რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

ოტიტი - otitis - отит
ოტიტი ყურის ანთებაა. იმის მიხედვით, ყურის რომელი ნაწილის ანთებასთან გვაქვს საქმე, გამოყოფენ ოტიტის სამ სახეობას: გარეთა ყურისას, შუა ყურისას და შიგნითა ყურისას (ლაბირინთიტი). ოტიტით ყველა ასაკში ავადდებიან, მაგრამ მისი უმთავრესი სამიზნეები მაინც ბავშვები არიან. მათ 80%-ს სამ წლამდე შუა ყურის ანთება ერთხელ მაინც აქვს გადატანილი.

გარეთა  ოტიტი
არსებობს გარეთა ოტიტის ორი ფორმა – შემოსაზღვრული (გარეთა სასმენი მილის ფურუნკული) და დიფუზური.
შემოსაზღვრული გარეთა ოტიტი ვითარდება გარეთა სასმენი მილის ფიბროზულ-ხრტილოვანი ნაწილის თმის ფოლიკულებსა და ცხიმის ჯირკვლებში ინფექციის (უმეტესად - სტაფილოკოკის) შეღწევისას, რასაც ხელს უწყობს ასანთით თუ სხვა საგნით ყურის მოქავების შედეგად გარეთა სასმენ მილში გაჩენილი მცირე ტრავმები. გარეთა სასმენი მილის ფურუნკულები ხშირად ჩნდება შაქრიანი დიაბეტის, პოდაგრის, A B, C ჰიპოვიტამინოზის დროს. ზოგჯერ პროცესი ყურის ირგვლივ არსებულ ჯირკვლებზეც ვრცელდება.
დიფუზური გარეთა ოტიტი უმეტესად ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის დროს, სასმენი მილის კანში და კანქვეშა შრეში სხვადასხვა ბაქტერიისა თუ სოკოს შეღწევისას ვითარდება. ხშირად ანთებითი პროცესი დაფის აპკზეც ვრცელდება.

სიმპტომები
მწვავე დიფუზური გარეთა ოტიტის დროს ავადმყოფები უჩივიან ყურის ქავილს (თუმცა უფრო სუსტს, ვიდრე ფურუნკულის დროს) და ტკივილს, უსიამოვნო სუნიან ჩირქოვან გამონადენს. შესაძლოა განვითარდეს რეგიონული ლიმფური კვანძების ლიმფადენიტიც. ოტოსკოპიის დროს შეიმჩნევა კანის ჰიპერემია (სიწითლე), შეშუპება, გარეთა სასმელი მილის სანათურის შევიწროება. დიფუზური გარეთა ოტიტის დროს გარეთა სასმენი მილის ჰიპერემიასა და შეშუპებასთან ერთად შეინიშნება სველი უბნები კანის ზედა შრის აშრევების გამო. პროცესი შეიძლება გავრცელდეს დაფის აპკზე,  რომელიც ასეთ დროს ჰიპერემიული და გასქელებული ჩანს.
ყურის ტკივილი ძლიერდება წინასახურზე დაჭერისა და ყურის ნიჟარის მოქაჩვის შემთხვევაში. პირის გაღების დროს ტკივილი შეინიშნება ფურუნკულის წინა კედელზე ლოკალიზაციის დროს.

დიაგნოსტიკა
დიაგნოზი დაისმის კლინიკური სურათისა და ოტოსკოპიური გამოკვლევის საფუძველზე.

პროგნოზი
გარეთა ოტიტის დროს სმენა არ ქვეითდება. უნდა მოხდეს დიფერენცირება მწვავე შუა ოტიტის, მასტოიდიტისა და ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტისგან. ამ დროს ითვალისწინებენ პროცესის დინამიკას, ოტოსკოპიურ მონაცემებს და აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევის შედეგებს. თუ ოტოსკოპიის შემდეგ ოტომიკოზის ეჭვი გაჩნდა, ტარდება ყურიდან აღებული ნაცხის სოკოზე გამოკვლევა.

მკურნალობა
ფურუნკულის დროს რეკომენდებულია, გარეთა სასმენ მილში ჩაიდოს 70%-იან სპირტში ან 3%-იან ბორის მჟავას სპირტხსნარში დასველებული დოლბანდის ტურუნდი. კარგია თბილი კომპრესი, ფიზიოთერაპიული პროცედურები, აუტოჰემოთერაპია, ვიტამინთერაპია. ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები ინიშნება გამოხატული ინფილტრაციისა და ტემპერატურის მომატების შემთხვევაში. აბსცესის წარმოქმნისას ნაჩვენებია მისი გახსნა.
დიფუზური ანთების დროს სასმენ მილს რეცხავენ 3%-იანი ბორის მჟავას ან  ფურაცილინის ხსნარით (შეიძლება სხვა საშუალებითაც). გარეთა სასმენი მილის კანს ამუშავებენ კორტიკოსტეროიდული კრემით (ოქსიკორტით, ლოკაკორტენით, ფლუცინარმით), სინტომიცინის ემულსიით, 1%-იანი ბრიალინტის მწვანით. ალერგიული მოვლენების არსებობის შემთხვევაში ინიშნება ტავეგილი, დიმედროლი, სუპრასტინი, დიაზეპამი ან სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატი. გარდა ამისა, ხდება სასმენი მილის დასხივება დაბალენერგიული ჰელიო-ნეონური ლაზერით.

მწვავე შუა ოტიტი
განასხვავებენ მწვავე შუა ოტიტის კატარულ და ჩირქოვან ფორმებს - მწვავე შუა კატარულ ოტიტს და მწვავე შუა ჩირქოვან ოტიტს. მწვავე შუა ოტიტი ვითარდება უმთავრესად მწვავე რინიტის, ზედა სასუნთქი გზების კატარის, გრიპის დროს სასმენი (ევსტაქის) მილიდან ინფექციის შუა ყურში შეჭრის გამო. ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორებია პნევმოკოკი, ჰემოფილური ჩხირები და მათი კომბინაცია. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის თავდაცვითი ძალების დასუსტება, ცხვირის ღრუს, პარანაზალური წიაღების, ცხვირ-ხახის პათოლოგიური ცვლილებები (ჰიპერტროფიული რინიტი, ცხვირის ძგიდის გამრუდება, სინუსიტი, ადენოიდები და სხვა). სასმენი მილის ვენტილაციური ფუნქციის დარღვევა ხელს უწყობს დაფის ღრუს ლორწოვან გარსში ვენური შეგუბების განვითარებას და ტრანსუდატის წარმოქმნას. ახალშობილებს ოტიტი უვითარდებათ შუა ყურში სანაყოფე წყლების მოხვედრის შედეგად. დიდ როლს ასრულებს ასევე სასმენი მილის ანატომიური აგებულება - ბავშვებს იგი ფართო და მოკლე აქვთY- და იმუნური სისტემის ჩამოუყალიბებლობა.
განასხვავებენ მწვავე შუა ოტიტის სამ სტადიას:
I სტადია – ანთებითი პროცესის განვითარება და ექსუდატის წარმოქმნა (მწვავე კატარული ოტიტი);
II სტადია – დაფის აპკის გახვრეტა და ჩირქდენა (მწვავე ჩირქოვანი ოტიტი);
III სტადია – ანთებითი პროცესის დაცხრობა, ჩირქდენის შემცირება და შეწყვეტა, გახვრეტილი დაფის აპკის კიდეების შეხორცება.
დაავადება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება.

ქრონიკული შუა ოტიტი
ქრონიკული შუა ოტიტი ძალზე გავრცელებული დაავადებაა. მას ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებს შორის მეორე ადგილი უკავია ხახის პათოლოგიის შემდეგ. ქრონიკული ოტიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სოციალურ-ეკონომიკური და ჰიგიენური პირობები. მოსახლეობის მატერიალური და კულტურული დონის გაუმჯობესება, ინფექციური სნეულებების გაიშვიათება, მედიცინის წინსვლა როგორც მკურნალობის, ასევე ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და განახლების კუთხით ხელს უწყობს ამ პათოლოგიის გავრცელების შემცირებას.
შუა ყურის ქრონიკული ანთება ორი სახისაა: ჩირქოვანი და ექსუდაციური ანუ სეკრეტორული.
ქრონიკული  შუა ოტიტის მთავარი მიზეზია შუა ყურის მწვავე ანთების გაქრონიკულება, თუმცა ეს არ მოხდება ხელშემწყობი ფაქტორების არარსებობისას. ასეთი ფაქტორებია:
  • მწვავე ოტიტის არარაციონალური ანტიბიოტიკთერაპია, რაც იმას ნიშნავს, რომ, ჯერ ერთი, ოტიტის მკურნალობა (რასაკვირველია, მდგომარეობის შესატყვისად) უნდა დაიწყოს შედარებით სუსტი ანუ არჩევის ანტიბიოტიკით; მეორე - მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არა უმცირეს 5 დღისა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღება 2-3 დღის შემდეგ შეწყდეს, დაავადების სიმპტომების გაქრობის შემთხვევაშიც კი. გამონაკლისია ანტიბიოტიკები, რომლებიც ინიშნება მხოლოდ 3 დღით, ვინაიდან ორგანიზმში კუმულირება ახასიათებს.
  • დაავადების გამომწვევი მიკროფლორის მაღალი ვირულენტობა. ქრონიკული ოტიტის ძირითადი გამომწვევია სტაფილოკოკი, რომელიც ხშირად გრამუარყოფით ფლორასთან (პროტეუსი, ნაწლავისა და ლურჯ-მწვანე ჩხირი) არის ასოცირებული. სწორედ გრამუარყოფითი ფლორა გამოირჩევა მაღალი ვირულენტობით და ხშირად ამ მიკრობების არსებობა განაპირობებს უშედეგო მკურნალობას.
  • ორგანიზმის იმუნური რეაქტიულობის ანუ პათოლოგიურ პროცესთან ბრძოლის უნარის დაქვეითება.
ქრონიკული ოტიტი უმთავრესად ბავშვთა ასაკში ყალიბდება. 3 წლამდე ამ პროცესს ხელს უწყობს რაქიტი, ექსუდაციურ-კატარული დიათეზი, ზემო სასუნთქი გზების ხშირი დაავადებები. 3 წლის შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზედა სასუნთქი გზების პათოლოგიური მდგომარეობა (ქრონიკული რინიტი, ადენოიდები, სინუსიტი), რასაც მივყავართ ევსტაქის მილის (ცხვირ-ხახისა და შუა ყურის დამაკავშირებელი მილი) გამავლობის დარღვევამდე. ამ დროს ირღვევა შუა ყურის ბუნებრივი ვენტილაცია, შედეგად ფერხდება დაფის ღრუს ლორწოვანის ნორმალური ფუნქციობა, რაც ხელს უწყობს პათოლოგიური პროცესის გახანგრძლივებულ ქვემწვავე მიმდინარეობას.
ზოგჯერ შუა ყურის ანთებას დასაწყისიდანვე ნაკლებად გამოხატული, დუნე მიმდინარეობა აქვს და თავიდანვე იღებს ქრონიკული პროცესის სახეს. ქრონიკული ანთების სახით მიმდინარეობს ნეკროზული ოტიტები, კერძოდ, ქუნთრუშის, წითელას, დიფტერიის გართულება. ასეთივე მიმდინარეობა აქვს დიაბეტით, სისხლის დაავადებით, სიმსივნური პროცესით, ტუბერკულოზით გამოწვეულ ანთებას.
ქრონიკული ოტიტის მიზეზად შეიძლება იქცეს დაფის აპკის ტრავმული დაზიანებაც.

ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი

სიმპტომები და მიმდინარეობა

ქრონიკულ ჩირქოვან შუა ოტიტს ახასიათებს სამი ძირითადი სიმპტომი:
1. დაფის აპკის მდგრადი პერფორაცია;
2. ყურიდან სისტემატური ან პერიოდული ჩირქდენა;
3. სმენის დაქვეითება.
განასხვავებენ შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ანთების ორ ძირითად ფორმას: მეზოტიმპანიტსა და ეპიტიმპანიტს. არსებობს შერეული ფორმაც - მეზოეპიტიმპანიტი. ეს ფორმები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც დაფის აპკის პერფორაციის (დეფექტის) ლოკალიზაციით, ასევე კლინიკური მიმდინარეობით, დაავადების სიმძიმით და პროგნოზით.
მეზოტიმპანიტი ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის უფრო გავრცელებული ფორმაა. იგი ვლინდება შემთხვევათა 55-60%-ში. მისთვის დამახასიათებელია ცენტრალური პერფორაცია და ჩირქდენა ყურიდან. პერფორაციული ხვრელი სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა - ქინძისთავისოდენადან ტოტალურ დეფექტამდე (ანუ რჩება მხოლოდ დაფის აპკის მცირე კიდე). მეზოტიმპანიტის დროს ყურიდან გამონადენი ლორწოვან-ჩირქოვანია, უსუნო. იგი შეიძლება შეწყდეს, მაგრამ ვინაიდან პერფორაციული ხვრელი რჩება, ყოველთვის მოსალოდნელია რეციდივი გარეთა სასმენი მილიდან ინფექციის შეღწევის გამო.
ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის და განსაკუთრებით მეზოტიმპანიტის გამწვავებას იწვევს, პირველ რიგში, წყლის მოხვედრა შუა ყურში, ამიტომ ამ პათოლოგიის მქონე ადამიანი ვალდებულია, თავის დაბანის წინ გარეთა სასმენ მილში ჩაიდოს ვაზელინით, სხვა მალამოთი ან კრემით, ანდა ზეთით დასველებული ბამბა, ვინაიდან ზეთოვანი სუბსტრატი არ ატარებს წყალს. საცურაო ქუდი, ცელოფანი ყურს დასველებისაგან არ იცავს.
გამწვავების კიდევ ერთი მიზეზია ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, კერძოდ კი სურდო. ამ დროს ირღვევა დაფის ღრუს ვენტილაცია, ინფექცია აღმავალი გზით, ევსტაქის მილის გავლით, აღწევს შუა ყურის ლორწოვან გარსს.  
მეზოტიმპანიტი, ჩვეულებრივ, მშვიდად მიმდინარეობს: ავადმყოფს ტკივილი არ აწუხებს, უჩივის მხოლოდ ყურიდან ჩირქდენას გამწვავების პერიოდში, სმენა დაქვეითებულია სხვადასხვა ხარისხით. სმენაჩლუნგობა, ჩვეულებრივ, პროგრესირებს.  შესაძლოა, გამოხატული იყოს ყურის შუილი და თავის ტკივილი. თავბრუხვევა ამ ფორმისთვის დამახასიათებელი არ არის. ხშირი გართულების ფონზე შესაძლოა განვითარდეს ყურის პოლიპი, რომელიც, თუ არ ვუმკურნალეთ, იზრდება. ამ დროს ყურიდან გამონადენი სისხლნარევი ხდება. ეს სიმპტომი თავისთავად საშიში არ არის, მაგრამ უყურადღებოდ მისი დატოვება არ შეიძლება.
ეპიტიმპანიტისთვის დამახასიათებელია კიდითი პერფორაცია, მყრალსუნიანი ჩირქოვანი გამონადენი, ძვლის კარიესი (დაშლა), გრანულაციები (ხორცმეტები), ქოლესტეატომა. პერფორაცია ამ დროს ვითარდება დაფის აპკის ზედა კიდესთან, პატარა ზომისაა და ხშირად დაფარულია ქერქით. სმენის დაქვეითებაც დაავადების დასაწყისში ხშირად უმნიშვნელოა, ამიტომ, მეზოტიმპანიტისგან განსხვავებით, მისი დიაგნოსტირება გაცილებით ძნელია.
ეპიტიმპანიტის დროს ყურიდან გამონადენი სუნიანია ჩირქის ევაკუაციის შეფერხების გამო. დაფის ღრუს ზედა სართულის ამომფენი ლორწოვანი გარსი დაწყლულებულია, რასაც თან სდევს ანთებითი პროცესი, გრანულაციები, პოლიპები, რომლებიც უფრო მეტად აფერხებს ჩირქის გამოსვლას და აძლიერებს მის დამშლელ ზემოქმედებას. ამ დროს ანთებითი და დესტრუქციული პროცესი გადადის ძვალზეც, იწყება ძვლის დაშლა, რომელიც თანდათან ვრცელდება სასმენ ძვლებსა და დაფის ღრუს კედლებზე.
ეპიტიმპანიტის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ქოლესტეატომის ჩამოყალიბება. ეს არის ეპიდერმული (კანის უჯრედებისმიერი) წარმონაქმნი, რომელიც შედგება კონცენტრულად, ხახვის ბოლქვისებურად განლაგებული ფენებისგან; შეიცავს მიკრობებს, ჩირქსა და დაშლის პროდუქტებს, მათ შორის ქოლესტერინს; გარედან შემოხვეული აქვს გარსი - მატრიქსი, რომელიც ხშირად მჭიდროდ ეკვრის ძვალს. ქოლესტეატომა მოქმედებს ძვალზე თავისი ქიმიური კომპონენტებითა და დაშლის პროდუქტებით და აზიანებს მას. თუ გავითვალისწინებთ, რომ შუა ყურის სტრუქტურები თავის ტვინის, ტვინის ვენური სისტემის, სახის ნერვის არხის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, გასაგები უნდა გახდეს, რაოდენ საშიშია ძვლის კარიესი ამ სტრუქტურების მიმართულებით.
ყურის ტკივილი ქრონიკული ოტიტის არც ამ ფორმას ახასიათებს, თუმცა არ არის იშვიათი სიმძიმის შეგრძნება ყურსა და თავში დაავადებულ მხარეს, თავის ტკივილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გრანულაციების ან პოლიპის გამო ჩირქის გამოსვლა ფერხდება. ეპიტიმპანიტს უფრო მეტად ახასიათებს ყურების შუილი, თავბრუხვევა. ეს უკანასკნელი დამახასიათებელია ლაბირინთის (წონასწორობის ორგანო) ფისტულისათვის, რომელიც იქმნება ქოლესტეატომის ზემოქმედებით. ამ დროს გამოხატულია ფისტულის სიმპტომი - თავბრუხვევა ყურის გამოწმენდისას.
ეპიტიმპანიტს მეზოტიმპანიტზე გაცილებით უარესი პროგნოზი აქვს და თუ სათანადო მკურნალობა დროულად ჩატარდა, მოსალოდნელია სიცოცხლისათვის სახიფათო გართულებანი.
ამ გართულებათა რიცხვს მიეკუთვნება:
  • ჩირქოვანი ლაბირინთიტი;
  • ჩირქოვანი მენინგიტი;
  • სიგმოიდური სინუსის (ვენური სისხლძარღვის) თრომბოზი;
  • სეფსისი;
  • ტვინის აბსცესი.

მკურნალობა
არსებობს ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის მკურნალობის კონსერვატიული (არაქირურგიული) და ქირურგიული მეთოდები. მეთოდი შეირჩევა პროცესის მიმდინარეობისა და გართულებების შესატყვისად.
ქრონიკული ოტიტი იკურნება, მაგრამ მხოლოდ ოპერაციული გზით. ოპერაციის შედეგი დამოკიდებულია ოტიტის ფორმაზე, პროცესის ხანდაზმულობაზე. აღნიშნული ოპერაციების მიზანია სმენისა და დაფის აპკის მთლიანობის აღდგენა. მათ სმენის გამაუმჯობესებელ ოპერაციებს, ანუ ტიმპანოპლასტიკას უწოდებენ.
დაფის აპკის მთლიანობის აღდგენამდე უნდა მოხდეს შუა ყურის სანაცია - ჩირქისა და პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილებისგან განთავისუფლება. მოსამზადებელი ეტაპი შეიძლება იყოს როგორც კონსერვატიული მკურნალობა: ყურის ტუალეტი და ანტიბაქტერიული ხსნარებით გამორეცხვა, რასაც უნდა მოჰყვეს 3-6-თვიანი რემისია, - ისე ქირურგიული ჩარევა.
მეზოტიმპანიტის პროგნოზი გაცილებით უკეთესია. ეპიტიმპანიტის შემთხვევაში დროულმა ჩარევამ (იგულისხმება მცირე ზომის ქოლესტეატომა) სასურველი შედეგი უნდა გამოიღოს.

