ალერგიული დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვმართოთ ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული დაავადებები

ბრონქული ასთმა- როგორია დღეს ბრონქული ასთმის გავრცელების სტატისტიკა? ხომ არ გახშირდა ბოლო ხანს ეს დაავადება?

- საზოგადოდ, ალერგიული დაავადებები სიხშირის მიხედვით პირველ ადგილზეა ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს შორის, ხოლო ზრდასრულ მოსახლეობაში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. მიჩნეულია, რომ დედამიწის მოსახლეობის 30-40%-ს ალერგიული დაავადება აქვს. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ეს დაავადებები მთელ მსოფლიოში ორჯერ გახშირდა და ათიდან ცხრა შემთხვევაში პერიოდულ მედიკამენტურ მკურნალობას მოითხოვს.

ბრონქული ასთმა ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული და პრობლემური ალერგიული დაავადებაა. ამჟამად ასთმით დაავადებულთა რიცხვი მთელ მსოფლიოში 300 მილიონს აღწევს. პროგნოზი არცთუ სანუგეშოა: თუ ურბანიზაცია ასეთივე ტემპით გაგრძელდა, 2025 წლისთვის ასთმით დაავადებულთა რიცხვი კიდევ 100-150 მილიონით გაიზრდება. ვარაუდობენ, რომ ასთმით ავადობის ხელშემწყობი იქნება ქალაქის მოსახლეობის მატებაც.

- უმთავრესად რომელ ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს ბრონქული ასთმა? რით არის განპირობებული ასაკობრივი და გენდერული თავისებურებანი?

- მოწიფულ ასაკამდე ბრონქული ასთმა ვაჟებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებში, მოწიფულ ასაკში კი ქალებს უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე მამაკაცებს. ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და მკურნალობის სრულყოფის მიუხედავად, ბრონქული ასთმა მთელ მსოფლიოში ხშირდება. ეს შესაძლოა აიხსნას როგორც ასთმის დიაგნოსტიკის გაუმჯობესებით, ასევე გარემოს დაბინძურებით, მოსახლეობის დიეტის თავისებურებებით, საყოფაცხოვრებო ალერგენების მოქმედების გაძლიერებით და სხვა.

ასთმით დაავადებულთა გარდაცვალების მიზეზთა შესწავლა ცხადყოფს, რომ მიზეზი ბაზისური ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ნაკლებობა და ასთმის გამწვავების დროს სამედიცინო დახმარების დაგვიანებაა.

ბრონქული ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებაა. ავადდება ის, ვისაც აღენიშნება ბრონქების ჰიპერრეაქტიულობა ანუ ზემგრძნობელობა. ეს ზემგრძნობელობა მემკვიდრეობით გადაეცემა. ალერგიის ასეთ სახეს, რომლის დროსაც წამყვან როლს მემკვიდრეობა ასრულებს, ატოპიური დაავადება ეწოდება. ბავშვებში ალერგიის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრს ალერგიის ესა თუ ის გამოვლინება აღენიშნება, თუმცა არ არის სავალდებულო, ალერგიული მშობლების შვილი ალერგიული იყოს. ზოგჯერ ალერგია რამდენიმე თაობას გამოტოვებს და შემდეგ იჩენს თავს. ბრონქული ასთმა ალერგიული დაავადებაა და მის განვითარებაში წამყვან როლს ალერგიული რეაქცია ასრულებს.

ბრონქული ასთმისთვის დამახასიათებელია განმეორებითი ქოშინი, გულმკერდის შებოჭილობა, ხველა (უფრო მეტად - ღამით და ადრიან დილით), რომელსაც თან სდევს მსტვენი ხიხინი.

ასთმური მოვლენები განსაზღვრული სპეციფიკური და არასპეციფიკური ფაქტორების თანხლებისას გამოვლინდება. სპეციფიკური ფაქტორებია ოთახის მტვერი, ტკიპები, ყვავილების მტვერი, ცხოველების ბეწვი, ობისა და საფუარის სოკოები, საკვები, მწერის შხამი და ნებისმიერი სხვა ალერგენი.

ფართოდ გავრცელებულ არასპეციფიკურ ფაქტორებს მიეკუთვნება ისეთი აგენტები, რომლებიც ჩასუნთქვისას ჰაერთან ერთად ხვდება ჩვენს ორგანიზმში: თამბაქოს კვამლი, ოზონი, აზოტის ჟანგეულები, ფორმალდეჰიდი და სხვა.

ასთმის შეტევის პროვოცირება შესაძლოა მოახდინოს ძლიერმა ემოციამ; აღწერილია ასთმის გამწვავება ქალებში მენსტრუაციის დროს და წინარემენსტრუალურ პერიოდში.

ასთმის დიაგნოზს ექიმი სვამს ავადმყოფის ჩივილებისა და ანამნეზის მიხედვით. ჩივილების შესახებ ზემოთ უკვე მოგახსენეთ. მნიშვნელოვანია ასთმის სიმპტომებისა და ალერგენებთან კონტაქტის ურთიერთდაკავშირება. ასთმური შეტევა ხშირად საყოფაცხოვრებო მტვერთან განმეორებითი კონტაქტის დროს ან მცენარეთა ყვავილობის პერიოდში ვითარდება. არცთუ იშვიათია სუნთქვის გაძნელება შინაური ცხოველების ახლოს ყოფნისას. თუ ჩივილები ტიპობრივი არ არის, ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ მომენტებს, როგორიც არის ხველის ან მსტვენი ხიხინის განვითარება ფიზიკური დატვირთვისას.

შესაძლოა, ასთმის ერთადერთი გამოვლინება იყოს ხველა, რომელიც ღამით უფრო შემაწუხებელია. ეს ვარიანტი უპირატესად ბავშვებსა და მოზრდილებშია გამოხატული.

დიაგნოსტიკის მომდევნო საფეხური ფილტვების ფუნქციის გამოკვლევა და ბრონქული ობსტრუქციის შექცევადობის განსაზღვრაა. ამ გამოკვლევას სპირომეტრია ეწოდება.

დაავადების გამომწვევი ალერგენის დადგენა კი რემისიის ფაზაში (წყნარ პერიოდში) კანის სინჯების მეშვეობით ხდება. არსებობს ბრონქული ასთმის კლასიფიკაციის სხვადასხვა ვარიანტი - ეტიოლოგიის (გამომწვევი მიზეზის), სიმძიმის მიხედვით და სხვა, თუმცა დღეს მათ მხოლოდ სამეცნიერო მიზნით იყენებენ.

ასთმის ახალი კლასიფიკაცია დაავადების კონტროლის დონეს ემყარება. შესაბამისად, განასხვავებენ კონტროლირებულ, ნაწილობრივ კონტროლირებულ და არაკონტროლირებულ ასთმას. ეს კლასიფიკაცია აღნიშნავს, რომ ასთმის სიმძიმე მხოლოდ სიმპტომებით კი არა, არამედ მიმდინარე მკურნალობის ეფექტურობითაც განისაზღვრება. ასთმის სიმძიმე არ არის მუდმივი მახასიათებელი, ის შესაძლოა წლების მანძილზე შეიცვალოს.

- როგორ უნდა ვმართოთ ბრონქული ასთმა?

- ასთმა მართლაც მართვადი დაავადებაა. მისი სიმძიმე, სიმპტომების სიხშირე, მკურნალობის ეფექტურობა კონტროლირებადია, კონტროლი კი ექიმისა და პაციენტის ურთიერთთანამშრომლობით მიიღწევა. ბრონქული ასთმის მკურნალობის მიზანი სწორედ ასთმის კონტროლის მიღწევაა. მკურნალობის პროგრამის განხორციელებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის განათლებას.

ვინაიდან მოზრდილთა ასთმის ათიდან 5 და ბავშვთა ასთმის ათიდან 8 შემთხვევაში წამყვანი ალერგიული მექანიზმია, მკურნალობის პირველ მიმართულებად ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტა მიიჩნევა. მათთვის, ვისაც ტკიპის ალერგენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვს, რეკომენდებულია:

  • ლოგინის თეთრეულის რეცხვა 55-60°ჩ-ზე შეძლებისამებრ ხშირად - 1-2 კვირაში ერთხელ მაინც;
  • ბალიშებისა და საბნების დამცავ შალითებში მოთავსება;
  • საცხოვრებელი ბინის მუდმივად განიავება და 50%-ზე ნაკლები ტენიანობის შენარჩუნება.

დამატებით ღონისძიებებს მიეკუთვნება:

  • მაღალეფექტური მშრალი საჰაერო ფილტრებიანი მძლავრი მტვერსასრუტის გამოყენება;
  • სახლის დალაგება სველი წესით;
  • საწოლ ოთახში ხალიჩებისა და ნაჭრის ფარდების ჩამოხსნა;
  • რბილი ავეჯის შეცვლა ტყავის საფარიანი ავეჯით;
  • რბილი (ფუმფულა) სათამაშოების გარეცხვა 55-60°ჩ-ზე, დროდადრო მათი მოთავსება საყინულეში, ვინაიდან ტკიპის ალერგენი დაბალ ტემპერატურაზე ნადგურდება (საზოგადოდ, რბილი სათამაშოები საწოლ ოთახში არ უნდა ინახებოდეს, საძინებელში ასევე არ უნდა შედიოდნენ შინაური ცხოველები);
  • ლეიბების, ხალიჩებისა და თეთრეულის პერიოდულად (3 საათით მაინც) მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მოთავსება;
  • იატაკის დაფარვა ადვილად გასაწმენდი ლინოლეუმით ან ხის მასალით (არავითარ შემთხვევაში - რბილი საფარით).

მას, ვისაც შინაური ცხოველების ბეწვზე აქვს ალერგია, ეძლევა შემდეგი რეკომენდაცია:

  • მოუძებნეთ ცხოველებს სხვა საცხოვრებელი და ნუ მიიყვანთ შინ სხვა ცხოველს;
  • ნუ შეუშვებთ ცხოველებს საწოლ ოთახში, იყოლიეთ, შეძლებისდაგვარად, შენობის გარეთ;
  • მტვერსასრუტით რეგულარულად გაწმინდეთ რბილი ავეჯი, ხალიჩები და სხვა;
  • თუ კონტაქტი გაქვთ ძაღლთან, კატასთან ან ცხენთან, შინიდან გასვლისას (სკოლაში ან სამსახურში წასვლისას) აუცილებლად გამოიცვალეთ ტანისამოსი.

ობის სოკოების მიმართ ალერგიის დროს:

  • თუ ბინაში ტენიანობა 50%-ზე მეტია, უნდა მოხდეს ჰაერის ვენტილაცია (გამოშრობა) ტენიანობის შესამცირებლად;
  • ყურადღება უნდა მიექცეს კონდიციონერების, გათბობისა და ვენტილაციის სისტემების გამართულ მუშაობას;
  • სააბაზანო, ასევე - სხვა ადგილები, სადაც ობი გროვდება, უნდა დაამუშაოთ ამიაკის 5%-იანი ხსნარით;
  • იატაკის ხალიჩა უნდა შეიცვალოს მაგარი საფარით, შპალერის ნაცვლად კი გამოყენებულ იქნეს საღებავი;
  • ზაფხულის დამლევს და შემოდგომაზე ნუ მიიღებთ მონაწილეობას ეზოს, ბაღის სამუშაოებში, რადგან ფოთლებზე ობის სოკოს სპორები გროვდება.


ასთმის მკურნალობის II ეტაპია ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება. ამ ჯგუფს მიეკუთვნება: საინჰალაციო სისტემური კორტიკოსტეროიდები, ნატრიუმის ნედოკრომილი და კრომოგლიკატი, გახანგრძლივებული მოქმედების ბეტა 2 აგონისტები საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებულად, გახანგრძლივებული თეოფილინი, ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტები.

