ალერგიული ადამიანის ფსიქოპორტრეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგიული ადამიანის ფსიქოპორტრეტი

ალერგია უძველესი დროიდანაა ცნობილი. ჯერ კიდევ უძველესი რომაელი ექიმი, გალენუსი, მოიხსენიებს სურდოს, რომელიც ვარდის სურნელისაგან ჩნდებოდა. მას შემდეგ ათასწლეულები გავიდა, კაცობრიობამ არათუ თავი ვერ დაიხსნა მისგან, კიდევ უფრო გააფართოვა ამ დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორები.

მსოფლიოში ალერგიული დაავადებების გავრცელება განუწყვეტლივ გრძელდება. ალერგია ორგანიზმის მოჭარბებული მგრძნობელობაა ამა თუ იმ ფაქტორის (სიცივის, სიცხის, რომელიმე ორგანული თუ არაორგანული ნივთიერების) მიმართ. ეს ფაქტორები თავისთავად შეიძლება უწყინარიც იყოს, მაგრამ ზემგრძნობიარე იმუნური სისტემა თავს იზღვევს და მათ ზემოქმედებას მკვეთრი რეაქციით პასუხობს, რაც უსიამოვნო ავადმყოფურ მოვლენებს: სურდოს, ხველას, შეშუპებას, გამონაყარს იწვევს. ყველაფერი ეს კი დისკომფორტს უქმნის ალერგიულ ადამიანს, ითრგუნება მისი ნერვული სისტემა, ზიანდება ფსიქიკა. ადამიანი, რომელმაც ერთხელ მაინც გამოამჟღავნა მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ნივთიერების მიმართ, მასთან განმეორებითი კონტაქტისას ამჟღავნებს ჰიპერრეაქციას. ალერგიული რეაქციის მიზეზად შეიძლება იქცეს ყველაფერი: საყოფაცხოვრებო ქიმია, საკვები, ცხოველის ბეწვი თუ ბუმბული, ოთახისა თუ მცენარის მტვერი, ობის სოკო, მწერის შხამი, მედიკამენტები, კოსმეტიკა, ალკოჰოლი, სიცივე და მზის სხივებიც კი. ალერგია XXI საუკუნის მედიცინის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ზოგადი ალერგიული ფონის მატებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს:

1. სწრაფი ქიმიზაცია და ინდუსტრიალიზაცია, სახალხო მეურნეობაში ქიმიური ნივთიერებების ფართო გამოყენება, რომელთა უმრავლესობასაც ალერგიული თვისებები აქვს;

2. თანამედროვე ადამიანის კვების თავისებურებები:

ა) საკვებში კონსერვანტების, საღებავების, ემულგატორებისა და ანტიოქსიდანტების ჭარბი შემცველობა (ჩამოთვლილი დანამატები ქიმიური ნივთიერებებია და ორგანიზმის სენსიბილიზაციის უნარი შესწევს);

ბ) რაციონის გამრავალფეროვნება, ზღვისა და ოკეანის პროდუქტები: მოლუსკები, კიბორჩხალები, ზოგიერთი ჯიშის თევზი - საკმაოდ ძლიერ ალერგენებს შეიცავს;

3. სარეცხი და კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც წამყვან როლს ასრულებს კონტაქტური ალერგიული რეაქციების განვითარებაში;

4. მედიკამენტების ხელმისაწვდომობა - წამლების თავისუფლად შეძენის შესაძლებლობამ მედიკამენტთა უმართებულო და უკონტროლო მოხმარება გამოიწვია, რასაც ალერგიულ რეაქციათა გახშირება მოჰყვა;

5. გარემოს (წყლის, ჰაერის, ნაიდაგის) დაბინძურება - ეკოლოგიური სისტემების უსუფთაობა და თვითგაწმენდის პროცესების მოშლა ორგანიზმში მავნე ნივთიერებების, მათ შორის - მრავალი ალერგენის მოსახვედრად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

ალერგიის ერთ-ერთი სერიოზული გამწვავებაა ასთმა, მისთვის დამახასიათებელია გართულებული სუნთქვა, მასთან დაკავშირებული სპაზმური შეტევები გარკვეული პერიოდულობით ხასიათდება. დაავადების გამოვლინება სხვადასხვა ინტენსივობისაა, უმნიშვნელო ხიხინითა და სუნთქვის მცირედი გაძნელებით დაწყებული სიცოცხლისთვის საშიში შეტევით დამთავრებული.

არაკონტროლირებადი ასთმა პაციენტს იძულებულს ხდის, ხშირად გააცდინოს სასწავლებელი თუ სამსახური, ამცირებს მის შრომისუნარიანობას. ვინაიდან დაავადების მიმდინარეობა და ხასიათი წლების განმავლობაში იცვლება, პაციენტი, რომელსაც ბრონქული ასთმა აქვს, აუცილებლად უნდა თანამშრომლობდეს ექიმთან, რათა მკურნალობის სქემაში დროულად იქნეს შეტანილი სათანადო კორექტივები.

ყველაფერი ეს ძლიერ ზემოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაზე, ჩნდება შიშები, რაც ხელს უშლის ადამიანს სრულფასოვან ცხოვრებაში და აისახება მის პიროვნებაზე.

ალერგიულ ადამიანებს საკმაოდ რთული ცხოვრების წესი აქვთ. იცვლება მათი დამოკიდებულება გარემოს მიმართ. უწევთ განსაზღვრულ საკვებზე უარის თქმა, ამინდზე დამოკიდებულება, საგნებისა თუ სიტუაციებისთვის თავის არიდება. ზოგჯერ - თავდაცვითი ღონისძიებების გამოყენება. მაგალითად, იმისთვის, რომ თავი აარიდოს ყვავილის მტვერთან კონტაქტს, ყვავილობის პერიოდში არ აღებს ფანჯრებს, გაურბის პიკნიკებსა თუ ლაშქრობებზე სიარულს. ალერგიული ადამიანები წინასწარ შფოთავენ არასასურველი სეზონური მოვლენების მოახლოებისას, საშინლად აღიზიანებთ ცემინება, ხველა, გამონაყარი... ბევრს არ შეუძლია შინაური ცხოველების სახლში გაჩერება, ბევრს ალერგიის გამო საგანგებო ფაქტურის ლეიბების, ბალიშებისა თუ თეთრეულის, განსაკუთრებული ქსოვილის, ტანსაცმლის შეძენა უწევს... შეზღუდვები ცვლის პიროვნებას, მისი ხასიათის თვისებებს. ზოგი შებოჭილია, დათრგუნული, დეპრესიული. ზოგს ალერგიის გამო პროფესიაზე უარის თქმაც უწევს. შიში, აკრძალვები, მუდმივი პროფილაქტიკური ღონისძიებები ძალიან მოსაბეზრებელია და ძვირად უჯდება ფსიქიკას. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ახლობლების თანადგომას, თანაგრძნობას, მზრუნველობას, მათ უნდა სცადონ, შეუმსუბუქონ მდგომარეობა ალერგიით დაავადებულს, გადაატანინონ ყურადღება სხვა საგნებსა თუ მოვლენებზე, დაეხმარონ შესაფერისი პირობების შექმნაში, რათა თავიდან აიცილოს მდგომარეობის გამწვავება. თუ სათანადო რეჟიმს დავიცავთ, ცხოვრება საინტერესო გახდება.