მჯდომარე ცხოვრების წესი - ტკივილი მენჯის არეში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

მჯდომარე ცხოვრების წესი - ტკივილი მენჯის არეში

მჯდომარე ცხოვრების წესი - ტკივილი მენჯის არეში
ნებისმიერი ტკივილისას პირველად ინსტინქტურად ვსხდებით ან ვწვებით. დაჯდომა ან დაწოლა მომენტალურად ამცირებს ქვედა კიდურების, ბეჭების ან ზურგის არის ტკივილს, თუმცა მოსვენებული მდგომარეობა არ არის ტკივილის საბოლოოდ აღმოფხვრის გზა. დაჯდომა და მოსვენება არც კუდუსუნის არეში ტკივილს ანუ კოკციგოდინიას ამცირებს.

კუდუსუნის ძვლის არეში ტკივილი, ანუ კოკციგოდინია, სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოვლინდეს და მრავალი მიზეზი ჰქონდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი კი, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ზედმეტი მოსვენებაა. ჯდომისა და უმოძრაოდ ყოფნის ხანგრძლივი პერიოდი ტკივილის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია და კუდუსუნის ძვლისთვის გაცილებით საზიანოა, ვიდრე ფიზიკური აქტივობა.


კოკციგოდინია და
მისი მიზეზები


კუდუსუნის ძვალი არის სამკუთხა ფორმის პარატა ძვალი, რომელიც გავის ძვალს უერთდება. ის ხერხემლის დაბოლოებაა და მნიშვნელოვანი როლი აკისრია ადამიანის მთელი რიგი მოძრაობებისას. მენჯის კუნთებსა და ბარძაყებთან ერთად, მნიშვნელოვანია კუდუსუნის ფუნქცია ჯდომისას სხეულის მდებარეობის შენარჩუნებასა და მოძრაობის დაწყებისას მდებარეობის შეცვლაში.

როცა იწყება კუდუსუნის ძვლის
ტკივილი ანუ კოკციგოდინია, ის ჩვეულებრივ ვლინდება ლოკალური, ანუ უშუალოდ კუდუსუნის ძვლის არეში ლოკალიზებული ტკვილით, რომელიც ძლიერდება ჯდომის ან კუდუსუნზე ზეწოლის დროს. პაციენტების უდიდესი ნაწილი კოკციგოდინიას აღწერს მჭრელ ან მწველ ტკივილად, რომელიც კუდუსუნზე ზეწოლისას შეიძლება განსაკუთრებით ძლიერი გახდეს. მართალია, ტკივილს მნიშვნელოვნად აძლიერებს ხანგრძლივი ჯდომა, მაგრამ მოძრაობაც შეიძლება ამწვავებდეს. ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს ჯდომიდან დგომაზე გადასვლისას მენჯის ძვლებისა და კუდუსუნის მოძრაობის გამო. კოკციგოდინია შეიძლება განაპირობებდეს ტკივილის ირადიაციას ქვედა კიდურებში ან ზურგისაკენ.

დადგენილია კუდუსუნის ძვლის ტკივილის რამდენიმე ხშირი მიზეზი. უხშირესად ეს არის კუდუსუნის ლოკალური ტრავმა, მაგალითად, დაცემის ან მშობიარობისას. ჰიპერმობილურობაც (სახსრის ზედმეტი ამპლიტუდით მოძრაობა) შეიძლება იწვევდეს ტკივილს გავასა და კუდუსუნს შორის არსებული სახსრის გადაძაბვის გამო.

მკითხველისათვის შეიძლება უცნაური იყოს, რომ კუდუსუნს აზიანებს არასაკმარისი მოძრაობა ანუ ჰიპოდინამიკა. ერთსა და იმავე პოზიციაში ხანგრძლივად ჯდომა იწვევს კუდუსუნის ძვლის პოზიციის შეცვლას, ზედმეტად გადახრას ან მისთვის უჩვეულო მდებარეობის მიღებას, რაც აძლიერებს კუდუსუნსა და მის ირგვლივ ძვლებსა და სახსრებზე ზეწოლას. გარკვეული დროის შემდეგ ვითარდება ტკივილი. გარდა ამისა, ცხოვრების მჯდომარე წესი ხელს უშლის კუნთების გაძლიერებას. როცა ადამიანი უმოძრაოა, მენჯის კუნთები შეიძლება დაიძაბოს და შეიკუმშოს, რაც დისკომფორტის, საბოლოოდ კი, ძლიერი ტკივილის მიზეზია როგორც უმოძრაობისას, ისე მოძრაობისას.

ანალოგიური მექანიზმებით აძლიერებს კოკციგოდინიას სიმსუქნეც. ჭარბწონიანთა მენჯი ნაკლებად მოძრაობს, რაც ხანგრძლივი დროით კუდუსუნზე უწყვეტი ზეწოლის მიზეზია. სიმსუქნე ნიშნავს დამატებით ზეწოლასაც სხეულის ქვედა ნაწილზე, რაც ზრდის ტკივილის ალბათობას.


მოძრაობა და მოძრაობა - ტკივილის შემცირების გზა

საბედნიეროდ, მჯდომარე ცხოვრების წესთან დაკავშირებული კოკციგოდინია იკურნება. განკურნების გზა კი ფიზიკური აქტივობაა. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს მარათონის მორბენლობას, მაგრამ ყოველდღე ფეხით სიარული აუცილებელია. საჭიროა წონის რეგულირებაც.

უფრო პრობლემურია სხვა მიზეზებთან დაკავშირებული კოკციგოდინიის მკურნალობა. ის უპირველესად კონსერვატულ მეთოდებს ემყარება - ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებას, ნაწლავების მოქმედების მოწესრიგებას დაჭიმვისგან გამოწვეული ტკივილის ასარიდებლად. ზოგჯერ აუცილებელი ხდება ტკივილგამაყუჩებლის ინექცია მტკივნეულ წერტილში.

ტკივილის შესამცირებლად შესაძლოა ეფექტური გამოდგეს კუნთების გასაძლიერებელი ვარჯიში, თბილი აბაზანა, კუნთების მასაჟი, განგლიის რადიოსიხშირული აბლაცია, ექსტრაკორპორული დარტყმითი ტალღური თერაპია, ნეირომოდულაცია. ზოგჯერ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ჩამოთვლილი მეთოდების უეფექტობისას საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა - კოკციდექტომია ანუ კუდუსუნის მოკვეთა.


მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი


ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებზე საუბრისას თვალწინ ქვედა კიდურები წარმოგვიდგება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა ვენების გაგანიერება მენჯის არეში, მუცლის ქვედა ნაწილში, სასქესო ორგანოების და დუნდულა კუნთების არეში. მენჯის არის ვენების გაგანიერება გარკვეულ დრომდე შესაძლებელია სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს, თუმცა ხშირად ვითარდება ტკივილი მენჯის არეში. პრობლემა უფრო ხშირად ქალებს აქვთ, მაგრამ გვხვდება მამაკაცებთანაც.

მენჯის ვენების ვარიკოზული გაგანიერების მიზეზი ვენების კედლის დასუსტება, ვენური სარქველების უკმარისობა და ამით გამოწვეული სისხლის უკუდინებაა. ამ მდგომარეობის რისკფაქტორებია:

  • გენეტიკა;
  • ორსულობა, მშობიარობა;
  • სიმსუქნე;
  • ცხოვრების მჯდომარე წესი.

მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ თითქმის ყოველ მესამე ქალს ცხოვრების რაღაც ეტაპზე განუცდია ტკივილი მენჯის არეში. ძალიან ხშირად ამ ტკივილის მიზეზია მენჯის სისხლსავსეობა, რომლის დროსაც ტკივილი ხანგრძლივი, ყრუ, მწველი ხასიათისაა, თუმცა პერიოდულად შეიძლება უფრო გამწვავდეს. ხშირად ეს ხდება დღის ბოლოს, ხანგრძლივად უძრავად ჯდომისა და დგომის შემდეგ. ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს მენსტრუაციის წინა პერიოდში ან სქესობრივი კავშირის შემდეგაც. მენჯის სისხლსავსეობის დროს ქალებს შეიძლება ჰქონდეთ:

  • საშვილოსნოს გადიდება;
  • გასქელებული ენდომეტრიუმი;
  • საკვერცხის ცვლილებები;
  • დაძაბვისას შარდის შეუკავებლობა;
  • ზურგის ტკივილი;
  • საშოდან გამონადენი;
  • ძლიერი ტკივილი მენსტრუაციისას;
  • მუცლის შებერვა;
  • გუნება-განწყობის ცვლილებები;
  • სისუსტე.


მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის დიაგნოზი და მკურნალობის პრინციპები


უპირველესად, უნდა გამოირიცხოს ტკივილის სხვა მიზეზები. უშუალოდ ვენების გაგანიერებას ავლენს დოპლეროგრაფიული (ექოსკოპიის ნაირსახეობა) კვლევა. ზუსტი კვლევის მეთოდია კომპიუტერული ტომოგრაფია ვენების კონტრასტირებისას.

მკურნალობა ემყარება გაგანიერებული ვენების ემბოლიზაციას, რაც არის მინიმალური ინვაზიური პროცედურა. ინვაზიურ პროცედურას თან ახლავს გარკვეული რისკები, რომელთა სიხშირეც მინიმალურია. ეს რისკებია:

  • სისხლძარღვის დაზიანება;
  • ინფექცია;
  • სისხლდენა;
  • ალერგია კონტრასტის მიმართ.

არა მარტო ტკივილი...

მჯდომარე ცხოვრების წესი მხოლოდ სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილის მიზეზი როდია. შვედი მეცნიერების კვლევის შედეგების თანახმად, ის ზრდის სარძევე ჯირკვლებისა და ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიგნითა შრე) სიმსივნის რისკს. კვლევისას გააანალიზეს 25-დან 64 წლამდე დაახლოებით 29 000 ქალის მონაცემები. კვლევის დაწყებისას მათ სიმსივნე არ ჰქონდათ. პაციენტები 3 ჯგუფად დაყვეს - მჯდომარე (საოფისე) სამუშაოს მქონენი, რომლებიც არ მისდევდნენ გამაჯანსაღებელ სპორტს; მჯდომარე სამუშაოს მქონენი, რომლებიც არ მისდევდნენ პროფესიულ სპორტს (სირბილი, ხელბურთი), ფიზიკურ აქტივობასთან ან დგომასთან დაკავშირებული სამუშაოს მქონენი (მასწავლებლები), რომლებიც ამავე დროს მისდევდნენ გამაჯანსაღებელ სპორტს.

ქალებს, რომელთა სამუშაო არ უკავშირდებოდა ფიზიკურ აქტივობას ან არ მისდევდნენ სპორტს, 2,4-ჯერ უფრო ხშირად უვლინდებოდათ ენდომეტრიუმის სიმსივნე და სარძევე ჯირკვლის სიმსივნე მენოპაუზამდე, ვირდე ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული სამუშაოს მქონეთ ან აქტიური დასვენების მიმდევართ. ასეთი კავშირი არ გამოვლინდა მენოპაუზის შემდეგ სარძევე ჯირკვლის სიმსივნის სიხშირესთან.

საოფისე სამუშაოს მქონე ადამიანებს მხოლოდ მცირე რამ სჭირდებათ უძრაობის დროის შესამცირებლად. საკმარისია ადგომა ყავის მოსამზადებლად ან გარკვეულ მანძილზე ფეხით სიარული სამსახურში მისასვლელად.

შვედი მეცნიერების კვლევის შედეგები ემთხვევა ანალოგიური შინაარსის სხვა კვლევათა მონაცემებს. 2014 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველდღიურად უძრავად გატარებული ყოველი 2 საათი 10 პროცენტით ზრდის ენდომეტრიუმისა და 8 პროცენტით მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს.

2011 წლის მონაცემთა მიხედვით, უმოძრაობა აშშ-ში ყოველწლიურად სარძევე ჯირკვლის სიმსივნის 230 000-დან 49 000 შემთხვევის მიზეზია.

რიგი კვლევებით, დღის განმავლობაში ხანმოკლე შესვენება და სიარული აქვეითებს სიმსივნესთან დაკავშირებული მოლეკულების დონეს სისხლში.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
კატეგორიის სხვა სტატიები
ნეირობიოლოგები სიყვარულს სამ ფაზად ყოფენ: ვნება (ზოგი ავხორცობის სახელითაც მოიხსენიებს), გატაცება და მიჯაჭვულობა.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საკვებისმიერი ალერგიის მსოფლიო ეპიდემია გამოწვეულია ნაწლავებში გარკვეული
რამდენიმე დღის წინ თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ძგიდის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ირაკლი კობიაშვილს
ბოლო ათწლეულში საკვებისმიერი ალერგიის შემთხვევებმა ზოგიერთ ქვეყანაში სამჯერ იმატა.
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასახელეს დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი ექვსი პროდუქტი,
ალერგიული რეაქციები, მათ შორის ატოპიური დერმატიტი, ჩვეულებრივ, აღმოცენდება მაშინ, როდესაც T-ლიმფოციტები,
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად