ვენების ვარიკოზული გაგანიერების ქირურგიული მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვენების ვარიკოზული გაგანიერების ქირურგიული მკურნალობა

დიდი შანსი გაქვთ, თქვენც ექიმის - ფლებოლოგის ან სისხლძარღვთა ქირურგის - პაციენტი გახდეთ. არსებობს ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობის მრავალი მეთოდი, რომელთა შესახებ გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ანგიოკარდიოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, საქართველოს გულის ფონდის პრეზიდენტი, ევროპის კარდიოლოგთა და ამერიკის გულ-ფილტვის ასოციაციის საპატიო წევრი მერაბ მამაცაშვილი:

- გავრცელებულია აზრი, რომ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ოპერაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბრუნდება. მთლად ასეც არ არის. ხშირად რეციდივი მაშინ ვითარდება, როცა ოპერაცია სრული მოცულობით არ არის ჩატარებული. როდესაც ვენების ვარიკოზული გაგანიერების გამო ოპერაცია წესების სრული დაცვით სრულდება, ის ძალზე შედეგიანია და ასიდან 95-ზე მეტ შემთხვევაში მისი ეფექტი მრავალ წელს გასტანს, თუმცა ვენებზე წარმოებული ოპერაციები სისხლძარღვთა ქირურგის დიდ გამოცდილებასა და მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს. როცა ოპერაცია მაღალ დონეზეა შესრულებული გამოცდილი სისხლძარღვთა ქირურგის მიერ, გართულების ალბათობა მინიმალურია, ხოლო ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ პაციენტს უკვე შეუძლია სიარული. ქირურგიული მკურნალობა ითვალისწინებს ღრმა ვენებიდან ზედაპირულებში სისხლის პათოლოგიური გადასროლის ლიკვიდაციას და ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ამოკვეთას.

ტრადიციული ოპერაციები

ამ ტიპის ოპერაციების მიზანია ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებში სისხლის შეგუბების ლიკვიდაცია ამ ვენების ამოკვეთის გზით. ოპერაციის დროს იკვეთება ვარიკოზულად გაგანიერებული დიდი და მცირე კანქვეშა ვენები, რომლებშიც გადაგვარებული სარქვლები მდებარეობს. ეს იმიტომ კეთდება, რომ ვარიკოზულად გადიდებული ვენა შეგუბებული სისხლით არის გადავსებული და სისხლძარღვის კედელს, მის ირგლივ მდებარე რბილ ქსოვილებს, კანქვეშა უჯრედისსა და კანს აწვება. ეს იწვევს მისგან გამომავალი ვენების გაგანიერებას, აგრეთვე იმ ვენების გაგანიერებასაც, რომლებიც ღრმა ვენებს კანქვეშა ვენებთან აერთებს. ოპერაცია ძნელი გადასატანი არ არის.

ვარიკოზული ვენების მცირე ოპერაციების ფართო გავრცელების მიუხედავად, დიდი კანქვეშა ვენის ტრადიციული ამოკვეთა, სტრიპლინგი, რჩება მეტად გავრცელებულ ოპერაციად, რომელიც ქვედა კიდურების ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების შემთხვევაში გამოიყენება. ეს უმთავრესად იმით არის გამოწვეული, რომ ავადმყოფები დიდი დაგვიანებით აკითხავენ ექიმს, იმდენად გვიან, რომ მცირე ოპერაციული ჩარევით ამ პათოლოგიისგან განკურნება უკვე შეუძლებელია. გარდა ამისა, არცთუ ისე ბევრია ისეთი კლინიკა, სადაც მცირეინვაზიურ ჩარევას მიმართავენ.

დიდი კანქვეშა ვენის ამოკვეთა - სტრიპლინგი

ოპერაციის პირველ ეტაპზე კეთდება მცირე განაკვეთი საზარდულის ნაკეცის მიდამოში, გამოიყოფა დიდი კანქვეშა ვენა იმ ადგილზე, სადაც ის ბარძაყის ღრმა ვენას უერთდება. მომდევნო ეტაპზე გამოიყოფა და გადაიკვეთება ერთიდან შვიდამდე კოლატერალური ვენა. ეს პროცედურა დიდ გულისყურს მოითხოვს და მხოლოდ სისხლძარღვთა გამოცდილი სპეციალისტის მიერ უნდა ჩატარდეს, რადგან ერთი ასეთი ვენის დატოვებამაც კი შეიძლება ვენების ვარიკოზული გაგანიერების რეციდივი გამოიწვიოს.

დიდი კანქვეშა ვენა იკვეთება ბარძაყის ღრმა ვენასთან შეერთების ადგილას. შემდეგ შიდა კოჭის მიდამოს სიახლოვეს ისევ კეთდება განაკვეთი, გამოიყოფა კანქვეშა ვენის დასაწყისი გვერდითი ვენებითურთ. ეს უკანასკნელები გადაიკვეთება. ამის შემდეგ კანქვეშა ვენაში შეჰყავთ სპეციალური ინსტრუმენტი ზედა განაკვეთამდე, რომლის მეშვეობითაც ამ ვენას მთელ სიგრძეზე იღებენ. დარჩენილი ვარიკოზულად გაგანიერებული კოლატერალური, უხეშად რომ ვთქვათ, გვერდითი ვენებიც დამატებითი განაკვეთებიდან სპეციალური ინსტრუმენტებით ამოაქვთ. სხვათა შორის ამ ტიპის ვენების ოპერაციის შემდგომ სკლეროთერაპიას ოპერაციის მოცულობისა და ტრავმულობის შემცირება ძალუძს. ოპერაციის დასასრულს ავადმყოფს კიდურზე ელასტიკური ნახვევი ედება. ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ პაციენტი სახლში ეწერება და უკვე დამოუკიდებლად შეუძლია გადაადგილება.

ოპერაციის შემდგომი გართულებების, ძირითადად თრომბოზის, თავიდან ასაცილებლად აუცილებელი პირობაა პაციენტის მაქსიმალურად ადრეული გააქტიურება ოპერაციის შემდეგ. ვენებზე ტრადიციული ოპერაციის ერთ-ერთი დიდი ნაკლი ის გახლავთ, რომ ნაწიბურებს ტოვებს, მაგრამ ვარიკოზული დაავადების ამგვარი მკურნალობის დროს ფართო განაკვეთები აუცილებელია, რათა ქირურგმა კარგად მიაკვლიოს იმ ადგილებს, სადაც უნდა მოხდეს ვენის გადაკვეთა თუ გადაკვანძვა. განაკვეთების "ეკონომიით" შეიძლება ოპერაცია სრული მოცულობით არ ჩატარდეს, ეს კი, თავის მხრივ, ვარიკოზული დაავადების ადრეული რეციდივის მიზეზად იქცევა. სწორედ ამიტომ, თუ ამ ოპერაციის გაკეთებას გადაწყვეტთ, არ სთხოვოთ ქირურგს მცირე ზომის განაკვეთების გაკეთება.

აუცილებელია ზოგიერთ ისეთ შემთხვევაზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას ვენების ოპერაციის შემდეგ. რასაკვირველია, ყველა ჩამოთვლილი პრობლემა ყველა ოპერაციის შემდეგ არ იჩენს თავს, მაგრამ ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ არის მოსალოდნელი ისეთი მოვლენები, რომელთა ცოდნაც სასარგებლოა. ასე, მაგალითად: ოპერაციის შემდეგ ამოკვეთილი ვენების გასწვრივ შესაძლოა სისხლჩაქცევები და კანქვეშა შემაგრებები დარჩეს, რომლებიც ერთიდან ოთხ თვემდე ვადაში თავისთავად გაივლის. იშვიათად უფრო დიდხანსაც რჩება, მაგრამ სპეციალურ მკურნალობას არც ერთ შემთხვევაში არ მოითხოვს. არ არის საჭირო ცივი თუ თბილი კომპრესების გაკეთება, მალამოების წასმა.

ზოგჯერ კოჭთან კანის ნაწილის მგრძნობელობა ირღვევა, რაც ქირურგიული ჩარევის დროს მცირე ნერვულ დაბოლოებათა დაზიანების შედეგია. ეს საშიში არ გახლავთ და უმეტესად ოპერაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ ყოველგვარი სპეციალური მკურნალობის გარეშე გაივლის.

ვარიკოზული დაავადებების სიმძიმის კვალობაზე, შესაძლოა ოპერაციის შემდეგ ქვედა კიდური შეშუპდეს და ტკივილმა იჩინოს თავი, რაც რამდენიმე კვირას ან თვეს გაგრძელდება. ტკივილისა და შეშუპების გაძლიერებას იწვევს ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, ტრავმა, ამინდის ცვლილება. ამ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, პირველ რიგში, ამ მოვლენის მაპროვოცირებელი ფაქტორი უნდა აღმოიფხვრას, შემდეგ, პაციენტმა უნდა ატაროს სპეციალური სამედიცინო წინდები. არ უნდა დაივიწყოს, რომ მიუხედავად ოპერაციისა, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისადმი განწყობა რჩება.


სკლეროთერაპია

სკლეროთერაპია ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენაში სპეციალური ნივთიერების შეყვანაა ჩხვლეტის გზით. სკლეროთერაპიის მეთოდი დაახლოებით ასი წლისაა. ბოლო დროს ის საკმაოდ დაიხვეწა. დღესდღეობით სკლეროთერაპიის წინ, ისევე როგორც ოპერაციის წინ, ტარდება ვენების ულტრაბგერითი გამოკვლევა - დოპლეროგრაფია.

სკლეროთერაპია ამჟამად სპეციალური ქაფების მეშვეობით კეთდება, თუმცა სხვა ნივთიერებებსაც იყენებენ. ეს ნივთიერებები ვარიკოზულად გადაგვარებულ ვენებში შეჰყავთ, რაც მათი კედლების, ასე ვთქვათ, შეწებებას იწვევს. ზოგ შემთხვევაში ვარიკოზული ვენის ლოკალიზაციის დასაზუსტებლად და პრეპარატის ზუსტად შესაყვანად იყენებენ ულტრაბგერით ტექნიკას. ასეთი მკურნალობის შემდეგ საჭიროა კიდურებზე ელასტიკური ნახვევის დადება ან სპეციალური ელასტიკური წინდების ჩაცმა.

სკლეროთერაპიის პროცედურას რამდენიმე წუთი სჭირდება. პაციენტი მისი დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მკურნალობის ეს მეთოდი მარტივი მოგეჩვენოთ, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება სჭირდება. სკლეროთერაპიის ძირითადი ჩვენებაა ვარიკოზული დაავადების ისეთი ფორმები, რომელთა დროსაც არ ხდება ღრმა ვენებიდან ზედაპირულში სისხლის პათოლოგიური რეფლუქსი, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, უკან დაბრუნება. გარდა ამისა, სკლეროთერაპია ტარდება: გაფანტული ვარიკოზის, კანქვეშა ვენაზე წარმოებული ოპერაციის შემდგომ პერიოდში ადრეულად განვითარებული ვენების გაგანიერების, ეგრეთ წოდებული "ვენური ვარსკვლავების" არსებობისას, პაციენტის მიერ რადიკალურ ოპერაციაზე უარის თქმის შემთხვევაში და სხვა.

ხშირად ჩვენი მშვენიერი ქალბატონები, რომელთაც ბადალი მთელ მსოფლიოში არ ჰყავთ, სკლეროთერაპიას კოსმეტიკური მიზნითაც მიმართავენ. დღეს ტექნიკის განვითარების წყალობით სკლეროთერაპია სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულო მანიპულაციაა. მისი მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ მკურნალობის პროცესი არ აისახება პაციენტის ცხოვრების წესზე. ოპერაციის შემდეგ ადამიანი აგრძელებს აქტიურად მუშაობას, დასვენებას, მისდევს სპორტს. ეს პროცედურა ვარიკოზულ ვენებში სისხლის პათოლოგიური შეგუბების თავიდან აცილების გამო საგრძნობლად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებში. პაციენტი თავიდან იცილებს არა მარტო გაფართოებულ ვენებს, არამედ შეშუპებას, ტკივილს, ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნებას და სხვა.

ლაზერით მკურნალობა

ახლა კი ვენების ვარიკოზული დაავადების იმ უახლესი მეთოდის შესახებაც გიამბობთ, რომელიც ამერიკის, ისრაელისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად ჩვენს კლინიკაშიც გახლავთ დანერგილი. ეს არის ვენების ვარიკოზის ლაზერით მკურნალობა.

დღესდღეობით აღიარებულია, რომ ვენების ვარიკოზული დაავადების ლიკვიდირება ყველაზე ეფექტურად ენდოვენოზური (ვენისშიგა) ლაზერული კოაგულაციით და ვენექტომიით (ვენის ამოკვეთით) არის შესაძლებელი, მაგრამ აუცილებელია სკლეროთერაპიისა და ელასტიკური წინდებით კომპრესიული თერაპიის თანამედროვე მოდიფიკაციებით მკურნალობაც იმ შემთხვევებში, როცა ვარიკოზის საწყისი სტადიაა ან ოპერაციის უკუჩვენება არსებობს.

ვენების ვარიკოზული დაავადების ელექტრული ენერგიით მკურნალობა ოცდააათი წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად ვენაში შეჰყავდათ ელექტრული გამტარი, რომლითაც ვენას ახურებდნენ. დღეს კი ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობა ლაზერის სხივის ენერგიის საშუალებით ხდება. ეს გახლავთ სწრაფი, მინიმალურად ტრავმული პროცედურა, რომელიც არ ტოვებს ნაწიბურებს, პიგმენტურ ლაქებს, ძნელად გასაწოვ ჰემატომებს და შესაძლებლობას აძლევს პაციენტს, მეორე დღესვე დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩირქოვანი გართულებების ალბათობაც მინიმუმამდეა დაყვანილი.

ლაზერული აბლაციის განხორციელება შესაძლებელია როგორც დიდი ზომის ვენებზე, ასევე წვრილი კალიბრის სისხლძარღვებზეც, ვინაიდან საოპერაციოდ გამოიყენება სხვადასხვა ზომის ლაზერული ბუნიკები.

ამ ტიპის მკურნალობის უკუჩვენებებია თრომბოფლებიტის აქტიური ფაზა, ორსულობა, ლაზერული ენერგიის აუტანლობა, ჰიპერკოაგულაცია, ლიმფედემა, პერიფრიული არტერიული უკმარისობა, თრომბოემბოლია და სხვა.

მოკლედ აღგიწერთ ამ ტიპის ოპერაციას. ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ ვარიკოზულ ვენაში მცირე განაკვეთიდან ბოლომდე შეჰყავთ წვრილი ლაზერული ბოჭკო. ლაზერული სხივის ენერგია მთელ სიგრძეზე ხურავს, აწებებს ვენის კედლებს. ამ პროცედურის შემდეგ, რომელსაც ლაზერულ აბლაციას უწოდებენ, აუცილებელია ელასტიკური წინდების ჩაცმა და ბევრი სიარული. პროცედურა მცირე ხანს გრძელდება, ადვილი გადასატანია და აქვს ძალიან ხანმოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი.

ჩვენს კლინიკაში ავსტრიელ კოლეგებთან ერთად წარმატებით გავაკეთეთ რამდენიმე ოპერაცია და შეიძლება ითქვას, რომ ოპერაციისადმი ახალი მიდგომაც დავნერგეთ. კერძოდ, ლაზერული ბუნიკი დაავადებულის საპირისპირო კიდურიდან შეგვყავს დაზიანებული ვენისკენ. ამით ქირურგი თავიდან იცილებს რამდენიმე სერიოზულ გართულებას და, ამასთანავე, ლაზერისთვის კარგ დასაყრდენს იღებს. ოპერაციის შემდგომი რეციდივების მცირე პროცენტი იმით აიხსნება, რომ ლაზერული აბლაცია, როგორც წესი, ულტრაბგერითი ტექნიკის ან ციფრული რენტგენოგრაფიით კონტროლით ხორციელდება.

ვარიკოზის, ისევე როგორც სხვა დაავადებების მკურნალობა სასურველია საწყის სტადიაშივე ჩატარდეს. სამწუხაროდ, პაციენტები ექიმთან ხშირად დაგვიანებით მიდიან, თუმცა ვარიკოზის ლაზერული მკურნალობა ნებაზე მიშვებულ შემთხვევებშიც შედეგიანია.