სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები

ყველასთვის კარგად ცნობილი გაციება, გრიპი და მისი მსგავსი დაავადებები – კრუპი, ბრონქიტი და ბრონქიოლიტი, პნევმონია ანუ ფილტვის ანთება – ამ მრავალფეროვნების თვალსაჩინო გამოვლინებაა. თითოეული ეს მდგომარეობა ხშირად განსაზღვრულ ვირუსს უკავშირდება, თუმცა ხშირად ერთსა და იმავე ვირუსს განსხვავებული კლინიკური სურათისა და სიმძიმის დაავადების გამოწვევა შეუძლია. ამავე დროს, ერთი და იგივე მდგომარეობა სხვადასხვა ვირუსის მიზეზიც შეიძლება იყოს. მაგალითად, რინოვირუსი, როგორც წესი, იწვევს სურდოს ანუ რინიტს, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი – ბრონქიოლიტს, მაგრამ, ამავე დროს, რინიტის მიზეზი შეიძლება გახდეს კორონავირუსი, ენტეროვირუსი, ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი; ბრონქიოლიტის მიზეზი კი პარაგრიპის, ადენო- და რინოვირუსები. ჩვენთვის კარგად ცნობილი მდგომარეობა, რომელსაც გაციებას ვუწოდებთ, ასევე ვირუსული ინფექციაა. „გაციება“ ხასიათდება მეტ-ნაკლებად გამოხატული შემდეგი სიმპტომებით: ყელში ფხაჭნის შეგრძნება, რაც შეიძლება ძლიერ ტკივილად გარდაიქმნას, სურდო, ცხვირის გაჭედვა, ხველა. დღეს ცნობილია, რომ მისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი მრავალ ვირუსთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ბოლო მონაცემების თანახმად კი, „გაციების“ სიმპტომების აღმოცენებისთვის სხეულის გადაციებას არავითარი როლი არ აქვს და არც გაციების სიმპტომების აღმოცენების ალბათობას ზრდის. დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შევეცდებით დავარღვიოთ არსებული სტერეოტიპი და სასუნთქი გზების ვირუსულ ინფექციებზე საუბარი არა ტრადიციულად გრიპითა და გაციებით, არამედ იმ დაავადებებით დავიწყოთ, რომლებმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ყურადღება მიიქციეს.

ფრინველის გრიპი

ფრინველის გრიპი შეიძლება იყოს გამოწვეული გრიპის ვირუსის რამდენიმე შტამით, რომლებიც, ჩვეულებრივ, ველური ფრინველების დაავადებას იწვევს. ინფექცია შეიძლება ადვილად გადაეცეს შინაურ ფრინველს, თუმცა ადამიანს იშვიათად გადაეცემა. ეს უპირატესად მაშინ ხდება, როცა ვირუსის გენეტიკური მასალა იცვლება, ანუ განიცდის მუტაციას და ამის შედეგად იძენს ადამიანის სასუნთქი გზების უჯრედებზე მიმაგრების უნარს. ფრინველის გრიპით დაავადებულ ყველა ადამიანს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ ფრინველთან. დაავადება ადამიანიდან ადამიანს პრაქტიკულად არ გადაეცემა, თუმცა სპეციალისტები შიშობენ, რომ შესაძლოა მუტაციამ დაავადების გადაცემა გააადვილოს. ასეთი მუტაციით ფრინველის გრიპი შეიძლება პანდემიის მიზეზი გახდეს.

ფრინველის გრიპის H5N1 შტამით ადამიანის დასნებოვნება პირველად 1997 წელს მოხდა ჰონგ-კონგში, შემდეგ დაავადება გავრცელდა ვიეტნამში, ინდონეზიაში, კამპუჩიაში, ჩინეთში, ტაილანდში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ჯიბუტიში, ეგვიპტესა და ერაყში. 2003 წლის შემდეგ აზიის, აფრიკის, წყნარი ოკეანის რეგიონის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 16 ქვეყანაში H5N1 ვირუსით ადამიანის ინფიცირების 860 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 454 სიკვდილით დამთავრდა. ადამიანის დაინფიცირების 1 შემთხვევა დადასტურდა 2019 წელს ნეპალში. 2013 წელს დაავადების აფეთქება მოხდა ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი მიზეზი გახდა ფრინველის გრიპის ვირუსის H7N9 შტამი. 2013 წლის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო ინფორმაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1500-ზე მეტი ინფიცირებისა და 615 სიკვდილის შემთხვევის შესახებ. ინფექცია ძირითადად აღმოცენდებოდა თემებში, სადაც მოიხმარდნენ ხორცს ცოცხალი ფინველის ბაზრიდან. 2019 წელს კონტინეტურ ჩინეთში დადასტურდა 1 შემთხვევა.

ჩინეთში ტარდება ფრინველის ვაქცინაცია H5 და H7 ვირუსით გამოწვეული ფრინველის გრიპის პროფილაქტიკისთვის. ვაქცინაციის ეს პროგრამა გვეხმარება გარეული ფრინველებიდან შინაური ფრინველებისთვის ვირუსის გადაცემის აღკვეთაში.

ფრინველის გრიპის ვირუსის სხვა შტამები ასევე გამხდარა ადამიანის ინფექციის აფეთქების მიზეზები, თუმცა ამ დროს ვირუსი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემოდა.

როგორ ვლინდება ფრინველის გრიპი

H5N1 და H7N9 შტამები, რომლებიც უხშირესად იწვევს ადამიანის დაავადებას ფრინველის გრიპით, მსგავს კლინიკურ ეფექტებს განაპირობებს. პაციენტს აქვს სუნთქვის გაძნელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ცხელება, ხველა, ყელისა და კუნთების ტკივილი). ზოგ პაციენტს უვითარდება კონიუნქტივიტი (თვალის გარსის ანთება) ან ფილტვების ანთება – პნევმონია. მძიმე სიმპტომების დროს დიდია სიკვდილობა.

ფრინველის გრიპის დიაგნოზი

თუ პაციენტი იყო რეგიონში, სადაც ფრინველებს გადააქვთ ინფექცია, ჰქონდა კონტაქტი ფრინველებთან ან დაავადებულ ადამიანთან, კლინიკური სიმპტომების აღმოცენებისას ტარდება ცხვირიდან ან ყელიდან აღებული მასალის ანალიზი.

პროფილაქტიკა და მკურნალობა

ინფექციის გავრცელება ფერხდება შინაური ფრინველების დასნებოვნების დადგენით და დაავადებული ფრინველის განადგურებით. გრიპის საწინააღმდეგო სტანდარტული ვაქცინა ფრინველის გრიპის პროფილაქტიკისთვის უეფექტოა. დაავადებულ ადამიანს უტარდება მკურნალობა გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატებით – ოსელტამივირით და ზანამივირით.

პანდემიური გრიპი H1N1 – ღორის გრიპი

პანდემიური გრიპი H1N1 – ღორის გრიპი გამოწვეული გრიპის A ვირუსის შედარებით ახალი შტამით.

2009 წელს აღმოცენდა გრიპის ვირუსის ახალი შტამით გამოწვეული ეპიდემია, რომელიც საკმაოდ ფართოდ გავრცელდა და პანდემიად შეფასდა. გამომწვევი იყო H1N1 გრიპის ვირუსის შტამი, რომელსაც ჰქონდა ღორის, ფრინველისა და ადამიანის გრიპის ვირუსის გენები. ვინაიდან პირველი შეტყობინებებისას დიდი ყურადღება ეთმობოდა ღორის გრიპის კომპონენტს, დაავადებამ „ღორის გრიპის“ სახელწოდება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ადამიანს უშუალოდ ღორებისაგან არ გადაეცემა. დაავადებული ადამიანისაგან ადამიანი ისევე ინფიცირდება, როგორც ჩვეულებრივი გრიპის დროს.

ჩვეულებრივი გრიპისაგან განსხვავებით, H1N1 გრიპი უფრო ხშირად ვითარდება და ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანთა სიკვდილსაც უფრო მეტად იწვევს, ვიდრე ხანში შესულებისას. ეს თავისებურება აიხსნება იმ გარემოებით, რომ H1N1 შტამი მკვეთრად განსხვავდება სხვა შტამებისაგან.

ღორები შეიძლება დასნებოვნდნენ გრიპის ვირუსის გარკვეული შტამებით, რომელთათვისაც სახელწოდება „ღორის გრიპი“ უფრო ზუსტია, ვიდრე H1N1 გრიპისათვის. ხშირად ღორის გრიპის შტამები რამდენადმე განსხვავებულია ადამიანისათვის საშიში შტამებისაგან. ასეთი შტამები იშვიათად გადაეცემა ადამიანს, თუმცა, თუ ეს ხდება, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შემდგომ უკვე იშვიათია.

H1N1 გრიპის სიმპტომები

H1N1 გრიპის სურათი კლინკურად მსგავსია ჩვეულებრივი გრიპისა. პაციენტს აქვს ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, სურდო, ტანში მტვრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, შემცივნება, სისუსტე. დამახასიათებელია ასევე გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. უმეტეს ნაწილს ეს სიმპტომები გამოუვლინდება დასნებოვნებიდან 1-4 დღის განმავლობაში და 1 კვირის განმავლობაში გრძელდება. პაციენტი გადამდებია დაახლოებით 8 დღის განმავლობაში – სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და კლინიკური ნიშნების სრულ გაქრობამდე.

როგორც წესი, დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს, თუმცა, შესაძლოა აღმოცენდეს ფილტვების ანთება და სუნთქვის უკმარისობა. გრიპმა შეიძლება დაამძიმოს ქრონიკული დაავადება (გულის უკმარისობა, დიაბეტი), გამოიწვიოს გართულებები ორსულობის დროს (ორსულობის შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობა).

გართულებების დიდი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან 5 წელზე უმცროსი ბავშვები, პაციენტები ღვიძლის, თირკმლის დაავადებებით, დასუსტებული იმუნური სისტემით (მაგალითად, ქიმიოთერაპიის ან შიდსის გამო). მძიმე გართულებები შეიძლება უეცრად აღმოცენდეს და სწრაფად პროგრესირებდეს.

დიაგნოზის დასადასტურებლად შეიძლება ჩატარდეს ცხვირიდან და ყელიდან აღებული მასალის კვლევა.

H1N1 გრიპის მკურნალობა და პროფილაქტიკა

დაავადების სამკურნალოდ რეკომენდებულია მოსვენება, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, სიმპტომების მოსახსნელად მედიკამენტების მიღება, ზოგჯერ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები.

აუცილებელია დაუყოვნებელი მიმართვა სამედიცინო დაწესებულებაში ძლიერი ღებინების, სუნთქვის გაძნელების, გულმკერდისა და მუცლის ტკივილის, უეცარი თავბრუს ან გონების დაბინდვის გამო.

გართულებების მაღალი რისკისას და როცა პაციენტის ასაკი 5 წელზე ნაკლებია, ექიმთან მისვლა აუცილებელია მსუბუქი სიმპტომების დროსაც. ექიმთან ვიზიტი აუცილებელია მაშინაც, თუ ცხელება და ხველა ძლიერდება გრიპის სხვა სიმპტომების გაქრობის მიუხედავად.

გართულებების რისკის მქონე პირებს ან დაავადების მძიმე სიმპტომებისას, შესაძლოა, გამოვიყენოთ ანტივირუსული პრეპარატები – ოსელტამივირი, ზანამივირი ან ბალოქსავირი. ეს პრეპარატები განსაკუთრებით ეფექტურია სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 48 საათის განმავლობაში.

H1N1 გრიპის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია იგივე ღონისძიებები, რაც, საზოგადოდ, გრიპის პროფილაქტიკისას – დაავადებულის იზოლაცია, ცემინებისას ცხვირისა და პირის დაფარვა, ხელების ხშირი დაბანა, ყოველი დაბანისას საპნის 2-ჯერ გამოყენება და სათანადო წესების დაცვა, სახეზე ხელით შეხებისგან თავშეკავება.

H1N1 გრიპის წინააღმდეგ ეფექტურია გრიპის ვაქცინა. დაავადებულთან მოურთიერთე პირებს, სათანადო ჩვენებისას, შეიძლება დაენიშნოთ პროფილაქტიკური ანტივირუსული მკურნალობა.