ასპერგილოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასპერგილოზი

კლინიკური სურათი

ასპერგილოზის კლინიკური სურათი დაავადების ფორმაზეა დამოკიდებული.

ალერგიული რეაქცია. ბრონქული ასთმით ან მუკოვისციდოზით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ობის სოკოს მიმართ ალერგიული რეაქცია განუვითარდეს. ეს მდგომარეობა ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზის სახელწოდებით არის ცნობილი. მისი სიმპტომებია:

  • ცხელება;
  • ხველა სისხლიანი ან ლორწოს შემცველი ნახველით;
  • ასთმის მიმდინარეობის მკვეთრი გაუარესება.

სოკოვანი მასები. ფილტვში შესაძლოა ჩამოყალიბდეს სოკოვანი სფერო, რომელიც სოკოს ჰიფებისგან (ძაფებისგან) შედგება. ეს ქრონიკული პულმონური (ფილტვის) ასპერგილოზის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომელსაც მარტივი ასპერგილომა ეწოდება. ასეთი წარმონაქმნი შესაძლოა გაჩნდეს იმ ადამიანის ფილტვში, რომელსაც აქვს ფილტვის ემფიზემა, ტუბერკულოზი ან სარკოიდოზის შორს წასული ფორმა. ასპერგილომა კეთილთვისებიანი მდგომარეობაა, რომელიც ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან მხოლოდ სუსტი ხველით ვლინდება, თუმცა დროთა განმავლობაში მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს და თავი იჩინოს:

  • ხველამ, რომელსაც ხშირად თან ახლავს სისხლის გამოყოფა - ჰემოფთიზი. ზოგჯერ სისხლი მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოიყოფა;
  • ხიხინი;
  • ქოშინი;
  • წონის უმიზეზო კლება;
  • სისუსტე.

ინფექცია. ინვაზიური პულმონური (ფილტვის) ასპერგილოზი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. ის ვითარდება, როცა ინფექცია ფილტვიდან სწრაფად ვრცელდება ტვინში, გულში, თირკმელში ან კანში. ჩვეულებრივ, ასე მაშინ ხდება, როცა პაციენტს დასუსტებული აქვს იმუნური სისტემა, მაგალითად, ქიმიოთერაპიის გამო. მკურნალობის გარეშე პაციენტის სიკვდილი გარდაუვალია. ინვაზიური ასპერგილოზის დროს დაავადების გამოვლენა დაზიანებულ ორგანოზეა დამოკიდებული. უმეტესად ვითარდება:

  • შემცივნება და ცხელება;
  • ჰემოფთიზი - ხველა სისხლიანი ნახველით;
  • ფილტვიდან სისხლდენა;
  • ქოშინი;
  • ტკივილი გულმკერდში, სახსრების ტკივილი;
  • თავის ტკივილი, თვალების დაზიანება;
  • ცხვირიდან სისხლდენა;
  • სახის ცალმხრივი შეშუპება;
  • კანის დაზიანება.

ასპერგილოზის სხვა ტიპები

გარდა ფილტვისა, ასპერგილოზმა შეიძლება დააზიანოს ცხვირის ღრუს დანამატი წიაღებიც (სინუსები). ეს იწვევს ცხვირის გაჭედვას, სისხლიან გამონადენს, ცხელებას, სახის, თავის ტკივილს.

როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი

როცა პაციენტს აქვს ასთმა ან მუკოვისციდოზი, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია სიმპტომების ცვლილების, დაავადების დამძიმების შემთხვევაში. რასაკვირველია, ასპერგილოზი შესაძლოა სულაც არ იყოს ამ ცვლილებათა მიზეზი, მაგრამ ჯობს, მდგომარეობა სპეციალისტმა შეაფასოს. თუ პაციენტს დასუსტებული აქვს იმუნური სისტემა (მაგალითად, სიმსივნის გამო ჩატარებული ქიმიოთერაპიის შედეგად), აუხსნელი ცხელების, ქოშინის ან სისხლიანი ხველის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. უნდა გვახსოვდეს, რომ ინვაზიური ასპერგილოზის დროს მკურნალობის დროული დაწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა ზოგჯერ დიაგნოზის დაზუსტებამდეც კი იწყება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ტერმინი “დასუსტებული იმუნური სისტემა” მხოლოდ პაციენტთა აღნიშნული კატეგორიის მიმართ გამოიყენება და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სხვა მხრივ ჯანმრთელ იმ ადამიანებს, რომელთაც ხშირად ემართებათ სურდო და სხვა ვირუსული ინფექციები.


სად გველოდება საფრთხე

ასპერგილა ფართოდ არის გავრცელებული გარემოში, ამიტომ მასთან კონტაქტის თავიდან აცილება შეუძლებელია. ის აღმოჩენილია ლპობად ფოთლებში, ცხოველთა ექსკრემენტებში, ხეებზე, მარცვლეულ კულტურებზე. ასპერგილას სპორები გვხვდება ოთახშიც, სადაც ისინი ვრცელდება ჰაერის კონდიცირებისა და გათბობისას, ასევე - ზოგიერთ საკვებში, სანელებელში. ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ადამიანისთვის ასპერგილასთან ყოველდღიური კონტაქტი იშვიათად იქცევა პრობლემის მიზეზად. როცა ადამიანი ასპერგილას სპორას შეისუნთქავს, იმუნური სისტემის უჯრედები მას გარს ეკვრიან და ანადგურებენ. ქრონიკული დაავადების ან იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტებით მკურნალობის დროს ორგანიზმში ასპერგილასთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა შემცირებულია, ამიტომ სოკო თავს აღწევს იმუნურ სისტემას და ფილტვში ან სხეულის სხვა ნაწილში იკიდებს ფეხს. ასპერგილოზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება.

როგორ სვამენ დიაგნოზს

ასპერგილათი გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია და მიმდინარე პროცესის ტიპზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფართო გავრცელების გამო ასპერგილა ზოგჯერ სავსებით ჯანმრთელი ადამიანის ნერწყვსა და ნახველშიც აღმოჩნდება. გარდა ამისა, ობის სოკოს სხვა სახეობებისგან ასპერგილას მიკროსკოპულად გარჩევა საკმაოდ ძნელია, დაავადების სურათი კი ძალიან ჰგავს ტუბერკულოზს. დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს:

  • ფილტვების რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • ნახველის გამოკვლევა - ჯერ მიკროსკოპულად, მერე კი დათესვა სპეციალურ ნიადაგზე და დაკვირვება;
  • ქსოვილისა და სისხლის გამოკვლევა - ტარდება კანის ტესტი, რომლის დროსაც წინამხარზე, კანში, შეჰყავთ ასპერგილას ანტიგენი. როცა ორგანიზმი ინფიცირებულია და ასპერგილას საწინააღმდეგო ანტიგენს შეიცავს, ინექციის ადგილას კარგად გამოხატული სიწითლე და შეშუპება ვითარდება; სისხლში შესაძლოა აღმოჩნდეს ანტისხეულები, რომელთა არსებობაც ალერგიულ პასუხზე მიუთითებს;
  • ბიოფსია - ინვაზიური ასპერგილოზის დიაგნოზის დასადასტურებლად ზოგჯერ აუცილებელია ფილტვის ან ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ქსოვილის მიკროსკოპული გამოკვლევა.

მკურნალობა

ასპერგილოზის სახეობის გათვალისწინებით, ექიმმა შესაძლოა აირჩიოს დაკვირვება, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა ან, იშვიათად, ქირურგიული ჩარევა.

დაკვირვება. ერთი მარტივი ასპერგილომა მკურნალობას არ მოითხოვს, მედიკამენტები მის წინააღმდეგ უეფექტოა. ასეთი ასპერგილომები არც სიმპტომატიკას იწვევს. ინიშნება მხოლოდ რენტგენოლოგიური კონტროლი, ხოლო თუ დაავადებამ პროგრესირება განაგრძო - სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები.

კორტიკოსტეროიდები. ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზის მკურნალობის მიზანია, თავიდან ავიცილოთ ასთმის ან ცისტური ფიბროზის დამძიმება. ამ თვალსაზრისით საუკეთესო საშუალებაა სტეროიდების ტაბლეტები. ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზის დროს სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები, ჩვეულებრივ, არაეფექტურია, თუმცა ზოგჯერ მათ ნიშნავენ სტეროიდებთან ერთად, რაც სტეროიდების დოზის შემცირებასა და ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესების საშუალებას გვაძლევს. ანტიფუნგალური ანუ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა ინვაზიური ბრონქოპულმონური ასპერგილოზის სტანდარტული მკურნალობაა. გასათვალისწინებელია, რომ ყველა სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი შეიძლება იქცეს სერიოზული პრობლემების მიზეზად თირკმლისა და ღვიძლის დაზიანების ჩათვლით. გარდა ამისა, შესაძლოა სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედებაც.

ქირურგიული მკურნალობა. ვინაიდან სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები ასპერგილომაში კარგად ვერ აღწევს, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი მოცილება ქირურგიული გზით. ჩვეულებრივ, ოპერაცია სისხლდენის შემთხვევაში ინიშნება. ზოგჯერ, როდესაც ქირურგიულ ჩარევას თან ახლავს რისკი, ტარდება ასპერგილომის ემბოლიზაცია. ამ დროს ასპერგილომის ღრუს მკვებავ არტერიაში კათეტერით შეჰყავთ ნივთიერება, რომელიც არტერიას ახშობს.

როგორ დავიცვათ თავი

ასპერგილასგან თავის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. რისკის შესამცირებლად იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატებით მკურნალობისას (მაგალითად, ორგანოს გადანერგვის შემდეგ ან სიმსივნის დროს) არ არის რეკომენდებული ისეთ ადგილას ყოფნა, სადაც ყრია ლპობადი ფოთლები ან ცხოველთა ექსკრემენტები, ინახება მარცვლეული. იმუნური სისტემის დათრგუნვისას ზოგჯერ რეკომენდებულია სპეციალური დამცავი საშუალების - რესპირატორის ტარება.