პრიორიტეტულ ბაზისურ თერაპიად მიიჩნევა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები, ბეკლამეტაზონი (ბეკლაზონი, ბეკოტიდი, პულმიკორტი, ფლიქსოტიდი). უფრო ეფექტური და პერსპექტიულია საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის კომბინაცია ხანგრძლივმოქმედ ბეტ ა2 აგონისტთან. ამ ჯგუფს მიეკუთვნება სერეტიდი და ფორაკორტი, რომლებიც ამჟამად საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზეც მოიპოვება, თუმცა ზოგიერთი პაციენტი ნათესავების მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილ სიმბიკორტსაც წარმატებით იყენებს. აღნიშნული პრეპარატები ორმაგი ეფექტით გამოირჩევა: კორტიკოსტეროიდები ქრონიკულ ანთებას თრგუნავს და ბრონქების ჰიპერრეაქტიულობას ამცირებს, ხოლო ბეტა2 აგონისტები ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებს და ამით აფართოებს ბრონქებისა და ალვეოლების სანათურს, გარდა ამისა, თრგუნავს სასუნთქი სისტემის იმ მედიატორების გამოთავისუფლებას, რომლებიც ბრონქების რეაქტიულობის მომატებაში მონაწილეობენ და ამით ბრონქების ლორწოვანის შეშუპებას ამცირებს.

ბრონქული ასთმის მძიმე გამწვავების დროს გამოიყენება სისტემური კორტიკოსტეროიდები - პრედნიზოლონი, პოლკორტოლონი, დექსამეტაზონი, მედროლი. მათი გამოყენება შემანარჩუნებელი თერაპიული ეფექტისათვის არარეკომენდებულია, რადგან იწვევენ გვერდით ეფექტებს - მინერალური და ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას, ცვლილებებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და სხვა.

აქედან გამომდინარე, პაციენტს მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს ექიმთან, რათა ასთმა სწორად იყოს მართული როგორც რემისიის პერიოდში, ისე გამწვავების დროს.

- რა სიახლეა დღეისთვის ბრონქული ასთმის მკურნალობისა და, საზოგადოდ, დაავადებისადმი მიდგომის თვალსაზრისით?

- დღეს ასთმის სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება ლეიკოტრიენების დამთრგუნველი პრეპარატები. ლეიკოტრიენები არის მედიატორები, რომლებიც ასთმის დროს სპეციფიკური უჯრედებიდან გამოიყოფა და ბრონქების შევიწროებას იწვევს. აღნიშნული ჯგუფის პრეპარატებია აკოლატი, სინგულარი - მონტელუკასტი. საქართველოში ამჟამად რეგისტრირებულია ანტილეიკოტრიენული პრეპარატი ვანსეარი (აბების სახით, 4-5-10 მგ დოზით ბავშვებისა და მოზრდილებისთვის).

ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატებს მიაკუთვნებენ აგრეთვე მოსახლეობისთვის კარგად ცნობილ ინტალს - ნატრიუმის კრომოგლიკატს და ტაილედს - ნატრიუმის ნედოკრომილს. ისინი იწვევენ იმ უჯრედების სტაბილიზაციას, რომლებიც ალერგიული რეაქციის დროს ბრონქოსპაზმის განმაპირობებელ მედიატორებს გამოყოფენ.

ბრონქების გამაფართოებელი პრეპარატებიდან გამოიყენება ხანგრძლივი მოქმედების თეოფილინი (თეოპეკი, თეოტარდი, პუროქსანი). თეოფილინის ხანმოკლე მოქმედების პრეპარატს, ეუფილინს, ასევე კარგად იცნობს მოსახლეობა - მას სულხუთვის შეტევის მოსახსნელად იყენებენ.

მწვავე შეტევის კუპირებისთვის გამოიყენება ასევე ხანმოკლე მოქმედების ბეტა 2 აგონისტები: ბეროტეკი, ვენტოლინი, სალბუტამოლი.

საინჰალაციო პრეპარატებიდან ბრონქოსპაზმის მოსახსნელად მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა ატროვენტი და ბეროდუალი, რომელთა მოქმედების მექანიზმი სხვა საინჰალაციო ბრონქოდილატატორებისგან რამდენადმე განსხვავებულია.

ყველა ეს მედიკამენტი ასთმის სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა გზით - როგორც შინაგანად, ასევე ვენაში ან კუნთებში საინექციოდ თუ საინჰალაციოდ.

რა თქმა უნდა, ბრონქული ასთმის დროს უპირატესობით სარგებლობენ საინჰალაციო პრეპარატები, ვინაიდან ამგვარად ტრაქეობრონქულ ხეში სწრაფად აღწევს მედიკამენტის სამკურნალო კონცენტრაცია.

ალერგიული ასთმის მკურნალობის გავრცელებულ და კარგად შესწავლილ მეთოდს წარმოადგენს ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია. ეს გახლავთ უკვე დადგენილი ალერგენით მკურნალობის კურსი. მისი ეფექტურობა კვლევათა მთელმა წყებამ დაადასტურა. იმუნოთერაპია უზრუნველყოფს ასთმის სიმპტომების შემცირებას, ბრონქების ჰიპერრეაქტიულობის დაქვეითებას, ხელს უშლის ალერგიული რინიტის ასთმაში გადასვლას. ამ მეთოდის წყალობით შეიძლება შეფერხდეს (უფრო მეტად - ბავშვებში) ორგანოთა სენსიბილიზაცია ახალი ალერგენებისადმი. რაც უფრო ადრეულ ასაკსა და ადრეულ სტადიაში დაიწყება იმუნოთერაპია, მით უფრო მაღალი იქნება მკურნალობის ეფექტი.

ალერგიული დერმატიტი

- როგორია ალერგიული დერმატიტის გამოვლინება?

- კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგიული დაავადებაა ატოპიური დერმატიტი (მისი სინონიმია ატოპიური ეგზემა). ის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა და, წესისამებრ, ადრეულ ბავშვობაში ვითარდება. ატოპიური დერმატიტი მემკვიდრეობითი ხასიათისაა და ამ დაავადებისადმი გენეტიკურად განწყობილ ადამიანებს ემართებათ. ატოპიური დერმატიტი ორგვარი წარმოშობისაა: ალერგიული ანუ ეგზოგენური და არაალერგიული ანუ ენდოგენური. ასიდან 70-85 შემთხვევაში დაავადება ალერგიული ფორმისაა, ახასიათებს კანის გამოხატული ქავილი, ხშირი გამწვავება, განსაკუთრებული ლოკალიზაცია და კანის თავისებური დაზიანება.

- უმთავრესად რომელ ალერგენებზე ვლინდება ატოპიური დერმატიტი და რას უნდა ერიდონ ამ პრობლემის მქონე პაციენტები?

- ადრეულ ბავშვობაში დაავადების გამომწვევი მთავარი ალერგენი კვებითია: რძე, კვერცხი, მიწის თხილი, სოია, ჭვავი, ნიგოზი, თევზი. ამ ალერგენების მიმართ დაავადება ბავშვის სიცოცხლის პირველსავე წლებში გამოვლინდება. 5 წლის ასაკში ბავშვთა უმრავლესობას უვითარდება ტოლერანტობა იმ პროდუქტების მიმართ, რომელთაც ადრე ვერ იტანდნენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ხნის განმავლობაში დიეტას იცავდნენ.

5 წლიდან ატოპიური დერმატიტის გენეზში იზრდება ინჰალაციური ალერგენების როლი. ესენია ოთახისა და ბიბლიოთეკის მტვერი, მტვრის ტკიპა, ცხოველების ბეწვი, ბუმბული, მცენარეთა მტვერი.

