რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

გენიტალიების წყლული

გენიტალიების წყლული

გენიტალიებზე წყლული სხვადასხვა მიზეზით ჩნდება, მიზეზის ცოდნას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის სწორად წარმართვისთვის. გვესაუბრება კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვირუსული პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტის სწავლული მდივანი ვახტანგ კვირკველია.


- ბატონო ვახტანგ, რომელი დაავადებები აჩენს გენიტალიებზე წყლულს?
- ყველაზე ხშირად - გენიტალიური ჰერპესი, სიფილისი და შანკროიდი. საბედნიეროდ, საქართველოში შანკროიდი არ გვხვდება, ის უმთავრესად ტროპიკული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გენიტალიებზე წყლულის გაჩენა შესაძლოა სრულიად არ უკავშირდებოდეს ინფექციას და ტრავმული ან მექანიკური ხასიათისა

იყოს, მაგალითად, კონტაქტური დერმატიტის გართულების შედეგად ეროზიისგან ჩამოყალიბდეს.

 

გენიტალიური ჰერპესი
გენიტალიური ჰერპესი ძალიან გავრცელებული ინფექციაა. სამწუხაროდ, ინფიცირებულია მოსახლეობის ნახევარზე მეტი. შესაძლოა, გადაჭარბებად მოგეჩვენოთ, მაგრამ  ასეა. უნდა ითქვას, რომ აქედან აქტიური ფორმა მხოლოდ 5-10%-ს აღენიშნება, დანარჩენი ამ ინფექციის ფარული მატარებელია, მაგრამ ვირუსის მატარებელიც ინფექციის წყაროს წარმოადგენს.

მეტიც - უმთავრესად სწორედ ის ავრცელებს დაავადებას, რადგან როცა განვითარებულია ბუშტუკები, წყლულები, მათი მტკივნეულობის გამო ადამიანი სქესობრივი კონტაქტისგან თავს იკავებს. შესაბამისად, ინფექციას ავრცელებს ის, ვინც არაფერს უჩივის და თავი ჯანმრთელი ჰგონია.


- როგორია გენიტალიური ჰერპესის პირველი ნიშნები და როდის ჩნდება წყლული?
- როდესაც ვირუსი გენიტალიების ლორწოვანს აზიანებს, თავდაპირველად ჩნდება კვანძი, შემდგომ კი მისგან ყალიბდება პატარა ბუშტუკები, რომლებიც სეროზული სითხით არის სავსე. შემდეგ ეს ბუშტუკი სკდება, წყლულდება, ამას მოსდევს ეპითელიზაცია და უკვალოდ გაქრობა.


- მკურნალობის გარეშე თუა შესაძლებელი ჰერპესული გამონაყარის გაქრობა?
- დიახ, შესაძლებელია. ჰერპესს ახასიათებს ეპიზოდური გამწვავება, რომელიც რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის. მაგრამ გამონაყარის ალაგება არ ნიშნავს გამოჯანმრთელებას - დაავადება ფარულ ფორმაში გადადის.


- რა საჭიროა მკურნალობა, თუ ჰერპესული გამონაყარი თავისთავად, მკურნალობის გარეშე ლაგდება?
- მკურნალობა აუცილებელია, თუმცაღა, სამწუხაროდ, ვირუსის განადგურება ვერ ხერხდება. მკურნალობის მიზანია, გამწვავების ეპიზოდი გაგრძელდეს რაც შეიძლება მოკლე ხანს, იყოს რაც შეიძლება ნაკლებ მტკივნეული და შემაწუხებელი. დროული მკურნალობის შედეგად წყლული შესაძლოა საერთოდ არ გაჩნდეს, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, გამწვავება ნებისმიერ შემთხვევაში ხანმოკლე და მსუბუქი იქნება.


