ღამის ენურეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღამის ენურეზი

- შარდის შეუკავებლობას დღის საათებში და ღამის ენურეზს. მათ შესახებ გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის ნეფროლოგიური განყოფილების გამგე, პროფესორი გურამ ჩიტაია გვესაუბრება.

- შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთი სახეობა, ენურეზი, განსაკუთრებით ბავშვებს შორის არის გავრცელებული. განასხვავებენ მის პირველად და მეორეულ ფორმებს. პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსის გამოუმუშავებლობა, მეორეული ღამის ენურეზის დროს კი უკვე გამომუშავებული შარდის შეკავების რეფლექსი ქრება.

პირველადი ღამის ენურეზი ძილის დროს შარდის ბუშტის უნებლიე დაცლაა, რაც კვირაში ორჯერ მაინც ხდება. ასეთ დიაგნოზს, წესისამებრ, უსვამენ 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ჩვილობიდანვე არ ჰქონიათ მშრალი პერიოდი და არ აღენიშნებათ საშარდე სისტემის ორგანოთა დაზიანება.

- რა იწვევს ღამის ენურეზს?

- ღამის ენურეზი მულტიფაქტორული მდგომარეობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის:

  • გენეტიკური ფაქტორი;
  • გამოღვიძების პროცესის დარღვევა;
  • შარდის ბუშტის დაცლის კონტროლის უნარის დარღვევა;
  • ენდოკრინული ფაქტორი (ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის შემცირება, რაც ზრდის ღამის საათებში შარდის გამომუშავებას);
  • ფსიქოლოგიური ხასიათის მომენტები;
  • უროდინამიკური პრობლემები;
  • საშარდე გზების ინფექციები;
  • ხერხემლის სვეტის დაზიანება.

ღამის პირველადი ენურეზი არ უკავშირდება არც მენტალურ თუ ქცევით დარღვევებს, არც ძილის წინ მიღებული სითხის რაოდენობას, თუმცა მკურნალობის უეფექტობა მოგვიანებით აჩენს პრობლემებს - ის სათავეს უდებს დაბალ თვითშეფასებას, ოჯახურ სტრესს, სოციალურ იზოლაციას.

- როგორია გენეტიკური ფაქტორის როლი?

- დადგენილია, რომ თუ რომელიმე მშობელს ენურეზი ჰქონდა, ალბათობა იმისა, რომ იგივე პრობლემა ბავშვსაც ექნება, 40-45%-ია. თუ ორივე მშობელს ჰქონდა ენურეზი, ალბათობა 70-77%-მდე იმატებს. ამჟამად დადგენილია ზოგიერთ ქრომოსომაზე ენურეზის მიმართ პასუხისმგებელი გენების ლოკალიზაცია და სპეციფიკური მექანიზმების შესწავლა მიმდინარეობს. რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილოთ ენურეზის გამომწვევი თითოეული ფაქტორი.

ძილის დარღვევა

ცნობილია, რომ ღამის ენურეზის მქონე ბავშვებს ღრმად სძინავთ და გამოფხიზლება უჭირთ. მათ გამოფხიზლების ცენტრის აქტივობის შეფერხების გამო დაქვეითებული აქვთ შარდის ბუშტის ავსების შეგრძნება. ხშირად მშობლები ბავშვს აღვიძებენ და ტუალეტში წასვლას აიძულებენ. თუ პატარა ბოლომდე ფხიზლდება, ასეთი რამ კიდევ დასაშვებია, მაგრამ თუ ნახევრად სძინავს, ამით მის მდგომარეობას კიდევ უფრო ვამძიმებთ.

ენდოკრინული დარღვევები

დადგენილია, რომ ღამის ენურეზის მქონე ბავშვებს დაქვეითებული აქვთ ვაზოპრესინის ანუ ანტიდიურეზული ჰორმონის გამომუშავება. ამის გამო თირკმლის შემკრებ მილაკებში მცირდება წყლის რეაბსორბცია (უკუშეწოვა) და ღამით შარდი ჭარბად წარმოიქმნება, შარდის ბუშტი კი ვერ იტევს.

უროდინამიკური დარღვევები

ეს ტერმინი შარდის ბუშტის ფუნქციური მოცულობის შემცირებას გულისხმობს. ბუშტის სიმცირის გამო პატარები ვერ იკავებენ ღამით გამომუშავებულ ნორმალური მოცულობის შარდს. ასეთი ბავშვები დღის საათებში ხშირად და მცირე ულუფებით შარდავენ, აწუხებთ მოშარდვის ძლიერი, იმპერატიული სურვილი.


- როგორ მოიქცნენ მშობლები, როდესაც ბავშვს ღამის უნებლიე შარდვა აქვს?

- უპირველეს ყოვლისა, ოჯახის ექიმს ან უბნის პედიატრს უნდა მიმართონ. იგი შეკრებს დაწვრილებით ინფორმაციას ენურეზის დაწყების დროისა და სიხშირის, ძილის ხასიათის, მემკვიდრეობითი დატვირთვის, ფსიქოლოგიური ფაქტორებისა და უროდინამიკური დარღვევების შესახებ, შეაფასებს ხანგრძლივი თერაპიისთვის პაციენტისა და ოჯახის წევრთა მზადყოფნას. ყველას ჩაუტარებია შარდის საერთო ანალიზი ნიტრიტული ტესტით. ცვლილებათა აღმოჩენისას ჩატარდება შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, ულტრასონოგრაფია, მიქციური ცისტოგრაფია და უროდინამიკური კვლევა. შედეგების საფუძველზე ბავშვსა და მის მშობლებს ენურეზის მიზეზს განუმარტავენ.

მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ დაცინვა და დასჯა, საზოგადოდ, ნეგატიური განწყობა ბავშვს ვნებს. ნურასოდეს დასჯით ბავშვს იმის გამო, რომ ღამით ჩაისველა, მით უმეტეს, ნუ მისცემთ შენიშვნას სხვების თანდასწრებით. გახსოვდეთ, პატარას საკუთარი მდგომარეობა თქვენზე მეტად აწუხებს.

აცნობეთ საბავშვო ბაღის ან სკოლის მასწავლებელს ბავშვის მდგომარეობა, რათა ის მოშარდვის სურვილის გამოთქმისთანავე გაუშვან ტუალეტში, ოღონდ ეს ისე გააკეთეთ, რომ ბავშვმა არ იცოდეს. შეადგინეთ დღიური, სადაც სველ და მშრალ ღამეებს აღნუსხავთ. ყოველი მშრალი ღამის შემდეგ ბავშვი შეაქეთ და წაახალისეთ.

ნუ ეცდებით ბავშვის იზოლაციას. პირიქით, არ დაუშალოთ მეგობრებთან ერთად უქმეების გატარება და სალაშქროდ სიარული. ცნობილია, რომ სახლიდან მოშორებით სველი ღამეები იშვიათდება. დაე, ბავშვმა იგრძნოს, რომ იგი არაფრით ჩამოუვარდება თანატოლებს.

- როგორია ენურეზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?

- ამჟამად მიღებულია ღამის ენურეზის მკურნალობის სამი მეთოდი: ზემოქმედება ბავშვის ქცევაზე, სპეციალური სასიგნალო სისტემის გამოყენება და ფარმაკოლოგიური საშუალებებით თერაპია.

ვინაიდან 5 წლამდე ღამის ენურეზი ჩვეული მოვლენაა და პათოლოგიად არ მიიჩნევა, მის მკურნალობას 5 წლიდან ვიწყებთ. უპირველეს ყოვლისა, მშობლებს უნდა ავუხსნათ, რომ ენურეზის დროს ხშირია სპონტანური გამოჯანმრთელება (ყოველწლიურად - ასიდან 15 შემთხვევა), თუმცა ღამის ენურეზის იგნორირება მაინც არ შეიძლება.

- რას ნიშნავს სასიგნალო სისტემით მკურნალობა?

- ვიყენებთ სპეციალურ აპარატურას, რომელშიც შარდის პირველივე წვეთი რთავს სასიგნალო სისტემის ელექტრულ წრედს. შედეგად ბავშვი იღვიძებს და რეფლექსურად თრგუნავს მოშარდვის აქტს, შემდეგ სასიგნალო სისტემას თიშავს და მოშარდვას ტუალეტში ასრულებს. მას შემდეგ, რაც ბავშვი შარდის ბუშტის ავსებისთანავე გაღვიძებას შეეჩვევა, ზარიან საცვალს კიდევ 2 კვირის განმავლობაში იყენებენ. ამ მეთოდის ეფექტიანობა 70%-ს უტოლდება.

- ფარმაკოლოგიურ საშუალებებზე რას გვეტყვით?

- თუ ღამის ენურეზის მქონე ბავშვს შარდის ბუშტის ტევადობის შემცირება აღენიშნება, ნაჩვენებია ანტიქოლინერგული პრეპარატების (მაგალითად, ოქსიბუთინინის) გამოყენება. ძილის დარღვევის მქონე ბავშვებს ენიშნებათ ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, იმიპრამინი). ღამის პოლიურიის დროს ეფექტურია ანტიდიურეზული ჰორმონის ანალოგი დესმოპრესინი.

- როგორ მკურნალობენ მეორეულ ენურეზს?

- ღამის მეორეული ენურეზის შემთხვევათა უმრავლესობა (მხედველობაში მაქვს ის შემთხვევები, როდესაც აშკარაა დაავადების განვითარებაში ფსიქოლოგიური ფაქტორების როლი) ფსიქოთერაპიით იკურნება.

ამრიგად, ღამის ენურეზის ტიპის (პირველადია თუ მეორეული) დადგენის შემდეგ შედგება მკურნალობის ტაქტიკა. იგი ინდივიდუალურია და ემყარება არა მარტო ბავშვის, არამედ მისი მშობლების პიროვნულ თვისებებს, მოტივაციის ხარისხს და მოთმინების უნარს. შერჩევა მანამდე გრძელდება, ვიდრე არ მოიძებნება მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი.

ჩვენი მიზანია, ბავშვმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს. ღამის ენურეზი სამუდამო განაჩენი არ არის.