რა საშიშროების შემცველია ანევრიზმა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საშიშროების შემცველია ანევრიზმა?

ანევრიზმა არტერიის სანათურის შემოსაზღვრული ან დიფუზური გაფართოებაა ან მისი კედლის გამობურცვა.

ყველაზე ხშირად ვხვდებით ე.წ. ტომრისმაგვარ ანევრიზმებს, რომელთაც პატარა, თხელკედლიანი ტომსიკის ფორმა აქვთ, მათზე განირჩევა ფსკერი, შუა ნაწილი და ყელი. არსებობს შედარებით ნაკლებგავრცელებული სფეროსებრი, შ-ისებრი ფორმებიც.

საკუთრივ ანევრიზმის კედელი სხვადასხვა სისქის ნაწიბუროვანი შემაერთებელქსოვილოვანი ფირფიტაა, მის ღრუში შესაძლოა არსებობდეს სხვადასხვა ხანგრძლივობის სისხლის შედედებული ნაწილები.

არტერიული ანევრიზმების ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციაა თავის ტვინის ფუძის სისხლძარღვები, მათი გაყოფისა და ანასტომოზების ადგილი. შემთხვევათა 80-85%-ში ანევრიზმები მდებარეობს შიდა საძილე არტერიის სისტემაში.

ანევრიზმები ხანგრძლივი დროის მანძილზე ვითარდება, ამიტომ მათ, ჩვეულებრივ, სიცოცხლის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ათწლეულში აღმოაჩენენ ხოლმე.

გავრცელება და სიხშირე

თავის ტვინის ანევრიზმის გავრცელების ზუსტი მაჩვენებელი უცნობია, სხვადასხვა მონაცემის მიხედვით მიჩნეულია, რომ ის მოსახლეობის 0,2-7,9%-ს აქვს, მათგან 88%-ში ვლინდება სისხლჩაქცევით, 8%-ში – თავის ტვინის სიმსივნის სიმპტომებით, ხოლო 4%-ის აღმოჩენა ხდება შემთხვევით ჩატარებული კვლევებისას.

უკანასკნელ წლებში თავის ტვინისა და მისი სისხლძარღვების ვიზუალური, არაინვაზიური კვლევითი მეთოდების ხელმისაწვდომობის ზრდამ (კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) გაზარდა ანევრიზმების აღმოჩენის სიხშირე, თუმცა უფრო ხშირად მათ სულ სხვა მიზეზით ჩატარებული კვლევებისას აღმოაჩენენ ხოლმე.

რა აჩენს ანევრიზმას?

ანევრიზმის გამომწვევი მიზეზის დადგენა ყოველთვის არ ხერხდება. პაციენტთა დაახლოებით 4-5-%-ს ანევრიზმა უვითარდება ტვინის არტერიაში ინფიცირებული ემბოლების მოხვედრის შედეგად, ეს ე.წ. მიკოტური ანევრიზმებია, რაც შეეხება მსხვილ სფეროსებრ და შ-ისებრ ანევრიზმებს, მის გაჩენაში წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, ათეროსკლეროზს ენიჭება.

ტომრისებრი ანევრიზმები თავის ტვინის არტერიული სისტემის თანდაყოლილი არასრულფასოვნების შედეგია.

ანევრიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანია ჰიპერტონიული დაავადების, სისხლში ჰიპერქოლესტერინემიის, აგრეთვე ტრავმების როლიც.

ანევრიზმები შესაძლოა იყოს როგორც ერთეული, ისე მრავლობითი.

მათი გასკდომის ყველაზე ხშირი მიზეზია:

  • არტერიული წნევის მატემა;
  • სიტუაციები, რომლებიც იწვევს არტერიული წნევის მატებას;
  • ფიზიკური დატვირთვები;
  • თავის ტვინის ტრავმები.

როგორ ვლინდება ანევრიზმა?

ანევრიზმა უსიმპტომოა მის გასკდომამდე, რაც შეეხება გასკდომის შემდგომ ვითარებას, განირჩევა კლინიკური გამოვლინების ორი ფორმა: აპოპლექსიური და სიმსივნისმაგარი.

უფრო ხშირია აპოპლექსიური ფორმა, რომელსაც ახასიათებს ანევრიზმის გასკდომა და უეცარი ქალასშიდა სისხლჩაქცევა. ჩვეულებრივ, მდგომარეობა ვითარდება უეცრად, მოულოდნელად, წინასწარმაუწყებელი ნიშნების გარეშე. ზოგჯერ პაციენტს სისხლჩაქცევამდე აწუხებს ორგანული ტკივილი შუბლისა და თვალის არეში, შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის ნერვთა პარეზიც.

ანევრიზმის გასკდომის პირველი და ძირითადი სიმპტომი ძლიერი თავის ტკივილია, დასაწყისში იგი ადგილობრივია და ანევრიზმის ლოკალიზაციის შესაბამისია, მოგვიანებით კი გაბნეული და დიფუზური ხდება.

თავის ტკივილის პარალელურად პაციენტს უჩნდება გულისრევის შეგრძნება და ეწყება მრავლობითი ღებინება, მოსალოდნელია გონების დაკარგვა სხვადასხვა ხანგრძლივობით.

სწრაფადვე ვითარდება მენინგეალური სინდრომი, ზოგჯერ ეპილეფსიური გულყრები. შესაძლოა ფსიქიკური დარღვევებიც – მცირე დეზორიენტაციით ან მძიმე ფსიქოზებით.

ვლინდება სხეულის ტემპერატურის მატება, ცვლილებები სისხლში, ზომიერი ლეიკოციტოზი, თავზურგტვინის სითხეში სისხლის მინარევები ჩნდება.

ბაზალური ანევრიზმის გასკდომისას ვლინდება თავის ტვინის ნერვთა დაზიანება, ყველაზე ხშირად ზიანდება თვალის მამოძრავებელი ნერვი, ანევრიზმის გასკდომისას სისხლი შეიძლება საკუთრივ ტვინის ქსოვილში ჩაიქცეს, ანუ განვითარდეს როგორც სუბარაქნოიდული, ისე პარენქიმული სისხლჩაქცევა. ასეთ დროს კლინიკურ სურათს თავის ტვინის კეროვანი დაზიანების სიმპტომებიც ემატება.

განსაკუთრებით მძიმეა გამოსავალი მაშინ, როდესაც სისხლჩაქცევა ტვინის პარკუჭებში ხდება.

ანევრიზმის გასკდომისას დამაზიანებელი ფაქტორია არა მხოლოდ თავის ტვინში სისხლჩაქცევა, არამედ ტვინის იშემიაც – ჟანგბადოვანი შიმშილი, რომელიც სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისა და გამსკდარი ანევრიზმის სიახლოვეს არსებული არტერიების ხანგრძლივი სპაზმის შედეგია.

ზოგიერთ შემთხვევაში არტერიული ანევრიზმები ნელ-ნელა დიდდება და გამოვლენით ძალიან წააგავს კეთილთვისებიანი სიმსივნის სიმპტომებს. სიმპტომები განსხვავებულია და მათ ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული.

როგორ აღმოვაჩენთ ანევრიზმას?

პაციენტის ჩვეულებრივი დათვალიერება ანევრიზმის გამოვლენის საშუალებას არ იძლევა. მისი ძირითადი სადიაგნოსტიკო საშუალებებია: კომპიუტერული და მაგნიტურ-კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლებიც ანევრიზმის ლოკალიზაციის, ზომის, მასში თრომბების არსებობის და ირგვლიმდებარე ქსოვილების მდგომარეობის დადგენის საშუალებას იძლევა.

როგორია პროგნოზი?

კონსერვატიული მკურნალობა ანევრიზმის გასკდომისას არ განსხვავდება სისხლჩაქცევით მიმდინარე ჰემორაგიული ინსულტების მკურნალობისგან. აუცილებელია მკაცრი წოლითი რეჟიმის დაცვა 6-8 კვირის მანძილზე.

პროგნოზი ანევრიზმის გასკდომისას არცთუ ოპტიმისტურია, განსაკუთრებით სუბარაქნოიდულ-პარენქიმული სისხლჩაქცევებისას, როდესაც პაციენტთა 30-50% იღუპება. ამასთან, მუდმივად ნარჩუნდება სისხლჩაქცევის განმეორების საშიშროება, რომელიც მოსალოდნელია პროცესიდან მეორე კვირას.

განსაკუთრებით უსიამოვნოა პროგნოზი ისეთი მრავლობითი არტერიული ანევრიზმებისას, რომელთა ქირურგიული გზით მოცილებას ართულებს მათი მიუდგომლობა.

როგორ ვმკურნალობთ?

გამსკდარი ანევრიზმის მკურნალობის ძირითადი მეთოდი ოპერაციული ჩარევაა, რომლის დროსაც ხდება პათოლოგიური წარმონაქმნის მოცილება და სისხლძარღვის მთლიანობის აღდგენა.

ყოველივე შესაძლოა განხორციელდეს მიკროქირურგიულად ქალას ტრეპანაციის გზით, რაც რამდენიმესაათიანი ოპერაციაა, და ენდოვასკულარულად, რომელიც მაღალტექნოლოგიური მეთოდია და ტრეპანაციას არ საჭიროებს.

ენდოვასკულარული მკურნალობის უპირატესობაა ნაკლებტრავმულობა, მინიმალური რისკი და განხორციელებისას არ საჭიროებს ზოგად ნარკოზს. ამასთან, ქირურგს ეზრდება რთულადმისადგომ უბნებთან წვდომა.

აორტის ანევრიზმა

აორტა ადამიანის ყველაზე მსხვილი სისხლძარღვია, მისი კედლები მკვრივი და მყარია, თუმცა ზოგჯერ ნაწილობრივ სუსტდება და მის კედელზე ვითარდება გაფართოებული ნაწილი – ანევრიზმა, რომელიც შესაძლოა გასკდეს, განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი სისხლდენა.

აორტის ანევრიზმის ფორმები

ტომრისმაგვარი გამობურცულობის ლოკალიზაციის მიხედვით განირჩევა აორტის სხვადასხვა ტიპის ანევრიზმები:

  • აორტის აღმავალი ნაწილის ანევრიზმა – ლოკალიზდება სისხლძარღვის დასაწყისში, სადაც გვერდს უვლის გულს და ვერტიკალურად გულმკერდის ღრუსკენ მიემართება;
  • აორტის რკალის ანევრიზმა – ლოკალიზდება გულმკერდის ღრუს ზედა ნაწილში, სადაც იღუნება და მისგან გამოდის თავისკენ, კისრისკენ და ზედა კიდურებისკენ მიმავალი არტერიები;
  • დაღმავალი აორტის ანევრიზმა – ლოკალიზდება აორტის რკალთან და ეშვება ქვევით, დიაფრაგმისკენ;
  • მუცლის აორტის ანევრიზმა, ლოკალიზდება დიაფრაგმის ქვევით, სადაც სისხლძარღვიდან გამოდის შინაგანი ორგანოებისა და ქვედა კიდურების მკვებავი არტერიები.

გამომწვევი მიზეზები და დამახასიათებელი ნიშნები

გულმკერდის აორტის ანევრიზმა უკავშირდება ზოგიერთ გენეტიკურ დაავადებას და მისი შესაძლო მიზეზებია შემდეგი მდგომარეობანი:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ინფექციური პროცესი;
  • ათეროსკლეროზი და სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე;
  • გულმკერდის ღრუს ტრავმები.

გულმკერდის აორტის ანევრიზმის სიმპტომები ვლინდება მხოლოდ მაშინ, როცა წარმონაქმნი დიდ ზომებს აღწევს და სკდება. იმის მიხედვით, თუ როგორაა სისხლძარღვის დიამეტრი გაზრდილი, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი გულმკერდის ღრუსა და ზურგში;
  • გაძნელებული სუნთქვა და ყლაპვა;
  • ქოშინი;
  • მშრალი ხველა;
  • ხმის ჩახრინწვა.

მუცლის აორტის გამომწვევი მიზეზები კარგად დადგენილი არ არის, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია გენეტიკური ცვლილებები, ათეროსკლეროზი, თამბაქოს მოხმარება, ჰიპერტონია, სისხლძარღვთა ანთებითი დაზიანებანი და მუცლის ღრუს ტრავმები.

მუცლის აორტის ანევრიზმა დიდი ხნის მანძილზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, იშვიათად შესაძლოა ახლდეს შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი მუცელსა და წელის არეში;
  • პულსაციის შეგრძნება ჭიპის ირგვლივ მიდამოში.

მუცლის აორტის აშრევების ან გახეთქვისას პაციენტები აღნიშნავენ უეცარ მწვავე ტკივილს მუცლის ღრუსა და ზურგში, თავბრუხვევას, ძლიერ სისუსტეს, ოფლიანობას, გულისცემის გახშირებას, სუნთქვის გაძნელებას და ქოშინს.

აორტის ანევრიზმის გართულებანი

აორტის ანევრიზმის აშკარა ნიშნები მისი გართულებისას იჩენს თავს და ისინი შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: აშრევებული ანევრიზმა ან მისი კედლის გახეთქვა სისხლდენითა და თრომბოზებით.

აორტის ანევრიზმის აშრევებას თან ახლავს მწვავე ტკივილი და შინაგანი სისხლდენისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, სისხლი თავისუფლად იღვრება გულმკერდის, მუცლის ღრუში, პერიკარდიუმში, პლევრის ღრუსა და საყლაპავში.

სისხლძარღვის გაფართოებულ მონაკვეთში დარღვეულია სისხლის ნორმალური მიმოქცევა, ამიტომ მასში ადვილად ფორმირდება თრომბები, სისხლის მიმოქცევის არხში მიგრირებისას ასეთი თრომბები ახშობენ სისხლძარღვთა სანათურს და იწვევენ ინსულტს, მიოკარდიუმის და შინაგანი ორგანოების ინფარქტს, ქვედა კიდურების არტერიულ თრომბოზებს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დიდი ხნის მანძილზე აორტის ანევრიზმის უსიმპტომოდ მიმდინარეობა ართულებს მის ადრეულ დიაგნოსტიკას, ხშირად იგი შემთხვევით დიაგნოსტირდება სხვა მიზეზით ჩატარებული კვლევებისას, როგორებიცაა: გულმკერდისა და მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, რომელიც განსაკუთრებით ინფორმაციულია აღმავალი აორტის გაფართოების აღმოსაჩენად, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

ანევრიზმის აღმოჩენის შემდგომ ფასდება მისი მახასიათებლები და ისაზღვრება მკურნალობის ტაქტიკა. ზომებისა და ლოკალიზაციის დასაზუსტებლად ტარდება სისხლძარღვის კონტრასტული კვლევა, მაგალითად, აორტოგრაფია.

გენეტიკური ანომალიების არსებობისას სპეციალისტები ითვალისწინებენ დაავადების პროგრესირების რისკს და ამ მიზნით პაციენტს უტარდება ყოველწლიური სკრინინგი ანევრიზმის გადიდების დასადგენად.

დამატებით ინიშნება ზოგიერთი მედიკამენტი, რომლებიც ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას და სისხლში ქოლესტერინის დონის მოწესრიგებას.

სიმპტომების გააქტიურებისა და ზომის სწრაფად ზრდისას იგეგმება ქირურგიული მკურნალობა.

მუცლის აორტის ანევრიზმის შემთხვევაში ამოიკვეთება დაზიანებული ნაწილი და იცვლება სინთეზური მასალით – აორტის პროთეზით, ან ასეთი პროთეზი თავსდება გაფართოებულ ადგილას.

მსგავსი ჩარევები ტარდება გულმკერდის აორტის დაზიანების დროსაც.

დაავადების პროფილაქტიკა

აორტის ანევრიზმის პირველადი პროფილაქტიკური ღონისძიებანი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რადგან უცნობია მისი გამომწვევი პირველადი მიზეზები.

უკვე დიაგნოსტირებულ შემთხვევებში კი აუცილებელია გამოირიცხოს ყველა ის მავნე ფაქტორი, რომლებიც შესაძლოა პროცესის გაღრმავებას იწვევდეს: თამბაქოს მოწევა, ჰიპერტონია ან სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე.

ანევრიზმის არსებობისას აუცილებელია პაციენტის ყოველწლიური გამოკვლევა და მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი.