როგორია დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება საქართველოში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორია დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება საქართველოში

ამ ხარვეზებს უამრავი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჯოხი მაინც ექიმებზე ტყდებოდა. არადა, ექიმის ბრალი სულაც არ იყო, რომ ძველი, გაუმართავი მანქანა წამდაუწუმ ფუჭდებოდა. შუა გზაზე ჩამოსულ ექიმს ხშირად კლდე-ღრესა თუ მუხლამდე თოვლში ფეხით უწევდა დანიშნულების ადგილამდე მისვლა პაციენტის დასახმარებლად. რა ხდება დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში, აღმოიფხვრა თუ არა ხარვეზები? გვინდოდა, ამ და სხვა საკითხებზე თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობას გავსაუბრებოდით. ჩვენთვის დღემდე გაურკვეველი მიზეზით, ეს ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მონიტორინგისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების (სსდ) ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურაა, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს სსდ ბრიგადების მართვას. მას არ ექვემდებარება მხოლოდ თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახური, რომელიც დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია.

- ბატონო ამირან, რას გვეტყვით თქვენი ცენტრის სტრუქტურაზე?

- ცენტრს აქვს 65 რაიონული სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ სტრუქტურაში შედის აჭარაც, გარდა ბათუმისა - ამ ქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მართვა ადგილობრივად ხორციელდება. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადების მართვისთვის 112-სა და ბათუმის სადისპეტჩეროს შორის უშუალო კონტაქტია, აჭარის ყველა დანარჩენი რაიონი კი იმართება ჩვენ ანუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ. ცენტრს აქვს საკუთარი ძალზე დახვეწილი პროგრამა, რომელიც საგანგებოდ ამ სამსახურისთვის შეიქმნა. ამ პროგრამის წყალობით ჩვენთან ელექტრონული ფორმით შემოდის 112-ში მიღებული ყველა ზარი. ფაქტობრივად, ყოველგვარი ინფორმაცია, რომელსაც ტელეფონით აწვდის ინიციატორი 112-ს, ჩვენთანაც რეგისტრირდება. როდესაც ადამიანი რეკავს 112-ში და 112-ის ოპერატორი იწერს გამოძახებას, შეტყობინების დასრულებისთანავე ეს გამოძახება ჩვენს პროგრამაში აისახება, ჩვენ კი ინფორმაციის ასახვისთანავე ვიწყებთ გამოძახების მართვას, გადავცემთ შესაბამის ბრიგადას და ის დაუყოვნებლივ გადის დანიშნულების ადგილზე. აქამდე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მართვა სხვაგვარად ხორციელდებოდა. ყველა რაიონში ფუნქციობდა რაიონული სასწრაფო სამედიცინო სამსახური, რომელსაც ჰქონდა ადგილობრივი სადისპეტჩერო. 112-ში შემოსული ზარით მიღებული ინფორმაცია რაიონულ სამსახურს გადაეცემოდა. 112-ის ოპერატორი ტელეფონით უკავშირდებოდა რაიონულ სადისპეტჩეროს და ტელეფონითვე აწერინებდა გამოძახებას, რაც, ცხადია, საკმაოდ ბევრი დროის დაკარგვას იწვევდა. არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ იყო ტექნიკური ხარვეზები, ზოგჯერ ვერ ხერხდებოდა ადგილობრივ სადისპეტჩეროსთან დაკავშირება, ინფორმაციის დროულად მიწოდება და ბრიგადა, თავისუფალიც რომ ყოფილიყო, ოპერატიულად ვერ მიდიოდა გამოძახების ადგილას. დიდი პრობლემა გახლდათ ისიც, რომ ადგილობრივ სადისპეტჩეროს არ ჰქონდა ხედვა იმისა, სად იმყოფებოდა ბრიგადა ამა თუ იმ მომენტში, თავისუფალი იყო თუ გამოძახებაზე გასული. სანამ ბრიგადა რაიონულ ფილიალში დაბრუნდებოდა, დაკავებულად ითვლებოდა. ეს ყველაფერი დიდი დროის დაკარგვასა და დიდ დაგვიანებებს იწვევდა. ამის გამო სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მართვა სრულიად არაეფექტური იყო. შესაძლოა, ერთი და იმავე სოფლიდან ზედიზედ ორი გამოძახება მიეღოთ, მაგრამ ვიდრე პირველ გამოძახებაზე გასული ბრიგადა უკან არ დაბრუნდებოდა, მომდევნოს შესახებ ინფორმაციას ვერ იღებდა და, ფილიალში დაბრუნებულს, ხელმეორედ უხდებოდა იმავე სოფელში ჩასვლა, როცა, ფაქტობრივად, იქვე იმყოფებოდა და გაცილებით მალე შეეძლო პაციენტთან მისვლა. სწორედ ამ პრობლემების დაგროვებამ მისცა ბიძგი თბილისში ცენტრალური სადისპეტჩეროს დაარსებას. ამჟამად ყველა რეგიონს მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს თექვსმეტი ოპერატორი, ორი ჰოსპიტალიზაციის მენეჯერი და ერთი ცვლის უფროსი. ისინი 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. 112-იდან შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირება დაუყოვნებლივ ხდება. ოპერატორი გამოძახებას უშუალოდ ბრიგადას გადასცემს. მაგალითად, თუ გორის რაიონის რომელიმე სოფლიდან შემოვიდა შეტყობინება, ჩვენი ოპერატორი ამ გამოძახებას გადასცემს უშუალოდ გორის სასწრაფო დახმარების რომელიმე ბრიგადას, რომლის ადგილსამყოფელსაც ხედავს. შესაძლოა, ეს ბრიგადა სადმე მახლობლად იმყოფებოდეს, გათავისუფლებული იყოს წინა გამოძახებისგან და მალევე მივიდეს დანიშნულების ადგილამდე. ამრიგად, ამ პროგრამის წყალობით ჩვენ შეგვიძლია, უახლოესი ბრიგადა გავუშვათ კონკრეტულ მისამართზე. რაიონული პრინციპი აღარ მოქმედებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მართვა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპზე გადავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიღებული შეტყობინება უშუალოდ გადაეცემა უახლოეს თავისუფალ ბრიგადას. ამის წყალობით დიდი შედეგი მივიღეთ, სასწრაფო სამედიცინო დახმარება რეგიონებში გაცილებით ოპერატიული და მოქნილი გახდა, დაგვიანებათა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

- თუმცა დღესაც ბევრია უკმაყოფილო იმით, რომ რეგიონების სასწრაფო დახმარების ბრიგადები თბილისიდან იმართება...

- მართალია, თბილისიდან ხდება რეგიონის ყველა ბრიგადის მართვა, მაგრამ ეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოპერატიულ მუშაობას არ აფერხებს, რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს ბრიგადების დანიშნულების ადგილზე გასვლა რაიონულ კი არა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპს ეფუძნება. ამის საშუალებას იძლევა ჯი-პი-ეს ნავიგაციის სისტემა, რომელიც ცენტრის პროგრამასთანაა ინტეგრირებული. ამ სისტემის წყალობით რუკაზე ვხედავთ ჩვენი მანქანების მოძრაობას. ოპერატორს შეუძლია, დახედოს რუკას და დაინახოს, რომელი ბრიგადაა უფრო ახლოს მითითებულ მისამართთან. პროგრამულად ვხედავთ, რამდენი და რომელი ბრიგადაა დაკავებული ან თავისუფალი. აქამდე ამის საშუალება არ იყო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები სხვა პრინციპით მუშაობდნენ. მაგალითად, თუ ხარაგაულის რომელიმე სოფლიდან შემოვიდოდა გამოძახება, დანიშნულების ადგილზე აუცილებლად ხარაგაულის რაიონული სამსახურის ბრიგადა გაიგზავნებოდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სოფელი, მაგალითად, ზესტაფონთან უფრო ახლოს იყო, და მანქანას 50-წუთიანი გზის გავლა მოუხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონიდან სულ 10 წუთში შეიძლებოდა მისულიყო გამოძახების ადგილამდე. დღეს ასე აღარ არის, შეტყობინება გადაეცემა უახლოეს თავისუფალ ბრიგადას და სოფელში, მიუხედავად იმისა, რომ ის ხარაგაულის რაიონს ეკუთვნის, შესაძლოა მივიდეს ბრიგადა ზესტაფონიდან, რადგან ის უფრო ახლოსაა და უფრო მალე მივა პაციენტის დასახმარებლად.

- რამდენი ბრიგადა ემსახურება დღეს რეგიონებს?

- სულ 220. აქედან 13 ბათუმისაა. ჩვენ, ფაქტობრივად, 207-ს ვმართავთ. ბრიგადები რაიონებშია განაწილებული, თუმცა ამას, როგორც უკვე მოგახსენეთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.


- ყოფილა შემთხვევები, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ მისულა გამოძახების ადგილამდე...

- კარგა ხანია, ეს პრობლემაც უკან მოვიტოვეთ. სსდ ცენტრის ავტოპარკი 180 ახალი მანქანით განახლდა. მანქანები აღჭურვილია უახლესი აპარატურით, კარდიოგრაფებით, დეფიბრილატორებით, სამედიცინო დანიშნულების სხვა საგნებითა და მედიკამენტებით, რომლებიც, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დადგენილების თანახმად, აუცილებლად უნდა იყოს სასწრაფო დახმარების მანქანაში. იყო დრო, როდესაც მანქანა მართლა ვერ აღწევდა დანიშნულების ადგილამდე. დღეს ცენტრის ავტოპარკს ორხიდიანი მანქანებიც აქვს. ისინი მაღალმთიან რაიონებშია განაწილებული, შესაბამისად, რთული რელიეფის პირობებშიც კი პრობლემა აღარ არსებობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დღეს ყველგან, ყველა მისამართზე მიდის. ვერ ნახავთ პაციენტს, რომელსაც სასწრაფო გამოუძახებია და სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენილა. მართალია, არსებობს წერტილები, რომლებიც რელიეფის, კლიმატური პირობებისა თუ სხვა ფაქტორების გამო რამდენადმე პრობლემურია (ვგულისხმობ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გართულებულ, სეზონურად მეწყერჩამოწოლილ, დიდთოვლობით გამორჩეულ და სხვა ზონებს), მაგრამ ასეთ შემთხვევებში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურთან, რომლის დახმარებითაც ბრიგადები ვერტმფრენით გადაგვყავს. სსდ ცენტრი 2014 წლის დეკემბერში შეიქმნა. თებერვლიდან დავიწყეთ რაიონების გადმობარება. ეს სამ ეტაპად განხორციელდა. ჩავიბარეთ სრულიად ამორტიზებული მანქანები, რომლებსაც დღეში რამდენჯერმე სჭირდებოდა შეკეთება. ზოგი არც კი ექვემდებარებოდა რემონტს. საზოგადოდ, ძალიან მძიმე ვითარება იყო. არ ხდებოდა პერსონალის შრომის ანაზღაურება, ხელფასების გაცემა, დასაქმებულებს არ შეეძლოთ კუთვნილი შვებულებისა თუ ბიულეტენის აღება. საშინელ პირობებში უხდებოდათ მუშაობა, ზოგიერთ სადგურში თავზე ათოვდათ. დღეს ბრიგადები ახალ შენობებში მუშაობენ, დადიან ახალი მანქანებით, ახალ, ლამაზ ფორმებში გამოწყობილნი, რაც, უპირველეს ყოვლისა, თავად ექიმებს სიამოვნებთ. ამ ერთ წელიწადში ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. ამას ყველა აღნიშნავს, თუმცა მთავარი მაინც პაციენტთა კმაყოფილებაა. უამრავი მადლობის ზარი შემოდის, რაც სიამაყით გვავსებს.

- რა პრინციპით ხდება კლინიკებში პაციენტების გადაყვანა? თბილისში წლების განმავლობაში ეს ერთგვარად მანკიერი გზით ხდებოდა, ხშირად - პაციენტისა და მისი ოჯახის სურვილის საწინააღმდეგოდ. ფაქტებით დადასტურებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეკრულნი იყვნენ შესაბამის კლინიკებთან, მიმღებ განყოფილებებთან. რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით დღეს?

- არის რაიონები, სადაც მხოლოდ ერთი კლინიკაა და ალტერნატივა ფიზიკურად არ არსებობს. სსდ ცენტრს აქვს ჰოსპიტალიზაციის სისტემა და პაციენტი გადაგვყავს შესაბამისი სერვისების მქონე უახლოეს კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება მისთვის სათანადო მომსახურების გაწევა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ცენტრში მუდმივად მორიგეობს ორი ჰოსპიტალიზაციის მენეჯერი. მათ უკავშირდებიან ბრიგადის ექიმები, აცნობენ დიაგნოზს; მენეჯერები კლინიკებს უთანხმებენ პაციენტთა გადაყვანას. ისიც უნდა ითქვას, რომ საყოველთაო დაზღვევის წყალობით პაციენტებს დღეს საშუალება აქვთ, საჭიროებისამებრ მიიღონ ყველა სერვისი, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის პრობლემაც მოგვარებულია. იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე კლინიკამ უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე. ეს უარი დაფიქსირდა და მიეწოდა ჯანდაცვის სამინისტროს. საქმეში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის სამსახური ჩაერთო. იმის თქმა მსურს, რომ კლინიკებთან დღეს მჭიდრო კოორდინაციაა. როდესაც ჩვენი სამსახური დაარსდა და ჰოსპიტალიზაციის სისტემა იქმნებოდა, ზოგმა კლინიკამ უარი განაცხადა მასში ჩართვაზე, ზოგს კი საამისოდ რესურსიც არ გააჩნდა. დღეს შეფერხებებს პრაქტიკულად აღარ ვაწყდებით. ცენტრის დაარსების პირველ ხანებში პაციენტთა 8% გადაჰყავდათ კლინიკაში, ამჟამად ეს მაჩვენებელი 30%-მდეა გაზრდილი. მოგეხსენებათ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაციონალური მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი სწორედ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელია. ჩვენ ამითაც კმაყოფილნი ვართ და სისტემის უფრო მეტად დახვეწას ვცდილობთ.

- ფაქტი ფაქტად რჩება - მრავალრიცხოვან გამოძახებას ბრიგადები ზოგჯერ ვერ აუდიან. ბევრს საუბრობენ ახალი ბრიგადების დამატებაზე. კადრების ნაკლებობაა, დამატებითი თანხის გაღება არ სურთ თუ რატომ ვერ ხერხდება სასწრაფო დახმარების სამსახურის გაფართოება?

- რეგიონს, ისევე როგორც დედაქალაქს, მართლაც აქვს ეს პრობლემა. ხშირად ხდება ისე, რომ ბრიგადები არ გვყოფნის. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არამიზნობრივი გამოძახებებიცაა. მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ წნევის გასაზომად ან წამლის დასალევად, ან სულაც იმისთვის, რომ უძილობისას ვინმეს გაესაუბროს, არ შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოცდენა, ამ დროს შესაძლოა ვიღაც სისხლდენით იღუპებოდეს. ამ კუთხით მოსახლეობის შეგნებისა და ცნობიერების ამაღლება აუცილებელია. ეს კომპლექსური ღონისძიებებით, ერთობლივად, რამდენიმე სამსახურის ჩართვით უნდა მოხდეს. ამაში მონაწილეობა უნდა მიიღონ სარეკლამო კომპანიებმაც. როდესაც ადამიანი დღეში ათჯერ იძახებს სასწრაფოს და მეათედ ბრიგადას აგვიანდება, თანაც იმის გამო, რომ ეს გამოძახება ნაკლებპრიორიტეტულია, - მაგალითად, შოკი ან მწვავე სისხლდენა უფრო აქტუალურია, ვიდრე 37 0ც ტემპერატურა, - საყვედური ნამდვილად უსამართლოა, თორემ თუ ავტოსაგზაო შემთხვევაზე დააგვიანდა ბრიგადას და გვისაყვედურეს, ეს სამართლიანი იქნება. არამიზნობრივი გამოძახებები გვაძლევს სწორედ ამ მაღალ მაჩვენებელს - შარშან თუ დაახლოებით 800-900 გამოძახება იყო დღეში, ამჟამად 1800-1900-ს ვასრულებთ.

- იქნებ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ძალიან გართულებულია? გარდა ამისა, ჯანდაცვის სისტემაში გატარებული რეფორმები რამდენამდე ცუდად აისახება თქვენს სამსახურზე. ვგულისხმობ როგორც რეცეპტების შემოღებას (ზოგი რეცეპტის გამოწერის მიზნითაც იძახებს სასწრაფოს), ასევე არასწორად, არარაციონალურად ორგანიზებულ საყოველთაო ჯანდაცვას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პირველადი ჯანდაცვა, პროფილაქტიკური მედიცინა არ არსებობს ქვეყანაში; როცა მწვავე პნევმონიიან პაციენტს ოჯახის ექიმთან მოსახვედრად ზოგჯერ ორ კვირაზე მეტხანს უხდება ლოდინი ან, პულმონოლოგთან გადამისამართებულს, არ გააჩნია კონსულტაციის თანხა, უფასო სასწრაფო დახმარების გამოძახებას ამჯობინებს. ეს ხომ ბუნებრივი და გასაგებია...

- გეთანხმებით, მრავალი პრობლემაა. ჩვენში ექიმთან მანამდე არ მიდიან, სანამ მდგომარეობა კრიტიკული არ გახდება. არ იტარებენ დანიშნულ მკურნალობას. აღარაფერს ვამბობ პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე. ცხადია, ჯანდაცვის პირველადი რგოლი უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაში. როდესაც სოფლის ან უბნის ექიმის რგოლი მოიკოჭლებს, ეს საბოლოოდ სასწრაფოს ურტყამს. ჩვენ ეს ყველაზე უკეთ გვესმის. სწორედ ამიტომ სატესტოდ, საპილოტედ აჭარის რეგიონში ვიწყებთ ახალ პროგრამას: შემოსული გამოძახებები, რომლებსაც ემსახურება სასწრაფო დახმარება, მაგრამ რეალურად ნაკლებპრიორიტეტულია (ვგულისხმობ, მაგალითად, 37 0ც ტემპერატურის შემთხვევას, ქრონიკულ პაციენტებს, რომელთა მდგომარეობა შედარებით სტაბილურია - ჩვენ მთელი სია გვაქვს ამ კატეგორიის გამოძახებებისა), პირდაპირ გადამისამართდება სოფლის ექიმებთან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ პროექტში. მან სოფლის ექიმები ავტომანქანებით უზრუნველყო, ანუ გადაადგილების პრობლემა მოგვარდა. ჩვენს ცენტრს სოფლის ექიმებთან მჭიდრო კოორდინაცია აქვს. ჩვენ მათ გადავცემთ შესაბამის გამოძახებებს და ისინი უმალვე მივლენ პაციენტებთან. თუ საჭირო გახდება, შემდეგ გადასაყვანად სასწრაფო დახმარების მანქანაც მივა. ამ პროგრამას ოპტიმისტურად ვუყურებთ. ვფიქრობთ, მუშაობის ოპტიმიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება.

როგორც ხედავთ, ახალგაზრდა ამირან გოგიტიძეს არც კითხვები აშინებს და არც ახალი წამოწყებები. ასეთ თავდადებულ, გულისხმიერ, მცოდნე, საქმეზე შეყვარებულ სპეციალისტს ხელმძღვანელ სტრუქტურებში კარგა ხანია აღარ შევხვედრივარ. თავის დროზე სასწრაფოს ექიმად ნამუშევარი, საკუთარი გამოცდილებით იცნობს ამ რგოლის ყველა პრობლემას, ყოფილი და არსებული ხარვეზებიც კარგად იცის და ყველაფერს აკეთებს მათ აღმოსაფხვრელად. ჩვენს ჯანდაცვას ასეთი ადამიანების ძალისხმევა თუ გადაარჩენს...