ვირუსთა სამყარო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვირუსთა სამყარო

ყოველთვის შეხვდებით კარის სახელურებზე, მაგიდაზე, ნებისმიერ ზედაპირზე, ტანსაცმელზე, ცხოველის ბეწვზე, ტყავზე და ა.შ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გარემო პირობებზე, განსაკუთრებით ხელსაყრელია დაბალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა. ასეთ პირობებში ისინი იკეთებენ დამცავ კაფსულას და ვირიონებად წოდებულნი, საკმაოდ დიდი ხნით აგრძელებენ არსებობას.

უხილავი მტერი

არაუჯრედოვანი სიცოცხლის ფორმა – ვირუსი, მარტივი, მიკროსკოპული არსებაა. ის არის ნუკლეინის მჟავა, გახვეული ცილოვან გარს – კაფსიდში. არსებობს შედარებით რთული აგებულების მქონე ვირუსები, რომლებიც, ნუკლეინის მჟავას გარდა, კაფსიდში შეიცავენ ლიპიდებსა და პოლისაქარიდებს.

უხილავ მტრებად წოდებული ვირუსები თანამედროვე მედიცინის დიდი თავსატეხია, რამდენადაც ადამიანის ორგანიზმის სწრაფად ინფიცირების უნარი გააჩნიათ. თავად სახელი ვირუსიც ხომ ლათინურად შხამს ნიშნავს.

არსებობს განსხვავებული ფორმის ვირუსები: ბურთის, სპირალის, ჩხირის მაგვარი, მათი ზომები მერყეობს 20-300 ნმ-ის საზღვრებში, შეგახსენებთ რომ 1 მმ-ში 1 მილიონი ნმ-ია. ყველაზე მსხვილი ზომის ვირუსთა დიამეტრი 500 ნმ-ია.

ერთეულ გამონაკლისებს თუ არ გავითვალისწინებთ, ვირუსი მხოლოდ ერთი ტიპის ნუკლეინის მჟავას, დნმ-ს ან რნმ-ს შეიცავს. თუმცა, არსებობენ ორივე ტიპის მოლეკულის შემცველებიც, მაგალითად, მიმივირუსები. ისინი ზომითაც გიგანტები არიან და თან იმიტირებენ ბაქტერიათა ცხოველქმედების პროცესებს, რის გამოც ზოგიერთი მეცნიერი მათ ვირუსებიდან ბაქტერიებამდე გარდამავალ ფორმად მიიჩნევს.

ვირუსი ობლიგატური პარაზიტია – ადამიანის ორგანიზმის გარეშე გამრავლება არ შეუძლია, უჯრედის გარეთ იგი მხოლოდ ქიმიური ნივთიერებაა, ამიტომაც ილტვიან ასე გამალებით ცოცხალ უჯრედში შესაღწევად, რათა გამრავლდნენ და არსებობა გაიხანგრძლივონ.

ადამიანის უჯრედის გარდა, ვირუსები მცენარის, ცხოველის, სოკოსა და ბაქტერიის ორგანიზმშიც მრავლდებიან, ამ უკანასკნელს ვუწოდებთ ბაქტერიოფაგებს, გარდა ამისა, არსებობენ ისეთებიც, რომელთაც ორგანიზმში შეღწევა მხოლოდ უჯრედში სხვა ვირუსის არსებობისას შეუძლიათ, ესენი ვირუს-სატელიტებია.

ვირუსთა მოქმედების სტრატეგია

ვირუსის მიერ უჯრედის ინფიცირების პროცესი, პირობითად, რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ რგოლად იყოფა:

  • უჯრედში შეჭრა;
  • უჯრედის ფუნქციონირების პროგრამის შეცვლა;
  • პერსისტენცია – არააქტივირებული მდგომარეობა;
  • ახალი ვირუსული კომპონენტების შექმნა;
  • ახალი ვირუსული ნაწილაკების შექმნა და უჯრედიდან გამოსვლა.

უჯრედში შეჭრა

ამ ეტაპზე ვირუსი იჭრება უჯრედში და შეაქვს მასში საკუთარი გენეტიკური ინფორმაცია, დნმ-ს ან რნმ-ს სახით, ზოგიერთ ვირუსს უჯრედში გადააქვს საკუთარი ცილებიც. უჯრედში შესაჭრელად სხვადასხვა სტრატეგიას იყენებენ, განსხვავებულია მათი გამრავლების ლოკაციაც, ერთნი ამისთვის – უჯრედის ბირთვს, მეორენი კი ციტოპლაზმას ირჩევენ.

უჯრედის ფუნქციონირების პროგრამის შეცვლა

ჩვეულებრივ, ნებისმიერ უჯრედში ვირუსის შეჭრის საპასუხოდ, მყისიერად აქტიურდება უჯრედული დაცვის მექანიზმები, რაც ითვალისწინებს სასიგნალო მოლეკულების – ინტერფერონების სინთეზს, რომელთაც უჯრედი ანტივირუსულ მდგომარეობაში გადაჰყავთ და ააქტიურებენ იმუნურ რეაქციებს.

ვირუსით დაზიანებას თავად აღმოაჩენს უჯრედშიდა კონტროლი და უჯრედი არსებობას თვითმკვლელობით ასრულებს, ამ მდგომარეობას აპოპტოზი, ანუ დაპროგრამებული უჯრედული სიკვდილი ჰქვია.

რამდენადაც ვირუსისთვის აუცილებელია ცოცხალი უჯრედი, იგი ყველა ღონეს ხმარობს, რათა ხელიდან დაუსხლტეს უჯრედშიდა ანტივირუსულ დაცვას, ამ მიზნით ერთი ნაწილი ახერხებს სასიგნალო ინტერფერონების სინთეზის დათრგუნვას, რათა უჯრედში განგაში არ გამოცხადდეს, ან საერთოდ ცვლის იმ პროგრამას, რომლითაც უჯრედში აპოპტოზი ხორციელდება.

სწორედ ამიტომ ვირუსით დაბინძურებული უჯრედის თვითლიკვიდაცია აღარ ხდება, უჯრედშიდა დაცვისგან თავისუფალი ვირუსი კი მშვიდად იქმნის გამრავლებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს.

პერსისტენცია – არააქტივირებული მდგომარეობა

ზოგიერთი ვირუსი უჯრედში შეჭრის შემდგომ ლატენტურ – ფარულად ყოფნის სტრატეგიას ირჩევს, ანუ პერსისტენციულ მდგომარეობაში გადადის, იგი პრაქტიკულად არ ერევა უჯრედშიგნით მიმდინარე ციკლში და აქტიურდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის ხელსაყრელი კონკრეტული პირობები დადგება და ამის შემდგომღა იწყებს უჯრედული პროცესების გაკონტროლებას და ვირუსული მასალის გამრავლებას.

ახალი ვირუსული კომპონენტების შექმნა

ახალი ვირუსული კომპონენტების შექმნა სამი ერთმანეთის თანმიმდევრობით მიმდინარე პროცესის შედეგია:

  • ვირუსული გენომის ანუ ვირუსული მასალის სინთეზი;
  • ვირუსული ცილების სინთეზი;
  • ვირუსული გენომის გამრავლება.

ზოგიერთი სახეობის ვირუსს გააჩნია კონტროლის სისტემა, რომელიც ბიომასალების ოპტიმალურად გახარჯვას უზრუნველყოფს, მაგალითად, როდესაც უჯრედში დიდი რაოდენობით დაგროვდება სინთეზური ვირუსული გენომი, ეს პროცესი ითრგუნება და გენომის გამრავლება აქტიურდება.

ახალი ვირუსული ნაწილაკების შექმნა და უჯრედიდან გამოსვლა

ამ ეტაპზე სინთეზირებული და გამრავლებული გენომური რნმ ან დნმ იმოსება შესაბამისი ცილოვანი კაფსიდით და გამოდის უჯრედიდან.

ვირუსის დატოვების შემდგომ მასპინძელი უჯრედი იღუპება, თუმცა შესაძლოა არც დაიღუპოს, მასში დარჩეს შვილეული ვირუსული მასალა, რომელიც კვლავ განაგრძობს გამრავლებას მის სრულ დაღუპვამდე.

ვირუსთა გალერეა

თანამედროვე კლასიფიკაციით ცნობილია ვირუსთა:

  • 9 რიგი;
  • 127 ოჯახი;
  • 44 ქვეოჯახი;
  • 782 რიგი;
  • 4686 სახეობა.

ბიოლოგ დევიდ ბალტიმორის მიერ დამუშავებულია ვირუსთა ალტერნატიული კლასიფიკაცია მათი გენეტიკური მასალის შემცველობის მიხედვით და ისინი დაყოფილია 3 ჯგუფად:

  • დნმ-შემცველი ვირუსები;
  • რნმ-შემცველი ვირუსები;
  • რნმ-ს დნმ-დ გარდაქმნელი ვირუსები;

რნმ-ს შემცველი ვირუსებია:

  • არენავირუსები ზომით 50-300 ნმ – ლასას და მაჩუპოს ვირუსი;
  • ბუნიავირუსები ზომით 90-100 ნმ – ჰემორაგიული ცხელებისა და ენცეფალიტების გამომწვევი ვირუსები;
  • კალცივირუსები ზომით 20-30 ნმ – ადამიანის კალცივირუსი და E ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი;
  • კორონავირუსები ზომით 80-130 ნმ – ადამიანის კორონავირუსები;
  • ორთომიქსოვირუსები ზომით 80-120 ნმ – გრიპის ვირუსები;
  • პარამიქსოვირუსები ზომით 150-300 ნმ – პარაგრიპის, წითელას, ეპიდემიური ყბაყურას ვირუსები;
  • მიკორნავირუსები ზომით 20-30 ნმ – პოლიომიელიტის, კოკსაკის, A ჰეპატიტის ვირუსები, რინოვირუსები;
  • რეოვირუსები ზომით 60-80 ნმ – რეოვირუსები;
  • რეტროვირუსები ზომით 80-100 – კიბოს, ლეიკოზის, სარკომისა და შიდსის ვირუსები;
  • ტოგავირუსები ზომით 30-90 ნმ – ცხენის ენცეფალიტის, წითურას ვირუსები;
  • ფლავოვირუსები ზომით 30-90 ნმ – ტკიპისმიერი ენცეფალიტის, ყვითელი და დენგეს ცხელების, იაპონური ენცეფალიტის, C და G ჰეპატიტების გამომწვევი ვირუსები;
  • რაბდოვირუსები ზომით 30-90 ნმ – ცოფის, ვეზიკულური სტომატიტის ვირუსი;
  • ფილოვირუსები ზომით 200-4000 ნმ – ებოლას, მარბურგის ვირუსები;

დნმ-ს შემცველი ვირუსებია:

  • ადენოვირუსები ზომით 70-90 ნმ – ძუძუმწოვრებისა და ფრინველების ადენოვირუსები;
  • ჰეპადნავირუსები ზომით 45-50 ნმ – B ჰეპატიტის ვირუსი;
  • ჰერპესვირუსები ზომით 220 ნმ – მარტივი ჰერპესის, ციტომეგალოვირუსის, ჩუტყვავილას, ინფექციური მონონუკლეოზის გამომწვევი ვირუსები;
  • პაპოვავირუსები ზომით 45-55 ნმ – პაპილომისა და პოლიომის ვირუსები;
  • პაქსავირუსები ზომით 130-250 ნმ – ყვავილის ვირუსი;
  • პარვოვირუსები ზომით 18-26 ნმ – ადენოასოციაციური ვირუსი.

თუმცა, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და ინფორმაციული ვირუსების სამიზნე ორგანოებისა და კლინიკური ნიშნების მიხედვით წარმოებული კლასიფიკაცია გახლავთ, რომლის მიხედვითაც ყველაზე გავრცელებული ინფექციების გამომწვევი ვირუსები იყოფა:

  • რესპირატორულ ინფექციათა გამომწვევები;
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციათა გამომწვევები;
  • კანის და ლორწოვანი გარსების ინფექციათა გამომწვევები.

რესპირატორულ ინფექციათა გამომწვევები

მწვავე რესპირატორული დაავადება ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს ემუქრება, რამდენიმე დღის ახალშობილიდან დაწყებული – ღრმად მოხუცებულამდე.

რესპირატორული ვირუსებია:

  • ეპიდემიური (A და B) ტიპის ვირუსები;
  • ფრინველის გრიპის ვირუსები (H5N1 და H7N9);
  • პარაგრიპის ვირუსი 1-4;
  • ადენოვირუსები;
  • რესპირატორულ-სინციტიური ვირუსები A და B;
  • ადამიანის მეტაპნევმოვირუსი;
  • რინოვირუსები (ზოგიერთი რესპირატორული ვირუსი);
  • 2012 წელს ქუვეიტში აღმოჩენილი ახლოაღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის გამომწვევი ახალი კორონავირუსი KoB;
  • 2019 წელს ჩინეთში აღმოჩენილი ახალი კორონავირუსი COVID-19.

აღსანიშნავია, რომ როგორც ამჟამინდელი პანდემიის მიზეზად ქცეულ, ისე მის წინამორბედ კორონავირუსს შეეძლო მწვავე რესპირატორული დაავადების გართულებები, რაც ზოგჯერ ლეტალურად სრულდებოდა;

ყველა რესპირატორული ვირუსი ვრცელდება და ადამიანიდან ადამიანზე გადადის ჰაერწვეთოვანი გზით.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციათა გამომწვევები

ამ ტიპის ინფექციათა გავრცელების გზა ფეკალურ-ორალურია, ანუ ის შესაძლოა გავრცელდეს ფეკალური მასების ნარჩენებით დაბინძურებული წყლის, საკვების, ხილის, ბოსტნეულის, მწვანილის, საგნების, საყოფაცხოვრებო ნივთების საშუალებით, ამ შემთხვევაში პროფილაქტიკის საუკეთესო ღონისძიება ხელების ხშირი დაბანა და საყოფაცხოვრებო ჰიგიენის წესების განუხრელი დაცვაა.

ამ ტიპის ინფექციებს ახასიათებს შერჩევითად ასაკობრივ ჯგუფში გავრცელება, მაგალითად:

  • როტავირუსი – ძირითადად ბავშვებს ემუქრება;
  • ნოროვირუსი – მოზარდებსა და მოზრდილებს;
  • ასტროვირუსი – ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებს;
  • ადენოვირუსი 40 და 41 ტიპის – ახალშობილებს.

კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციათა გამომწვევები

არსებობს ვირუსები, რომლებიც შერჩევითად აზიანებენ კანსა და ლორწოვან გარსებს, ამგვარი ინფექციები შესაძლოა მიმდინარეობდეს როგორც მწვავედ, ისე ქრონიკულად.

ასეთებს მიეკუთვნება მარტივი ჰერპესვირუსი, ადამიანის პაპილომავირუსი, რომელიც იწვევს მეჭეჭებს და მათ ზოგიერთ ქვეტიპს საშვილოსნოს ყელის, ანოგენიტალური და ოროფარინგეალური სიმსივნეების პროვოცირება შეუძლია;

ამ ტიპის ინფექციების გავრცელების გზა კონტაქტურია.

ვირუსები და კიბო

არსებობს ონკოგენური ტიპის ვირუსები, რომლებსაც კიბოსწინარე და ავთვისებიანი სიმსივნეების გამოწვევა შეუძლიათ.

ონკოგენური ვირუსებია:

  • ადამიანის პაპილომავირუსი, რომელიც იწვევს საყლაპავისა და პირხახის სიმსივნეს, ვაგინალურ და ანუსის კარცინომას, საშვილოსნოს ყელის სიმსივნეს;
  • ადამიანის თ ლიმფოტროპული ვირუსი – ზოგიერთი ტიპის ლეიკემიებისა და ლიმფომების პროვოცირებას ახდენს;
  • ეპშტეინ-ბარის ვირუსი – იწვევს ცხვირ-ხახის კარცინომას, ბერკიტისა და ჰოჯკინსის ლიმფომას, აგრეთვე იმ პირთა ლიმფომებს, რომელთაც, ორგანოთა ტრანსპლანტაციის გამო, დასუსტებული აქვთ იმუნიტეტი;
  • B და C ჰეპატიტების ვირუსები ჰეპატოცელურული კარცინომის მიზეზი ხდებიან;
  • ადამიანის ჰერპესვირუსის მე-8 ტიპი იწვევს კაპოშის სარკომას, ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებას და პირველად ლიმფომას.

თანამედროვე მედიცინისთვის ცნობილია ნებისმიერი ტიპის ვირუსული ინფექციის გავრცელების ხელისშემშლელი ეფექტიანი ღონისძიებები, უამრავი მათგანის მოქმედების საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე შექმნილია, რომლებიც წინ ეღობება ინფექციის ფართომასშტაბიან გავრცელებას და შესაბამისად, საჭირო რეკომენდაციათა დაცვა ადამიანს საიმედოდ იცავს უხილავი მტრის შეტევისგან.