რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
წაბლი  - Castanea Sativa Mill - Каштан посевной

წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ სიმსხოს ხეებიც. ყლორტები თეთრმეჭებიანი მოყავისფრო ქერქიანია. ხნიერი ტოტები კი ნაცრისფერკანიანია, ღეროს ქერქი მუქი-მოყავისფროა, ღრმად დაღარული.
10-25 სმ სიგრძის ლანცეტა, კიდეხერხკბილა, ზემოდან შიშველი ან სუსტად შებუსვილი, ქვემოდან დატოტვილი ბეწვებით შებუსვილი, ტყავისებრი ბოლოწვეტიანი ფოთლები ყლორტებსა და ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული.
ერთსახლიანი მცენარეა სქესგაყოფილი ყვავილებით. მამრობითი ყვითელი ყვავილები გრძელ აღმამდგომ თავთავისებ მჭადა თანაყვავილედებშია შეკრებილი, რომელთა სიგრძე 10-35 სმ ფარგლებში მერყეობს, სიმსხო კი 1 სმ-მდე აღწევს. თანაყვავილედთა უმეტესობა კი მხოლოდ მამრობითი ყვავილებისაგან შედგება, ნაყოფი ერთთესლიანი, ტყავისებრ კანიანი კაკალია. სამ-სამი, იშვიათად 1-7 ნაყოფი ბურთისებრ მრგვალი და ხშირეკლებიან საერთო საბურველშია გახვეული, რომელიც მომწიფებისას 4 სეგმენტად სკდება და ნაყოფები სცვივა.
წაბლი იფოთლება აპრილ-მაისში, ყვავის ივნის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება და სცვივა სექტემბერ-ოქტომბერსა და ზოგჯერ ნოემბერში, რამდენიმე წლის განმავლობაში ერთხელ უხვად ნაყოფმსხმოიარობს, ცოტა კი თითქმის ყოველ წელს ასხია. გავრცელებულია უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი, სამეგრელო, რაჭა, იმერეთი, აჭარა, გურია). აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება ბორჯომის ხეობაში, სურამ-ქვიშხეთსა და სამხრეთ ოსეთში. კახეთში ალაზნის მარცხენა ნაპირის მხარეშია გავრცელებული ახმეტიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე. გავრცელებულია ბარსა და მთის შუა სარტყელში ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე. ამ ნაშრომის ავტორთა მიერ შიდა აჭარაში არცთუ იშვიათად აღწერილია 1700-1800 მეტრზეც ზღვის დონიდან. მაგრამ საუკეთესო ზრდით ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე გამოირჩევა.
ხშირად შერეულია მუხასთან, წიფელთან, სოჭსა და რცხილასთან. ერთ ჰექტარზე წაბლის მარაგი მისთვის ზრდის ოპტიმალური პირობებში 400-600 კუბმეტრს შეადგენს. იგი მეზოფიტი და სიცივის ნაკლებ ამტანი ჯიშია. კარგად იზრდება ტენით უზრუნველყოფილ ღრმა ნოყიერ ნიადაგებზე მთის შუა სარტყელში. მისი მერქანი მეტად მაღალხარისხოვანი და ფრიად გამძლეა ლპობისა და მავნე ენტომოფაუნის მიმართ. ფართოდ გამოიყენება მშენებლობასა და საავეჯო წარმოებაში, სხვადასხვა სახის საყრდენ მასალად სოფლის მეურნეობაში. ვიტამინებით მდიდარი მწვანე ნეკერი ფართოდ გამოიყენება მეცხოველეობაში.
ნაყოფი 60 პროცენტამდე სახამებელს, 15 პროცენტამდე შაქრებს, თითქმის 6 პროცენტამდე ცილებს და 2 პროცენტამდე ცხიმებს შეიცავს. მეტად ყუათიანია და კარგი გემოთიც გამოირჩევა, განსაკუთრებით მოხარშულ ან შემწვარ მდგომარეობაში. გამოიყენება ტორტების, შაქარლამის, ნაყინის, კანფეტების და სხვა კულინარიული ნამზადისათვის. ხმელი წაბლის ფქვილით ამდიდრებენ პურის ფქვილს, იყენებენ ყავის შემცვლელად. საუცხოო საკვებია როგორც გარეული, ასვე შინაური ცხოველებისათვის. საშუალო საჰექტარო მოსავალი ტყეში 1 ტონამდე აღწევს.
წაბლის თითქმის ყველა ორგანო ტანინებით მდიდარია (მერქანში 8-18, ქერქში - 10, ნაყოფის ეკლიან საბურველში - 8-20, ახლად ჩამოცვენილ ფოთოლში - 12, დაცვენილ ყვავილედებში - 13 პროცენტი). ფართო შესაძლებლობები ისახება მისი მთრიმლავი ექსტრაქტების წარმოებაში დასანერგავად. ამ მიმართებით ნედლეული საკმაოდ უნდა იყოს, რადგან ჩამოცვენილი ფოთლების მასა ერთ ჰექტარზე 2000 კგ, თანაყვავილედები - 400 და ეკლიანი საბურველი 800 კგ შეადგენს.
წაბლი ფართოდ ცნობილი შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა. ფოთლები K ვიტამინითა და ტანინებით სიმდიდრის გამო ხალხურ მედიცინაში შიდა ორგანოებში სისხლჩაქცევების დროს გამოიყენება. ქერქისაგან მაღალხარისხოვანი მელანი მზადდება. ყლორტები, ფოთლები და ნაყოფის კანი შავად და მუქყავისფრად ღებავს ქსოვილებს, საღებავად გამოიყენება ქერქიც.

 

ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად