როგორ გამოვიკვლიოთ ქვემო კიდურების სისხლძარღვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გამოვიკვლიოთ ქვემო კიდურების სისხლძარღვები

- ჩვენი მკითხველები ამ შეკითხვით ხშირად მოგვმართავენ. დღეს მათ კითხვებს პასუხს გასცემს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგიის

განყოფილების მთავარი სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი კახა ქუნთელია

- დღესდღეობით ვენების გამოკვლევის ყველაზე გავრცელებული და ზუსტი მეთოდია ეგრეთ წოდებული ფერადი დუპლექსი. ტერმინი აღნიშნავს ორმაგ კვლევას, ორმაგ შესწავლას. ამ კვლევისთვის განკუთვნილი აპარატით ხდება რბილი ქსოვილებისა და სისხლძარღვების სტანდარტული ექოსკოპიური გამოკვლევა და  განისაზღვრება სისხლძარღვში სისხლის დინების სიჩქარე, სისხლის დინების სიჩქარის ცოდნა კი გადამწყვეტ როლს ასრულებს ვენური დაავადებების, განსაკუთრებით - ღრმა ვენების მდგომარეობის შესწავლაში.

ქვემო კიდურების არტერიათა მდგომარეობის შესასწავლად ტარდება დოპლეროგრაფია, განისაზღვრება გოჯ-მხრის ინდექსი, ტარდება ფერადი დუპლექს-სკანირება, ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით, მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია.

 

- მკითხველის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობის სიტყვა `ფერადი~. აქვს თუ არა მას მნიშვნელობა სადიაგნოზო თვალსაზრისით?

- დუპლექს-სკანირების დროს სისხლის დინების მიმართულება განსაზღვრავს გამოსახულების ფერს. ესე იგი, ექიმს საშუალება ეძლევა, ფერის მიხედვით დაადგინოს სისხლის ნაკადის მიმართულება, რასაც მნიშვნელობა აქვს სისხლძარღვთა პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის.

- რას ნიშნავს ტერმინი ”დოპლეროგრაფია”? რას გულისხმობს თქვენს მიერ ხსენებული გოჯ-მხრის ინდექსი?

- დოპლეროგრაფია არის სისხლძარღვების კვლევის არაინვაზიური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის სიჩქარე.

გოჯ-მხრის ინდექსის განსაზღვრისათვის ექიმი ზომავს წნევას გოჯის მიდამოში და წნევას მხრის არტერიაში (ჩვეულებრივი არტერიული წნევა). მათი თანაფარდობით დგინდება გოჯ-მხრის ინდექსი, რომლის მაჩვენებელიც ექიმს აძლევს საშუალებას იმსჯელოს პაციენტის სისხლძარღვების მდგომარეობაზე.

- რა არის ანგიოგრაფიული კვლევა, როგორ ტარდება და რა ინფორმაციას გვაწვდის ის?

- ანგიოგრაფია არის სისხლძარღვთა რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება სპეციალური საკონტრასტო ნივთიერების გამოყენება. აღნიშნული ნივთიერება გამოკვლევის პროცესში სისხლძარღვის სანათურს ავსებს მთელ სიგრძეზე, რის შედეგადაც ხდება სისხლძარღვის კონტრასტირება გარშემო მდებარე ქსოვილებიდან.ეს კი საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ სისხლძარღვის მდებარეობა, მისი ფორმა, დიამეტრი.

ანგიოგრაფია ინვაზიური მეთოდია, მის ჩასატარებლად საჭიროა სისხლძარღვის ჩხვლეტა ნემსით, თუმცა ჩხვლეტა უმტკივნეულოა, არ ქმნის საგრძნობ დისკომფორტს, რადგანაც საჩხვლეტ არეში წინასწარ ტარდება ადგილობრივი გაუტკივარება.

 

- რა არის ქვემო კიდურების არტერიების სტენტირება?

- სტენტირება სისხლძარღვთა მკურნალობის შედარებით ახალი მეთოდია. ჩვენს ქვეყანაში პირველად გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების სტენტირება ანუ კორონარული არტერიების სტენტირება დაინერგა. ამჟამად ინერგება კიდურების მკვებავი სისხლძარღვების სტენტირებაც. როგორც აღვნიშნეთ, ანგიოგრაფიული კვლევა საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ არტერიის შევიწროება, მისი ხარისხი და ლოკალიზაცია. სტენტი ლითონის მცირე ზომის კარკასია, რომელიც არტერიაში შეყვანის შემდეგ ადვილად იხსნება და არტერიის შევიწროებული მიდამოს გაფართოების შემდეგ აქვე ფიქსირდება, რათა შევიწროებული სისხლძარღვი საწყის მდგომარეობას არ დაუბრუნდეს.

მკურნალობის აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი ოპერაცია. სტენტირების პროცედურა მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში გრძელდება, როგორც აღვნიშნეთ, ერთი ჩხვლეტით ტარდება, ფაქტობრივად არ არის დაკავშირებული სისხლის დანაკარგთან. სტენტირებით შეიძლება შეიცვალოს რეკონსტრუქციული ოპერაცია, რომლის ხანგრძლივობაც ზოგჯერ 4-5 საათს აღწევს. შეიძლება ითქვას, რომ ქვემო კიდურების არტერიათა სტენტირების მეთოდის ერთადერთი ნაკლი სიძვირეა.

- როდის არის საჭირო ვენური სისტემის კვლევა?

- თუ პაციენტს დაუდგინეს ვენების დაავადება ან აღენიშნება ქვემო კიდურების შეშუპება, მით უფრო - თუ ეს პროცესი ცალმხრივია ან შეშუპება ასიმეტრიულია (კიდურები არათანაბრადაა შეშუპებული), აუცილებელია ანგიოლოგის კონსულტაცია ან კვლევა ფერადი დუპლექსით. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ქვემო კიდურების ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს, რომელსაც გაგანიერებული, დაკლაკნილი, ყურძნის მტევნის მსგავსი ვენები ამხელს, სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელია.


- რის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქვემო კიდურთა არტერიების გამოკვლევა აუცილებელია?

- ქვემო კიდურების არტერიების შევიწროების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ეგრეთ წოდებული ხანგამოშვებითი კოჭლობა. ამ დროს პაციენტი ჩვეულებრივი ნაბიჯით სიარულის დროს გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ რომელიმე კიდურში გრძნობს სისუსტეს, დაღლას, წვივის (შესაძლოა ბარძაყის და დუნდულის) არეში მოჭერის შეგრძნებას, ტკივილს. როგორც წესი, შეჩერებისა და შესვენების შემდეგ ტკივილი და დისკომფორტი მცირდება და შემდეგ გაივლის. ამის გამო პაციენტები ასეთ მნიშვნელოვან სიმპტომებს გარკვეული დროის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევენ. დაავადება კი პროგრესირებს. აღნიშნული ჩივილებისა და კიდურების გაცივების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა დადგინდეს არტერიების დაზიანების ხასიათი და დროულად იქნეს შემუშავებული მკურნალობის ტაქტიკა.

 

- მაინც რომელ კვლევას შეიძლება მისცეს პაციენტმა უპირატესობა?

- თანამედროვე ანგიოლოგია, მედიცინის სხვა დარგების მსგავსად, კვლევის მრავალ მეთოდს ფლობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოკვლევის მეთოდის არჩევა დამოკიდებულია პაციენტის ჩივილებზე, დაავადების ხასიათსა და სხვა ფაქტორებზე, ამიტომ უმჯობესია, კვლევის მეთოდი, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალისტმა შეარჩიოს. ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ ზედმეტი კვლევები და მასთან დაკავშირებული დანახარჯი და შევარჩიოთ მკურნალობის ოპტიმალური ტაქტიკა.