ასთმა - დავიცვათ უსაფრთხოების წესები!
- რა უწყობს ხელს მის განვითარებას?
- მთავარი რისკფაქტორებია:
- ბავშვის ორგანიზმის ალერგიული განწყობა. ძალიან ხშირად დაავადების გამოვლენას წინ უსწრებს ატოპიური დერმატიტი ან სეზონური ალერგიული რინიტი;
- ზედა სასუნთქი გზების ხშირი ანთებითი დაავადებები;
- მემკვიდრეობითი განწყობა - ასთმის არსებობა ახლო ნათესავებში.
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორსულობის მძიმე მიმდინარეობა (ნაყოფის ჰიპოქსია და დედის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები), ბავშვის ნაადრევი დაბადება ან სასუნთქი სისტემის განვითარების დარღვევები, ნაწლავური იმუნიტეტის დარღვევა (დისბიოზი), ჩვილის არასწორი კვება (არასწორად შერჩეული რძის ნარევები, დამატებითი საკვების ნაადრევი დაწყება, რაციონში ასაკის შეუსაბამო ან ალერგოსაშიში პროდუქტების არსებობა).
- როგორ ვლინდება დაავადება?
- შეტევები, ჩვეულებრივ, ხანმოკლეა და იშვიათი (1-2-ჯერ კვირაში); ვითარდება, წესისამებრ, ღამის საათებში ან დღის პირველ ნახევარში. შეტევის დაწყებაზე მიგვანიშნებს გახშირებული სუნთქვა (15 ჩასუნთქვაზე მეტი წუთში) და შესამჩნევად გაძნელებული ამოსუნთქვა. შეტევებს შორის ბავშვს აქვს ხშირი მშრალი ხველა და ხიხინი. ასთმის მსუბუქი მიმდინარეობისას ხველა და ხიხინი პერიოდულად თავს იჩენს გაციების ფონზე, უმეტესად - დღისით, არც ღამის შეტევებია გამორიცხული. ბავშვს უმეტესად ჯანმრთელი იერი აქვს და არაფერს უჩივის. საშუალო სიმძიმის ფორმის დროს შეტევებს შორის პერიოდში ხველა და ხიხინი პრაქტიკულად არ წყდება (მკურნალობის გარეშე). არცთუ იშვიათად ბავშვს არ აძინებს მტანჯველი მშრალი ხველა.
- რას ნიშნავს ასთმური სტატუსი?
- ასთმური სტატუსი დაავადების საშიში გართულებაა. ეს არის უჩვეულო და საკმაოდ ძლიერი შეტევა, რომლის ჩაცხრობა ჩვეულებრივი ეფექტური ბრონქოდილატატორის (გამაფართოებლის) გამოყენებითაც ვერ ხერხდება. თუ ასეთ მდგომარეობაში ბავშვს დროულად ვერ აღმოვუჩინეთ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, სუნთქვის დარღვევა სწრაფად პროგრესირებს, ბრონქების შევიწროებას და შეშუპებას მოჰყვება მწებავი სქელი ნახველის დაგროვება და წვრილი ბრონქების დახშობა. ეს მდგომარეობა გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. ასთმური სტატუსი პრაქტიკულად არასდროს წარმოიშობა უეცრად; მას აუცილებლად უძღვის წინ ასთმისთვის დამახასიათებელი ტიპური სიმპტომები - ხველა, ხიხინი, ქოშინი. შეტევას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ზედა სასუნთქი გზების ანთებით-ინფექციურმა დაავადებამ, ძლიერმა სტრესმა ან ალერგენების მასიურმა ზემოქმედებამ და, რაც მთავარია, ბრონქოლიზური ინჰალატორების ბოროტად გამოყენებამ.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასთმური შეტევის დროს?
- თუ მშობელი ხედავს, რომ, მიუხედავად ჩვეული სამკურნალო პრეპარატების გამოყენებისა, მდგომარეობა არ უმჯობესდება, შეტევა არ იხსნება - უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარება. მის მოსვლამდე ბავშვი უნდა დაამშვიდოთ. შეტევისას მოხრჩობის შეგრძნება იწვევს ძლიერ შიშს, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. ნუღარ გამოიყენებთ ინჰალატორს - მოსალოდნელია რიკოშეტის ეფექტი. მედიკამენტების გარეშე სცადეთ ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება. ასთმაზე ეჭვის მიტანა ადვილი არ არის: დაავადება ინიღბება ბრონქიტის ნარჩენი მოვლენებით. თუმცა ხანგრძლივი მშრალი ხველა ტემპერატურის გარეშე უკვე განგაშის სიგნალია!
- როგორ შევუწყოთ ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში ასთმიან ბავშვს?
- ასთმიანი ბავშვის უსაფრთხო ცხოვრების წესი ყველასთვის ცნობილია, მაგრამ თუ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, მათი დაცვა თითქოს აღარ არის აუცილებელი; უფროსები მოეშვებიან, თავს უფლებას აძლევენ, ისე მკაცრად აღარ დაიცვან ეს წესები და შედეგად ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. ასე რომ, ნუ გარისკავთ:
- საწოლში ბავშვი ატარებს დღე-ღამეში არანაკლებ 8 საათს, ამიტომ ბამბის, შალის, ბუმბულის ლოგინი მისთვის არ შეიძლება. ლეიბი, ბალიში და საბანი სპეციალური სინთეტიკური მასალისა უნდა იყოს, რომ ხშირად გაირეცხოს და ადვილად გაშრეს.
- შინაური ცხოველები: ძაღლი, კატა, ჩიტები, მღრღნელები და აკვარიუმის თევზებიც კი - არა მარტო დადებითი ემოციების, არამედ ძლიერი ალერგენების მუდმივ წყაროდ ითვლება. ოთახის პატარა მეგობრებთან ყოველგვარი კონტაქტი დაუშვებელია. ექიმები გვირჩევენ ასევე ქოთნის მცენარეების მოშენებაზე უარის თქმას - მიკროსკოპული ობის სოკო, რომელიც მცენარის ქოთნებში ბინადრობს, ალერგენია.
- ძლიერ საფრთხეს უქმნიან ასთმიან ბავშვს მწეველი მშობლები, ასე რომ, მათ ან უარი უნდა თქვან ამ მავნე ჩვევაზე, ან მოწიონ სახლის გარეთ.
- მნიშვნელოვანია ოთახის სინოტივე. იდეალურია, როცა იგი შეადგენს 50%-ს. ზედმეტად მშრალი და ზედმეტად ნესტიანი ჰაერი სასუნთქი გზების მდგომარეობას აუარესებს. ჰიგრომეტრი და დამატენიანებელი მოწყობილობა ოთახის ატმოსფეროს კონტროლირებაში დაგეხმარებათ.
- განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები - სარეცხი და საწმენდი ფხვნილები, პარფიუმერია, შამპუნები, საპონი და ა.შ. რაც უფრო ნაკლები იქნება ასეთი საშუალება სახლში, მით უკეთესი ბავშვისთვის. შეიძინეთ ჰიპოალერგიული ხარისხიანი პროდუქცია - ის შედარებით ძვირია, მაგრამ უსაფრთხო.
- ალერგიის გამომწვევი მცენარეების ყვავილობისას უმჯობესია ბავშვი ქალაქიდან გაიყვანოთ. თუ შეუძლებელია, დროულად იზრუნეთ შეტევების პროფილაქტიკაზე - გადაიყვანეთ პატარა ჰიპოალერგიულ დიეტაზე, დაიწყეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიცემა და მოარიდეთ ქუჩას.
სტატისტიკის მიხედვით, ბავშვების 80% ძლევს ბრონქულ ასთმას. საჭიროა მხოლოდ, დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ.
- ბრონქული ასთმა ექიმის მუდმივ მეთვალყურეობას მოითხოვს. როგორია ვიზიტების გრაფიკი?
- საჭიროა, რეგულარულად, სულ მცირე, სამ თვეში ერთხელ, მიიყვანოთ ბავშვი გასასინჯად, თუნდაც მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ჩანდეს და ასთმის ნიშნებს არ ამჟღავნებდეს. თუ შეამჩნიეთ, რომ ასთმის გამოხატულება შეიცვალა (თავი იჩინა ახალმა სიმპტომებმა), ექიმთან რიგგარეშე ვიზიტს გირჩევთ. აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია, თუ ბავშვს განუვითარდა ალერგია ახალ გამღიზიანებელზე, ვინაიდან ეს შეიძლება დაავადების უფრო მძიმე ფორმაში გადასვლაზე მიანიშნებდეს. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ღამის შეტევების დაწყება ან გახშირება, ასევე - დანიშნული პრეპარატების ეფექტურობის შემცირება. გირჩევთ, ზედმიწევნით მიაქციოთ ყურადღება სახლის სისუფთავეს - ხშირად გადაწმინდეთ მტვერი და მოაცილეთ საგნები, რომლებზეც ის ყველაზე მეტად გროვდება: ხალიჩა, სქელი ფარდები, უმინო წიგნის თაროები. სასურველია, ბინა იყოს ნათელი და მზიანი, რათა თქვენმა პატარამ სუფთა ჰაერით ისუნთქოს. თუ ბავშვს გაციებამ გაუარა, მშრალი ხველა კი გრძელდება, დროულად მიმართეთ ექიმს და ნუ გამოიყენებთ სხვების რჩევით ხველის საწინააღმდეგო საშუალებებს. მშრალ, შემაწუხებელ, გახანგრძლივებულ ხველას სერიოზული პრობლემების მოტანა შეუძლია, ამ პრობლემის თავიდან აცილებაში კი მხოლოდ სპეციალისტი დაგეხმარებათ.