მწერი, რომელიც ზაფხულში საქართველოს მდინარეებთან ბინადრობს - ალერგოლოგი გიორგი კამკამიძე გვაფრთხილებს, რატომ არის „შავი ბუზი“ კოღოზე საშიში
ძლიერი ქავილი, შეშუპება და მაღალი ტემპერატურა - ექიმი გიორგი კამკამიძე გვასწავლის, როგორ ავიცილოთ თავიდან „შავი ბუზის“ ნაკბენით გამოწვეული გართულებები
ზაფხულის ცხელ დღეებში მთის ჩქარი მდინარეები, ჩანჩქერები და წყლისპირა საპიკნიკე ადგილები განსაკუთრებით მიმზიდველია, თუმცა ბუნებაში დასვენებას ახლავს საფრთხეც, რომელსაც ხშირად სათანადოდ არ ვაფასებთ.
ერთი შეხედვით უწყინარი, ძალიან მცირე ზომის მწერი - შავი ბუზი (Simuliidae), რომლის რამდენიმე სახეობაც საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, შესაძლოა საკმაოდ მძიმე ალერგიული რეაქციისა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდეს.
კოღოებისგან განსხვავებით, რომლებსაც გამრავლებისთვის დამდგარი წყალი სჭირდებათ, შავი ბუზები სწორედ სწრაფი დინების მქონე წყლებთან ბინადრობენ. მათი აქტივობა პიკს ზაფხულის თვეებში, უხვი ნალექისა და მდინარეების დონის მატების შემდეგ აღწევს.
რატომ არის ამ პატარა მწერის ნაკბენი ასეთი მტკივნეული, რა სიმპტომები მიანიშნებს ე.წ. „შავი ბუზის ცხელებაზე“ და როგორ დავიცვათ თავი? - ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე მნიშვნელოვან დეტალებსა და რეკომენდაციებს გვიზიარებს
- შავი ბუზები, ანუ Simuliidae, ძალიან მცირე ზომის, სისხლმწოვი მწერებია. საქართველოში მათი რამდენიმე სახეობა არის გავრცელებული. განსაკუთრებით გვხვდება ჩქარი მდინარეებისა და ნაკადულების სიახლოვეს.

მეტი სიფრთხილეა საჭირო: მთისა და მთისწინა მდინარის ხეობებში, ტყიან ხევებსა და ნაკადულებთან, ჩანჩქერებისა და სწრაფი დინების მქონე წყლების სიახლოვეს, მდინარისპირა დასასვენებელ და საპიკნიკე ადგილებში. კოღოებისგან განსხვავებით, მათ გასამრავლებლად დამდგარი წყალი არ სჭირდებათ.
საქართველოში ნაკბენის რისკი ყველაზე მაღალი ზუსტად ზაფხულის თვეებშია. შავი ბუზების რაოდენობა ხშირად იზრდება უხვი ნალექისა და მდინარეებში წყლის დონის მატების შემდეგ.
შავი ბუზი კანს უბრალოდ არ ჩხვლეტს. იგი პირის აპარატით კანის ზედაპირს აზიანებს და გამოყოფს ნერწყვს, რომელიც შეიცავს სისხლის შედედების შემაფერხებელ და ანთების გამომწვევ ნივთიერებებს.
ყველაზე ხშირი ალერგიული რეაქციებია: ძლიერი ქავილი და წვის შეგრძნება, მტკივნეული წითელი გამონაყარი; ადგილობრივი შეშუპება და კანის გაცხელება; დიდი ზომის შეწითლებული და შეშუპებული უბანი; წერტილოვანი სისხლჩაქცევები, მოლურჯო-მეწამული ლაქები ან ბუშტუკები. რეაქცია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე, ზოგჯერ კი რამდენიმე კვირაც
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ე.წ. შავი ბუზის ცხელება: თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება, სისუსტე, გულისრევა, სახსრების ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს გენერალიზებული ჭინჭრის ციება; სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება; ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება; არტერიული წნევის დაცემა; ანაფილაქსია, რომლის დროსაც აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

დაცვისთვის რეკომენდებულია მდინარისა და ნაკადულის სიახლოვეს ღია ფერის, გრძელსახელოებიანი ტანსაცმლისა და გრძელი შარვლის გამოყენება. დაუფარავ კანზე შეიძლება გამოიყენოთ რეგისტრირებული რეპელენტი, რომელიც შეიცავს DEET-ს ან პიკარიდინს, გამოყენების ინსტრუქციის დაცვით.
ნაკბენის ადგილი დაიბანეთ წყლითა და საპნით, გამოიყენეთ ცივი კომპრესი და არ მოიფხანოთ კანი, რადგან დაზიანებულ უბანზე შეიძლება მეორადი ბაქტერიული ინფექცია განვითარდეს. გამოხატული ან/და გახანგრძლივებული რეაქციის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ალერგოლოგს.
გვახსოვდეს, რომ ბუზის პატარა ზომა უსაფრთხო ნაკბენს არ ნიშნავს: შავი ბუზის მრავლობითმა ნაკბენმა შეიძლება საკმაოდ ძლიერი ადგილობრივი და ზოგჯერ სისტემური ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს!