თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე: „დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა“
- ქალბატონო ქეთევან, რა დაავადებაა ბრონქული ასთმა?
- ასთმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული რესპირატორული დაავადებაა, რომელიც იწვევს ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას და ნაადრევ სიკვდილს, რის გამოც განიხილება გლობალურ ტვირთად. ასთმით მთელ მსოფლიოში დაავადებულია დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი და მისი გავრცელება მზარდია, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში.
ასთმის გლობალური ინიციატივა (GINA), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ყოველწლიურად აღნიშნავს ასთმის მსოფლიო დღეს. წელს ეს დღე 7 მაისს აღინიშნება სლოგანით - „ასთმის შესახებ განათლება აძლიერებს“ და ეძღვნება ამ დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, როგორც პაციენტებისთვის, ასევე ექიმებისთვის.
- რამდენადაა გავრცელებული საქართველოში?
- საქართველო არ მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ასთმის გავრცელება დიდია. თუმცა, რესპირატორული დაავადებების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა.
- რომელი ასაკიდან შეიძლება გამოვლინდეს და დაისვას ბრონქული ასთმის დიაგნოზი?
- ასთმა შესაძლებელია განვითარდეს ყველა ასაკობრივ ჯგუფში. მისი დიაგნოზი შეიძლება დაისვას 6 წლის ასაკიდან და ეფუძნება კლინიკურ სურათსა და ფილტვის ფუნქციის მაჩვენებლებს.
- რა არის ბრონქული ასთმის გამომწვევი მიზეზები?
- ასთმა არის ჰეტეროგენული დაავადება. შესაბამისად, არსებობს ასთმის რამდენიმე ფენოტიპი:
- ალერგიული ასთმა - ყველაზე ადვილად ამოსაცნობია და იწყება ბავშვობის ასაკიდან. ასოცირებულია ალერგიული დაავადებებისდამი მემკვიდრულ განწყობასთან ან/და ანამნეზში სხვა ალერგიული დაავადებების არსებობასთან, როგორებიცაა: ატოპიური დერმატიტი, ალერგიული რინიტი, კვებითი ან მედიკამენტური ალერგია. ასეთი პაციენტების ნახველი ხშირად გვიჩვენებს სასუნთქი სისტემის ეოზინოფილურ ანთებას. ამ ტიპის ასთმა, როგორც წესი, ადვილად ექვემდებარება საინჰალაციო სტეროიდებით მკურნალობას;
- არაალერგიული ასთმა - არ ასოცირდება ალერგიასთან. ასეთი პაციენტების ნახველის უჯრედული პროფილი წარმოდგენილია ნეიტროფილებით, ეოზინოფილებით ან მცირე რაოდენობით ანთებითი უჯრედებით. ასეთი ტიპის ასთმის მკურნალობა ხშირად ხანმოკლე ეფექტით გამოირჩევა;
- ზრდასრულ ასაკში დაწყებული ასთმა - სიმპტომები პირველად ზრდასრულ ასაკში ვლინდება, არ არის ასოცირებული ალერგიასთან და უმეტესად გვხვდება ქალებს შორის. ის როგორც წესი, საჭიროებს მაღალი დოზით ინჰალაციურ ჰორმონოთერაპიას;
- ასთმა ჰაერის ნაკადის პერსისტული შეზღუდვით - ასთმის ხანგრძლივი ანამნეზის მქონე პაციენტებს, შესაძლოა, განუვითარდეთ ჰაერის ნაკადის პერსისტული ან ნაწილობრივ შექცევადი შეზღუდვა;
- ასთმა ჭარბწონიანობასთან ერთად - ასთმით დაავადებულ ზოგიერთ ჭარბწონიან პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს გამოხატული რესპირატორული სიმპტომები სასუნთქი სისტემის მსუბუქ ეოზინოფილურ ანთებასთან ერთად.
- როგორია სიმპტომები და მიმდინარეობა?
- ასთმისთვის დამახასიათებელია:
- მსტვინავი სუნთქვა;
- ქოშინი;
- გულმკერდის შებოჭილობა;
- ხველა და ამოსუნთქვის გაძნელება.
ისეთი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, როგორებიცაა: ფიზიკური აქტივობა, ირიტანტებთან ან ალერგენებთან ექსპოზიცია, ამინდის ცვლილება, რესპირატორული ვირუსული ინფექცია, სიმპტომები და ექსპირაციის მაჩვენებლები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს და გამწვავდეს. ასთმისთვის დამახასიათებელია სპონტანურად ან მკურნალობის შედეგად განვითარებული შექცევადობა, რაც შესაძლოა, გაგრძელდეს რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში, მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძლოაგანვითარდეს ასთმის შეტევა, რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ასთმა ასოცირდება სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობასა და ქრონიკულ ანთებასთან და ის საჭიროებს შესაბამის მკურნალობას მაშინაც კი, როცა სიმპტომები არ ვლინდება ან ფილტვის ფუნქციის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.
- როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
- ასთმის დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია ანამნეზი და ოჯახური ანამნეზი, სიმპტომები და ფილტვის ფუნქციის მაჩვენებლები, რომელთა შეფასება შესაძლებელია სპირომეტრიის საშუალებით. ასევე შეგვიძლია ჩავატაროთ პროვოკაციული ტესტები, ტესტები ალერგენის გამოსავლენად, რადიოლოგიური კვლევები.
- როგორ ხდება ბრონქული ასთმის მართვა?
- ასთმის მკურნალობის მიზანი არის სიმპტომების კონტროლი და ამ დაავადებით განპირობებული სიკვდილის, გამწვავებების, ჰაერის ნაკადის პერსისტული შეზღუდვისა და მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მინიმალიზაცია.
ასთმის ეფექტური კონტროლი მოითხოვს პაციენტსა და ექიმს შორის თანამშრომლობას. ამისთვის აუცილებელია პაციენტი ფლობდეს საჭირო ინფორმაციას მისი დაავადების შესახებ.
ასთმის მკურნალობაში გამოიყენება:
1. მაკონტროლებელი მედიკამენტები, რომელთაც მიეკუთვნება საინჰალაციო სტეროიდები და ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორები;
2. შემამსუბუქებელი მედიკამენტები, რომელთაც მიეკუთვნება როგორც ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორები, ასევე, ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორები დაბალი დოზით.
იმის მიხედვით, თუ რა სიხშირისაა სიმპტომები და როგორია ფილტვის ფუქნციური მაჩვენებლები, ინიშნება შესაბამისი მკურნალობა შესაბამისი დოზირებით.
- რა გართულებები შეიძლება განვითარდეს ბრონქული ასთმის დროს?
- თუ ასთმა არ არის კონტროლირებული, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე. ასთმის შესაძლო გართულებებს მიეკუთვნება: მუდმივი დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, დასწავლის უნარის შემცირება, ძილის დარღვევა, ფილტვის ფუნქციის დარღვევა.
- რამდენად და როგორაა შესაძლებელი ბრონქული ასთმის პროფილაქტიკა?
- ასთმის სრული პრევენცია შეუძლებელია. შესაძლებელია ასთმის კონტროლი და შეტევისგან დაცვა. ამისთვის საჭიროა: მკურნალ ექიმთან რეგულარული ვიზიტი და მედიკამენტების სისტემური და სწორი გამოყენება, ალერგენებისა და ირიტანტებისგან თავის არიდება, რესპირატორული ინფექციების მიმართ ვაქცინაცია, საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა და სხვა.