სეზონური ალერგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სეზონური ალერგია

რას წარმოადგენს სეზონური ალერგია?

სეზონური ალერგია - ეს ალერგიული რეაქციაა, რომელიც წლის განსაზღვრულ პერიოდში იჩენს თავს. ის შეიძლება გამოვლინდეს როგორც ბანალური კონიუნქტივიტითა თუ რინიტით, ისე სეზონური, მოყვავილე მცენარეთა მტვერზე განვითარებული ბრონქული ასთმით. სეზონური ალერგიის გამომწვევებია ხეების, ბალახების, რთულყვავილებიანი მცენარეების მტვერი და ზოგიერთი სოკოს სპორები. ამ პერიოდში ალერგიულ ადამიანს ღამღამობით ხშირად აღვიძებს მოხრჩობის შეგრძნება; აწუხებს სუნთქვასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რომელიც ნორმალურად დაძინებაში უშლის ხელს. რამდენიმე ასეთი ღამე და ძილის დარღვევის გამო იმატებს ნევროზულობა, გაღიზიანება. ორი-სამი ღამის უძილობა ნებისმიერ ადამიანში ისტერიკასა და ჰიპერაქტივობას იწვევს.

სეზონური ალერგიის ეტაპები

სეზონური ალერგია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. ის შესაძლოა გამოიხატოს როგორც მსუბუქად, ისე საშუალოდ და მძიმედაც. თუ ალერგიულ პროცესს თვითდინებაზე მივუშვებთ, - და პაციენტების დიდი ნაწილი ასეც იქცევა, - გამორიცხული არ არის, განვითარდეს საშიში რეაქცია ბრონქოსპაზმის ან ბრონქული ასთმის შეტევის სახით.

“ტანჯვის პერიოდი”

“ტანჯვის პერიოდი” აპრილის დასაწყისიდან მაისის ან, შესაძლოა, ივნისის ბოლომდე გრძელდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როდის დაიწყება და დასრულდება მცენარეთა ყვავილობა, თუმცა ზოგიერთს ის შესაძლოა გაცილებით  მეტხანს - შემოდგომამდეც კი გაუგრძელდეს.

სად ჯობს ცხოვრება?

ამ ტიპის ალერგიის მქონეთათვის ტყისპირა რაიონებში ან ისეთ ადგილებში ცხოვრება, სადაც მრავლად ხარობენ მოყვავილე მცენარეები, რეკომენდებული არ არის. თუ ოჯახური, სამსახურებრივი და ფინანსური მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ, კარგი იქნება, მცენარეთაA ყვავილობის ამ სახიფათო პერიოდის დასრულებამდე ნაკლებად უსაფრთხო ადგილზე გადახვიდეთ საცხოვრებლად.

ალერგიაზე მოქმედი ფაქტორები

ალერგიულ რეაქციათა გაძლიერება-შესუსტებაზე გავლენას ზოგიერთი  გარეგანი ფაქტორიც ახდენს. ყველაზე ხშირად ეს მეტეოფაქტორებია - წვიმიან ამინდში მტვერი ილექება და ჰაერში მისი კონცენტრაცია საგრძნობლად იკლებს, ქარიან ამინდში კი კონცენტრაცია იმატებს და ეს დიდხანს გრძელდება. ამის კვალობაზე, სეზონური ალერგიის დროს რეკომენდებულია ქუჩაში გასვლა წვიმის შემდეგ, ქარიან ამინდში კი, უმჯობესია, სეირნობისგან თავი შეიკავოთ. შენობაში მტვრის კონცენტრაცია ჰაერში ყოველთვის დაბალია, ამიტომაც  ალერგიული ადამიანები დახურულ შენობებში თავს გაცილებით უკეთ გრძნობენ.

სეზონური ტანჯვის მიზეზებიპოლინოზი

პოლინოზი მიმდინარეობით ძალიან წააგავს ბანალურ გაციებას. ჩვეულებრივ, ამ პერიოდში ალერგიულ ადამიანს აწუხებს სხვადასხვა ხარისხით გამოხატული სურდო, ქავილი, ცრემლდენა, ზოგჯერ - ხველა, ყელში ფხაჭნის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება. პოლინოზით ავადმყოფობენ როგორც მოზრდილები, ისე ბავშვები.  მას აშკარად გამოხატული სეზონურობა ახასიათებს. ამ კატეგორიის ადამიანებს არცთუ იშვიათად უვითარდებათ ე.წ. ჯვარედინი კვებითი ალერგია ხილზე, ბოსტნეულზე, კენკრაზე, ამიტომ მცენარეთა ყვავილობისას ალერგიულმა ადამიანებმა უმჯობესია ამოიღონ რაციონიდან თხილი, ვაშლი, განსაკუთრებით - მისი წითელი ჯიშები, სტაფილო, ფირთოხალი. სასურველია შეიზღუდოს მზესუმზირა, მაიონეზი, მდოგვი, ჰალვა.

ფოტოდერმატოზი

ესეც ალერგიული რეაქციაა, რომელიც მზის სხივებისადმი ზემგრძნობიარე ადამიანებს უვითარდებათ. მას სხვადასხვა ტიპის გამონაყარი ახასიათებს. განასხვავებენ დაავადების რამდენიმე ფორმას, მათ შორის - ფოტოალერგიულ რეაქციებს. დაავადების ტიპური გამოხატულებაა დერმატიტი - მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას კანზე გაჩენილი გამონაყარი და კანის ზოგიერთ უბანზე - ხანგრძლივი დეპიგმენტაცია, ფერშეცვლილი უბნები. გამწვავების პერიოდში  ფოტოდერმატოზი შესაძლოა გამოიწვიოს ჩვეულმა კოსმეტიკურმა საშუალებებმაც, განსაკუთრებით ისეთებმა, რომლებიც ფოტოტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს.


როგორ მოვიქცეთ?

ნაბიჯი I

ბევრი გაზაფხულის დადგომისას აღმოცენებულ უსიამოვნო სიმპტომებს გაციებას მიაწერს და აზრადაც არ მოსდის, რომ ეს ალერგიაა. გაითვალისწინეთ: გაზაფხულის დამდეგს გაციებისთვის დამახასიათებელი სურდო, ცემინება, თვალების წვა, ყელში ფხაჭნის შეგრძნება დაახლოებით 5-6 დღე გრძელდება. თუ ეს სიმპტომები კვირაზე მეტხანს (და კიდევ უფრო დიდხანს) გაგრძელდა, ეს უკვე ალერგიული გამოვლინებაა და არა სურდო.

ნაბიჯი II

აუცილებელია ალერგიის ტიპის დადგენა. უნდა დააკვირდეთ, გაზაფხულზე თავჩენილი სიმპტომები მთელი წელი გრძელდება თუ მხოლოდ ქუჩაში გასვლისას ძლიერდება, ისიც - გაზაფხულობით. უკანასკნელ შემთხვევაში თქვენ მტვერზე ალერგიული ბრძანდებით. თუ ალერგია მთელი წელი გაწუხებთ, მიზეზი საყოფაცხოვრებო ალერგენი იქნება - ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი, ფრინველის ბუმბული, ზოგიერთი წამალი, საკვები ან რომელიმე სხვა.

ნაბიჯი III

თუ სიმპტომები წელიწადში რამდენჯერმე იჩენს თავს, ესე იგი თქვენ რამდენიმე ალერგენზე  რეაგირებთ. მცენარეთა მტვერზე ხართ ალერგიული თუ სოკოვან ორგანიზმთა სპორებზე, ამის დასადგენად დააკვირდით, როგორ გრძნობთ თავს ნაწვიმარზე ქუჩაში გასვლისას. თუ კარგად, ესე იგი მიზეზი მცენარეთა მტვერია, თუ პირიქით, მაშინ ალერგია სოკოს სპორების ბრალი ყოფილა.

ნაბიჯი IV

ვებრძოლოთ ალერგიას:

  • საშიში პერიოდის დადგომისას პირველი და ყველაზე ლოგიკური ნაბიჯია, შეზღუდოთ ალერგენთან კონტაქტი.
  • შეძლებისდაგვარად იშვიათად გააღეთ ფანჯრები. გამოიყენეთ კონდიციონერი.
  • ავტომობილით მგზავრობისას მინები დახურეთ.
  • შინ დაბრუნებისას მიიღეთ შხაპი, გადაივლეთ წყალი თმაზეც.
  • ნუ გააშრობთ თეთრეულს გარეთ.
  • ბაღსა და ბოსტანში მუშაობისას გამოიყენთ დამცავი (მზა ან შინ დამზადებული) პირბადე, რომელიც ცხვირსა და პირს დაგიფარავთ.
  • თუ სოკოს სპორების მიმართ ხართ მგრძნობიარე, ერიდეთ ტყე-პარკებს და ნესტიან გარემოს.
  • ეცადეთ, შინიდან გახვიდეთ შედარებით ხელსაყრელ პერიოდში. ყველაზე ხელსაყრელი დროა დილა, როდესაც - ყვავილობის პერიოდშიც კი - მტვერი ჯერ კიდევ ტენიანია. რაც შეეხება სოკოს სპორებს, მათი კონცენტრაცია ყველაზე მაღალი საღამოს ჰაერშია.

საჭიროა ექიმთან მისვლა

თუ ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კვირაზე მეტია გრძელდება, აუცილებელია ექიმ ალერგოლოგთან მისვლა. ის ჩაგიტარებთ ტესტირებას, დაადგენს, სახელდობრ რა იწვევს თქვენში ალერგიულ რეაქციას და სათანადო დანიშნულებასაც მოგცემთ. სეზონური ალერგიის სამკურნალოდ გამოიყენება რამდენიმე ჯგუფის პრეპარატები: ანტიჰისტამინები - ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები - როგორც ადგილობრივად სახმარი ფორმების, აეროზოლებისა და წვეთების, ისე აბების სახით. ყველაზე ხშირად ალერგიის საწინააღმდეგოდ ანტიჰისტამინურ საშუალებებს იყენებენ. ისინი ბლოკავენ  ჰისტამინის მოქმედებას - იმ ნივთიერებისა, რომელიც ალერგიულ რეაქციებზეა პასუხისმგებელი. ძველი, ფართოდ გამოყენებული პრეპარატები ადუნებს და ძილს ჰგვრის; დღეს ალერგიის საწინააღმდეგოდ უპირატესობას ანიჭებენ ახალი თაობის ანტიჰისტამინურ საშუალებებს, რომლებსაც ასეთი თანმხლები ეფექტი არ ახასიათებთ და მკურნალობისას პაციენტს არ უწევს  ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა. მეორე ჯგუფს მიაკუთვნებენ პრეპარატებს, რომლებიც თრგუნავენ ალერგიულ ანთებას ან ალერგიულ  რეაქციათა კასკადს. ეს პრეპარატები გამოდის სპრეის, ნაზალური ან თვალის წვეთების სახით. მესამე ჯგუფია გლუკოკორტიკოსტეროიდები - როგორც ადგილობრივი, ისე სისტემური მოქმედებისა. სისტემური მოქმედების აბები ჰორმონული პრეპარატებია, რომლებიც მაშინ გამოიყენება, როცა ყველა სხვა თერაპია უშედეგოა. ადგილობრივი გამოყენების სტეროიდები ხელს უწყობს ორგანიზმიდან ალერგენების გამოდევნას. ალერგიისთვის დამახასიათებელი ეფექტების შემცირება და ზოგჯერ - მისგან გათავისუფლებაც კი ძალუძს იმუნურ თერაპიას. საშიში პერიოდის დადგომამდე კანქვეშ შეჰყავთ ალერგიის გამომწვევი ალერგენების განსაზღვრული დოზა, რის შედეგადაც ორგანიზმში იწყება დამცავი ანტისხეულების გამომუშავება. გაითვალისწინეთ: თუ არ გსურთ, სეზონური ალერგია მართლაც ტანჯვად გექცეთ და გაზაფხულს - წელიწადის ამ საუცხოო დროს - ცრემლებით  შეხვდეთ,  პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებული პრეპარატების მიღება მცენარეთა ყვავილობამდე ორი კვირით ადრე უნდა დაიწყოთ.