გესტოზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

გესტოზი - Gestosis - гестоз

გესტოზი ორსულობის გართულებაა, რომლის დროსაც ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების, განსაკუთრებით - სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის მიმოქცევის, დისფუნქცია. გესტოზის პირველი კლინიკური სიმპტომია შეშუპება, რომელსაც მედიცინაში ორსულთა წყალმანკს უწოდებენ. მეტწილად შუპდება ქვედა კიდურები და ხელის მტევნები. მოგვიანებით ვლინდება არტერიული წნევის მატება და შარდში ცილების გაჩენა, რაც დაავადების სიმძიმეზე მეტყველებს. ამ სიმპტომების შემჩნევისას აუცილებელია მეან-გინეკოლოგთან ვიზიტი, ვინაიდან შესაძლოა, გესტოზმა ორსულის ჯანმრთელობასა და ნაყოფის განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედოს.
გესტოზი სხვადასხვანაირად ვლინდება, დაწყებული გაჭიანურებული, ნაკლებად გამოხატული ფორმით (რომელიც ორსულს შესაძლოა არც კი აწუხებდეს), ელვისებური და ლეტალური ფორმების ჩათვლით. განასხვავებენ მის სამ კლინიკურ ფორმას: ორსულთა შეშუპებას, პრეეკლამფსიასა და ეკლამფსიას.
შეშუპება შეიძლება იყოს როგორც აშკარა, ისე ფარული. გესტოზის ადრეულ სტადიაში ვითარდება ფარული შეშუპება, რაც ქსოვილებში სითხის შეკავებით არის განპირობებული. ამ დროს შარდმდენებით თვითმკურნალობა არამცთუ არ ამცირებს შეშუპებას, არამედ აუარესებს ორსულისა და ნაყოფის ზოგად მდგომარეობას.
ორსულობისას განვითარებული შეშუპება ყოველთვის გესტოზის ბრალი არ არის, ამიტომ დიაგნოზის დასაზუსტებლად და მართებული მკურნალობის შესარჩევად აუცილებელია მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია.
პრეეკლამფსია უვითარდება ორსულთა 5%-ს (მეტწილად - პირველმშობიარეებს) ორსულობის მე-20 კვირიდან მშობიარობის შემდგომ პირველ კვირამდე. ვლინდება სამი ძირითადი სიმპტომით: შეშუპებით, ჰიპერტენზიითა და პროტეინურიით.
ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) გესტოზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, რადგან სისხლძარღვების სპაზმის ხარისხს ასახავს. ამ დროს სისტოლური წნევა 30 მმ. ვწყ. სვ-ით იმატებს, დიასტოლური კი - 15 მმ. ვწყ. სვ-ითა და მეტით.
მძიმე პრეეკლამფსია მეტწილად ცნს-ის, კერძოდ, თავის ტვინის სისხლით მომარაგების დარღვევით გამოიხატება. ორსული უჩივის კეფაში სიმძიმის შეგრძნებას ან თავის ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას, მხედველობის დარღვევას. მოსალოდნელია ცვლილებები ფსიქიკურ სფეროში, კერძოდ, მომხდარის არაადეკვატური აღქმა.
ეკლამფსია გესტოზის ყველაზე მძიმე სტადიაა და რთული სიმპტომოკომპლექსი ახასიათებს. ყველაზე ტიპური ნიშანია განივზოლიანი კუნთების კრუნჩხვა. შეტევისას არტერიული წნევის ნახტომისებრი ზრდის გამო შესაძლოა თავის ტვინის სისხლძარღვი გასკდეს და განვითარდეს ინსულტი, ანუ ქალასშიგა სისხლჩაქცევა. არ არის გამორიცხული პლაცენტის ნაადრევი აშრევება, რაც ხშირად ნაყოფის სიკვდილის მიზეზად იქცევა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გესტოზის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე. ადრეული დიაგნოსტირებისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა ქალთა კონსულტაციაში ორსულობის ადრეულ სტადიაში მისვლა. იქ ქალს რეგულარულად ჩაუტარებენ აუცილებელ გინეკოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროებისას კონსულტაციისთვის გაგზავნიან სხვადასხვა სპეციალისტთან.
გთავაზობთ იმ გამოკვლევათა ჩამონათვალს, რომლებიც დასჭირდება ორსულს, თუ გინეკოლოგმა გესტოზი იეჭვა:
სისხლის საერთო ანალიზი ერითროციტებისა და თრომბოციტების აბსოლუტური რაოდენობის განსაზღვრით;
სისხლის ბიოქიმიური ანალიზი - სისხლში  ცილებისა და ელექტროლიტების კონცენტრაციის, შარდმჟავასა და კრეატინინის განსაზღვრა;
სისხლის კოაგულოგრამა;
შარდის ანალიზი;
დიურეზის კონტროლი (ორგანიზმში სითხის დაგროვების კონტროლი შესაძლებელია დღე-ღამის განმავლობაში მიღებული და გამოყოფილი სითხის ოდენობის შედარებით და დინამიკაში სხეულის წონის კონტროლით);
არტერიული წნევის გაზომვა დინამიკაში ორივე ხელზე, ვინაიდან სისხლძარღვოვანი სპაზმის შემთხვევაში მარჯვენა და მარცხენა ხელებზე აღრიცხული მაჩვენებლები შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს;
სხეულის წონის კონტროლი;
თვალის ფსკერის დათვალიერება, ვინაიდან თვალის ფსკერის სისხლძარღვთა მდგომარეობის ანალოგიური იქნება თავის ტვინის და ზოგადად სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა;
ექოსკოპიური კვლევა და ნაყოფის დოპლეროდათვალიერება;
თერაპევტის, ნეფროლოგისა და ნევროლოგის კონსულტაცია

მკურნალობა. თანამედროვე მედიცინას არ შესწევს გესტოზისგან სავსებით განკურნების უნარი, მაგრამ მდგომარეობის კონტროლი უმეტესად შესაძლებელია. დროული და მართებულად შერჩეული მკურნალობით მედიკოსებს შეუძლიათ, თავიდან აგვაცილონ გესტოზის მძიმე ფორმა. თვითმკურნალობა დაუშვებელია - პროფესიონალური და ინდივიდუალური თერაპიის გარეშე გესტოზი შესაძლოა დამძიმდეს და საფრთხე შეუქმნას ორსულისა და ნაყოფის სიცოცხლეს.
გესტოზის მკურნალობის მთავარი პრინციპებია:

  • ქალის ნერვული სისტემისთვის სამკურნალო-დამცველობითი რეჟიმის შექმნა, დაავადების სიმძიმის კვალობაზე, სხვადასხვა პრეპარატის დანიშვნა (შავბალახათი და კატაბალახათი დაწყებული, ძლიერმოქმედი დამამშვიდებელი საშუალებებით დამთავრებული);
  • სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციის აღდგენა მედიკამენტების დახმარებით;
  • პირობების შექმნა დროული და გაურთულებელი მშობიარობისთვის.

როდესაც გესტოზი მკურნალობას ემორჩილება, მეან-გინეკოლოგი ნაადრევი მშობიარობის სტიმულაციას არ ახდენს. ასეთი რამ ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მკურნალობა უეფექტოა და ორსულისა და ბავშვის მდგომარეობა უარესდება. გესტოზის იოლი ფორმების მკურნალობა შესაძლებელია შინაც, რთულ შემთხვევებში კი თერაპია აუცილებლად საავადმყოფოში უნდა წარიმართოს.

 

 

მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად