როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ალერგიული და ინფექციური რინიტი? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ალერგიული და ინფექციური რინიტი?

როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ალერგიული და ინფექციური რინიტი?
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რას წარმოადგენს ალერგიული რინიტი და რა არის გამომწვევი მიზეზები?

- ალერგია - ეს არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ ნივთიერების, ან ნივთიერებათა ჯგუფის მიმართ, როდესაც ეს ნივთიერებები აბსოლუტურად უვნებელია ადამიანთა ფართო ჯგუფისთვის, მაგრამ სწორედ ჩვენი პაციენტისთვის წარმოადგენს საშიშროებას.

ზოგიერთ, იშვიათ, სამწუხარო შემთხვევაში შეიძლება ლეტალური გამოსავლით დასრულდეს.

ყოველდღიურად მატულობს ალერგიულობის მაჩვენებელი მთელ პლანეტაზე. მსოფლიო მოსახლეობის 1/3-ზე მეტია დაავადებული ამა თუ იმ ალრგიული დაავადებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, უახლოეს
5 წელიწადში მსოფლიოს ნახევარი, ანუ ყოველი მეორე ადამიანი დაავადებული იქნება ამა თუ იმ ალერგიული დაავადებით.

განსაკუთრებით მატულობს ავადობის მაჩვენებელი ბავშვებში. ამის ბევრი მიზეზი არსეობობს.

ისეთი ალერგენების (ალერგენი - აგენტი, რომელიც შეიჭრება ჩვენს ორგანიზმში და იწვევს იმუნურ აფეთქებებს, რასაც ალერგია ეწოდება) არსებობს როგორებიცაა: მტვერი, ცხოველების ბეწვი,
სხვადასხვა საკვები, კანგარეთა და კანშიდა ალერგენები, სტრესული ფაქტორები, მედიკამენტები ,გენეტიკური ფაქტორი, დაბინძურებული გარემო ფაქტორები.

170-ზე მეტი საკვები პროდუქტია აღიარებული ალერგენად.

ძირითადი ჯგუფია თევზი და ზღვის პროდუქტი, განსკუთრებით - წითელი ფერის, აგრეთვე - ძროხის რძე, კვერცხი, თხილი, შოკოლადი, ციტრუსი. ქართული რეალობისთვის აქტუალური ალერგიის გამომწვევი პროდუქტია თაფლი, მას ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია, მაგრამ ალერგიული პაციენტი შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს.

არსებობს ორი ტიპის ალერგიული რეაქცია - სწრაფი ტიპის და დაყოვნებული. სწრაფია რეაქცია, როდესაც ორგანიზმში შეჭრილი ალერგენი მალე იწყებს მოქმედებას, მაგალითად, ანაფილაქსიის დროს რეაქცია მიდის შეჭრიდან უახლოესი 15-30 წუთის განმავლობაში.

ის ძირითადად ვითარდება შემდეგი მდგომარეობების დროს: მწერის ნაკბენი (კრაზანა, ფუტკარი და სხვ.), ვაქცინაცია ან ზოგიერთი პრეპარატის მიღება.

მოგვიანებითი ტიპის რეაქცია ვითარდება ალერგენის შეჭრიდან უახლოესი 24-48 საათის ან შემდგომ პერიოდში, ამიტომ მისი მართვა მარტივია.

რაც შეეხება ალერგიულ რინიტს, ის ქრონიკული ანთებით მიმდინარე დაავადებაა, ანთებას ლორწოვანი გარსის გაღიზიანება იწვევს.

მისთვის დამახასიათებელია შემაწუხებელი სიმპტომები, შრომისუნარიანობის დააქვეითებაც კი.

გამოხატულია შეტევითი ხასიათის ცემინება, ცხვირის გაჭედვა, უხვი, გამჭირვალე ფერის, ლორწოვანი გამონადენი, აგრეთვე ქავილი.

შეძლება ცალი ნესტო იყოს დახშული, უხშირესად ორივედან არის გამონადენი.

ხშირად არ არის გამონადენი, მაგრამ ადამიანი ვეღარ სუნთქავს იმიტომ, რომ უკან, სასიდან, გარდა ნერწვისა, გადაედინება ლორწო - იმდენად დიდი რაოდენობით, რომ პაციენტს მეტყველებაც კი უჭირს.

არამართვადმა რინიტმა შეიძლება მიგვიყვანოს ასთმამდე.

არსებობს ქრონიკული და სეზონური ალერგიული რინიტი.

სეზონური ალერგია გაზაფხულზე, შემოდგომაზე, ძირითადად მცენარეთა ყვავილობას უკავშირდება.

ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, როდის იწყება მისი რინიტი და უნდა ისარგებლოს მცენარეთა ყვავილობის კალენდრით. სიმპტომების გამოვლენამდე, ერთი თვით, მაქსიმუმ ორი კვირით ადრე უნდა მიაკითხოს ექიმს.

რა განსხვავებაა ინფექციურ და ალერგიულ რინიტს შორის?

ინფექციური რინიტი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული ანთება. მას შეიძლება ფრონტიტი ან ჰაიმორიტი ერთვოდეს თან.

ინფექციურისთვის დამახასიათებელია მოთეთრო, მოყვითალო-მომწვანო გამონადენი, ცხვირის გაჭედვა ორივე შემთხვევაშია.

ალერგიულის დროს შესაძლოა ყნოსვისა და გემოს დაკარგვა, რაც ინფექციურ რინიტს არ ახასიათებს. ვირუსული გრძელდება 3-7 დღე,ხოლო ალერგიული რინიტი რამდენიმე კვირა, თვეები.

ალერგიულ რინიტს არ ახლავს ტემპერატურა, ხოლო ვირუსულს ახლავს. ასევე ახასიათებს ტკივილი თავისა და შუბლის არეში, სიმძიმის შეგრძნება.

როგორ განვასხვაოთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ალერგიული რინიტისგან?

- აღნიშნული სიმპტომი არ არის კოვიდის მძიმე მიმდინარეობის მახასიათებელი. შეიძლება ძალიან მსუბუქად მიმდინარეობდეს, მაგრამ გამოვლინდეს, რამდენიმე დღეში გაქრეს, ან გაგრძელდეს რამდენიმე კვირა.

კოვიდს ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, დაღლილობა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება ახასიათებს. თუმცა, რინორეა, ანუ გამონადენი ცხვირიდან არ ახასიათებს.

როგორ დაადგინოს ადამიანმა, რომ მას აქვს ალერგიული რინიტი?

- ქართველ ალერგოლოგთა სკოლა განსაკუთრებით გამორჩეულია. ყველა მეთოდს ვფლობთ, რაც მსოფლიო გაიდლაინებით არსებობს.

არ არსებობს კვლევა, რაც საქართველოში არ ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია ანამნეზის შეკრება, მუცლად ყოფნის პერიოდიდან ექიმთან მოსვლის მომენატამდე: თუ სად ცხოვრობს პაციენტი, დასავლეთ საქართველოში, თუ აღმოსავლეთ საქართველოში; რომელი რეგიონიდან არის, რომელ სართულზე ცხოვრობს, როგორი ტენიანობაა მის სახლში, ძველი გარემონტებული შენობაა, თუ ახალი - ბევრ დეტალს აქვს მნიშვნელობა, სად უხდება მუშოაბა; რა ვირუსები, რა ინფექციები აქვს გადატანილი, რა თანხმლები დაავადებები აქვს, რა პრეპარატებს იღებს. შემდეგ კლინკურ-ლაბორატორული კვლევები ინიშნება.

ძირითადი კვლევებია: ალერგო ტესტირება, იმუნოგლობულინ E–ს საერთო რაოდენობის განსაზღვრა სისხლში, კომპიუტერული სპირომეტრია, ამოსუნთქულ ჰაერში აზოტისა და CO-ს განსაზღვრა.


ალერგიული რინიტის და კონიუნქტივისტის დროს, ნაცხი უნდა იყოს ციტოლოგიურად შესწავლილი.

ეს არის ძირითადი, შემდეგ დამატებითი კვლევები ინდივიდულურად ტარდება. სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობა შეიძლება დაგვჭირდეს.

როგორ უნდა ვუმკურნალოთ ალერგიულ რინიტს?


- არავის რჩევით პრეპარატი არ მიიღოთ. ექიმმაც არ უნდა აირჩიოს ალერგიის ისეთი პრეპარატი, რომელიც ავნებს უფრო მეტად პაციენტს, ვიდრე წაადგება. ჰორმონი უნდა იყოს საჭიროების მიხედვით, მიზნობრივად გამოყენებული.

დექსამეტაზონი ყველა ალერგიულ ადამიანს უნდა ჰქონდეს თან, მაგრამ სისტემური ჰორმონების -  პრედნიზოლინი, დიპროსპანი და აშ. -  არჩევის პრეპარატებად გამოყენება არ შეიძლება. სტეროიდების გამოყენებას სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

თუ არ არის სასწრაფოდ დასახმარებელი პაციენტი, მაშინ არ გამოიყენოთ. თუ პაციენტი თვითნებურად კვირაში ერთხელ დიპროსპანს იკეთებს, ის აზიანებს ორგანიზმს. მათი გამოყენება ბევრ პათოლოგიას იწვევს, ბავშვებში - ზრდის შეფერხებას, სიმსუქნეს, არტერიულ ჰიპერტენზიას და მრავალ სხვას.

ალერგიული რინიტი უნდა იმართოს ანტიჰისტამინური პრეპარატებით.

ასევე საჭიროა ნაზალური სპრეი - სუნთქვის გამხსნელი და ადგილობრივი მოქმედების სტეროდიები - ანთებისთვის.

ადგილობრივი სტეროიდი შეიცავს ჰორმონს, მაგრამ მისი მოქმედება არ ხდება მთელ ორგანიზმზე, მისი გამოყენება შეიძლება ხანგრძლივად, გვერდითი ეფექტების გარეშე.

თუ რინიტს კონიუქტივიტი ერთვის თან, საჭიროა თვალის წვეთები - ანტიალერგიული ან ჰორმონალური.

თუმცა ექიმთან შეთანხმების გარეშე მკურნალობა დაუშვებელია.



ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვის პირველმა კუჭის მოქმედებამ (მეკონიუმი) შეიძლება მის ჯანმრთელობაზე ბევრი რამ გვითხრას.
პოსტ კოვიდური სინდრომი უკვე სერიოზული პრობლემა გახლავთ და მას მეტი ყურადღება სჭირდება,
თივისმიერი ცხელება ალერგიული მდგომარეობაა, რომელსაც ყვავილის მტვერი იწვევს.
„სმარტფარმთან“ ინტერვიუში დავით თელიას მტკიცებითი მედიცინის ცენტრის ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია საუბრობს სეზონურ ალერგიაზე.
ავსტრალიის ნაციონალურმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა აუტოიმუნური დაავადებებისა
კოვიდ-19-ის პირობებში მოსახლეობის მთავარი იარაღი, ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად