რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

მენისკის დაზიანება - Meniscal Contusion - Повреждения мениска

მენისკი მუხლის სახსრის სახსარშიგა, ნახევარმთვარის ფორმის ხრტილია. ასეთი ხრტილი ორია - შიგნითა ანუ მედიალური და გარეთა ანუ ლატერალური. სახსრის წინ ისინი იოგებით არიან შეერთებულნი. გარეთა მენისკი უფრო მოძრავია, ვიდრე შიგნითა, ამიტომ მისი ტრავმული დაზიანება უფრო იშვიათია. შიგნითა მენისკი ნაკლებად მოძრავია და მუხლის სახსრის გვერდითა იოგს უკავშირდება, ამიტომ მის ტრავმას ხშირად იოგის დაზიანებაც ახლავს თან.
სახსრის გვერდით მენისკები სასახსრე ჩანთასთან არის შეხორცებული და ამ უკანასკნელის არტერიიდან მარაგდება სისხლით. მენისკის შიგნითა ნაწილები სახსარში ღრმად მდებარეობს და საკუთარი სისხლმომარაგება არ გააჩნია, მათი კვება სახსარშიგა სითხის ცირკულაციის ხარჯზე ხორციელდება. ამიტომ არის, რომ სასახსრე ჩანთის ახლოს დაზიანებული ნაწილი ადვილად ხორცდება, მუხლის სახსრის სიღრმეში მდებარე კი საერთოდ არა.
მენისკის მთავარი ფუნქცია ამორტიზაცია და დატვირთვის განაწილებაა, თუმცა აქვს მგრძნობელობითი (უზრუნველყოფს სივრცეში მუხლის სახსრის მდებარეობის შეგრძნებას) და მასტაბილიზებელი ფუნქციაც (მყესებთან, კუნთებსა და იოგებთან ერთად).
მენისკის გაგლეჯის მიზეზია არაპირდაპირი ან კომბინირებული ტრავმა, რომელსაც თან სდევს წვივის ძვლის როტაცია (შემობრუნება) გარეთ (შიგნითა მენისკი) ან შიგნით (გარეთა მენისკი). გარდა ამისა, მენისკი შესაძლოა დაზიანდეს მოხრილი მუხლის მკვეთრი გაშლისას. იშვიათად მენისკის გაგლეჯის მიზეზად იქცევა პირდაპირი ტრავმა (მუხლის სახსრის ჩამორტყმა კიბის საფეხურის კიდეზე ან რომელიმე მოძრავი საგნის სახსარში დარტყმა). განმეორებითმა პირდაპირმა ტრავმამ შესაძლოა მენისკების ქრონიკული ტრავმატიზაცია (მენისკოპათია) და შემდგომ (ჩაჯდომის ან მკვეთრი მობრუნების დროს) მათი გაგლეჯა გამოიწვიოს.
მენისკის დეგენერაციულ ცვლილებებს შესაძლოა სათავე დაუდოს ქრონიკულმა მიკროტრავმამ, ასევე - რევმატიზმმა, პოდაგრამ, ქრონიკულმა ინტოქსიკაციამ, განსაკუთრებით - თუ ადამიანს ბევრი სიარული ან ფეხზე დიდხანს დგომა უხდება.
განასხვავებენ მენისკის დაზიანების შემდეგ სახეებს:
1. მენისკის მოცილება მიმაგრების ადგილიდან;
2. მენისკის დაზიანების სხვადასხვა კომბინაცია;
3. მენისკების ზედმეტი მოძრაობა (მენისკებს შორის იოგის გაგლეჯის ან მისი დეგენერაციის გამო);
4. მენისკის ქრონიკული ტრავმატიზაცია;
5. მენისკის კისტოზური გადაგვარება (მენისკის კისტა).
ხასიათის მიხედვით კი განასხვავებენ სრულ, არასრულ, შუამდებარე, გარდიგარდმო და დაფლეთილ დაზიანებებს.
შიგნითა და გარეთა მენისკების დაზიანებას ბევრი საერთო შტრიხი აქვს, თუმცა მედიალური მენისკისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია შუამდებარე და დაფლეთილი გაგლეჯა, ხოლო ლატერალურისთვის - ჰორიზონტალური და გარდიგარდმო.
სიმპტომები და მიმდინარეობა. მენისკების დაზიანების კლინიკურ სურათში გამოყოფენ მწვავე და ქრონიკულ პერიოდებს.
მწვავე პერიოდში მენისკის დაზიანების დიაგნოსტიკას ართულებს სახსრის რეაქტიული არასპეციფიკური ანთება, რადგან ეს უკანასკნელი სახსრის სხვა სახის დაზიანებასაც ახასიათებს. ამ პერიოდში აღინიშნება მუხლის ტკივილი, მოძრაობის (განსაკუთრებით - გაშლის) მკვეთრი შეზღუდვა, ჰემართროზი (სახსრის ღრუში სისხლის დაგროვება) და სითხის დაგროვება სეროზულ ღრუში.
2-3 კვირის შემდეგ, როცა რეაქტიული მოვლენები ჩამცხრალია, ვლინდება მენისკის დაზიანებისთვის დამახასიათებელი  სიმპტომები - ლოკალური ტკივილი, სასახსრე ჩანთის ინფილტრაცია, სახსრის ბლოკადა, სითხის დაგროვება სეროზულ ღრუში და სხვა. რამდენიმე დღეში ეს სიმპტომები გაივლის და მეორდება სახსრის შემდგომი ბლოკადის დროს. მრავალჯერადი ბლოკადის შედეგად ვითარდება მუხლის სახსრის მადეფორმირებელი ართროზი.

დიაგნოსტიკა. მენისკის დაზიანების სადიაგნოზოდ გამოიყენება ტკივილის სინჯები, რომლებიც განსაზღვრული მოძრაობით მუხლის სახსარში ტკივილის აღძვრას ეფუძნება. დიაგნოზი დაისმის კლინიკური სურათის (განმეორებითი ბლოკადები) და პნევმოართროგრაფიის მონაცემების საფუძველზე. რენტგენოგრაფიის მეშვეობით მენისკი სახსარშიგა მოტეხილობისგან დიფერენცირდება.

მკურნალობა. მენისკის ტრავმის მკურნალობა დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული. ერთ უკიდურესობას წარმოადგენს მენისკის მცირე გაგლეჯა ან დეგენერაციული ცვლილებები, რაც თავდაპირველად კონსერვატიულად უნდა იქნეს ნამკურნალევი. მეორე უკიდურესობაა დიდი ზომის გაგლეჯა, რომელიც სახსრის ბლოკირებას იწვევს და ოპერაცას მოითხოვს. მენისკის ტრავმების უმრავლესობა ამ ორ უკიდურეს მდგომარეობას შორის მერყეობს. მკურნალობის მეთოდის შერჩევისას გასათვალისწინებელია პაციენტის პროფესიაც, კერძოდ, ხომ არ უკავშირდება ის მუხლის სახსრის დატვირთვას (სპორტი).
ოპერაციული მკურნალობა მენისკის ამოკვეთას გულისხმობს. თაბაშირის ლონგეტის მოხსნის შემდეგ ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა, ბარძაყის მასაჟი, ფიზიოთერაპია. შრომის უნარი აღდგება 1-1,5 თვის შემდეგ. დროულად ჩატარებული ოპერაციის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.

 

თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად