ჭინჭრის ციება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭინჭრის ციება

- ბატონო ბიძინა, რას წარმოადგენს ჭინჭრის ციება?

- ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია, არის გარდამავალი გამონაყარი,  რომლის მორფოლოგიური ელემენტია ბებერა. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს მოწითალო, ფერუცვლელი ან თეთრი, ერთი ან მრავლობითი. ბებერა ზეწოლის შედეგად ფერმკრთალდება და არ ტოვებს კვალს. მისი დიამეტრი რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე მერყეობს.

- როგორია ჭინჭრის ციების კლინიკური სურათი?

- ჭინჭრის ციების კლინიკური სურათის მრავალფეროვნება მისი წარმოშობის სხვადასხვა პათოგენეზური მექანიზმით აიხსნება. ჭინჭრის ციებას ახასიათებს ქავილი, ვინაიდან ის წარმოიშობა კანის ეპიდერმულ შრეში, სადაც ნერვული რეცეპტორებია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ანგიოშეშუპების დროს პათოლოგიური პროცესი მოიცავს კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს, კანის უფრო ღრმა შრეებს, სადაც ნერვული რეცეპტორები და პოხიერი უჯრედები (რომლებიც ჰისტამინის წყაროა) არ არის განლაგებული, ამიტომაც მას ქავილი არ ახასიათებს. საერთოდ, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება (ანგიოედემა) ერთი და იმავე პათოლოგიური პროცესის სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებაა. ურტიკარია და კვინკეს შეშუპება ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი, როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომბინირებულად. გვხვდება მოსახლეობის 20%-ში.  ჭინჭრის ციება შეიძლება მიმდინარეობდეს ან მწვავედ, ან ქრონიკულად.  ქრონიკულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ 6 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. მწვავე ჭინჭრის ციება მიეკუთვნება დაუყოვნებელი პირველი ტიპის ალერგიულ რეაქციას. ამ დროს კანი წარმოადგენს “შოკურ” ორგანოს, სადაც სპეციფიკური ალერგიული რეაქცია ვითარდება. ჭინჭრის ციება შეიძლება შეუღლებული იყოს ანგიონევროზულ შეშუპებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში კი იყოს ამა თუ იმ დაავადების გამოვლინების სინდრომი  - მაგალითად, ჭინჭრის ციება შრატის დაავადების დროს, ქოლინერგული ჭინჭრის ციება და სხვა. ურტიკარია კლინიკურად ვლინდება გამონაყარით, რომელიც წააგავს ჭინჭრის ნასუსხს. აქედან წარმოდგება მისი სახელწოდებაც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამონაყარი შეიძლება სხვადასხვა ზომისა იყოს - რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე დიამეტრისა. ის ზეწოლის შედეგად ფერმკრთალდება  და კვალს არ ტოვებს. ახასიათებს ქავილი. შესაძლოა გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ უბანზე, უფრო - კიდურებსა და ტანზე. გამონაყარი დროებითია და რამდენიმე საათში შესაძლოა მკურნალობის გარეშეც გაქრეს. გამორიცხული არ არის, პაციენტს გამოუვლინდეს ტემპერატურული რეაქცია, ხოლო თუ ჭინჭრის ციება წარმოადგენს სხვა დაავადების სინდრომს (მაგალითად, შრატისმიერი ჭინჭრის ციება), მას  შესაძლოა თან ახლდეს სახსრების ტკივილი და არტერიული წნევის დაწევა. კვინკეს შეშუპებას, ჭინჭრის ციებისგან განსხვავებით, ქავილი არ ახასიათებს. ის უმეტესად გამოვლინდება პერიორბიტალურ და პერიორალურ მიდამოებში და ნაწილდება სიმეტრიულად. ასევე ხშირად ვითარდება ზედა და ქვედა კიდურებზე და სასქესო ორგანოებზე, ენაზე. ენის შეშუპებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა (მოხრჩობა, სუნთქვის გაძნელება), ამიტომაც ის მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას სტაციონარის პირობებში.


- რა შემთხვევაში ვითარდება ჭინჭრის ციება?

- ჭინჭრის ციებას ყველაზე ხშირად იწვევს საკვები, მედიკამენტები (ნებისმიერი მედიკამენტი, გარდა ფიზიოლოგიური ხსნარისა და გლუკოზისა), მწერის ნაკბენი, იშვიათად - სიცივე, სიცხე, ვიბრაცია, წყალი (აკვაგენური ჭინჭრის ციება), მზის სხივები და სხვა ფაქტორები. ტროპიკულ ქვეყნებში აღწერილია წვიმის წვეთებით გამოწვეული ჭინჭრის ციება (სიცივის მიმართ ალერგია).  გარდა ამისა, ჭინჭრის ციება შეიძლება იყოს აუტოიმუნური, ზეწოლის შედეგად განვითარებული, იდიოპათიური (როდესაც მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება) და არაალერგიული - უპირატესად მემკვიდრეობითი, სისხლის პლაზმაში არსებული კომპლემენტის სისტემის ცილების კომპონენეტების დეფიციტით განპირობებული.

- რას გულისხმობს ჭინჭრის ციების მკურნალობა?

- ჭინჭრის ციებისა და ანგიოედემის მკურნალობისას უპირველესად უნდა გაირკვეს დაავადების მიზეზი და მოხდეს მისი ელიმინაცია (მოშორება). მაგალითად, თუ ავადმყოფს აქვს საკვებით გამოწვეული ჭინჭრის ციება, უნდა მოიძებნოს ამ რეაქციის გამომწვევი საკვები და ჩატარდეს ელიმინაციური თერაპია, რაც კვების რაციონიდან ამ პროდუქტის ამოღებას გულისხმობს. ეს პრინციპი უდევს საფუძვლად ელიმინაციურ თერაპიას მედიკამენტური ალერგიის დროსაც. თუ კვებითი ალერგიის დროს კონკრეტული მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, ავადმყოფს ენიშნება ჰიპოალერგიული დიეტა. როდესაც დაავადების სიმპტომები ალაგდება, 2-3 დღეში ერთხელ კვებით რაციონს ემატება თითო პროდუქტი. ამ მეთოდით შეიძლება მივაგნოთ კვებითი ალერგიის მიზეზს. თუ დაავადების მიზეზის დადგენა შეუძლებელია, უნდა გამოირიცხოს შემდეგი სისტემური დაავადებები:

1) აუტოიმუნური თირეოიდიტი,

2) დიურინგის დერმატიტი,

3) პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა,

4) პაპულოზური ჭინჭრის ციება,

5) ალერგიული ვასკულიტი.

მწვავე ჭინჭრის ციების დროს ფართოდ იყენებენ ანტიჰისტამინურ H1 ბლოკატორებს (დიმედროლი, ტავეგილი, სუპრასტინი, ჰიდროქსიზინი) და მეორე თაობის პრეპარატებს (ცეტირიზინი, ლორატიდინი, ფექსოფენადინი და სხვა). თუ ეს მედიკამენტები უფექტოა და ავადმყოფი უკეთესობას ვერ გრძნობს, შეიძლება კორტიკოსტეროიდების გამოყენებაც. კორტიკოსტეროიდები განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება კვინკეს შეშუპების მძიმე ფორმების დროს, ასევე - მწერისა და ფუტკრის ნაკბენისას, როდესაც არის ხორხის, ენის ან თავის ტვინის შეშუპების საფრთხე. სიცივის მიმართ ალერგიის დროს არჩევით პრეპარატს წარმოადგენს ციპროგეპტადინი, რომელიც ჩვენთან იყიდება პერიტოლის სახელწოდებით. არასწორი და არადროული მკურნალობის შემთხვევაში კვინკეს შეშუპებას შეიძლება დაერთოს ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება, რამაც შესაძლოა პაციენტის მოხრჩობა გამოიწვიოს.

- რას ითვალისწინებს ჭინჭრის ციების პროფილაქტიკა?

- უპირველეს ყოვლისა - დაავადების მიზეზის დროულად დადგენას. პაციენტი გათვითცნობიერებული უნდა იყოს დაავადების არსში, იცოდეს  მისი მიზეზი, ახსოვდეს, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ პროდუქტის მიღებას ან ალერგიის გამომწვევ სხვა ფაქტორთან შეხებას. ამის შესახებ გაფრთხილებული უნდა იყვნენ როგორც ოჯახის წევრები, ასევე სამედიცინო პერსონალი. ზოგიერთ ქვეყანაში პაციენტებს თან აქვთ ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რის მიმართ აქვთ მათ ალერგია ან აუტანლობა.