ყურადღებით წაიკითხეთ! ანაფილაქსიური შოკის ნიშნები და გადაუდებელი დახმარება სიცოცხლის გადასარჩენად
მიზეზი ალერგიული რეაქცია იყო.
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, მკურნალი.გე-ს მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი გირჩევთ:
აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია და გულისყურით გაეცანით ინფორმაციას, რომელიც ოდესმე შესაძლოა სიცოცხლის გადასარჩენად გამოგადგეთ.
ბზიკის ნაკბენი, ერთი შეხედვით, შეიძლება უბრალო დისკომფორტად მოგვეჩვენოს, თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის ის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას, ანაფილაქსიურ შოკს, იწვევს. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა საფრთხეს ქმნის ბზიკის შხამი, რა სიმპტომებით ვლინდება ანაფილაქსია და როგორ აღმოვუჩინოთ პაციენტს გადაუდებელი დახმარება.
რა იწვევს ანაფილაქსიურ შოკს?
ანაფილაქსიური შოკი არის მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია, რომელიც ორგანიზმში ალერგენის მოხვედრისას ვითარდება. ყველაზე ხშირად ის გამოწვეულია:
-
მწერის ნაკბენითა და ნესტრით (ბზიკი, ფუტკარი, კრაზანა).
-
საკვებით (თხილი, არაქისი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძე).
-
მედიკამენტებით (მაგალითად, ანტიბიოტიკები, ასპირინი).
-
ლატექსით.
ალერგენის ორგანიზმში მოხვედრისას იმუნური სისტემა ძლიერად რეაგირებს და გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლძარღვებს აფართოებს, არტერიულ წნევას აგდებს და სასუნთქ გზებს ავიწროებს. ეს პროცესი, თუ დროულად არ შეჩერდა, შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.
როგორ ამოვიცნოთ ანაფილაქსიური შოკი?
ანაფილაქსიის სიმპტომები, როგორც წესი, სწრაფად, ნაკბენიდან ან ალერგენთან კონტაქტიდან რამდენიმე წუთში ვითარდება. თუ ადამიანს ბზიკის ნაკბენის შემდეგ სახე, ტუჩები ან ენა შეუშუპდა, ეს უკვე საგანგაშო ნიშანია, რომელიც სასუნთქი გზების შევიწროებაზე მიუთითებს.
სხვა დამახასიათებელი ნიშნებია:
-
სუნთქვის გაძნელება, ხველა, მსტვინავი სუნთქვა.
-
კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სიწითლე და ქავილი.
-
თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან მოთენთილობა.
-
მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება.
თუ რომელიმე ამ სიმპტომს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ.
გადაუდებელი დახმარება ანაფილაქსიური შოკის დროს
ანაფილაქსიის დროს გადაუდებელი დახმარების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადრენალინის (ეპინეფრინის) შეყვანაა. ეს პრეპარატი მყისიერად მოქმედებს: აფართოებს სასუნთქ გზებს, ზრდის არტერიულ წნევას და ამცირებს ალერგიული რეაქციის სიმძიმეს.
ადრენალინის ინექცია კეთდება კუნთში (ინტრამუსკულარულად) და არა კანქვეშ, ვინაიდან კუნთებში სისხლის მიმოქცევა უფრო სწრაფია, რაც პრეპარატის მყისიერ შეწოვას უზრუნველყოფს. ყველაზე უსაფრთხო ადგილი ინექციისთვის ბარძაყის გარეთა კუნთია.
ადრენალინის დოზირება:
ადრენალინის დოზა განისაზღვრება პაციენტის წონის მიხედვით. ტიპიური ამპულა შეიცავს 1 მლ 0.1% ადრენალინის ხსნარს, რაც ნიშნავს, რომ 1 მლ-ში 1 მგ აქტიური ნივთიერებაა.
-
მოზრდილებისთვის და 30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებისთვის: დოზა შეადგენს 0.3 მგ-ს, რაც უდრის 0.3 მლ ხსნარის შეყვანას.
-
ბავშვებისთვის (15-დან 30 კგ-მდე): დოზა შეადგენს 0.15 მგ-ს, რაც უდრის 0.15 მლ ხსნარის შეყვანას.
-
ბავშვებისთვის (15 კგ-ზე ნაკლები): დოზა გამოითვლება სხეულის წონის მიხედვით: 0.01 მგ ყოველ კილოგრამზე. მაგალითად, 10 კგ-იან ბავშვს სჭირდება 0.1 მგ, ანუ 0.1 მლ ხსნარი.
პირველი ინექციის შემდეგ თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა 5-15 წუთში, შესაძლოა საჭირო გახდეს მეორე დოზის შეყვანა.
დამატებითი მკურნალობა
მიუხედავად იმისა, რომ ადრენალინი მთავარი საშუალებაა, ხშირად გამოიყენება დამატებითი პრეპარატებიც. დექსამეტაზონი, რომელიც კორტიკოსტეროიდია, ხელს უწყობს ანთების შემცირებას და სიმპტომების ხელახალი გაჩენის პრევენციას. თუმცა, ის არ მოქმედებს მყისიერად და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაანაცვლოს ადრენალინი. დექსამეტაზონის შეყვანა რეკომენდებულია ადრენალინის ინექციის შემდეგ.
ყველაზე მნიშვნელოვანი: ადრენალინის შეყვანის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან გადაიყვანეთ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში. ექიმის მეთვალყურეობა აუცილებელია, რადგან ანაფილაქსიის სიმპტომები შეიძლება განმეორდეს ან გართულდეს.
გაფრთხილება!
ეპინეფრინის (ადრენალინის) ინექციამ 0.3 მლ დოზით, გულის დაავადებების მქონე ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეულ გართულებები, რადგან ეპინეფრინი ძლიერ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მაგრამ ანაფილაქსიური შოკის გადაუდებელი მკურნალობა იმდენად აუცილებელია, რომ ეს გართულებები მასთან შედარებით მეორეხარისხოვანია. თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ადრენალინის დოზირების რეჟიმი უნდა დაიცვათ და არ გადააჭარბოთ.