ცრემლებით რომ არ შევხვდეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცრემლებით რომ არ შევხვდეთ

- ქალბატონო ეკა, რა არის გაზაფხულის ალერგიის მიზეზი?

- გაზაფხულის დადგომასთან ერთად იწყება მცენარეების შეფოთვლა და ყვავილობა. ამ პროცესს თან ახლავს ჰაერში დიდი რაოდენობით მცენარეული მტვრის გამოყოფა. სწორედ მცენარეული მტვრის ნაწილაკები გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმ მოვლენების განვითარებისა, რასაც ზოგადად ალერგიულ რეაქციებს ვუწოდებთ.

- ვის და რაზე შეიძლება გამოაჩნდეს ალერგიული რეაქცია?

- ალერგიული რეაქცია თეორიულად შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს. განსაკუთრებული ყურადღება მას უნდა მიექცეს, ვისაც ალერგიული დაავადებისთვის დამახასიათებელი მოვლენები ერთხელ უკვე ჰქონდა. საკითხი ასე იმიტომ დგება, რომ იმ ნივთიერებასთან განმეორებითი კონტაქტი, რომლის მიმართაც ალერგიული განწყობა გამოვლინდა, უფრო სახიფათოა. ამიტომ სასურველია, ასეთ ადამიანს ჩაუტარდეს ალერგიული ტესტები და გაირკვეს, რის მიმართ აქვს ალერგიული განწყობა, შეფასდეს ზოგადად ალერგიული მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა და შეძლებისდაგვარად დაისახოს პროფილაქტიკური ღონისძიებები. გაზაფხულზე შეიძლება ადამიანს პირველად გამოუვლინდეს ალერგიული რეაქცია და ის სხვა ფაქტორს მიაწეროს, ან უკვე არსებული ალერგიული დაავადება გაუმწვავდეს. ორივე შემთხვევაში საჭიროა ყურადღება, რათა დროულად დაიწყოს სათანადო მკურნალობა. ალერგენები შეიძლება იყოს სახლშიც და, ბუნებრივია, სახლის გარეთაც.

- როგორი კლინიკური ნიშნებით შეიძლება გამოიხატოს ალერგიული რეაქცია გაზაფხულზე?

- კლინიკური ნიშნები მრავალფეროვანია. გააჩნია ალერგიული რეაქციის მიმდინარე ადგილს. მაგალითად, თვალისმხრივი მოვლენებია:

თვალების ქავილი;

ცრემლდენა;

სიწითლე;

თვალში უცხო სხეულის შეგრძნება.

ცხვირის ღრუს მხრივ:

ცხვირის ქავილი;

ცხვირცემინება;

სურდო;

ცხვირის გაჭედილობის შეგრძნება და ცხვირით სუთქვის გაძნელება;

ხველა;

გულმკერდის შებოჭილობის შეგრძნება;

სუნთქვის/ამოსუნთქვის გაძნელება.

ეს ნიშნები მიგვითითებს, რომ ექიმთან მისვლაა საჭირო. ალერგიის ნებისმიერი გამოვლინება ექიმის კონსულტაციასა და სათანადო მკურნალობას მოითხოვს.

- რომელი ალერგიული დაავადებები მწვავდება გაზაფხულზე?

- გაზაფხულზე მწვავდება ყველა ალერგიული დაავადება. ზოგადად, იმატებს ალერგიული ფონი. განსაკუთრებით იმ ადამიანების მდგომარეობა უარესდება, რომელთა ალერგიული განწყობა მცენარეული მტვრისა და მზის სხივების მიმართ გამოიხატება. გაზაფხულზე ასევე ხშირდება მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქციები. ზოგჯერ საკმაოდ მძიმე რეაქციებთანაც კი გვაქვს საქმე.


- რაკი მწერის ნაკბენის მიმართ ალერგიული რეაქციები ახსენეთ, იქნებ ისიც გვითხრათ, როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს რეაქცია და როგორ დავიცვათ ამ დროს თავი?

- მწერის ნაკბენის მიმართ ალერგიული რეაქცია გაზაფხულზე, ისევე როგორც ზაფხულში, მეტად აქტუალურია. ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ალერგიული დაავადების მქონე ადამიანები. თუმცა ასეთი სახიფათო ალერგიული რეაქცია ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება განუვითარდეს. გაზაფხულზე უნდა ვერიდოთ:

ძლიერ არომატული პარფუმერიული და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას;

მკვეთრი ფერის, ჭრელი ან ყვავილებიანი ტანსაცმლის ჩაცმას;

აყვავებულ და სურნელოვან ხეებთან, ბუჩქებთან ახლოს ყოფნას;

მწერის კბენის შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, ნაკბენის მიდამოში დაუყოვნებლივ უნდა დაიდოს ყინული და მჭიდროდ გადაიხვიოს, იქვე გაკეთდეს ადრენალინის კანქვეშა ინექცია. ყოველივე ეს შეანელებს მწერის შხამის სისტემურ შეწოვას;

პარალელურად უნდა გაკეთდეს ჰორმონული და ანტიჰისტამინური პრეპარატები;

შესაძლოა, დაზარალებულის მდგომარეობა თავიდან უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს ან სწრაფად გამოსწორდეს, მაგრამ ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს!

დაზარალებული სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში!

მდგომარეობა ყოველ წუთს შეიძლება გაუარესდეს.

- მეტად გავრცელებული დაავადებაა ბრონქული ასთმა. მწვავდება თუ არა ბრონქული ასთმა გაზაფხულზე და როგორი გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს?

- ბრონქული ასთმის გამწვავების მრავალი მიზეზი არსებობს. შედარებით რთულად არის საქმე, თუ მაპროვოცირებელი ფაქტორი ისევ და ისევ მცენარეული მტვერია, რომელიც გაზაფხულზე ბუნებრივად იმატებს,Pამიტომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ზრუნვა უფრო ადრე უნდა დაიწყოს. პაციენტი მომზადებული უნდა დახვდეს ბრონქული ასთმის გამწვავების ბუნებრივ სეზონს. მკურნალმა ექიმმა უნდა აუხსნას, რომელი საბაზისო მედიკამენტი მიიღოს და როგორ მოიქცეს, თუ გამწვავება მაინც მოხდა. ასეთი მიდგომით შესაძლებელია დისკომფორტის მინიმუმამდე დაყვანა. ასთმის გამოვლენა შეიძლება დაიწყოს:

ხველით;

ამოსუნთქვის გაძნელებით, რასაც შეიძლება სუნთქვის გაძნელება მოჰყვეს;

მძიმე შემთხვევებში აღინიშნება ღამის ძილის დარღვევით;

გულმკერდში შებოჭილობის შეგრძნებით;

ქოშინით;

ხმაურიანი სუნთქვით.

- რა იწვევს პოლინოზის გამწვავებას გაზაფხულზე, როგორ ვლინდება, რა არის მისი მაპროვოცირებელი ფაქტორი და როგორ დავაღწიოთ თავი Aამ დაავადებას?

- პოლინოზი, რომელიც თივის ცხელების სახელწოდებით არის ცნობილი, ასევე მწვავდება გაზაფხულზე ჰაერში მცენარეთა მომატებული მტვრის არსებობისა და მასზე მომატებული ალერგიული რეაგირების შედეგად. პოლინოზი ვლინდება ზემოთ ჩამოთვლილი თვალების, ცხვირისა და ფილტვებისმხრივი კლინიკური ნიშნებით. ამ შემთხვევაშიც საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, განსაკუთრებით ფილტვებისმხრივი მოვლენების შემთხვევაში, რათა დროულად დაზუსტდეს ბრონქების შევიწროების ხარისხი და დაინიშნოს ადეკვატური მკურნალობა. ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის გამიზნული ღონისძიებები დროულად უნდა დაიწყოს. კერძოდ, სასურველია დადგენილ იქნეს:

ალერგენი (მაპროვოცირებელი ფაქტორი), რათა პრეპარატის მიღება ამ მცენარის მტვრის გაჩენამდე, ყვავილობამდე დავიწყოთ;

ყვავილობის პიკურ პერიოდში ვერიდოთ შინიდან გასვლას;

სახლი სველი წესით უნდა დალაგდეს;

გარედან სახლში შესვლისას მივიღოთ შხაპი, მოვიშოროთ ტანსაცმლიდან, თმიდან, კანიდან ალერგიის გამომწვევი მტვერი;

თავიდან ავიცილოთ მტვრის დაგროვება ცხვირ-ხახის ლორწოვან გარსზე ალერგიული რეაქციის შემცირების მცდელობით (მაგალითად, პერიოდულად ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება, სველი პირბადე. ასევე არსებობს საპროფილაქტიკო და სამკურნალო პრეპარატები).

- კანის რა ტიპის ალერგიული რეაქციები გვხვდება გაზაფხულზე, რასთან არის ეს დაკავშირებული, როგორ ვლინდება და რით ვუმკურნალოთ?

- გაზაფხულზე მწვავდება უკვე არსებული კანის ალერგიული დაავადებაც. შეიძლება ითქვას, რომ მზის სხივების მიმართ ალერგიული განწყობა ამ სეზონისთვის აქტუალურია. კანის მხრივ ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს:

ქავილით;

აქერცვლით;

მომატებული სიმშრალით;

სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ფერის გამონაყარით.

აუცილებელია, ამ შემთხვევაშიც მომზადებული ვიყოთ - ვიცოდეთ, კანის მოვლის დადგენილ სქემასთან ერთად გამწვავების პერიოდში რომელი მედიკამენტი დავამატოთ - როგორც შინაგანად მისაღები, ისე ადგილობრივი. ასევე წინასწარ უნდა გვქონდეს შერჩეული მზის სხივებისაგან დამცავი საშუალებაც, რომელიც, ვიცით, რომ ალერგიას არ გვაძლევს.


- რომელი კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ალერგიის გამოსავლენად?

- ალერგიის გამოსავლენად ტარდება ზოგადი და სპეციფიკური კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები. იმას, თუ რომელი სჭირდება კონკრეტულ ადამიანსა თუ სიტუაციას, ექიმი ადგენს. მაგალითად, ხელმისაწვდომი და შედარებით სწრაფი ტესტია კანის ალერგიული სინჯი - პრიკ-ტესტი. ზოგჯერ ალერგიის მიზეზის დადგენა საკმაოდ ძნელდება.Aამ შემთხვევაში უკვე კომპლექსური გამოკვლევების მონაცემებია შესაჯერებელი. ამიტომ სჯობს, გამოკვლევები პროფესიონალმა დანიშნოს.

- ალერგიული სინჯები ახსენეთ. იქნებ უფრო დაწვრილებით აგვიხსნათ, რა არის ალერგიული სინჯი, როდის ინიშნება და რამდენად სანდოა მათი პასუხი.

- ალერგიული სინჯების ჩატარება ყოველთვის საჭიროა. ყოველ სინჯსა თუ ტესტს თავისი სანდოობის მაჩვენებელი აქვს. კანის პრიკ-ტესტების დროს ფასდება ალერგენის მიმართ კანის მხრივ რეაქცია და სისხლის შრატში ალერგენების მიმართ იმუნოგლობულინის შემცველობის გამოვლენით ხორციელდება ამა თუ იმ ალერგენისა და ზოგადად ალერგიული განწყობის გამოვლენა. ფილტვების მხრივ მოვლენების შეფასება გარეგანი სუნთქვის ფუნქციური მაჩვენებლებით ხორციელდება. ამ გამოკვლევას სპიროგრაფიის სახელწოდებით იცნობენ. ზოგჯერ ადამიანს ისეთ ნივთიერებაზე აქვს ალერგიული განწყობა, რომელზეც ტესტი ვერ ტარდება. რთულდება ალერგენის დადგენა. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ალერგიული ანამნეზის შეკრება და ზედმიწევნით დაკვირვება, რა შეიძლება იყოს ალერგიული მოვლენების შესაძლო გამომწვევი. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მედიკამენტების მიმართ ალერგიული განწყობის გამოვლენას. ამ მხრივაც ტარდება სათანადო სინჯები და გამოკვლევა. თანამედროვე გამოკვლევები ხშირად ტარდება საკონტრასტო ნივთიერებების გამოყენებით. მათ მიმართაც მოსალოდნელია ალერგიული რეაქციების განვითარება, ამიტომ ალერგიული განწყობის წინასწარ გამოვლენას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

- ბევრი უპირატესობას ხალხურ, მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს ანიჭებს. შესაძლებელია ალერგიის მკურნალობა ბუნებრივი, მცენარეული საშუალებებით?

- ბუნებრივ საშუალებებს ალერგიის მკურნალობაში, თუ აღნიშნულ პროფილაქტიკურ საშუალებებსა და ფიზიკურ საშუალებებს ვიგულისხმებთ, თავიანთი ადგილი უკავიათ. ასევე მნიშვნელოვანია კლიმატოთერაპიის როლი სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებების მკურნალობაში. რაც შეეხება ალერგიის სამკურნალოდ მცენარეული საშუალებების გამოყენებას, ალერგიული რეაქციების მექანიზმებიდან გამომდინარე, პირველი რიგის პრეპარატებად ისინი არ განიხილება. მცენარეული საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიფრთხილით, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, უპირატესად - დაავადების თანმხლები მოვლენების მოსახსნელად.

- როგორ ვუმკურნალოთ ზოგადად ალერგიას? რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?

- ალერგიის მკურნალობა მისი პრევენციით, თავიდან აცილებით იწყება. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს ალერგიული რეაქციის არსებობის გამოვლენას, ალერგიის მიზეზის დადგენას და შემდეგ - მასთან კონტაქტის აცილებას. ალერგიის დროს გადამწყვეტია სწორი მკურნალობა. შეიძლება დაინიშნოს ადგილობრივი ან სისტემური მკურნალობა. როგორც აღვნიშნეთ, ექიმის ჩარევის გარეშე ზოგჯერ დროულად ვერ ირკვევა, ესა თუ ის მოვლენა ალერგიული ხასიათისაა თუა არა, გვიანდება გამომწვევის დადგენა, ტარდება თვითმკურნალობა და ასე შემდეგ. მდგომარეობა თანდათან რთულდება, ადამიანი დისკომფორტს განიცდის, ირღვევა მისი ყოველდღიური აქტივობა, ძილი, ცხოვრების ხარისხი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ექიმის მიერ დროულად დანიშნული სათანადო მკურნალობა. ყურადღება უნდა მიექცეს ქიმიურ სარეცხ და დასასუფთავებელ საშუალებებს. ცემინების, ხველის ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში ისინი განმეორებით არ გამოვიყენოთ. ნესტის თავიდან ასაცილებლად ბინა ხშირად უნდა გავანიავოთ, გამათბობელი საშუალებებით ჰაერი არც უნდა ინესტებოდეს და არც ზედმეტად შრებოდეს. ოთახის მტვრის ტკიპას მიმართ ალერგიის დროს სასურველია სპეციალური თეთრეულისა და ლოგინის გამოყენება. რაციონის კორექია იმისდა მიხედვით უნდა მოხდეს, რომელი პროდუქტის მიმართ გამოვლინდება ალერგიული განწყობა. ცხადია, ასეთი პროდუქტები და მათი შემცველი კერძები რაციონიდან უნდა ამოვიღოთ. ექიმისგან უნდა გვქონდეს მითითება იმის თაობაზე, რომელი მედიკამენტები ვიქონიოთ თან ქალაქგარეთ მგზავრობის დროს, ალერგიის სიმპტომების გაჩენისა და ადრე არსებული მოვლენების გაწვავების შემთხვევაში. აუცილებელია, დროულად მივმართოთ სამედიცინო დახმარების ცენტრს ან დავუკავშირდეთ მკურნალ ექიმს, რადგან შესაძლოა, საჭირო გახდეს უფრო სპეციალიზებული ჩარევა.

- შეგვიძლია თუ არა, წინ აღვუდგეთ გაზაფხულის ალერგიას?

- თანამედროვე და ხელმისაწვდომი პრეპარატების მიღებით, გამოკვლევისა და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით სავსებით შესაძლებელია წინ აღვუდგეთ გაზაფხულის ალერგიას, თავი დავიცვათ ალერგიული დაავადების მძიმე გართულებებისგან, საჭიროების შემთხვევაში დროულად ავიცილოთ თავიდან დაავადების გამწვავება. ჩამოთვლილი ღონისძიებები საშუალებას მოგვცემს, წელიწადის ეს უმშვენიერესი დრო პრობლემების გარეშე გავატაროთ. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.