დისკომფორტი გაქვთ ქვედა კიდურებში? - ვენების ვარიკოზის სხვადასხვა სტადია და პრობლემის მოგვარების გზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დისკომფორტი გაქვთ ქვედა კიდურებში? - ვენების ვარიკოზის სხვადასხვა სტადია და პრობლემის მოგვარების გზები

დისკომფორტი, სიმძიმე, ტკივილი, შეშუპება, ღამის კრუნჩხვები, წვისა და სიმხურვალის შეგრძნება ქვედა კიდურებში, რომელიც დღის მეორე ნახევარში, ხანგრძლივი დგომის ან ჯდომის შემდეგ მწვავდება - ეს თითქოს უმნიშვნელო პრობლემები ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს, რადგან ეს ქრონიკული და პროგრესირებადი პათოლოგიის - ქრონიკული ვენური დაავადების უხშირესი გამოვლინებაა. ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება და თუ მას დროულად ყურადღებას არ მიაქცევთ, შეიძლება სერიოზულ პრობლემადაც კი იქცეს.

ქრონიკული ვენური დაავადების შესახებ სისხლძარღვთა ქირურგი, ნ. ბოხუას სახ. კარდიოვასკულური ცენტრის დირექტორის მოადგილე, პროფესორი დავით ფარღალავა გვესაუბრება.

რას წარმოადგენს ქრონიკული ვენური დაავადება და რამდენად საყურადღებოა იგი?

ქრონიკული ვენური დაავადება ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქრონიკული პათოლოგიაა. ის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 60-80%-ს აქვს. დაავადების საფუძველი ქვედა კიდურებიდან გულისკენ ვენური სისხლის უკუადინების დარღვევა და ვენებში მისი შეგუბებაა, რაც ვენის კედლისა და სარქვლების დაზიანება- დეფორმაციით არის გამოწვეული. ქრონიკული ვენური დაავადება ნამდვილად საყურადღებო მდგომარეობაა, ვინაიდან ის მუდმივად პროგრესირებადია და სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია. დაავადების პროგრესირებას აქტიური ვენური წყლულების და მყარი შრომისუუნარობის განვითარებამდე მივყავართ, ხოლო ვენური თრომბოემბოლური გართულება - ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ძალიან ხშირად ფატალურად სრულდება.

ვის და რა მიზეზით უვითარდება ქრონიკული ვენური დაავადება?

ქრონიკული ვენური დაავადება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს, მაგრამ არსებობს გარკვეული ბიოლოგიური და ცხოვრების რეჟიმთან ასოცირებული ფაქტორები, რომლებიც დაავადების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ეს რისკ-ფაქტორებია: ასაკი, მდედრობითი სქესი, მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ჭარბი წონა, ორსულობა, ჰორმონალური თერაპია, ადინამიური ცხოვრების წესი და ის სამუშაო პირობები, რომელიც ხანგრძლივ ჯდომით მდგომარეობაში ან ცხელ გარემოში საქმიანობას მოითხოვს, არაბალანსირებული კვება, ყაბზობა და ა.შ. ბუნებრივია, ადამიანი ვერ იმოქმედებს ბიოლოგიურ ფაქტორებზე, მაგრამ მას შეუძლია ცხოვრების რეჟიმთან დაკავშირებული ფაქტორების შეცვლა. ამიტომ აღნიშნული რისკ-ფაქტორების ცოდნა პაციენტებისთვის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია.

mkurnali.ge

როგორია სიმპტომები, რამაც შეიძლება ქრონიკული ვენური დაავადების არსებობაზე გვაფიქრებინოს?

ქრონიკული ვენური დაავადების კლინიკური გამოვლინებების სპექტრი საკმაოდ დიდია. არსებობს მცდარი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ქრონიკული ვენური დაავადება აუცილებლად გაგანიერებული ან ვარიკოზული ვენებით უნდა იყოს გამოხატული. ეს ასე ნამდვილად არ არის. ვარიკოზი და კანის სტრუქტურული ცვლილებები დაავადების უფრო შორეული სტადიებია. შედარებით ადრეულ ეტაპზე კი ქრონიკული ვენური დაავადება გარეგნულად ხილული ნიშნების გარეშე ისეთი სიმპტომებით იჩენს თავს, როგორიც არის ტკივილი, სიმძიმე, შეშუპების შეგრძნება, ღამის კრუნჩხვები, წვის ან სიმხურვალის შეგრძნება, რომელიც ხანგრძლივი დგომის/ჯდომის შემდეგ, დღის ბოლოს ან ცხელ გარემოში მძიმდება, ხოლო დასვენების ან ფეხების მაღალზე წამოწევისას მსუბუქდება. ამრიგად, სიმპტომების არსებობა ვარიკოზული ვენების გარეშეც კი უკვე ქრონიკული ვენური დაავადების არსებობაზე გვაფიქრებინებს. დაავადების ამ ეტაპს ნულოვანი სტადია ეწოდება. რაც შეეხება ქრონიკული ვენური დაავადების ვიზუალურ გამოვლინებებს, პირველ ეტაპზე კაპილარული ობობისებრი ქსელი ვითარდება; მეორე სტადია უკვე ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებია; მესამე სტადიაზე ყველა აღნიშნულ გამოვლინებას კოჭ-წვივის არეში განვითარებული შეშუპება ერთვის; მეოთხე სტადიის დროს კანზე ჰიპერპიგმენტაციის უბანი ვითარდება; მეხუთე სტადია - შეხორცებული ტროფიკული წყლული, ხოლო მეექვსე სტადია კი ღია, აქტიურად მიმდინარე ტროფიკული წყლულია.

mkurnali.ge

ამრიგად, ქრონიკული ვენური დაავადება პროგრესირებადი პროცესია და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ადრეულ ეტაპზე დაწყებული ადექვატური მკურნალობის მნიშვნელობას. სწორი მკურნალობა აუცილებელია ერთის მხრივ, შემაწუხებელი სიმპტომებს მოსახსნელად და მეორე მხრივ, დაავადების პროგრესირებისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად.

როგორ ხდება ქრონიკული ვენური დაავადების დიაგნოსტიკა?

ქრონიკული ვენური დაავადების დიაგნოზი ძირითადად კლინიკური ანამნეზის შეგროვებას და ფიზიკურ გასინჯვას ეყრდნობა, დიაგნოსტიკის ძირითადი ინსტრუმენტული მეთოდი ფერადი დუპლექსსკანირება, ანუ ექოსკოპიური კვლევაა - დოპლერით. ზოგიერთ შემთხვევაში სხვა უფრო კომპლექსური გამოკვლევების ჩატარებაც ხდება საჭირო.

ამრიგად, სიმპტომებისა და ნიშნების გამოვლენისას, დიაგნოზის დასადასტურებლად და ადექვატური მკურნალობის მისაღებად ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია. მაგრამ არსებობს გარკვეული ღონისძიებები და რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება და შესრულება ექიმთან მისვლამდეც კი უკვე აუცილებელია ქრონიკული ვენური დაავადების სიმპტომების, ნიშნების ან თუნდაც რისკის მქონე პირებისთვის. ეს ღონისძიებები ვენური სისტემის უკეთ ფუნქციონირებას, სიმპტომების შემცირებას და პროგრესირების შენელებას უწყობს ხელს.

როგორ ხდება ქრონიკული ვენური დაავადების მკურნალობა და რას ურჩევთ პაციენტებს ამ პროცესში?

როგორც წესი, ქრონიკული ვენური დაავადების მკურნალობა არის კომპლექსური და ითვალისწინებს რამდენიმე მეთოდის ერთობლივ გამოყენებას. მკურნალობის მეთოდები, თავის მხრივ, იყოფა კონსერვატიულ და ქირურგიულ მეთოდებად.

კონსერვატიული მკურნალობა ითვალისწინებს: მედიკამენტურ თერაპიას, კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარებას და ადგილობრივი საშუალებების გამოყენებას. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს მალამო, გელი, კრემი.

ქირურგიული მკურნალობა კი გულისხმობს: სკლეროთერაპიას - სპეციალური ნივთიერების შეყვანას ვენის სანათურში; ენდოვენურ აბლაციას რადიოსიხშირით, ლაზერულით, ორთქლით, წებოთი და ფლებექტომიას - ვარიკოზულად შეცვლილი ვენისა და მისი შენაკადების ამოღება ქირურგიული ჩარევით.

მკურნალობის თითოეულ მეთოდს თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები გააჩნია. მისი დადგენა და სათანადო მეთოდისა თუ მეთოდების კომბინაციის შერჩევა პაციენტის ექიმთან ვიზიტის საფუძველზე ინდივიდუალურად ხდება დაავადების სტადიის და პაციენტის თავისებურებების გათვალისწინებით.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთადერთი მკურნალობა, რომელიც პრაქტიკულად ყველა სიმძიმისა და პროფილის ვენურ პაციენტს ესაჭიროება ვენოტონური პრეპარატებით მედიკამენტური თერაპიაა. ეს შეიძლება იყოს დამოუკიდებლად ან კომბინაციაში. ვენოტონურ პრეპარატებს შორის ჩვენ პრაქტიკაში ყველაზე აქტიურად მიკრონიზებულ დაწმენდილ ფლავონოიდურ ფრაქციას ვიყენებთ ფრანგული ორიგინალი ბრენდის - დეტრალექსი 1000 მგ-ის სახით, რომელსაც ყველაზე მაღალი ხარისხის მტკიცებულებები და რეკომენდაცია გააჩნია საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან. "დეტრალექსი" ქრონიკული ვენური დაავადების ძირითად პათოლოგიურ მექანიზმებზე მოქმედებს, აქვს გამორჩეული დამზადების ფორმა და შემადგენლობა. შედეგად, ის ეფექტურად მოქმედებს ქრონიკული ვენური დაავადების ყველა ძირითადი სიმპტომისა და ნიშნის მოხსნის კუთხით და ამასთან, რეგულარული მოხმარების შემთხვევაში, დაავადების პროგრესირების შეფერხების პოტენციალიც გააჩნია.

mkurnali.ge

და ბოლოს, პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ქრონიკული ვენური დაავადების მქონე თითეულმა პაციენტმა - ეს ღონისძიებები ცხოვრების არასწორი რეჟიმით გამოწვეული ეფექტების მინიმიზაციას ემსახურება:

• ნუ იჯდებით ან იდგებით დიდხანს უძრავად (პერიოდულად ადექით, გაიარეთ ან ადგილზე შეასრულეთ ტერფის ვარჯიშები);

• დაკავდით რეგულარული ფიზიკური აქტივობით (ფეხით სიარული, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა);

• ეცადეთ თავი აარიდოთ სითბურ დატვირთვას და გადახურებას (საუნა, მზის აბაზანები, ცხელი წყლის აბაზანები);

• მოსვენებისას მაღალზე წამოწიეთ ფეხები;

• მიიღეთ კონტრასტული შხაპი ტერფებსა და წვივებზე (გრილი და თბილი წყლის მონაცვლეობით);

• აკონტროლეთ წონა;

• შეზღუდეთ თამბაქოს მოხმარება;

• ეცადეთ ყოველდღიურად არ ატაროთ მჭიდრო ტანსაცმელი, მაღალქუსლიანი ან ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი;

• მიიღეთ უჯრედისით მდიდარი ჯანსაღი საკვები;

• მიიღეთ სათანადო რაოდენობით სითხე