პროფილაქტიკა

  • ნუ ეცდებით თვითმკურნალობას;
  • მწვავე ოტიტის ჩამთავრების შემდეგ საჭიროა დაფის აპკის მდგომარეობის ვიზუალური შემოწმება სპეციალისტთან;
  • ხშირად მორეციდივე მწვავე ოტიტის ან ექსუდაციური ოტიტის (სითხე შუა ყურში) შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მოხდეს ზედა სასუნთქი გზების სანაცია (ადენოტომია, ტონზილექტომია, ცხვირის პრობლემების მოწესრიგება).
  • ქრონიკულ ოტიტს ტკივილი არ ახასიათებს, ამიტომ ჩირქდენა ტკივილის გარეშე ქრონიკული ოტიტის ერთ-ერთი პირველი სიმპტომია;
  • სამკურნალოდ უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს და არა პედიატრს და თერაპევტს;
  • არ გაუწიოთ წინააღმდეგობა ექიმს, თუ მწვავე ოტიტის დროს პარაცენტეზის (დაფის აპკის ჩაჩხვლეტა ჩირქის ამოღების მიზნით) აუცილებლობა წარმოიშვა.
  • მოარიდეთ ყური წყალს;
  • ექიმის გარეშე ნუ გამოირეცხავთ ყურს 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით;
  • პროცესის გამწვავების (ჩირქდენის) შემთხვევაში დროულად მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს;
  • სისხლიანი გამონადენი ყურიდან და ცუდი სუნი გართულების მომასწავებელია;
  • გახსოვდეთ: დროულად გაკეთებული ოპერაცია განკურნების საწინდარია.

ექსუდაციური შუა ოტიტი
სასმენი მილის სადრენაჟო ან ვენტილაციური ფუნქციის ხანგრძლივი დარღვევის შედეგად ვითარდება. დარღვევის მიზეზია ცხვირის, ცხვირის დანამატი წიაღებისა და ხახის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, გრიპი, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ალერგია, ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება (მწვავე შუა ოტიტის მკურნალობის დროს). ექსუდაციური შუა ოტიტის დროს დაფის ღრუ შეიცავს ექსუდატს, რომელიც დაავადების მწვავე სტადიაში თხიერია, ქრონიკულში სქელდება და მწებავი ხდება.

სიმპტომები და მიმდინარეობა
ახასიათებს სმენის დაქვეითება, ყურის დაცობის, მასში სითხის გადასხმის შეგრძნება. ოტოსკოპიური გამოკვლევით დაფის აპკი შემღვრეული და ჩაზნექილია. ზოგჯერ ჩანს სითხის დონე.
მკურნალობა მწვავე სტადიაში კონსერვატიულია: ანტიბაქტერიული თერაპია, პოლივიტამინები, მადესენსიბილიზებელი თერაპია (ჩვენების მიხედვით), ცხვირში - სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები, თბილი კომპრესი ყურზე, ელექტროფორეზი, ყურებში ჩაბერვა. ზოგჯერ საჭიროა ტიმპანოპუნქცია და ექსუდატის ამოქაჩვა. ქრონიკულ სტადიაში ადჰეზიური შუა ოტიტის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სასმენი მილის გამავლობის აღდგენა.

ადჰეზიური შუა ოტიტი
შუა ყურის მწვავე ან ქრონიკული ჩირქოვანი ანთების შემდეგ ვითარდება. ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება მწვავე კატარული (არაპერფორაციული) შუა ოტიტის დროს ასევე იწვევს დაფის ღრუში შეხორცებების წარმოქმნას. ადჰეზიური ოტიტი შესაძლოა წარმოიშვას შუა ყურის წინამორბედი ანთების გარეშეც, კერძოდ, ცხვირ-ხახასა და სასმენ მილში ამა თუ იმ პათოლოგიური პროცესის შედეგად, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არღვევს დაფის ღრუს ვეტილაციას. დაფის აპკის პერფორაციის დროს მშრალ პერფორაციულ ოტიტზე ლაპარაკობენ.

სიმპტომები და მიმდინარეობა
ადჰეზიური შუა ოტიტის  ძირითადი სიმპტომია – სმენის დაქვეითება ხმის გამტარი აპარატის ფუნქციის დარღვევის ტიპით, ყურების შუილი. ოტოსკოპიით ჩანს გათხელებული, ნაწიბუროვანი დაფის აპკი ჩაკირული უბნებით. აპკის მოძრაობა და სასმენი მილის გამავლობა დარღვეულია.
მკურნალობა თავდაპირველად კონსერვატიულია: ჩაბერვა ყურებში, პნევმო- და ვიბრომასაჟი, დაფის ღრუში პროტეოლიზური ფერმენტების შეყვანა, დიათერმია, ტალახით მკურნალობა. ეს მეთოდები, როგორც წესი, იძლევა მხოლოდ დროებით ეფექტს; ძირითადი გზაა ქირურგიული მკურნალობა – სტაპედოპლასტიკა, ტიმპანოპლასტიკა.

თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად