ანევრიზმა - შენელებული მოქმედების ნაღმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანევრიზმა - შენელებული მოქმედების ნაღმი

- რა არის ანევრიზმა?

- ანევრიზმა - ეს არის არტერიის (იშვიათად - ვენის) ან გულის კედლის გამობერვა მისი განლევისა და დაჭიმვის გამო. შედეგად წარმოიშობა ე.წ. ანევრიზმული ტომარა, რომელიც შესაძლოა ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დააწვეს. ანევრიზმა შესაძლოა თანდაყოლილი იყოს, მაგრამ შეუმჩნეველი დარჩეს და ბავშვი ნორმალურად ვითარდებოდეს. შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ისეთი დაავადების ფონზე, რომელიც სისხლძარღვის კედლის გათხელებას იწვევს (ჰიპერტონიული დაავადება, ათეროსკლეროზი, სიფილისის გვიანი სტადია). სისხლძარღვის ტრავმისა და ჭრილობის შედეგად ზოგჯერ ყალიბდება ცრუ ანევრიზმა, რომელიც ასევე ოპერაციულ მკურნალობას მოითხოვს. ანევრიზმის მთავარი მიზეზი ათეროსკლეროზია. ამ დაავადების დროს არტერიის კედელზე ქოლესტერინი, კალციუმი და ფიბროზული ქსოვილი ლაგდება და წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რაც კედლის დასუსტებასა და გამობერვას იწვევს. ცნობილია ათეროსკლეროზის განვითარების და, შესაბამისად, ანევრიზმის ჩამოყალიბების რამდენიმე რისკფაქტორი:

  • სქესი - მამაკაცები მეტად არიან მიდრეკილნი აორტის ანევრიზმის ჩამოყალიბებისკენ;
  • თამბაქოს წევა;
  • ასაკი - ანევრიზმა უმეტესად 55 წელს გადაცილებულებთან გვხვდება;
  • მემკვიდრეობა;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ფიზიკური აქტიურობის ნაკლებობა;
  • ჭარბი წონა.

ანევრიზმით ადამიანი წლობით ცოცხლობს, მისდევს ჩვეულ საქმიანობას და არაფერს უჩივის. ამასობაში ანევრიზმა ნელ-ნელა იზრდება და ნებისმიერ მომენტში შეიძლება გასკდეს.

- რამდენი სახის ანევრიზმა არსებობს?

- ძირითადად განასხვავებენ:

  • თავის ტვინის არტერიის ანევრიზმას;
  • აორტის ანევრიზმას;
  • პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმას.

- იქნებ უფრო ვრცლად შევეხოთ აორტის ანევრიზმას...

- თავდაპირველად გავარკვიოთ, რა არის აორტა. ეს ადამიანის ყველაზე დიდი სისხლძარღვია. აორტაში სისხლი გულიდან ხვდება, მერე კი მრავალრიცხოვანი ტოტის გავლით ყველა ორგანომდე მიდის. თავად აორტა გამოდის გულის ზემოთა ნაწილიდან, ქმნის რკალს, ეშვება ქვემოთ, გაივლის გულმკერდის ღრუს (გულმკერდის აორტა) და მუცლის ღრუს (მუცლის აორტა). ანევრიზმა შესაძლოა მის ნებისმიერ უბანზე გაჩნდეს. ამის კვალობაზე, გამოყოფენ გულმკერდის აორტის და აორტის რკალის ანევრიზმას, რომლის თავისებურება ის არის, რომ შესაძლოა, ტრავმიდან 20 წლის განმავლობაში განვითარდეს, ასევე - მუცლის აორტის ანევრიზმას, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ძალიან გამხდარმა პაციენტმა მუცელზე ხელის დადებისას შესაძლოა შეიგრძნოს პულსაცია. არ არის გამორიცხული მუცლის ან ზურგის ტკივილი. როცა ანევრიზმა აწვება ზურგის ტვინის ფესვებს, ტკივილი აუტანელია. ანევრიზმის მიდამოში აორტის კედელი ნორმაზე გაცილებით სუსტია, ამიტომ შესაძლოა, სისხლის წნევას შიგნიდან ვეღარ გაუძლოს და გასკდეს. გახეთქვის რისკი ანევრიზმის ზომაზეა დამოკიდებული.

- როგორ ამოვიცნოთ აორტის ანევრიზმის გახეთქვა?

- აორტის ანევრიზმის გახეთქვას თან ახლავს მუცლისა და ზურგის ძლიერი ტკივილი. ამ დროს იწყება ძლიერი შინაგანი სისხლდენა, რის გამოც სწრაფად ეცემა წნევა. ერთადერთი გამოსავალი გადაუდებელი ოპერაციაა.

- როგორ ხდება ანევრიზმის დიაგნოსტიკა?

- ხშირად ანევრიზმას შემთხვევით აღმოაჩენენ ულტრაბგერითი ან რენტგენოლოგიური გამოკვლევისას. ეჭვის საფუძველია მუცელში მოპულსირე წარმონაქმნის ნახვა. ანევრიზმაზე ეჭვის შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება:

  • ულტრაბგერითი კვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • რენტგენოკონტრასტული ანგიოგრაფია.

- როგორ მკურნალობენ?


- მკურნალობა სიმპტომებსა და ანევრიზმის ზომაზეა დამოკიდებული:

  • თუ ანევრიზმის დიამეტრი 5 სმ-ზე მეტია, ასიდან 25 შემთხვევაში გახეთქვა 8-9 წლის განმავლობაშია მოსალოდნელი. ანევრიზმის ზრდასთან ერთად გახეთქვის რისკიც იმატებს. ამ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ოპერაცია - აორტის დაზიანებული უბნის პროთეზით შეცვლა საშიში გართულების თავიდან ასაცილებლად.
  • მცირე ზომის ანევრიზმა მოცემულ მომენტში შესაძლოა არ იყოს საოპერაციო, მაგრამ 6 თვეში ერთხელ აუცილებელია საკონტროლო გამოკვლევა.

ანევრიზმის გახეთქვისას, როგორც მოგახსენეთ, გადაუდებელი ოპერაცია ტარდება. ათეროსკლეროზის დროს ზიანდება არა მარტო აორტა, არამედ სხვა არტერიებიც - კორონარული (გულის მკვებავი) და საძილე (ტვინის მკვებავი), ამიტომ აორტის ანევრიზმის ოპერაციული მკურნალობის დაგეგმვამდე გულდასმით ვიკვლევთ მთელ სისხლძარღვოვან აუზს, რათა ოპერაციის რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ.

- რა თავისებურებები ახასიათებს პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმას?

- პერიფერიული არტერიების ანევრიზმის ჩამოყალიბების რისკი ასაკთან ერთად იმატებს. ასეთი ანევრიზმა იშვიათად სკდება. გაცილებით ხშირი გართულებაა თრომბი, რომელმაც შესაძლოა ტვინის ან კიდურების სისხლძარღვები დაახშოს. პერიფერიული არტერიების ანევრიზმა, განსაკუთრებით დიდი ზომის შემთხვევაში, შესაძლოა მეზობელ ნერვს ან ვენას მიაწვეს და ტკივილი, დაბუჟება ან შეშუპება გამოიწვიოს. სიმპტომები ანევრიზმის ზომასა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს:

  • მოპულსირე წარმონაქმნის შეგრძნება;
  • ფიზიკური დატვირთვისას კიდურების ტკივილი და კრუნჩხვა;
  • კიდურების ტკივილი მოსვენებისას;
  • მტკივნეული წყლულები ან ჭრილობები ხელისა და ფეხის თითებზე;
  • ხელ-ფეხის გადამცემი ტკივილი და დაბუჟება ნერვზე ზეწოლის გამო;
  • ქსოვილთა განგრენა არტერიის სანათურის დახშობის შედეგად.

პროცესში საძილე არტერიების ჩართვისას მოსალოდნელია ტრანზიტორული იშემიური შეტევები და ინსულტი. ნაწლავის არტერიების ჩართვისას შეინიშნება მეზენტერიული იშემიის სიმპტომები.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- დიაგნოსტიკისთვის ტარდება ულტრაბგერითი დუპლექსური სკანირება, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია და ანგიოგრაფია.

- როგორია პერიფერიული არტერიების ანევრიზმის მკურნალობის ტაქტიკა?

- პერიფერიული არტერიების ანევრიზმა ქირურგიული მკურნალობის აბსოლუტური ჩვენებაა: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათად სკდება, ხშირად რთულდება თრომბოზით და თრომბოემბოლიით, რაც კიდურების არეში ლოკალიზაციისას იწვევს განგრენას, კისრის არტერიის მიდამოში ლოკალიზაციისას - ინსულტს, ვისცერული არტერიების დაზიანებისას - ნაწლავის განგრენას ან თირკმლის ინფარქტს. პერიფერიული არტერიების ანევრიზმის ქირურგიული მკურნალობისას ტარდება შუნტირება ან პროთეზირება, ან ენდოვასკულური სტენტირება. ამ უკანასკნელს მიმართავენ, როდესაც მაღალია ქირურგიული ჩარევის თანმხლები რისკი. მკურნალობის გარეშე ან არაადეკვატური მკურნალობისას შესაძლოა კიდურის განგრენა განვითარდეს. ამ შემთხვევაში პაციენტის გადარჩენის ერთადერთი გზა კიდურის ამპუტაციაა.

- შესაძლებელია თუ არა ანევრიზმის პროფილაქტიკა?

- ამისთვის საჭიროა:

  • სიგარეტისთვის თავის დანებება;
  • არტერიული წნევის კონტროლი;
  • აქტიური ცხოვრების წესი;
  • ჭარბი წონის დაკლება, ნორმალური წონის შენარჩუნება.