- ჰერპესის დროს მხოლოდ ადგილობრივი მკურნალობა ტარდება თუ ინიშნება შინაგანად მისაღები პრეპარატებიც?
- ეფექტური სწორედ შინაგანად მისაღები პრეპარატებია. ადგილობრივი ანტივირუსული საშუალებების გამოყენება არ არის ეფექტიანი, ვინაიდან ვირუსი ნერვულ განგლიებშია ჩაბუდებული და მათი საშუალებით მისი გაწოვა ვერ მოხდება. მაგრამ დაზიანებული არის დამუშავება აუცილებელია, რათა მეორეული ინფექციის თანდართვა თავიდან ავიცილოთ. ამისთვის საჭიროა ხშირი დაბანა, ანტისეპტიკური ხსნარებით (ფიზიოლოგიური ხსნარით, უფერო კასტელანით) დამუშავება და ისეთი საფენების დადება, რომლებიც წყლულის გაშრობას და სწრაფ ეპითელიზაციას (შეხორცებას) შეუწყობს ხელს. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ გენიტალიური ჰერპესის პირველადი გამოვლინების შემთხვევაში ხშირია აგრესიული მიმდინარეობა და აუცილებელია ანტივირუსული პრეპარატების (ტაბლეტები) მიღება, რაც ხელს შეუწყობს ნევრალგიების, ცხელების  და სხვა სიმპტომების განვითარების თავიდან აცილებას. რეციდივები შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ანტივურუსული პრეპარატების დანიშვნის საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. პაციენტი, რომელსაც ხშირად აქვს რეციდივი, ჰერპესული გამონაყარის ანუ ბუშტუკებისა და წყლულების გაჩენამდე გრძნობს მოსალოდნელ რეციდივს - აღენიშნება მცირე სიწითლე, დისკომფორტი... ამ დროს ანტივირუსული პრეპარატის თუნდაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიღება საკმარისი იქნება რეციდივის შესაფერხებლად. არსებობს რეციდივის აღკვეთის მეორე გზაც - თუ რეციდივი ხშირია, მაგალითად, წელიწადში 5-6-ჯერ მეორდება, მაშინ შეიძლება დაინიშნოს სუპრესიული თერაპია - პაციენტმა მუდმივად მიიღოს ანტივირუსული პრეპარატები. ეს ეფექტიანია, მაგრამ პრეპარატის შეწყვეტის შემთხვევაში შეუძლებელია პროგნოზირება, განვითარდება თუ არა რეციდივი.


- საპროფილაქტიკოდ როგორ მოვიქცეთ?
- პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორის ყოლა. ქრონიკული ინფექციის არსებობისას კი პროფილაქტიკა მიმართული უნდა იყოს გამწვავებათა აღსაკვეთად, თავიდან ასაცილებლად. ფარულ პერიოდში ნებისმიერი თანდართული ინფექცია, ფილტვების ანთება იქნება ეს, გაციება, გრიპი თუ სხვა,  ააქტიურებს ჰერპესის ვირუსს, ამიტომ რისკფაქტორების თავიდან აცილებასაც უნდა ვეცადოთ, ლატენტურ მდგომარეობაში მყოფ ვირუსს შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ არ გააქტიურდეს. ვგულისხმობ სრულფასოვან კვებას, სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნას, დადებით ემოციებს და სხვა.

 

სიფილისი
წყლული სიფილისის პირველი სტადიისთვის არის დამახასიათებელი. დაავადების გამომწვევია ბაქტერია მკრთალი სპიროქეტა. ჰერპესის ვირუსისგან განსხვავებით, იგი მკურნალობას ექვემდებარება, მაგრამ მისგან განკურნების კრიტერიუმები არ არსებობს - იმის გამო, რომ  სპიროქეტა ძალიან ლაბილურია (ნიადაგზე არ იზრდება, ანილინის საღებავებით არ იღებება და ასე შემდეგ), ლაბორატორიულად მისი დაფიქსირება ძნელია, მხოლოდ მის მიმართ გამომუშავებული ანტისხეულების აღმოჩენა შეგვიძლია. ანტისხეულები სიფილისის გადატანის შემდეგაც რჩება ორგანიზმში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ავადაა. ძნელი დასადგენია, ხომ არ დარჩა სადმე ერთი ბაქტერია მაინც, ამიტომ ადამიანი, რომელმაც სიფილისი გადაიტანა, ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს და თუ ოდესმე ექიმს მიმართა, აუცილებლად უთხრას, რომ სიფილისი აქვს გადატანილი, რათა პირველ რიგში ამ დაავადების რეციდივი გამოირიცხოს. წყლული სიფილისის პირველი გამოვლინებაა და უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გართულების გარეშე გაივლის. საშიშია სიფილისის მოგვიანებითი სტადიები.


- წყლული სიფილისის დროს მხოლოდ გენიტალიებზე ჩნდება?
- წყლული წარმოიქმნება ბაქტერიის შეჭრის ადგილას. რასაკვირველია, ყველაზე ხშირად გენიტალიებზე ლოკალიზდება, მაგრამ შესაძლოა, სხეულის სხვა ნაწილზეც გაჩნდეს. გამომწვევის შეჭრიდან 2-6 კვირის შემდეგ შეჭრის ადგილას ჩნდება კვანძი, რომელიც ეროზირდება და წყლულად გარდაიქმნება. ამ უკანასკნელს არ ახასიათებს არც წვა, არც ქავილი და არც ტკივილი, რის გამოც პაციენტმა შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოს. ეს არის სიფილისის დამახასიათებელი პირველი სიმპტომი - მაგრამ შანკრი. ორ წლამდე სიფილისი კეთილთვისებიანად მიმდინარეობს და მისი განკურნება პრობლემას არ წარმოადგენს, ამგარმ თუ მკურნალობა არ ჩატარდა, განვითარდება სიფილისის მოგვიანებითი სინდრომი - ნეიროსიფილისი, კარდიოვასკულარული სიფილისი და სხვა, რამაც შესაძლოა შეუქცევად პროცესებამდე მიგვიყვანოს და ლეტალურად დასრულდეს.  ამიტომ ადამიანმა წყლულის აღმოჩენისთანავე უნდა მიმართოს ექიმს ინფექციური პათოლოგიის გამოსარიცხად.


- როგორ ადგენენ წყლულის წარმოშობას?
- ტარდება ორი სახის გამოკვლევა: ნაცხის შემოწმება მკრთალ სპიროქეტაზე და სისხლისა ანტისხეულებზე. სისხლში შეიძლება აღმოჩენილ იქნეს როგორც გენიტალიური ჰერპესისთვის, ისე სპიროქეტასთვის დამახასიათებელი ანტისხეულები. ეს საკმაოდ სპეციფიკური და  სარწმუნო ტესტებია. წყლულების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს აივ/შიდსის გამორიცხვა, რადგან სიფილისით დაავადების დროს სხვა ინფექციებით, მათ შორის აივ-ით ინფიცირების რისკი დიდია - წყლული ხომ ღია კარიბჭეს წარმოადგენს ყოველგვარი ინფექციისთვის.


- როგორ უნდა წარიმართოს მკურნალობა?
- სიფილისური წყლული თავისთავადაც ალაგდება, ის განსაკუთრებულ ადგილობრივ მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ აუცილებელია თვით სიფილისის მკურნალობა, რომელიც გამომწვევი ბაქტერიის განადგურებისკენ არის მიმართული.

 

არაინფექციური გენიტალიური წყლულები
- თუ გამოკვლევამ ვერავითარი ინფექციური აგენტი ვერ გამოავლინა, მაშინ მიზეზი მექანიკური ტრავმა ყოფილა. ამ შემთხვევაში მკურნალობა ადგილობრივად, გასაშრობი საშუალებებით ტარდება. ადგილობრივი მკურნალობის პარალელურად უნდა მოხდეს მექანიკური გაღიზიანების შეზღუდვა სრულ ეპითელიზაციამდე და ნორმალური ჯანმრთელი ქსოვილის ჩამოყალიბებამდე.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად