მედიკამენტური ალერგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მედიკამენტური ალერგია

მედიკამენტური ალერგია ის პრობლემაა, რომელიც აქტუალურია ექიმებისთვისაც და პაციენტებისთვისაც. სწორედ ექიმია პასუხისმგებელი ამა თუ იმ მედიკამენტის დანიშვნისას. ამავე დროს თითქმის შეუძლებელია, წინასწარ განვსაზღვროთ ალერგიული რეაქციის აღმოცენების ალბათობა. ყველამ იცის, რომ ხშირად პაციენტები მედიკამენტებს თვითნებურად იღებენ. ამის მიზეზი ახლობლების რჩევები, მომრავლებული რეკლამა და ზოგჯერ საკმაოდ ძლიერმოქმედი საშუალებების ურეცეპტოდ გაყიდვაა. მედიკამენტი, რომელსაც მეზობელი თუ ახლობელი დიდი ხნის განმავლობაში იღებს და კმაყოფილიცაა, შეიძლება საბედისწერო გართულების მიზეზი გახდეს. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ მედიკამენტურ ალერგიას ხშირად იწვევს სულფანილამიდები, ანტიბიოტიკები, ასპირინი. უნდა ვიცოდეთ, რომ ალერგიული რეაქციის აღმოცენებისთვის ხშირად მედიკამენტის უმცირესი დოზაც კი საკმარისია. ზოგჯერ ალერგიული რეაქცია მედიკამენტის არა პირველი, არამედ განმეორებითი მიღებისას ვითარდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მედიკამენტი ადამიანის ორგანიზმში საკვებთან ერთადაც შეიძლება მოხვდეს.

რამდენად ხშირია მედიკამენტური ალერგია

ალერგიულ რეაქციათა ჭეშმარიტი სიხშირის დადგენა ძნელია. ეს იმიტომ, რომ პაციენტები ხშირად ყოველგვარი რეალური საფუძვლის გარეშე უწოდებენ საკუთარ თავს “ალერგიულს”, ალერგიულ რეაქციად მიიჩნევენ ისეთ სიმპტომებს, რომელთაც რეალურად სულ სხვა საფუძველი აქვთ. მაგალითად, ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ წამლის მიღების შემდეგ აღმოცენებული თავის ტკივილი, თავბრუ ან არასასიამოვნო შეგრძნება მუცელში სწორედ ალერგიაა და არა სხვა რამ. მედიკამენტური მკურნალობისას შეიძლება შემდეგი ტიპის რეაქციები აღმოცენდეს: ტოქსიკური - დაკავშირებულია მედიკამენტის დასაშვები დოზის გადაჭარბებასთან. ტოქსიკური რეაქციები შეიძლება აღმოცენდეს, როცა პაციენტს დაქვეითებული აქვს თირკმლის ან ღვიძლის ფუნქცია. ამ დროს უარესდება მედიკამენტის გამოყოფა ორგანიზმიდან, რაც სისხლში მისი კონცენტრაციის მატების მიზეზია. გვერდითი ეფექტები - მაგალითად, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა და სხვა. შესაძლო გვერდითი ეფექტები ყველა პრეპარატის ანოტაციაშია მითითებული. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი გვერდითი ეფექტები იშვიათია. მეორეული ეფექტები - მაგალითად, ლორწოვანების სოკოვანი დაზიანება ან ნაწლავის მიკროფლორის ცვლილება ანტიბიოტიკების მიღებისას. მოხსნის რეაქცია - ვითარდება ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას და ხასიათდება დაავადების სიმპტომების გაუარესებით.

ალერგიული რეაქციის ტიპები

აღმოცენების დროის მიხედვით ალერგიული რეაქციები ორ ჯგუფად იყოფა. დაუყოვნებელი - აღმოცენდება მედიკამენტის შეყვანის ან მიღებისთანავე. მისი მაგალითებია ანაფილაქსიური შოკი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება. ყველაზე ხშირად ასეთი რეაქციები დაკავშირებულია ანტიბიოტიკებთან. ანტიბიოტიკებიდან ალერგიის თვალსაზრისით ყველაზე საყურადღებოა პენიცილინის ჯგუფი. ვინაიდან პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს ანალოგიური ქიმიური სტრუქტურა აქვთ, ხშირად ერთი პრეპარატის მიმართ ალერგიისას თავი უნდა ვარიდოთ ამ ჯგუფის სხვა საშუალებების და ცეფალოსპორინების გამოყენებას. ანტიბიოტიკების შეყვანიდან რამდენიმე წუთში ნაჭინჭრის მსგავსი, კანიდან წამოწეული, ქავანა მოწითალო ელემენტების გაჩენა კანზე სულაც არ ნიშნავს, რომ ალერგიული რეაქცია ამით დასრულდა და უფრო საშიში გამოვლინება მოსალოდნელი აღარ არის. დაყოვნებული - რამდენიმე დღის შემდეგაც კი შეიძლება განვითარდეს. ახასიათებს ტემპერატურის მომატება, ჭინჭრის ციებით, სახსრების ტივილით, სისხლის ანალიზის ცვლილებით. მედიკამენტური ალერგია ყველაზე ხშირად მწვავე ალერგიული რეაქციების მიზეზია.

ურტიკარია ანუ ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება

ურტიკარია არის კანის მოწითალო, კარგად შემოფარგლული გამონაყარი, რომელსაც ახასიათებს ქავილი. ის ზეწოლისას ქრება, თუმცა მაშინვე აღდგება. გამონაყარის ზომა შეიძლება 1-2 მმ-დან 10 სანტიმეტრამდე იყოს. აღნიშნული გამოვლინება რამდინიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება. კვინკეს შეშუპება კი კანის და ლორწოვანების ღრმა შრეების შეშუპებაა. ორივე მდგომარეობამ შეიძლება მიიღოს ქრონიკული ხასიათი და წლობით გაგრძელდეს. ურტიკარია სიცოცხლისთვის საშიში არ არის, კვინკეს შეშუპება კი, როცა ზემო სასუნთქ გზებს მოიცავს, დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს.

ბრონქული ასმის შეტევა

ბრონქული ასთმის შეტევა, რომელსაც ახასიათებს ამოსუნთქვის გაძნელება, ხიხინი, შესაძლოა აღმოცენდეს პენიცილინის და სხვა ანტიბიოტიკების, ადგილობრივი საანესთეზიო პრეპარატების, ასპირინის, ბ ჯგუფის ვიტამინების მიღებისას.

ალერგიული რინიტი (სურდო)

ალერგიული ანუ ატოპიური რინიტი ვლინდება ცხვირის გაჭედვით, წყლისებრი გამონადენით, რაც უეცრად ჩნდება, ცემინებით. ალერგიული რინიტი, რომელიც ხშირად მცენარეების ყვავილობასთან არის დაკავშირებული, შესაძლოა გარკვეული მედიკამენტების მიღებისას აღმოცენდეს.

კანის ალერგიული დაზიანება

მედიკამენტების შედეგად კანის ალერგიული დაზიანება, უპირველეს ყოვლისა, გამონაყარით ვლინდება. გამონაყარი შეიძლება გამოიწვიოს სულფანილამიდებმა, ბარბიტურატებმა, სედაციურმა საშუალებებმა, ანტიბიოტიკებმა, ასპირინმა და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა. ის შეიძლება გაჩნდეს მედიკამენტების მიღებისთანავე ან რამდენიმე დღის შემდეგ. ალერგიულ გამონაყარს თან ახლავს ქავილი. მედიკამენტის მიღების შეწყვეტიდან 3-5 დღის შემდეგ გამონაყარი, ჩვეულებრივ,  ქრება, მის წინააღმდეგ ეფექტურია ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები.


შრატისმიერი დაავადება

შრატისმიერი დაავადება აღმოცენდება შრატის შეყვანის შემდეგ, ჩვეულებრივ, 7-12 დღის განმავლობაში, ზოგჯერ - უფრო ადრეც, 1-5 დღეში, ან შრატი განმეორებითი შეყვანისას. შრატისმიერ დაავადებას ახასიათებს ტემპერატურის მომატება, ლიმფური კვანძების გადიდება, სახსრების ტკივილი და შეშუპება, ზოგჯერ - მუცლის ტკივილიც.

ანაფილაქსიური შოკი

ანაფილაქსიური შოკი ალერგიის ყველაზე საშიში გამოვლინებაა. მას უმეტესად ანტიბიოტიკები იწვევს. შოკს ახასიათებს ზედა სასუნთქი გზების და ბრონქების სპაზმი, სისხლძარღვთა გაფართოება, წნევის დაცემა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გონის დაკარგვა. აუცილებელია დაუყოვნებელი დახმარება.

არაალერგიული გვერდითი ეფექტები

ალერგიული რეაქცია იმუნური სისტემის მონაწილეობით აღმოცენდება, თუმცა ალერგიის მსგავს გამოვლინებას მედიკამენტები ზოგჯერ იმუნური სისტემის მონაწილეობის გარეშეც იწვევს. ამ მდგომარეობას ფსევდოალერგიას უწოდებენ. ასეთი ფსევდოალერგიული რეაქციის მაგალითებია რეაქციები, რომლებსაც პროვოცირებას უწევს:

  • რენტგენოკონტრასტული საშუალებები - ვენაში საკონტრასტო ნივთიერების შეყვანისას თავს იჩენს ქავილი, სიწითლე, წნევის დაქვეითება;
  • ასპირინი და სხვა ტკივილგამაყუჩებლები - ზოგჯერ ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი და სხვა საშუალებები იწვევს ჭინჭრის ციებას, ასთმის შეტევას;
  • ანტიბიოტიკები - ვითარდება მუცლის ტკივილი, ფაღარათი;
  • წნევის სამკურნალო საშუალებები - აგფ ინჰიბიტორები (კაპტოპრილი, ენალაპრილი და ამ ტიპის სხვა საშუალებები) ზოგჯერ კვინკეს შეშუპებას იწვევს.

უნდა ვიცოდეთ, რომ...

მედეკამენტებზე ალერგიული თუ ფსევდოალერგიული რეაქციის რისკს ზრდის ფაქტორთა წყება. მათ შორის აღსანიშნავია:

  • წარსულში ალერგიული რეაქცია რომელიმე მედიკამენტზე. ალერგიული რეაქცია უმნიშვნელოც რომ იყოს, ყოველთვის არსებობს საშიში, ანაფილაქსიური რეაქციის რისკი;
  • წარსულში ალერგიის გამომწვევი მედიკამენტის ანალოგიური პრეპარატის მიღება;
  • იმუნური სისტემის სისუტე (მაგალითად, ეპშტეინ-ბარის (ინფექციური მონონუკლეოზი) ან შიდსის ვირუსით ინფიცირებისას);
  • წარსულში ალერგიის სხვა გამოვლინება;
  • ბევრი მედიკამენტის ერთდროული მიღება.

მძიმე ალერგიული რეაქციის რისკი უფრო დიდია, როცა პაციენტს აქვს:

  • ბრონქული ასთმა;
  • გულის დაავადება;
  • მაღალი არტერიული წნევა.

მედიკამენტური რეაქციის გართულებები

მძიმე ალერგიული რეაქციის მაგალითია ანაფილაქსიური შოკი. გარდა ამ საშიში მდგომარეობისა, მოსალოდნელია მედიკამენტებით გამოწვეული ანემია. მისი მიზეზია იმუნური სისტემის რეაქცია, რაც სისხლის წითელი უჯრედების დაშლას იწვევს. მედიკამენტური ალერგიისას აუცილებელია დანიშნული პრეპარატის შეცვლა მედიკამენტით, რომელიც არ იწვევს ალერგიას. სამწუხაროდ, ასეთი საშუალება ზოგჯერ ნაკლებად ეფექტურია.

დესენსიბილიზაცია

რიგ შემთხვევებში მედიკამენტისადმი მგრძნობელობა შეიძლება შესუსტდეს, თუ პაციენტს მის მცირე, შემდეგ კი მზარდ დოზას შევუყვანთ. ამ ჩარევას დესენსიბილიზაციას უწოდებენ. მას ატარებს ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არის საჭიროებისას გადაუდებელი დახმარების საშუალება. დესენსიბილიზაცია ძირითადად მაშინ ტარდება, როცა ალტერნატიული მედიკამენტის შერჩევა შეუძლებელია.

რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტური ალერგიისას

აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ ან ჩავიწეროთ იმ მედიკამენტის დასახელება, რომელმაც ალერგია გამოიწვია. არ უნდა მივიღოთ ალერგიის გამომწვევი ან მისი მსგავსი სტრუქტურის მედიკამენტი. მკურნალობის დანიშვნისას აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ექიმს ინფორმაცია წარსულში გამოვლენილი ალერგიის შესახებ.