პიგმენტური ლაქები ქლოაზმა
პიგმენტური ლაქები შეიძლება გაჩნდეს ორსულობის პერიოდშიც, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ვიტამინების უკმარისობა აღინიშნება. ქლოაზმა შეიძლება აღმოცენდეს სხვადასხვა, მაგ., კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, მაგრამ ასეთი ლაქები ვითარდება მზის დამწვრობის ან ხანგრძლივი არარაციონალური დასხივების შედეგად.
ქლოაზმა განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს მუქ და შავგვრემან კანზე, მკურნალობასაც ნელა ექვემდებარება. მყარი, მნიშვნელოვნად გამუქებული ლაქები შესაძლებელია გამაღიზიანებელი კრემებისა და საცხების თვითნებური გამოყენების შედეგიც იყოს.
ზოგჯერ ქალების კანის მგრძნობელობა იმატებს ჩვეულებრივი, ერთი შეხედვით, უვნებელი კოსმეტიკური საშუალებებისა და მსუბუქი კოსმეტიკური პროცედურების მიმართ. ცხელ, მზიან ამინდში სუნამოს მოყვარულებს შეიძლება გაუჩნდეთ მყარი, ყავისფერი პიგმენტაცია. საქმე ისაა, რომ სუნამო ზრდის კანის მგრძნობელობას მზის სხივებისადმი, იწვევს პიგმენტის ჩალაგების გაძლიერებასა და კანის სწრაფად გამუქებას, ამიტომ არ ღირს განსაკუთრებით პლაჟზე სხვადასხვა კოსმეტიკური პრეპარატის გამოყენება.
ზოგჯერ ახალგაზრდა ან კლიმაქტერული პერიოდის ქალებს, რომელთაც ადრე არასოდეს აღენიშნებოდათ პიგმენტაცია, სახის კანი თანდათანობით უმუქდებათ, კისრის გვერდითა ზედაპირზე ან ყურის ბიბილოსთან, სადაც ქალები ძირითადად სუნამოს იპკურებენ, უვითარდებათ პიგმენტური ლაქები. თუ ამ ნაზ უბნებზე სუნამოს არ წაისვამთ, მის ნაცვლად კი ლიმონის წვენს ან დამცავ მათეთრებელ კრემებს იხმართ, შესაძლებელია მუქი ადგილები და პიგმენტაცია სრულად გაუფერულდეს.
როგორ მოვუაროთ პიგმენტურ ლაქებს
ამ სერიოზული კოსმეტიკური ნაკლის წარმოქმნისას პირველად კონსულტაცია გაიარეთ ექიმ-დერმატოლოგ-კოსმეტოლოგთან, ის პიგმენტური ლაქების გაჩენის მიზეზებს დაადგენს. საკუთარი შეხედულებისამებრ არ გამოიყენოთ მათეთრებელი კრემები, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას მოუხდა.
თუ არ დაიცავთ სახეს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან, ლაქები არ გაქრება. ხშირად, წარმატებული მკურნალობის შემდეგ, ქალები ისევ იღებენ რუჯს, რაც გაცილებით ძლიერ პიგმენტაციას იწვევს. ამიტომ აუცილებლად მოარიდეთ სახე მზის პირდაპირ სხივებს და დამცავი კრემი გამოიყენეთ. ხშირად ქალები ყურადღებას აქცევენ სახის კანის პირველად მსუბუქ პიგმენტაციას და ელოდებიან, როდის გაუთანაბრდება ის ძლიერ რუჯს. ეს კი არასწორია, რადგანაც, მზის დასხივებისას, ოდნავ შესამჩნევი ლაქებიც კი მნიშვნელოვნად მუქდება და ჩნდება ახალი, უფრო რთულად სამკურნალო ლაქები.
თუ მზიან დღეებში დიდხანს მოგიწევთ მზეზე ყოფნა, 3-4-ჯერ წაისვით დამცავი კრემი და ლაქები სპეციალური პუდრით დაიფარეთ. შეგიძლიათ, დასველებულ ლაქაზე წინასწარ 5-6 წუთით ლიმონის ნაჭერი მოათავსოთ.
პიგმენტური ლაქები ორსულობისას
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ქალმა ზედმიწევნით უნდა შეარჩიოს კოსმეტიკის საშუალებები, რომ არ ავნოს ნაყოფსა თუ ახალშობილს. დილით უნდა გამოიყენოს დამცავი, საღამოს კი ვიტამინიზებული კრემი.
პიგმენტური ლაქები მშრალი კანის დროს განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს.
1. სახე, წყლის ნაცვლად, რძის შრატით უნდა დაიბანოთ;
2. ვიტამინიზებული კრემის წასმის წინ შესაძლებელია სახის გაწმენდა ოხრახუშის წვენით;
3. მათეთრებელი კრემის წასმამდე შეგიძლიათ სახეზე თხელ ფენად ზეითუნის ზეთი წაისვათ, 20-25 წუთის შემდეგ კი – მათეთრებელი კრემი;
4. საჭიროა ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები, რომლებიც პიგმენტურ კანზე მატონიზებელ, მათეთრებელ და დამარბილებელ ეფექტს ახდენს.