ალერგიული რინიტის მართვისა და პროფილაქტიკის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგიული რინიტის მართვისა და პროფილაქტიკის საშუალებები

როგორია ამ დაავადების მართვა და შესაძლებელია თუ არა პროფილაქტიკა, გვესაუბრება ბაია ბეზერაშვილი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, „ჯანმრთელობის სახლის“ ალერგოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის“ დამფუძნებელი.

– ქალბატონო ბაია, რა მდგომარეობაა ალერგიული რინიტი?

– ალერგიული რინიტი ალერგიულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა და ის, ამჟამინდელი მონაცემებით, ყოველ მე-3 ადამიანს აწუხებს. შემაწუხებელი და საშიში მდგომარეობა, რომელიც თრგუნავს ცხოვრების ხარისხს, არღვევს ძილს, აქვეითებს შრომისუნარიანობას, აჩენს სხვადასხვა კომპლექსს სიმპტომების გამო და მისი არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ბრონქული ასთმა.

მსოფლიო მოსახლეობის 30-35%-ს აქვს ალერგიული რინიტი. აქედან 10%-ს – დაუზუსტებელი დიაგნოზით.

– რამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რინიტის განვითარება?

– ალერგიული რინიტის განვითარების მიზეზად ბევრი ფაქტორი შეიძლება ჩაითვალოს:

  • კარშიდა და კარგარეთა ალერგიები;
  • დაბინძურებული გარემოპირობები;
  • სხვადასხვა საკვები პროდუქტი;
  • მედიკამენტები;
  • სათამაშოები (რომელთა წარმოებაში ხშირად გამოყენებულია მავნე და ხშირად სიცოცხლისათვის საშიში საღებავები, კონსერვანტები, ემულგატორები და ა. შ.).
  • ვირუსები, რომელთა სულ ახალ-ახალი შტამები ჩნდება ჩვენ გარშემო;
  • სტრესული სიტუაციები;
  • გენეტიკური განწყობა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სხვადასხვა ტიპის ალერგოზების და მათ შორის ალერგიული რინიტის განვითარებისას.

საყურადღებოა, რომ თუ ერთი მშობელი ალერგიულია, ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი ბავშვისთვის 20-40%-ია, თუ ორივე მშობელი ალერგიულია, ეს მაჩვენებელი 60-70%-ს აღწევს, თუმცა ალერგიული რეაქციები შესაძლოა განვითარდეს გენეტიკური განწყობის გარეშეც, რაც განაპირობებს დაავადების გამოვლინების მზარდ ტენდენციას. უნდა დავძინოთ ისიც, რომ ალერგიული მშობლების შვილი შესაძლოა სულაც არ დაავადდეს ალერგიით. შესაძლოა, ალერგიამ გამოტოვოს რომელიმე თაობა და შემდგომ იჩინოს თავი.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ალერგიული რინიტის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად შესაძლოა მოვიაზროთ სხვადასხვა მცენარე და მათი ყვავილობის პერიოდი.

– რამდენად ახასიათებს სეზონურობა და განსაკუთრებით წლის რომელ პერიოდში შეიძლება აღინიშნოს გამწვავება?

– ალერგიული რინიტი შესაძლოა იყოს ქრონიკული და მწვავე. მეტწილად ახასიათებს სეზონურობა, ძირითადად გამწვავებები ფიქსირდება გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, მაშინ, როდესაც იწყება სხვადასხვა მცენარის ყვავილობა, ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული (სხვადასხვა საკვები; მედიკამენტები (ასპირინი, ჰორმონები, კოკაინი, კონტრაცეპტივები), ორსულთა, მოხუცთა, პედიატრიული რინიტი და სხვა).

სეზონური ალერგია, პოლინოზი, ანუ „თივის ცხელება“, როგორც მას ხალხში ეძახიან, უკავშირდება მცენარეების ყვავილობას. მცენარეების მტვერი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილოვანი ბუნების უმცირეს ნაწილაკებს, მათი მოხვედრა ორგანიზმში განაპირობებს ალერგიულ თვისებებს, ამიტომ, ყოველი ადამიანი, რომელიც უჩივის სეზონურ ალერგიას, კარგად უნდა გაეცნოს მცენარეთა ყვავილობის კალენდარს, რათა აარიდოს თავი ზედმეტ გართულებებს.

– უპირატესად რომელ ასაკში ვლინდება ალერგიული რინიტი?

– ალერგიული რინიტი მეტწილად ახალგაზრდული დაავადებაა. უმეტესად 8-20 წლის ასაკში ვითარდება, თუმცა შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს.

– როგორია ალერგიული რინიტის კლინიკური გამოვლინება?

– ალერგიული რინიტის კლინიკური გამოვლინება შემდეგი სახისაა:

  • შეიძლება იყოს ცემინება, რომელიც ხშირად შეტევითი ხასიათისაა, უმეტესად დილაობით, გაღვიძებისას;
  • გამონადენი თხელი, გამჭვირვალე (თუმცა, როდესაც თან ერთვის ინფექცია, გამონადენი სქელი და შესაძლოა, მოთეთრო-მოყვითალო ფერისა იყოს);
  • პერიოდულად ცხვირის გაჭედილობა, ამ დროს ცხვირის ლორწოვანი გარსი შუპდება, რაც განაპირობებს სუნთქვის გაძნელებას, ამ დროს პაციენტებს გამონადენი არ აღენიშნებათ, ფიქსირდება „პოსტნაზალური წვეთის სინდრომი“, ზოგჯერ გამონადენი და გაჭედვა ერთმანეთს ენაცვლება;
  • აგრეთვე ქავილი;
  • დამახასიათებელი ხელის მოძრაობაც ხვირის წვერსა და ნესტოებზე – ე.წ. „ალერგიული რალუტი“.

შესაძლოა რინიტი გართულდეს ანოსმიით (ყნოსვის დაკარგვით) და ასთმით.

– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

– დიდი მნიშვნელობა ენიჭება ექიმ-ალერგოლოგის მიერ ანამნეზის დეტალურად შეკრებას. გარდა ანამნეზური მონაცემებისა, აუცილებელია სხვადასხვა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის ჩატარება. ესენია:

  • კანის ალერგიული სინჯები სხვადასხვა ალერგენის ჯგუფის დასადგენად;
  • სპეციალური ანტისხეულების განსაზღვრა;
  • ნაზალური ნაცხის ციტოლოგია, ზოგ შემთხვევაში – ბაქტერიოლოგია.
  • ხშირად გვჭირდება რენტგენოლოგიური, კომპიუტერიული, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ამ მონაცემების მიხედვით, უხშირესად, ოტორინოლარინგოლოგის ან სხვა სპეციალისტის ჩართულობა და ა.შ.

– როგორია მკურნალობის მეთოდები და საშუალებები?

– უპირველესად, ვურჩევდი ყველა პაციენტს და პედიატრიული ასაკის პაციენტთა მშობლებს, თვითდიაგნოსტიკას და თვითმკურნალობას არ მიმართონ, მიაკითხონ ალერგოლოგებს, რათა თავიდან ავიცილოთ მთელი რიგი გართულებები და თითოეული პაციენტისთვის შეირჩეს მკურნალობის ინდივიდუალური სქემა. ალერგიული რინიტის მართვა მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს:

1. პრევენცია;

2. მედიკამენტური მკურნალობა;

3. იმუნოთერაპია;

4. სხვა თანმხლები დაავადებების კონტროლი.

პრევენციისთვის უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • დავიცვათ პირადი ჰიგიენა, ხშირად გამოვირეცხოთ ცხვირი, ანუ ჩავიტაროთ სანაცია;
  • შენობაში შესვლისთანავე გამოვირეცხოთ თვალები, ყურები, ცხვირი, თუნდაც ჩვეულებრივი წყლით;
  • სახლი დავალაგოთ როგორც მშრალი, ასევე სველი წესით;
  • ხშირად გამოვცვალოთ თეთრეული, გავრეცხოთ მაღალ ტემპერატურაზე;
  • სასურველია, თუ კონდიცირების სისტემა ფილტრით აღჭურვილი იქნება;
  • ვერიდოთ ქარში გარეთ გასვლას და თუ ეს აუცილებელია, გამოვიყენოთ ნიღაბი, მზის სათვალე და შენობაში შესვლისთანავე ჩავიტაროთ სანაცია;
  • ყვავილობის პერიოდში ვერიდოთ ლაშქრობებს;
  • ვაკონტროლოთ ტენიანობა სახლში, ვინაიდან მაღალი ტენიანობისას (50%-ზე მეტი) ხელსაყრელი პირობები იქნება ოთახის მტვრის ტენიანობის აქტივობისთვის;
  • ოთახიდან გავიტანოთ რბილი სათამაშოები, ხალიჩები, ძველი წიგნები;
  • მოვერიდოთ შინაურ ცხოველებსა და ფრინველებთან ურთიერთობას.

– როგორ გავარჩიოთ ალერგიული რინიტი, სეზონური რესპირაციული ინფექციისა და COVID 19-ისგან?

– რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა დავუკავშირდეთ ექიმს სწორი დიფერენცირებისათვის საჭირო კვლევების ჩასატარებლად. უნდა ვიცოდეთ, რომ ალერგიულ რინიტს არ ახასიათებს ტემპერატურული მატება და ის გრძელდება ხანგრძლივად, ხშირად რამდენიმე თვემდე. სეზონური ინფექციებისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მატება, სიმპტომები 3-5-7 დღემდე გრძელდება.

რაც შეეხება COVID 19-ს, მას სურდო არ ახასიათებს, თუმცა, თუ პაციენტს აღენიშნება ყნოსვისა და გემოს დაკარგვა, ტემპერატურის მატება, ცხვირ-ხახის სიმშრალე, ზოგადი სისუსტე, ტკივილი თავისა და სახსრების არეში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს ან COVID 19-ის სამკურნალო უახლოეს ცენტრს.

დაბოლოს, ვეცადოთ სწორი კვებით, პირადი ჰიგიენის დაცვით, ზომიერი ფიზიკური აქტივობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვით ავიმაღლოთ იმუნიტეტი.