რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

ადენომა - adenoma - аденома

პროსტატის ადენომა ანუ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია წინამდებარე ჯირკვლის არაავთვისებიანი გადიდებაა. ის 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს უვითარდებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა ასაკშიც იჩინოს თავი.
პროსტატის ადენომის მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის. ეს დაავადება მამაკაცთა კლიმაქსის ერთ-ერთ გამოვლინებად მიიჩნევა. ამრიგად, მისი განვითარების ალბათობა ყველა ხანშიშესულ მამაკაცს აქვს.
პროსტატის ადენომის განვითარებასა და სექსუალურ აქტივობასა თუ ორიენტაციას, წამლებისა თუ ალკოჰოლის მოხმარებას, გადატანილ ანთებით თუ ვენერულ დაავადებებს შორის კავშირი დადასტურებული არ არის.

სიმპტომები და მიმდინარეობა.ადენომის დროს პროსტატის ჯირკვალში წარმოიშობა პატარა კვანძი (ან კვანძები), რომელიც იზრდება და მუდმივად აწვება შარდსადენ მილს. ეს მილი პროსტატის ჯირკვალში რომ არ გადიოდეს, დაავადება სრულებით არ გამოვლინდებოდა, ასე კი ადენომა შარდის გამოყოფის მხრივ დარღვევებს იწვევს. მიიჩნევა, რომ დაავადება იწყება მაშინ, როცა შარდის გამოყოფა მამაკაცს შვებას აღარ ჰგვრის. იდეალურ შემთხვევაში ავადმყოფმა ექიმს სწორედ ამ დროს უნდა მიმართოს. რამდენიმე ხნის შემდეგ შარდის გამოყოფა ნაკლებად თავისუფალი, ნაკლებად ინტენსიური ხდება. შარდის ნაკადი სუსტდება, ულუფა (ერთ ჯერზე გამოყოფილი შარდის ოდენობა) მცირდება. შარდის ბუშტი მთლიანად ვერ იცლება, რასაც შარდის შეუკავებლობამდე მივყავართ. ამ სტადიაში ადენომის კიდევ ერთი გამოვლინება ის არის, რომ მამაკაცს მცირე ხნითაც კი არ შეუძლია შარდის შეკავება.
პროსტატის ადენომას ავლენს:

  • შარდის გამოყოფის გაძნელება ან შეწყვეტა;
  • შარდის ნაკადის შესუსტება;
  • წვეთობით შარდვა;
  • მოშარდვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება;
  • შარდვის გახშირება;
  • მტკივნეული შარდვა;
  • ღამით შარდვის გახშირება;
  • მცირე ულუფებით შარდვა;
  • შარდის შეუკავებლობა.

თუ 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი მაინც გამოაჩნდა, სავარაუდოა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია.
პროსტატის ადენომას ტკივილი არ ახასიათებს. ტკივილის შეგრძნება მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, თუ ჯირკვალი დაჩირქდა  ჩამოყალიბდა პროსტატის აბსცესი. ამ დროს, გარდა ტკივილისა, აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე, ოფლიანობა.
წინამდებარე ჯირკვლის ადენომა შეიძლება გართულდეს:

  • შარდის მწვავე შეკავებით, რომელიც ხშირად მოულოდნელად იწყება და ავადმყოფი გაციებას ან ალკოჰოლის ჭარბად მიღებას უკავშირებს. ახასიათებს ძლიერი ტკივილი შარდის ბუშტისა და შორისის არეში, მტკივნეული ჭინთვები, რომლებიც კათეტერიზაციის შემდეგ გაივლის. ზოგჯერ შარდის შეკავება გრძელდება, მუდმივ ხასიათს იღებს, ძლიერ შემაწუხებელია და სასწრაფო ოპერაციულ მკურნალობას მოითხოვს;
  • ცისტიტით, რომელიც თავდაპირველად მწვავეა, შემდეგ კი ქრონიკული ხდება;
  • ანთებითი პროცესით პროსტატის ადენომაში (ადენომიტი) ან პროსტატის ქსოვილში (პროსტატიტი);
  • შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნით;
  • ორქოეპიდიდიმიტით  სათესლე ჯირკვლისა და დანამატის ანთებით. ის უმთავრესად კათეტერიზაციის შემდეგ ვითარდება, განსაკუთრებით  ურეთრაში ჩადგმული მუდმივი კათეტერის პირობებში;
  • პიელონეფრიტით;
  • ჰემატურიით (სისხლის შერევით შარდში);
  • პროსტატის კიბოთი.

დიაგნოსტირება. დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება კვლევის შემდეგი მეთოდები:

  • წინამდებარე ჯირკვლის რექტალური (სწორი ნაწლავიდან) გამოკვლევა თითით. ის აუცილებელია, რათა ექიმს წარმოდგენა შეექმნას სიმსივნურ წარმონაქმნზე, განსაზღვროს პროსტატის ჯირკვლის ზომა, კონსისტენცია, მტკივნეულობა.
  • მენჯის ღრუს ორგანოებისა და წინამდებარე ჯირკვლის ექოსკოპიური გამოკვლევა. ის ინფორმაციას იძლევა პროსტატის ჯირკვლის ზომასა და სტრუქტურაზე, ავლენს ნარჩენი შარდისა და კენჭების არსებობას. ზოგჯერ საჭირო ხდება ტრანსრექტალური ექოსკოპიური გამოკვლევა. ეს მეთოდი უფრო ინფორმაციულია.
  • თანმხლები დაავადებების გამოსავლენად ინიშნება სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი.
  • პროსტატის კიბოს გამოსარიცხად კეთდება ანალიზი პროსტატასპეციფიკურ ანტისხეულებზე.
  • საჭიროებისას განსაზღვრავენ ნარჩენი შარდის ოდენობას, რაც ინფორმაციას იძლევა შარდის ბუშტის ფუნქციის შესახებ. ციტოსკოპით ათვალიერებენ შარდის ბუშტსა და პროსტატის ჯირკვალს.

მკურნალობა. საწყის სტადიაზე მკურნალობა კონსერვატიულია. არსებობს ეფექტური მედიკამენტები, რომლებიც ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. სხვაგვარად შესაძლოა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდეს.
თერაპიული მკურნალობა ხანგრძლივია. ის შარდის გამოყოფას აუმჯობესებს, მაგრამ ეს განკურნებას არ ნიშნავს. ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე დაავადება შესაძლოა კიდევ უფრო შორს წავიდეს.
უმრავლესობა ექიმთან მხოლოდ შარდის შეკავების შემდეგ მიდის (შარდის ბუშტი ბოლომდე არ იცლება, ვითარდება შარდის შეუკავებლობა, შარდი სუნიანი ხდება). ასეთ დროს თითქმის ყოველთვის ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. ქირურგიული ოპერაცია პროსტატის ადენომის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია.

პროფილაქტიკა. ამ დაავადების თავიდან აცილების გზა არ არსებობს. არ შეიძლება პროფილაქტიკის მიზნით იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც მის სამკურნალოდ ინიშნება. სასურველია, 50 წელს გადაცილებულმა ყოველმა მამაკაცმა წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს უროლოგიური კვლევა.

 

 

ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად