მწერების ნაკბენები, მზის ალერგია და ამბროზიის სეზონი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე ზაფხულის ალერგიებზე
ამ პერიოდში ხშირია, როგორც მზის ალერგია, ისე მწერების ნაკბენებითა და სეზონური ბალახოვანი მცენარეებით გამოწვეული ალერგიული რეაქციები. ეს ყველაფერი ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც მწერის ნაკბენმა და მცენარემ საკმაოდ დიდი პრობლემები შეიძლება შეუქმნას. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები და სწორად შევარჩიოთ სამოგზაურო აფთიაქი, აუცილებელია ვიცოდეთ პროფილაქტიკისა და პირველადი დახმარების ძირითადი წესები. ალერგიის მართვასა და პროფილაქტიკასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებზე გოთუას სამედიცინო ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე დეტალურად გვესაუბრება.
ზაფხულის ალერგია ბევრისთვის მწერებთან ასოცირდება. რა ტიპის ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოიწვიოს მწერის ნაკბენმა და რამდენად საშიშია ისინი?
მწერების ნაკბენით გამოწვეული ალერგია ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მწვავე თემაა. არსებობს ადგილობრივი და გენერალიზებული, ანუ ზოგადი რეაქციები. ადგილობრივი რეაქციის დროს ნაკბენის ადგილზე ვითარდება შეშუპება, სიწითლე და ტკივილი, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე საათში ან დღეში თავისით ალაგდება.
რაც შეეხება გენერალიზებულ რეაქციებს, ისინი ბევრად საშიშია. ასეთ დროს ორგანიზმის პასუხი სცდება ნაკბენის ადგილს, იწყება ტანის შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი მთელ სხეულზე, ზოგჯერ ვითარდება სუნთქვის გაძნელება, ხველა, ანაფილაქსიური შოკი და არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც წარსულში უკვე ჰქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანის ნაკბენზე.
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვეულებრივი ადგილობრივი რეაქცია საშიშ ზოგად სიმპტომებში გადადის?
თუ შეშუპება სცილდება ნაკბენის არეს და იზრდება,მაგალითად, ნაკბენი იყო ხელზე, შეშუპება კი მთელ ხელზე ან სახეზე გავრცელდა, ან თუ პაციენტს ეწყება სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, გულისრევა, თავბრუს ხვევა და ზოგადი სისუსტე - ეს არის სიგნალი, რომ საქმე გვაქვს გენერალიზებულ რეაქციასთან და დაუყოვნებლივ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას.
რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში თუ მწერი გვიკბენს?
პირველ რიგში, აუცილებელია ცივი კომპრესის დადება ნაკბენ ადგილზე, რაც შეშუპებას შეამცირებს. მედიკამენტური კუთხით, პაციენტს უნდა ჰქონდეს ექიმის მიერ წინასწარ დანიშნული ანტიჰისტამინური პრეპარატი. იმ პირებისთვის, ვისაც წარსულში ჰქონია მძიმე ანაფილაქსიური რეაქცია, სიცოცხლის გადამრჩენია ადრენალინის ავტოინჟექტორის (ეპინეფრინის) მუდმივად თან ტარება და მისი დროული გამოყენება.
გრძელვადიანი და რადიკალური გადაწყვეტა კი არის სპეციფიკური იმუნოთერაპია, რომელსაც ალერგოლოგი ნიშნავს. ამ დროს ორგანიზმი ეგუება მწერის შხამის ალერგენს და მცირდება მძიმე რეაქციების განვითარების რისკი.

ზაფხულში არანაკლებად აქტუალურია მზია ალერგია. რით განსხვავდება რეალურად მზის ალერგია ჩვეულებრივი მზის დამწვრობისაგან და რა სიმპტომებით ვლინდება?
მზის ალერგიას ძირითადად მზის ულტრაიისფერი A და B სხივები განაპირობებს. A სხივი შედის როგორც კანის ზედაპირულ შრეში, ანუ ეპიდერმისში, ასევე დერმაში და ძირითადად პასუხისმგებელია მზის ალერგიის განვითარებაში, ხოლო B სხივი უზრუნველყოფს მზის დამწვრობის განვითარებას. მზის ალერგია შეიძლება გამოვლინდეს მზეზე გასვლიდან რამდენიმე წუთში, როდესაც ვითარდება ჭინჭრის ნასუსხისმაგვარი გამონაყარი. ამას მზის ურტიკარიას ანუ მზის ჭინჭრის ციებას უწოდებენ.
არსებობს სხვა ფორმებიც, რასაც მზის პოლიმორფული კანის დაზიანება ეწოდება. ეს შეიძლება გამოვლინდეს მზეზე გასვლიდან რამდენიმე საათში ან მეორე დღეს, წვრილი გამონაყარის სახით იმ უბნებზე, რომლებიც ტანსაცმლით არ არის დაფარული. თან ახლავს ქავილი, დისკომფორტი და ზოგჯერ სპეციალურ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.
ხშირია ფოტოდერმატიტიც. როდესაც კანზე მცენარის, მაგალითად ლეღვის რძის ან ციტრუსოვანთა გვარის ხილის წვენის მოხვედრის პარალელურად მზის სხივი მოქმედებს, ვითარდება ძლიერი ალერგიული რეაქცია. მზის დამწვრობისგან განსხვავებით, რომელსაც ერთვის თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა და ტემპერატურა, მზის ალერგიის დროს ძირითადი ყურადღება ეთმობა კანის დაცვას. პრევენციისთვის აუცილებელია, რომ მოვერიდოთ მზეს დილის 10 საათიდან საღამოს 5-6 საათამდე, ხოლო რისკ-ჯგუფში მყოფმა პირებმა აუცილებლად გამოიყენონ მაღალი დამცავი ფილტრის (SPF 50+) მქონე ჰიპოალერგიული საშუალებები, რომელთა დატანაც მზეზე გასვლამდე 30 წუთით ადრე უნდა მოხდეს და ყოველ 2 საათში ერთხელ განახლდეს.
ვისაუბროთ მცენარეებზე ალერგიაზეც. რა უნდა იცოდნენ სეზონური ალერგიით დაავადებულებმა ზაფხულში?
ბალახოვანი მცენარეების ყვავილობა ზაფხულში, ივნისისა და ივლისის პირველ ნახევარში აქტიურად მიმდინარეობდა და ქალაქის პირობებში პრაქტიკულად დასასრულს უახლოვდება, თუმცა მაღალმთიან რეგიონებში (მაგალითად, ბაკურიანში, ყაზბეგში) ეს სეზონი გრძელდება. ამიტომ ზაფხულის მეორე ნახევარში იქ ასულ პაციენტებს სიმპტომები შეიძლება გაუხანგრძლივდეთ. მათთვის აუცილებელია ექიმთან შეთანხმებით ანტიალერგიული პრეპარატების გაგრძელება.
მეორე მხრივ, დაახლოებით აგვისტოს მეორე ნახევრიდან იწყება ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ალერგენის, ამბროზიის ყვავილობის პერიოდი, რომელიც მთელ სექტემბერს მოიცავს. ამბროზიის ენდემური კერაა კახეთის რეგიონი, განსაკუთრებით ლაგოდეხი. ეს მცენარე იწვევს ალერგიულ რინიტს, თვალების ქავილს, ცემინებას, ხველას და ზოგჯერ ბრონქოსპაზმს ან ასთმურ მოვლენებსაც კი. პაციენტებმა, რომლებმაც უკვე იციან თავიანთი დიაგნოზი, სასურველია პროფილაქტიკა სეზონის დაწყებამდე, აგვისტოს დასაწყისშივე დაიწყონ. ხოლო მძიმე ფორმების დროს რადიკალური გამოსავალია სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაციის კურსი.
დაბოლოს, გაგვიზიარეთ როგორი უნდა იყოს ჩვენი სამოგზაურო აფთიაქი ალერგიის მიმართულებით?
ალერგიული კუთხით, სამოგზაურო აფთიაქში აუცილებლად უნდა იყოს თანამედროვე, არასედაციური ანტიჰისტამინური პრეპარატი, ლოკალური ანტიჰისტამინური და ტოპიკური სტეროიდული კრემი, რომელსაც მწერის ნაკბენის შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით გამოიყენებენ. თუ პაციენტს წარსულში ანაფილაქსია ჰქონდა, ადრენალინის ავტოინჟექტორის თან ტარება მუდმივად აუცილებელია. ასევე გვჭირდება სიცხის დამწევი და პირველადი დახმარების საშუალებები.
ყველაზე მთავარი რეკომენდაცია კი ის არის, რომ განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებით დასასვენებლად წასასვლელად შევარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მისვლა, მაქსიმუმ 30 წუთში იქნება შესაძლებელი, რათა ნებისმიერ დამძიმების შემთხვევაში დროული დახმარების მიღება შევძლოთ.