რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

რა საფრთხეს უქადის გრიპი ბავშვებს

რა საფრთხეს უქადის გრიპი ბავშვებს

გვესაუბრება ინფექციონისტი, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი რუსუდან ჭელიძე.

- როგორ შეიძლება დაინფიცირდეს ბავშვი გრიპის ვირუსით?
- ჯანმრთელი ბავშვის ორგანიზმში გრიპის ვირუსი შეიძლება შეიჭრას ჰაერწვეთოვანი გზით - მოგეხსენებათ, ავადმყოფის სასუნთქი გზებიდან გამოყოფილი სეკრეტი ლაპარაკის, ხველების, ცხვირცემინების დროს ჰაერში რამდენიმე წუთის განმავლობაში რჩება. ჯანმრთელი ორგანიზმის დასაინფიცირებლად საჭიროა შედარებით ახლო კონტაქტი. ვირუსის გადაცემა შესაძლებელია აგრეთვე საწოვარას, სათამაშოების, ჭურჭლისა და სხვა საგნების მეშვეობით.

- რა თავისებურებები ახასიათებს ბავშვებში გრიპის მიმდინარეობას?
- A და B ვირუსებით გამოწვეული გრიპი ფაქტობრივად ერთგვაროვნად მიმდინარეობს. კლინიკური მიმდინარეობის თავისებურება არსებითად ასაკზეა

დამოკიდებული. მოზარდებში დაავადება მიმდინარეობს კლასიკური ფორმით, ხოლო მცირე ასაკში კლინიკური სურათი საკმაოდ მრავალფეროვანი და ცვალებადია. დაავადება იწყება მწვავედ, უეცრად, ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მომატებით, შემცივნებით, თავბრუხვევით, ხახის სიწითლით, სისუსტით, კუნთების ტკივილით, ტეხის შეგრძნებით. აღინიშნება უკუდამოკიდებულება სხეულის ტემპერატურასა და ასაკს შორის და პირიქით, საერთო დარღვევების სიმძიმე კი
ასაკზეა დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება, ხოლო სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა საერთოდ არ მოიმატოს. ყელის ტკივილი კატარული ფარინგიტით არის გამოწვეული. იმავდროულად ვითარდება ცრემლდენა, სინათლის შიში, წვისა და ტკივილის შეგრძნება თვალის კაკლის მოძრაობისას. ეპიდემიური აფეთქების დროს ბავშვების 1/3-ს აღენიშნება დიარეა. 2 დღის შემდეგ კლინიკური გამოვლინებები მძაფრდება, ტემპერატურა აღწევს მაქსიმუმს და 2-5 დღე გრძელდება. როდესაც გრიპი გართულებების გარეშე მიმდინარეობს, ავადმყოფი უფრო მეტხანს უჩივის თავის ტკივილს, განსაკუთრებით - საფეთქლის, შუბლის, თვალის ორბიტის, თვალის კაკლის, კისრის მიდამოებში. ზოგჯერ კისრის მოძრაობა შეზღუდულია, რაც ავადმყოფს იძულებულს ხდის, საჭიროებისას მთელი სხეულით მობრუნდეს. მკვეთრად ეცემა მადა, ირღვევა ძილი. ხშირად ვითარდება ღებინება, უფრო მეტად - ჭამის ან წამლის მიღების შემდეგ. მძიმე შემთხვევებში მოსალოდნელია ჰალუცინაცია, კისრის კუნთების დაჭიმულობა, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვა. ასიდან 20-30 შემთხვევაში ზემო სასუნთქი გზების კატარი პირველ დღეებში შესაძლოა მკვეთრად არ იყოს გამოხატული, მე-2-3 დღეს კი ყველას აქვს კატარული მოვლენები:
. ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
. სურდო;
. ხველა, ზოგჯერ ხმის ჩახლეჩაც;
. ქოშინი;
. გაძლიერებული ოფლიანობა.

გაურთულებელი გრიპის დროს ტემპერატურა 2-3, იშვიათად 5 დღე გრძელდება. ტემპერატურის ახალი ტალღა უფრო გართულებასთან არის დაკავშირებული.  მე-3-4 დღეს საერთო ინტოქსიკაციური მოვლენები ქრება და წამყვანი ხდება სასუნთქი ორგანოებისმხრივი სიმპტომები, მათ შორის - მშრალი ხველა, რომელიც 4-10 დღეს გასტანს. დაავადებიდან 1 კვირის შემდეგ, მდგომარეობის გაუმჯობესებისას, ხშირად იჩენს თავს კუნთების (უმეტესად კანჭის ტყუპი კუნთის) ტკივილი.


- როგორია გრიპის მიმდინარეობა ასაკის მიხედვით, არსებობს თუ არა ამ მხრივ განსხვავება ჩვილებსა და უფრო მოზრდილ ბავშვებს შორის?
- ახალშობილებსა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში გრიპი იწყება თანდათანობით, ტემპერატურის უმნიშვნელო მატებით. ინტოქსიკაციის ნიშნები სუსტად არის გამოხატული. დამახასიათებელია სიფითრე, უმადობა, ზოგჯერ - სუსტი ხველა, ცხვირის გაგუდვა. ხშირად ვითარდება განმეორებითი ღებინება. კრუპის სინდრომი იშვიათია, ფილტვების სეგმენტების დაზიანება არ არის დამახასიათებელი. წლამდე ასაკის ბავშვებში, მიუხედავად დაავადების დასაწყისში სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციისა, შემდგომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, რაც ბაქტერიული ინფექციის დართვით და ჩირქოვანი გართულებებით - ოტიტით, ბრონქიტით, პნევმონიით არის განპირობებული. ამ ასაკში სიკვდილიანობა მოზრდილ ბავშვებთან შედარებით 3-ჯერ მაღალია. 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში გრიპი ხშირად მიმდინარეობს მძიმე ინტოქსიკაციით, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით და მენინგოენცეფალური სინდრომით, კატარული მოვლენები კი სუსტად არის გამოხატული. შესაძლოა განვითარდეს ასთმური და კრუპის სინდრომი, ფილტვების სეგმენტური დაზიანებები. გართულებებიდან გვხვდება ოტიტი, სინუსიტი (დანამატი ღრუების ანთება), კეროვანი პნევმონიები.


- რას გვეტყვით ბავშვებში მკურნალობის თავისებურებების შესახებ?
- რაც არ უნდა მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდეს დაავადება, აუცილებელია ექიმის გამოძახება, მდგომარეობის შეფასება და სათანადო მკურნალობის დანიშვნა. ავადმყოფის საავადმყოფოში გადაყვანა საჭიროა,  თუ გრიპი მიმდინარეობს მძიმედ ან გართულებული ფორმით. სხვა შემთხვევებში მკურნალობა შინაც შეიძლება. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ოთახის ხშირი განიავება, კალორიული საკვების: რძისა და მისი ნაწარმის, ბოსტნეულის, ხილის წვენების, ხილის, დიდი რაოდენობით სითხის - უგაზო მინერალური წყლის, ასკილის ნაყენის მიღება. სასურველია ასკორბინის მჟავას (ჩ ვიტამის), დ და B ჯგუფის ვიტამინების მიღებაც. მაღალი სიცხის, თავისა და კუნთების ტკივილის მოსახსნელად საჭიროა სითხის უხვად სმა, პარაცეტამოლისა და იბუპროფენის მიღება. ყოველი პრეპარატი ინიშნება ასაკის შესაბამისი დოზითა და სხვადასხვა ფორმით (სანთელი, სიროფი, ტაბლეტი). კრუნჩხვისა და აგზნების სინდრომების დროს ინიშნება სედაციური საშუალებები (დიაზეპამი, რელანიუმი). ასევე ეფექტურია, განსაკუთრებით ჩვილ ასაკში, ანტივირუსული პრეპარატები.


- ინიშნება თუ არა ანტიბიოტიკი გრიპის სამკურნალოდ?
- გრიპის და საზოგადოდ ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ანტიბიოტიკები უეფექტოა. მათი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ გართულებული ფორმების დროს, როცა აქტიურდება ბაქტერიული ფლორა და გრიპს დაერთვის ოტიტი, პნევმონია, სინუსიტი, ბრონქიტი. ამ შემთხვევაშიც ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს შესაბამის ლაბორატორიულ გამოკვლევებზე (სისხლის საერთო ანალიზი, გულმკერდის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა, ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა) დაყრდნობით და არამც და არამც თვითნებურად, როგორც, სამწუხაროდ, ხშირად ხდება.


- როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან?
- ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას და ავადმყოფის მოვლას. ოთახი ხშირად უნდა ნიავდებოდეს და ლაგდებოდეს სველი წესით - სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით. ამავე ხსნარებით უნდა დამუშავდეს ავადმყოფი ბავშვის ნივთები, ჭურჭელი, სათამაშოები. მომვლელს უნდა ეკეთოს ნიღაბი. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა საპნით (და არა წყლის გადავლება!). ნახველი და სასუნთქი გზების სეკრეტი (სურდო), პირნაღები მასები - ინფექციის წყაროა! საავადმყოფოებში ოთახების დეზინფექცია დამატებით ულტრაიისფერი სხივებითაც ტარდება. გრიპისგან თავის დასაცავად ზრუნვა ადრევე უნდა დაიწყოთ - ჩაიტაროთ ვაქცინაცია გრიპის საწინააღმდეგო თანამედროვე ინაქტივირებული პოლივალენტური ვაქცინით. სამწუხაროდ, გრიპის ეფექტური ვაქცინის მიღება ძნელია, ვინაიდან ვირუსი ხშირად განიცდის ანტიგენურ ცვლილებებს. იმუნიტეტიც ხანმოკლეა, არა უმეტეს 1 წლისა. ამდენად, ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ყოველწლიურად გრიპის სეზონის მოახლოებამდე, სექტემბერ-ოქტომბერში, უკიდურეს შემთხვევაში - არა უგვიანეს ნოემბრისა. გრიპის სეზონზე, მით უმეტეს ეპიდემიის დროს, მოარიდეთ პატარები მასობრივი თავშეყრის ადგილებს, თეატრებს, ბავშვთა გასართობ ცენტრებს. ხშირად ასეირნეთ სუფთა ჰაერზე მზიან, უქარო ამინდში, მიაჩვიეთ ხელების ხშირად დაბანას.


 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად