რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
ლაბირინთიტი - labyrinthitis  - лабиринтит

ლაბირინთიტი შიგნითა ყურის ანთებითი დაავადებაა. ლაბირინთი მდებარეობს შიგნითა ყურის სიღრმეში და შედგება სამი ნახევარწრიული არხისგან, რომლებსაც წონასწორობის კონტროლირება აკისრია. შიგნითა ყურის ამ სტრუქტურების ანთება უმეტესად ვირუსული ბუნებისაა, გაცილებით იშვიათად - ბაქტერიული.
ლაბირინთიტი ხშირად იწვევს თავბრუხვევას, რომელიც ზოგჯერ იმდენად მძიმეა, რომ გულისრევასა და ღებინებასაც კი განაპირობებს.
ლაბირინთიტი შესაძლოა მიმდინარეობდეს სმენის დროებითი დაქვეითებით.
ბაქტერიული ლაბირინთიტი, ჩვეულებრივ, ვითარდება შუა ყურის ინფექციურ-ანთებითი დაავადების ან მენინგიტის შემდეგ და გაცილებით სერიოზულად და რთულად მიმდინარეობს.
ლაბირინთიტის მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის. ყველაზე ხშირად დაავადების პროვოცირებას იწვევს ზედა სასუნთქი გზების ინფექცია (გაციება, გრიპი). იშვიათად ლაბირინთიტის მიზეზად იქცევა შუა ყურის ინფექცია, კიდევ უფრო იშვიათად - ე. წ. ბაქტერიული ინფექცია.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ლაბირინთიტის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომია თავბრუხვევა. ლაბირინთიტის დროს თავბრუხვევა აღმოცენდება მოულოდნელად და, ჩვეულებრივ, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციის გადატანიდან 1-2 კვირის შემდეგ. როგორც ითქვა, შეტევა შესაძლოა იმდენად მძიმე იყოს, რომ გულისრევა და ღებინებაც კი ახლდეს თან. წესისამებრ, თავბრუხვევა თანდათანობით (რამდენიმე დღეში ან კვირაში) გაივლის, მაგრამ ერთი თვის შემდეგ (ან უფრო გვიან) თავის მკვეთრ, უხერხულ მოძრაობას შესაძლოა ხელახალი შეტევა მოჰყვეს.
ლაბირინთიტის სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია სმენის დაქვეითება, ყურებში ხმაური. იშვიათად, როცა ლაბირინთიტის მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა, სმენის დაქვეითებამ შესაძლოა მუდმივი ხასიათი მიიღოს.

დიაგნოსტიკა. ლაბირინთიტის დიაგნოსტირება ხდება ავადმყოფის ჩივილებისა და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე. გარდა ამისა, თავბრუხვევის მიზეზის დასადგენად ტარდება სპეციალური ტესტი. როდესაც მიზეზი გაურკვეველია, ტარდება შემდეგი კვლევები:

  • ელექტრონისტაგმოგრაფია. ეს მეთოდი ეფუძნება თვალის კაკლის მოძრაობათა რეგისტრირებას, რომლებიც ელექტროდების საშუალებით ფიქსირდება. თუ მიზეზი შიგნითა ყურშია საძიებელი, თავბრუხვევას ახასიათებს თვალის კაკლის განსაზღვრული ტიპის მოძრაობა, ხოლო ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით განპირობებული თავბრუხვევის შემთხვევაში თვალის კაკლის მოძრაობა განსხვავებული ტიპისაა.
  • მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია. ეს მეთოდები იძლევა თავის ტვინის პათოლოგიების (ინსულტი, სიმსივნე) აღმოჩენის საშუალებას.
  • სმენის გამოკვლევა. ტარდება სმენის დარღვევის აღმოსაჩენად.
  • ტვინის ღეროს სასმენი უბნის ტესტ-პასუხი. ამ გამოკვლევით ირკვევა, ნორმალურია თუ არა შიგნითა ყურიდან თავის ტვინისკენ მიმავალი ნერვის ფუნქცია. ამ ტესტის დროს სმენის დაქვეითება ადასტურებს მენიერის დაავადების არსებობას.
  • აუდიომეტრია სუბიექტურად საზღვრავს, როგორ ესმის ადამიანს.

მკურნალობა. ჩვეულებრივ, ლაბირინთიტის სიმპტომები თავისთავად გაივლის. თუ დაავადების მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა, წესისამებრ, ინიშნება ანტიბიოტიკები. ვირუსული ინფექციის მკურნალობა ანტიბიოტიკებით არ ხდება. ლაბირინთიტის მედიკამენტური მკურნალობა ჰგავს მენიერის დაავადების მკურნალობას - იგი წარმოადგენს სიმპტომურ თერაპიას, რომელიც დაავადების გამოვლინებათა შესამცირებლად არის მიმართული.

ლაბირინთიტის სამკურნალოდ იყენებენ:

  • ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის - ცერუკალს, კომპაზინს, ფენეგრანს. მათი მეშვეობით ხერხდება თავბრუხვევის შეტევის თანმხლები გულისრევისა და ღებინების მოხსნა.
  • ანტიჰისტამინურ საშუალებებს. ეს პრეპარატები შველის როგორც გულისრევასა და ღებინებას, ისე თავბრუხვევას. მათ რიცხვს მიეკუთვნება დიმედროლი, სუპრასტინი, ფენკაროლი, დიაზოლინი და სხვა.
  • სტეროიდულ პრეპარატებს, მაგალითად, ისეთს, როგორიც არის მეთილპრედნიზოლონი. ისინი ამცირებენ ანთებით პროცესს.
  • სკოპალამინი. ეს პრეპარატი მიეკუთვნება ქოლინობლოკატორების ჯგუფს. სპეციალური ფირფიტის ფორმის სკოპალამინს იკრავენ ყურის უკან. იგი ამცირებს გულისრევის შეგრძნებასა და ღებინებას ლაბირინთიტისა და მენიერის დაავადების დროს.
  • სედაციური საშუალებები (მაგალითად, დიაზეპამი, ლორაზეპამი და სხვა). მათი მეშვეობით ამსუბუქებენ გულისრევის, ღებინებისა და მოუსვენრობის შეგრძნებას.

შიგნითა ყურის ბაქტერიული ანთების დროს, თუნდაც მედიკამენტური თერაპიის შედეგად ინფექციის ლიკვიდირება მოხერხდეს, შესაძლოა, ავადმყოფს თავბრუხვევა აწუხებდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ესეც გაივლის.

24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,