სინუსიტი - საყურადღებო დაავადება

დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის საშუალებები, ამ თემაზე გვესაუბრება ექიმი ოტორინოლარინგოლოგი ნინო კვერნაძე.
- ქალბატონო ნინო, სინუსიტი ის დაავადებაა, რომელიც წლის ყველა სეზონზე შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ზამთარში განსაკუთრებით ხშირია მისი გამოვლინება.
- ზამთრის სეზონზე, ინფექციის მატებასთან ერთად, ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა სინუსიტი, ანუ რინოსინუსიტი. ის არის ცხვირისა და მიმდებარე წიაღების (ზედა ყბის, შუბლის სოლისებური ცხავის) ანთება. წიაღების ჩამოყალიბება იწყება ბავშვობის ადრეული ასაკიდან. 1-2 წლის ასაკში - ჰაიმორი, 6 წლის ზევით - შუბლის, 9-10 წლიდან დანარჩენი წიაღები სრულად.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
პარანაზალური წიაღები დიდ როლს ასრულებს ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქი სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში. აქტიურად ატენიანებენ, ათბობენ და წმენდენ მიკრობებისგან, მავნე ფაქტორებისაგან ცხვირში შესუნთქულ ჰაერს. მონაწილეობენ ხმის ტემბრის, ყნოსვის ფუნქციონირებაში, გვიცავენ თავის ტრავმების დროსაც.
სინუსიტი, პირველ რიგში, იწყება ცხვირის ლორწოვანის შეშუპებით, რადგან ის არის იმუნური კარიბჭე და მას პირველს უწევს გამკლავება შეჭრილი პათოგენების წინააღმდეგ. როცა დაზიანდება ცხვირისა და პარანაზალური წიაღების შიდა ლორწოვანი, ისმება სინუსიტის დიაგნოზი. ყველა წიაღი დაკავშირებულია ერთმანეთთან. ანთების დროს ფერხდება მათში არსებული ლორწოვანის დრენირება ან სრულად იხშობა. დაგროვილი მასა კი იწვევს უარყოფით წნევას და უსიამოვნო შეგრძნებებს. ქვეითდება შრომისუნარიანობა და იწყება ტკივილი.
ტკივილის ლოკალიზაციის მიხედვით განირჩევა:
- ჰაიმორიტი - ძირითადი ტკივილი სახის არეში;
- ეთმოიდიტი - თავის ტკივილი, ძირითადად, ცხვირის ფუძეში;
- თვალბუდის შეშუპება;
- ფრონტიტი - შუბლის არის ტკივილი, ჩამონადენი ცხვირიდან, განსაკუთრებით - დილის საათებში;
- სფენოიდიტი - ზეწოლა, ტკივილი კეფისა და თვალბუდის არეშიც.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს და როგორ ვლინდება სინუსიტი?
- რინოსინუსიტის გამოვლინება მწვავე რესპირატორული დაავადების მსგავსია. იწყება მწვავე ფორმით და დაგვიანებულ ან მკურნალობის უქონლობის შემთხვევებში გადადის მორეციდივე ქრონიკულ ფორმაში.
პირველ რიგში, იწყება სუნთქვის გაძნელება, შესქელებული ლორწო გროვდება წიაღებში და იწვევს შეშუპებას, პათოგენური ფლორის გამრავლებას. ცხვირიდან გამონადენი სეროზული ან შემდგომ ჩირქოვანი, მომწვანო ფერის, სუნიანი, სისხლნარევიც შეიძლება იყოს. ახასიათებს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, მხედველობის გაუარესება, პერიოდულად იმატებს სხეულის ტემპერატურა. შესაძლებელია ყნოსვის დაქვეითება-გაქრობაც.
სინუსიტი შეიძლება გამოიწვიოს ზამთრის სეზონზე გავრცელებულმა სხვადასხვა კორონავირუსმა, გაზაფხულ-შემოდგომაზე - რინოვირუსებმა, ორგანიზიმის გადაცივებამ, ალერგიულმა ფაქტორებმა. დიდ ქალაქებში აქტუალურია გამონაბოლქვი და ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო.
- ვინ შეიძლება აღმოჩნდეს რისკჯგუფში?
- რისკჯგუფს წარმოადგენენ სუსტი იმუნიტეტის, ხშირად მოავადე, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები. მისი გამოწვევის ძირითადი და ერთ- ერთი მიზეზია ცხვირის ძგიდის გამრუდება. რისკჯგუფში შედიან ასევე: ალერგიული და ვაზომოტორული რინიტით დაავადებულები, ანატომიური თავისებურებების მქონე პირები. უცხო სხეული ცხვირის ღრუში, პოლიპები, მოუწესრიგებელი პირის ღრუ (კარიესული კბილები ზედა ყბაზე), თავზე გადატანილი სხვადასხვა ტრავმა, მწეველები და პასიური მწეველები, საყურადღებო და მნიშვნელოვანია პროფესიული საქმიანობის ფაქტორი, ანუ დიდი ხნით კონტაქტი მავნე, მომწამვლელ ნივთიერებებთან (აუცილებელია სასუნთქი სისტემის დაცვა), მტვერთან, ნესტიანი გარემო და საცხოვრებელი ადგილი, სადაც შესაძლებელია სოკოს სპორების არსებობაც. მოკლედ, ყველა ის ფაქტორი, რომელიც თრგუნავს ფიზიოლოგიურ სუნთქვას, რადგან იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ჯანმრთელი, ისე დაავადებული ადამიანისთვის.
- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს სინუსიტს?
- სინუსიტის გართულება დიდი რისკია აღმავალი ინფექციის განვითარებისთვის. ამიტომაა აუცილებელი პირველივე ნიშნებისას მისი დროული მკურნალობა. მთავარი საშიში გართულებაა - მენინგიტი, თავის ტვინის, ზურგის ტვინის ანთება. ასევე მუდმივი ჩირქოვანი - ლორწოვანი ჩამონადენი იწვევს ბრონქიტს, პნევმონიას, ნეფრიტს, ცისტიტს, ოტიტს, კონიუნქტივიტს და სისხლის რთულ ინფიცირებას.
- როგორ ისმება სინუსიტის დიაგნოზი?
- სწორი დიაგნოსტირებისათვის მნიშვნელოვანია სპეციალისტის - ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია, სწორად შეიკრიბოს ანამნეზი. ცხვირის სარკის მეშვეობით დაათვალიეროს ლორწოვანი გარსი, ძგიდე, ნიჟარები. შეაფასოს ხახის ლორწოვანი და გადაწყვიტოს მდგომარეობის სწორი შეფასებისათვის დიაგნოსტიკური კვლევა.
- რენტგენოგრაფია - აფიქსირებს ანთების კერებს და საზღვრებს.
- კომპიუტერული ტომოგრაფია განსაზღვრავს ანთებით პროცესს და ასევე დაავადების გართულების დონეს.
- ენდოსკოპიური კვლევა გვიჩვენებს ანთებით პროცესებს, ცხვირის ძგიდის მდგომარეობას, პოლიპების არსებობას.
- დაავადებული წიაღის პუნქცია.
- როგორ მკურნალობენ, შესაძლებელია თუ არა პროფილაქტიკა და როგორია რჩევები ამ თვალსაზრისით?
- მკურნალობის დაწყების წინ უნდა შეფასდეს დაავადების მიმდინარეობა, მწვავეა თუ ქრონიკული. მწვავე კატარული შემთხვევის დროს სწრაფად და დროულად უნდა მოიხსნას შეშუპება, გაუმჯობესდეს დრენაჟი ცხვირსა და წიაღებში. ასეთი მოქმედება ახასიათებს სისხლძარღვთა შემავიწროებელ ცხვირის წვეთებს, რომელთა მიღება 5-7 დღიზე მეტხანს კატეგორიულად მიუღებელია. საჭიროა იმუნიტეტის გაძლიერება.
როდესაც ჩამონადენი მოყვითალო-მომწვანოა, იქ ერთვება ანტიბიოტიკოთერაპია.
მაღალი სიცხის დროს სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიცემაა საჭირო.
ალერგიული და ვაზომოტორული შემთხვევებისას ინიშნება ადგილობრივი და ზოგადი ანტიალერგიული საშუალებები.
როდესაც ძგიდე გამრუდებულია, მედიკამენტურ მკურნალობას არ ექვემდებარება და აუცილებელია მისი ქირურგული რეკონსტრუქცია.
გართულებების შემთხვევაში:
- ჰაიმორის წიაღის პუნქცია და ადგილობრივი გამორეცხვა ანტისეპტიკით ან ქირურგიული რადიკალური ჩარევა.
- წარმატებით კეთდება ფიზიო- და ლაზეროთერაპიები, აუცილებლად ექიმის დანიშნულებით.
- ასპირატორით ცხვირის ღრუების გამორეცხვა ანტისეპტიკით, ანტიბიოტიკებით. პირველივე პროცედურის შემდეგ მომენტალურ შვებას გრძნობს პაციენტი.
ესაა მკურნალობის ზოგადი ფორმები და სამკურნალო საშუალებათა მინიმალური ჩამონათვალი, რადგან პაციენტისთვის მკურნალობის ინდივიდუალური სქემა იქმნება.
- დაუშვებელი და საზიანოა თვითმკურნალობა, ასევე გაურკვეველი ბალახეული წვეთების, ფხვნილების მოხმარება ალერგიისა და ალერგიული შოკის გამო. როგორც ნებისმიერი სხვა დაავადების დროს, ამ შემთხვევაშიც პროფილაქტიკა გულისხმობს იმუნიტეტის ამაღლებას, სწორი და ჯანსაღი ცხოვრების წესის გამომუშავებას: ნებისმიერი შესაძლებლობისას ფეხით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დააბალანსეთ კვება, შეიქმენით კარგი განწყობა და სხვებსაც უწილადეთ, ეს იქნება ჯანმრთელობის გარანტია.
დაავადებისკენ მიდრეკილებმა პერიოდულად ცხვირი დაიტენიანონ ზღვის წყლის შემცველი და ზეთოვანი სპრეებით. ჩამოთვლილი სიპტომების აღმოჩენისას დროულად მიმართეთ ექიმს და იმკურნალეთ, რომ სწრაფად და მარტივად გამოჯანმრთელდეთ.