ატოპიური დერმატიტის გამწვავებას ხშირად იწვევს ბაქტერიული და სოკოვანი ალერგენებიც.

დაავადების გამწვავებაში არანაკლებ როლს ასრულებს ეგრეთ წოდებული ირიტანტები - ცხელი წყალი, ქლორირებული წყალი, სარეცხი საშუალებები, ღრუბელი, სადეზინფექციო საშუალებები, ახალი ხილის წვენები, ციტრუსი, პომიდორი, ხენდრო.

დერმატიტის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრესული სიტუაცია. დაავადების მთავარი გამოვლინებაა ქავილი, რომელსაც ხშირად ალერგიული ხასიათი აქვს. კანის დაზიანება სხვადასხვაგვარია: გაწითლება, აქერცვლა... ქავილის გამო კანის მთლიანობის დარღვევას ხშირად ინფექციის შეჭრაც კი მოსდევს.

დაავადებისთვის დამახასიათებელია აგრეთვე თვალისა და თვალბუდის თავისებური შესახედაობა, კანის ცვლილება იდაყვის, მუხლქვეშა ფოსოებში, ხელის მტევნებზე. ატოპიური დერმატიტი ხშირად რთულდება ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული გენეზის მეორეული ინფექციით.

პროფილაქტიკისთვის საჭიროა:


  • ფიზიკური დატვირთვის, ვარჯიშის შეზღუდვა, რათა კანი არ გაოფლიანდეს;
  • მჭიდრო და შალის ტანსაცმლის ტარებისგან თავის შეკავება;
  • საძინებელში ოპტიმალური ტემპერატურის (არა უმეტეს 20°C-ისა) შენარჩუნება;
  • სარეცხად არ უნდა გამოიყენოთ ფერმენტირებული ფხვნილი;
  • ბანაობისას არ უნდა გამოიყენოთ ღრუბელი;
  • არ შეიძლება ცხელი შხაპის მიღება;
  • ტანი უნდა დაიბანოთ მაღალხარისხოვანი საშუალებით, რომელსაც ნეიტრალური (5,5) PH აქვს;
  • ბანაობის შემდეგ ტანი რბილი პირსახოცით კარგად უნდა გაიმშრალოთ და მაშინვე დამარბილებელი საშუალება წაისვათ.

საკვების შეზღუდვა, ბუნებრივია, საჭიროა, თუ დადგენილია, რომ ალერგიული ბრძანდებით ამა თუ იმ საკვების მიმართ.

- რას უნიშნავენ პაციენტებს ალერგიული დერმატიტის სამკურნალოდ?

- დერმატიტის სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება:

  • ანტიჰისტამინური პრეპარატები;
  • გლუკოკორტიკოსტეროიდები;
  • იმუნოსუპრესიული მედიკამენტები.

ადგილობრივი თუ სისტემური გამოყენებისთვის გლუკოკორტიკოსტეროიდები აუცილებლად ექიმის მითითებით უნდა შეირჩეს. ატოპიური დერმატიტის დროს ყველაზე ხშირად გამოყენებად ჯგუფად მიიჩნევა ანტიჰისტამინური პრეპარატები - ისინი ამცირებენ ქავილს და აჩქარებენ რემისიის მიღწევას. გამოიყენება როგორც პირველი, ასევე მომდევნო თაობის პრეპარატები. სედაციური ანტიჰისტამინური პრეპარატების (დიმედროლის, ტავეგილის, სუპრასტინის) გამოყენება გამართლებულია მაშინ, როცა ქავილის გამო ძილია დარღვეული. ეს პრეპარატები უმჯობესია საღამოს მივიღოთ, ვინაიდან ქავილი ღამით აღწევს პიკს.

პირველი თაობის პრეპარატების გამოყენება სასურველია 10-14 დღის განმავლობაში, მერე კი უმჯობესია შეიცვალოს, რადგან განსაზღვრული ხნის შემდეგ მედიკამენტების თერაპიული ეფექტი ქვეითდება (ტაქიფილაქსია).

- რით განსხვავდება ერთმანეთისგან პირველი და მომდევნო თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები?

- პირველი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები იწვევს ყურადღებისა და კოორდინაციის დარღვევას, ზოგჯერ გულისრევას, ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში, გარდა ამისა, მათ აქვთ კარდიოტოქსიკური მოქმედებაც. მათგან განსხვავებით, მეორე თაობის პრეპარატებს (ტერფენადინი, ასტემიზოლი, ლორატადინი, ცეტირიზინი, აკრივასტინი) აქვთ რიგი უპირატესობა:

  • სწრაფად იწყებენ მოქმედებას;
  • მოქმედებენ 24 საათის განმავლობაში;
  • თერაპიული დოზით არ იწვევენ ძილიანობას;
  • ხანგრძლივი მიღებისას მათი თერაპიული ეფექტი შენარჩუნებულია.

ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი

სეზონური ალერგიული რინიტისა და კონიუნქტივიტისთვის დამახასიათებელია ცხვირისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთებითი პროცესი, რომელიც ალერგიული გენეზისაა და ახასიათებს ცემინება, ცხვირიდან ჩამონადენი, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, ქავილი, თვალების წვა და ცრემლდენა. თვალებისა და ცხვირის ლორწოვანი გარსების ალერგიული ანთება ხშირად ერთად განიხილება, რადგან ალერგიულ რინიტს, წესისამებრ, კონიუნქტივიტიც ახლავს თან. დაავადება არის როგორც სეზონური, ისე მუდმივი. სეზონური ალერგიული რინოკონიუნქტივიტის გამომწვევია მცენარეთა სამი ჯგუფი:

  • მარცვლოვნები - წივანა, თივაქასრა, ტიმოთელა, ჭვავი, ხორბალი, შვრია და სხვა;
  • ხეები - არყი, ნეკერჩხალი, ჭადარი, ალვა, წიფელი და სხვა;
  • სარეველები - ამბროზია, ბაბუაწვერა, ავშანი, ჭინჭარი, მრავალძარღვა და სხვა.

ყვავილის მტვრისადმი ალერგიას სხვაგვარად პოლინოზს უწოდებენ. დაავადება მკვეთრდ სეზონური ხასიათისაა. ის, მართალია, არ ეკუთვნის მძიმე დაავადებათა რიცხვს, მაგრამ საგრძნობლად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, იწვევს ძილის დარღვევას, ხელის შემშლელია პროფესიულ საქმიანობაში.

არასეზონური, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინოკონიუნქტივიტის გამომწვევ ალერგენებს ჩვენ ბრონქული ასთმის განხილვისას შევეხეთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს გამომწვევებია ოთახის მტვერი, ტკიპები, ცხოველთა ბეწვი, სოკოები, ზოგიერთ ქვეყანაში - მთელი წლის განმავლობაში მოყვავილე მცენარეები.

- რას ეფუძნება დიაგნოზი და რას გულისხმობს მკურნალობა?

- დაავადების კლინიკური ნიშნებისა და მკვეთრად გამოხატული სეზონური ხასიათის გამო დიაგნოზის დასმა რთული არ არის, ხოლო რემისიის ფაზაში ჩატარებული კანის სინჯი ადასტურებს დამნაშავე ალერგენის არსებობას. რაც შეეხება მკურნალობას, მისი პირველი ეტაპი მცენარეული მტვრისთვის მექანიკური ბარიერის შექმნაა:

  • ყვავილობის პერიოდში ფანჯრები არ უნდა გამოვაღოთ, უმთავრესად - საღამო ხანს, რადგან მტვერი მიწიდან არცთუ შორს ცირკულირებს;
  • უნდა გამოვიყენოთ მზის სათვალე;
  • უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი, რათა ცხვირ-პირი მტვრისგან დავიცვათ;
  • მანქანით მგზავრობისას არ გავაღოთ ფანჯრები, გამოვიყენოთ კონდიციონერი;
  • თუ საშუალება გვაქვს, მანქანაში დავამონტაჟოთ მტვრის ფილტრი.

მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს ანტიჰისტამინური პრეპარატების შინაგან მიღებას, ცხვირში ან თვალში ჩაწვეთებას. ამგვარადვე გამოიყენება კორტიკოსტეროიდული პრეპარატები, სისხლძარღვთა შემავიწროებელი ადგილობრივი და ანტილეიკოტრიენული საშუალებები.

- როდის დგება დღის წესრიგში ალერგიული სინჯების ჩატარების საკითხი?

- ალერგიულ დაავადებათა დიაგნოსტიკაში კანის ალერგიულ სინჯებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ექიმი კანის ალერგიულ სინჯს მაშინ მიმართავს, როცა რომელიმე დამნაშავე ალერგენს ეჭვობს.

3 წლამდე სინჯის გამოყენება რეკომენდებული არ არის. სინჯი არ კეთდება აგრეთვე ანტიჰისტამინური პრეპარატებითა და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე, მწვავე ალერგიული რეაქციის გადატანისთანავე, დაავადების გამწვავების დროს, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

- უმთავრესად რა პრობლემებს უქმნის ალერგია ადამიანს? თავად რა პრობლემებს აწყდებით დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის თვალსაზრისით?

- ალერგიული დაავადება მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. ალერგიით დაავადებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება და ალერგიაც სულ უფრო მძიმე მიმდინარეობას იძენს.

კლინიკური ალერგოლოგიის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა იზოლირებული ანგიოშეშუპება, რომლის გამოხატულება არცთუ იშვიათად არის ლარინგოსპაზმი (ხორხის კუნთების სპაზმი). ეს უკანასკნელი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, რათა ფატალურად არ დასრულდეს. ანგიოშეშუპების გახშირება ბოლო ხანს საქართველოშიც შეიმჩნევა. ეს პათოლოგია თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თითოეულ ფორმაში გამოიყოფა სხვადასხვა ტიპი, რომლებიც სათანადო კვლევას, შემდეგ კი, მკურნალობისას, განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. აღნიშნული კვლევა ჩვენი მოსახლეობისთვის საკმაოდ ძვირია, თუმცა ტექნიკურად ჩვენს ლაბორატორიებში მისი ჩატარება უკვე შესაძლებელია.

რა თქმა უნდა, ყველა ექიმს სურს, პაციენტი აკადემიურად შეისწავლოს და დიაგნოზი სწორად დასვას. ღმერთმა ყველას შეაძლებინოს, ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყოს მაღალტექნოლოგიური კვლევის ჩატარება.

ჩვენი მეორე დიდი სურვილია ალერგიული ავადმყოფების საჭირო პრეპარატებით მუდმივი უზრუნველყოფა. გამოვყოფდი ბრონქული ასთმის ბაზისური მკურნალობისთვის აუცილებელ ისეთ პრეპარატებს, როგორიც არის სერეტიდი და ფორაკორტი. სამწუხაროდ, მათზე ყველას არ მიუწვდება ხელი...

მინდა, მადლიერება გამოვთქვა სერეტიდის მწარმოებელი ბრიტანული ფირმის "გლაქსოსმითკლაინისა" და ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" მიმართ, რომელთა ერთობლივმა პროექტმა საქართველოს მოსახლეობას საგრძნობი ფასდაკლებით შესთავაზა ბრონქული ასთმის სამკურნალოდ ეს შესანიშნავი პრეპარატი.

- რას ურჩევდით მკითხველს თქვენი პროფესიული გადასახედიდან?

- ალერგიის პირველი სიმპტომების შემჩნევისთანავე მიმართოს ექიმ ალერგოლოგს, რათა დროულად დადგინდეს დაავადების მიზეზი, ვინაიდან გართულებებს მხოლოდ დროულად დაწყებული მკურნალობა აგვაცილებს თავიდან.