სიმსუქნე - პრობლემასთან დაკავშირებული სიახლეები
პრობლემა უფრო მწვავდება, სიმსუქნისკენ მიდრეკილნი ჭარბი წონის საწინააღმდეგოდ მრავალგვარ საშუალებას მიმართავენ: იწყება მტანჯველი დიეტები, ყოვლისშემძლე, სასწაულმოქმედი მცენარეული სითხეებისა თუ ფხვნილების მიღება და ა.შ. არადა, ამ საშუალებათა დიდი ნაწილი საზიანოა, რომ აღარაფერი ვთქვათ გაუმართლებელ ფინანსურ დანახარჯებზე.
ყველასთვის ცნობილია სიმსუქნის ძირითადი გამომწვევი მიზეზები: ჭარბი კვება და უმოძრაო ცხოვრების წესი.
ხშირია ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობით გამოწვეული სიმსუქნეც, მაგალითად, შიშები, სტრესები, მარტოობა, წარუმატებლობა პირად ცხოვრებასა და კარიერაში.
ჭარბი წონის მოსაცილებლად სპეციალისტები, უპირველესად, ცხოვრების წესის გადახედვას, არსებული ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებასა და მხოლოდ ამის შემდგომ დიეტოლოგთან ვიზიტს გვირჩევენ.
სიახლე #1. ცდომილი ნერვის გაყინვა მადას აქვეითებს
ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თუ კრიოგენული არგონით გავყინავთ ცდომილი ნერვის უკანა ტოტს, რომლის მეშვეობითაც ტვინს შიმშილის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება, ამით საგრძნობლად დავაქვეითებთ მადას, რაც შესაბამისად გაცხიმოვნების I და II ხარისხის მქონე პირებთან მნიშვნელოვნად შეამცირებს მასის ინდექსს. ამასთან, პროცედურას, ავტორთა ინფორმაციით, გვერდითი და უკუჩვენებები არ გააჩნია.
სიახლე #2. ღამის სამუშაო სიმსუქნეს იწვევს
ღამით მომუშავენი ჭარბი წონის რისკქვეშ არიან. ჩიკაგოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ღამით შრომობენ, დღეში საშუალოდ 3000 კალორიამდე იღებენ, ამასთან, მათ რაციონში ჭარბობს ფასთფუდი და არადიეტური გაზიანი სასმელები. ჭარბ კალორიებს „ბუები“ სადილზე და გვიან ვახშმადაც იღებენ, შესაბამისად, მასის მაღალი ინდექსიც აქვთ.
კალორიათა უმნიშვნელო გადაჭარბებითაც შესაძლებელია თვეში 1 კგ-ით მომატება, თუ ეს სიჭარბე არ ბალანსდება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვებით.
ამასთან, ღამის საათებში არაჯანსაღი საკვების მიღება ზრდის ინსულტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კუწ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციის განვითარების რისკს.
სიახლე #3. სიმსუქნე დაბალი თვითშეფასების მქონეთ მეტად ემუქრებათ
ჭარბი წონის პრობლემა, რომელიც ასეთი მწვავეა მსოფლიოში, არა მხოლოდ ცუდი მემკვიდრეობის, არასწორი კვებისა და პასიური ცხოვრების შედეგია, ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იგი, ძირითადად, ბავშვობაში საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანების პრობლემა ხდება, ამასთან, ეს ეფექტი ყველაზე მეტად გოგონებთან ვლინდება.
ამ მოსაზრების მქონეთათვის სიმსუქნე სამედიცინო მეტაბოლური დარღვევაა, რომლის განვითარებაშიც ემოციური პრობლემები რისკფაქტორის როლს ასრულებს - ვგულისხმობთ ფსიქიკის დარღვევის მქონე ადამიანებს.
როგორ მოქმედებს და რა მექანიზმით იწვევს ემოციური დისბალანსი სიმსუქნეს, ეს ჯერჯერობით არ დაუსაბუთებიათ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ამასაც შეძლებენ, რამდენადაც ბრიტანეთი ის ქვეყანაა, სადაც გაცხიმოვნება მეტად მწვავე პრობლემაა.
სიახლე #4. ჭარბი წონა ხანდაზმულთა ჭკუასუსტობას იწვევს
ამერიკელი მეცნიერები ცდილობენ სამყარო იმაში დააჯერონ, რომ სიმსუქნე არა მხოლოდ დიაბეტით, ხანდაზმულთა ჭკუასუსტობითაც გვემუქრება. ჭარბი წონა მოხუცებული ქალბატონებისთვის ყოფილა საშიში.
საშუალო ასაკის ჭარბწონიანთა 74%-ს მოხუცებულობაში ჭკუასუსტობა ემუქრება. ჭარბწონიან ქალბატონებს კი - 20%-ით მეტად, ვიდრე ნორმალური წონის მქონეთ.
დინამიკას თუ მივყვებით, 2050 წლისთვის მსოფლიოში 45 ათასი ჭარბწონიანი, ჭკუასუსტობის ნიშნების მქონე მოხუცებული იქნება.
სიახლე #5. გაცხიმოვნებას ძილით მკურნალობენ
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ძილით გაცხიმოვნების მკურნალობაა შესაძლებელი.
რამდენადაც ჭარბი წონის მთავარი „დამნაშავეები“ გამოუძინებლობა და არასწორი კვება გახლავთ, ფრანგი მეცნიერები აცხადებენ, რომ სიმსუქნესთან ბრძოლა შესაძლებელია ძილის დროის მნიშვნელოვანი გაზრდით.
ძილის დროს 2 ტიპის ჰორმონი გამომუშავდება, რომლებიც მადის გაძლიერება-შემცირებას არეგულირებენ. გრელინი ჰორმონია, რომელიც შიმშილის გრძნობის გაჩენაზეა პასუხისმგებელი, იგი ანელებს ნივთიერებათა ცვლას და აქვეითების ორგანიზმში ცხიმების წვის უნარს.
მეორე ჰორმონი ლეპტინია, მას ცხიმოვანი ქსოვილი გამოიმუშავებს, იგი ორგანიზმში ცხიმოვანი მარაგის შექმნას არეგულირებს და ფაქტობრივად, მადის მაკონტროლებელია.
გამოუძინებლობისას მადის დამაქვეითებელი ლეპტინის დონე 18%-ით ქვეითდება, მადის გამაძლიერებელი გრელინის დონე კი 28%-ით მატულობს, ასეთი ჰორმონული ცვლილებები ადამიანში შიმშილის ძლიერ გრძნობას იწვევს - მას სურვილი უჩნდება, შერჩევითად ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი მაღალკალორიული საკვები მიიღოს.
უძილობისას შიმშილის გრძნობა ძლიერდება 23-24%-ით, რაც ადამიანს აიძულებს 350-400 კკალ-ით მეტი მიიღოს.
ყოველი 1 საათით მეტი ძილი ბავშვებთან 9%-ით ამცირებს სიმსუქნის განვითარების რისკს, გამოუძინებლობა კი 90%-ით ზრდის გაცხიმოვნების საფრთხეს.
თუ გსურთ, თქვენს შვილებს მოზრდილობისას ჭარბი წონის პრობლემები ააცილოთ, გაითვალისწინეთ, ექიმების მიერ ძილის რეკომენდებული ნორმები ასეთია: 5 წლამდე ბავშვებთან 11 და მეტი საათი, 5-დან 10 წლამდე ბავშვებს უნდა ეძინოთ არანაკლებ 10 საათისა, 10 წლის ზემოთ კი ჩვენს შვილებს არანაკლებ 9 საათი უნდა ეძინოთ.