ლორწოვანი გარსის ცვლილებებზე (ატროფიული ან ჰიპერტროფიული გასტრიტი).
გარდა ტკივილისა, ავადმყოფი ზოგჯერ უჩივის სიმძიმის შეგრძნებას ეპიგასტრიუმის (კუჭის საპროექციო არე) არეში, სწრაფად დანაყრებას, მადის დაქვეითებას ან დაკარგვას, ბოყინს, გულძმარვას, გულისრევის შეგრძნებას, იშვიათად - ღებინებას, პირში უსიამოვნო გემოს, ნერწყვდენას, ფაღარათს, მეტეორიზმს და საერთო სისუსტეს, მაგრამ ეს სიმპტომები მეტ-ნაკლებად გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის და კიბოს დროსაც იჩენს თავს.
ავადმყოფები დაავადების დაწყებას ზოგჯერ ნაწლავთა ფუნქციის მოშლას ან ანემიას უკავშირებენ, რომელიც თავდაპირველად დაავადების ერთადერთი გამოვლინებაა, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლოა სხვა სიმპტომებმაც იჩინოს თავი.
მადა პირველ ხანებში ჩვეულებრივია, მერე და მერე სუსტდება. დაავადებულთა მესამედს ბოყინი და გულისრევა აღენიშნება, ნახევარს კი მხოლოდ გულისრევა. გულისრევის სიხშირეზე გავლენას ახდენს არა პოლიპის ხასიათი (კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი პოლიპი, კიბო), არამედ მჟავიანობის დაქვეითება და ევაკუაციის (კუჭის დაცლა) დარღვევა.
ღებინება გულისრევასა და ბოყინზე იშვიათია და ან კუჭში მიმდინარე საერთო ცვლილებებს (გასტრიტი) უკავშირდება, ან ნერვულ-რეფლექტორული წარმოშობისაა. ფეხიანი პოლიპი შეიძლება შეიჭრას თორმეტგოჯა ნაწლავში, ჩაკეტოს კუჭის გამოსასვლელი და გამოიწვიოს გაუვალობა. თორმეტგოჯა ნაწლავში პოლიპის შეჭრას თან ახლავს ძლიერი მჭრელი ან მოვლითი ტკივილი, რომელმაც შესაძლოა კუჭის წყლულოვანი დაავადების გამწვავების, მწვავე აპენდიციტის, მწვავე ქოლეცისტიტისა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოთა მწვავე დაავადებების სიმულაცია გამოიწვიოს.
კუჭის პოლიპებისთვის დამახასიათებელი ზოგადი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, წონის კლება, დაღლა, ცუდი ძილი, დეპრესიული მდგომარეობა, თავის ტკივილი. ზოგჯერ სხეულის ტემპერატურაც იმატებს, რაც ანთებითი პროცესების გამწვავებით არის განპირობებული.
დაავადების ლოკალიზაციისა და ხასიათის დასადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ენდოსკოპიურ გამოკვლევას პოლიპის ბიოფსიით. უნდა ითქვას, რომ რენტგენოლოგიური კვლევა ხშირად პოლიპოზური დაავადების ადრეულ ეტაპზე ამოცნობის საშუალებასაც იძლევა, თუმცა გაცილებით ინფორმაციულია ენდოსკოპიური (ბიოფსიით) მეთოდი.

მკურნალობა
კუჭის პოლიპებს ქირურგიული მეთოდით მკურნალობენ. პოლიპის მალიგნიზაციის შემთხვევაში ნაჩვენებია კუჭის რეზექცია ან გასტროექტომია. კეთილთვისებიანი პოლიპების სამკურნალოდ კი პოლიპექტომიას - პოლიპის მოკვეთას - მიმართავენ. ეს უკანასკნელი შეიძლება განხორციელდეს გასტროსკოპით ლაპაროტომიის გარეშე.

ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად